ვინ ააფეთქა დუგინა?! - კვირის პალიტრა

ვინ ააფეთქა დუგინა?!

რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ზოგიერთი მოსაზრებით, დაგეგმილი იყო რუსული სამყაროს იდეოლოგის, მისტიკოსისა და ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინის მკვლელობა, მისი ქალიშვილი კი შემთხვევით აღმოჩნდა მსხვერპლი. ზოგიერთი ვერსიით, სწორედაც დუგინას მკვლელობა იყო დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსმა პარტიზანებმა "ნაციონალური რესპუბლიკური არმიიდან", რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უკრაინის სპეცსამსახურებს, კერძოდ, უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკის ადანაშაულებს. რუსული მხარე ირწმუნება, რომ ვოვკი "აზოვის" წევრია. ვინ შეიძლება იდგეს ამ მკვლელობის უკან, ვის სასარგებლოდ მოქმედებს "ნაციონალური რესპუბლიკური არმია" და რას უნდა ველოდოთ ოფიციალური მოსკოვისგან უახლეს მომავალში, ამის თაობაზე უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა­ არეშიძე გვესაუბრება.

- დუგინას მკვლელობაზე იმდენი ვერსია გამოითქვა, რომ დაბეჯითებით რაიმეს თქმა რთულია. არსებობს ქვევერსიაც, რომ ავტომობილში, რომელშიც დარია დუგინა ააფეთქეს, წესით, მამამისიც უნდა ყოფილიყო. სიმართლე რომ ვთქვათ, დუგინი და მისი ქალიშვილი უკრაინელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. მართალია, დუგინს რუსული იდეოლოგია "რუსკი მირის" ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკაზე მას მნიშვნელოვანი გავლენა აღარ აქვს. შესაბამისად, უკრაინელებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი არიან სხვა პოლიტიკური და სამხედრო ფიგურები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სხვები ისე ადვილად ხელმისაწვდომი არ არიან, როგორც დუგინია, ან როგორც მისი ქალი­შვილი იყო. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ უკრაინელები დუგინას მკვლელობით მინიშნებას აძლევენ რუსეთის უფრო მნიშვნელოვან ფიგურებს, რომ მათთანაც მივლენ.

- ამ ვერსიას საფუძველი მას შემდეგაც აქვს, რაც დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებ­ლობა რუსულმა "ნაციონალური რესპუბლიკის არმიამ" აიღო?

- ეს ამბავი გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუ­ტატმა ილია პონომარიოვმა, რომელიც­ ბოლო დროს ხან უკრაინაშია, ხან ამერიკაში­. მისი გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს. ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი პარტიზანული სამხედრო მოძრაობის შესახებ დღემდე არაფერი იყო ცნობილი. ასეთი ორგანიზაცია სინამდვილეშიც რომ არსებობდეს, დამოუკიდებლად, დასავლეთთან ან უკრაინასთან შეთანხმების გარეშე ასეთ რამეს არ გააკეთებდა... დღეს უკრაინის მხარეს ერთი რუსული ბატალიონი იბრძვის, ეროვნებით რუსები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან. რა გამოდის, ერთი ასეთი ბატალიონი არსებობს და ახლა მისგან დამოუკიდებლად კიდევ სხვა შეიქმნა?! არ მჯერა! თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი - რუსეთი ძალიან ცუდ დღეშია. პუტინი ვერ ბედავს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, ვერ აცხადებს საყოველთაო მობილიზაციას. იცის, რომ ხალხის უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. არადა, სპეციალური სამხედრო ოპერაციებით გამარჯვებას ვერ ახერხებს. წარმოუდგენელია, მაგრამ უკრაინის არმიას­ რუსულზე სამჯერ მეტი ჯარისკაცი ჰყავს. ვგულისხმობ, დაპირისპირების­ სივრცეს. დღეს უკრაინის სამობილიზაციო რესურსი­ 700 000 კაცამდე ავიდა, რუსეთის სამობილიზაციო რესურსი კი, მაქსიმუმ, 250 000 კაცია. მართალია, რუსეთს ორი ამდენი ჯარისკაცი­ სხვადასხვა ტერიტორიაზე­ ჰყავს გაფანტული,­ მაგრამ თავმოყრას ვერ შეძლებს, დანარჩენ სივრცეს ვერ გააშიშვლებს.

putin-1661683137.jpg

- ალბათ, მოტივაციაც მნიშვნელოვანია.

- რუსებს მოტი­ვა­ცია­ რომ არა აქვთ, ამიტომაც ეშინია პუტინს­ მობილიზაციის. მოტივაცია რომ გაჩნდეს, საჭიროა რეზონანსული მსხვერპლი და ლოზუნგი - რუსეთის პატრიოტებს­ ხოცავენ! პუტინი მის ხელთ არსებული მექანიზმებით ამ მკვლელობისგან უძლიერეს პროპაგანდისტულ მანქანას აამუშავებს. გაჩნდება ლოზუნგები: "დასავლეთი უკვე აქ არის", "რუს პატრიოტებს ხოცავენ" და ა.შ.. რუსეთს სხვა გამოსავალი აღარ აქვს, ერთადერთი­ ხსნა ახალი ნარატივის შექმნაა. სტატისტიკის მიხედვით, კრემლს ძალიან რთული მდგო­მარეობა აქვს იდეოლოგიის მხრივაც, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, 25%-მდე დაეცა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხების რეიტინგი. ქართველები რუსებს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ვხედავთ, სინამდვილეში რუსი საზოგადოება ძალიან ჭრელია. უამრავი რუსი და სხვათა­ შორის, ბელორუსი ახალგაზრდა სწორედ ჯარში გაწვევისგან თავის არიდების მიზნით ჩამოვიდა საქართველოში. სხვათა შორის, საქართველოში იმყოფება რუსი სენატორის იასკოვის ქალიშვილიც, რომელიც მამის საწინააღმდეგოდ გამოდიოდა საპროტესტო აქციებზე და მამამ მასზე უარი თქვა. დუგინას მკვლელობასა და დუგინის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი მინდა გამოვყო - დუგინი რომ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტია, გასაგებია, და მას ძალიან საინტერესო რამ აქვს ნათქვამი. ერთ-ერთ თავის სტატიაში წერს, რომ ომში გამარჯვებისთვის საჭიროა საკრალური მსხვერპლი, რომელიც ხალხმა უნდა გაიღოს გამარჯვებისთვის. რაღაც ძალიან სიმბოლურად დაემთხვა საკრალური მსხვერპლის ამბავი.

- კვალი კრემლთან მიდის?­

- არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ეჭვები მოსკოვთანაც მიდის და კიევთანაც.

- უკრაინელები მიიჩნევენ, რომ დუგინას­ მკვლელობის საქმესთან უკრაინელებისა და კე­რძოდ, "აზოვის" დაკავშირება კრემლს აზოველების სახალხოდ გასამართლებისთვის სჭირდება. ზელენსკიმ განცხადებაც გააკეთა, რომ აზოველების გასამართლების შემთხვევაში­ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება. სადამდე მივა ეს პროცესი?

- აზოველების გასამართლება აღარაფერს შეცვლის, კიევმა და დასავლეთმა ძალიან კარგად იციან, როგორია ახლა რუსული არმიის მდგომარეობა და პრინციპული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული - თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს არ გაიყვანს, მოლაპარაკება არ გაიმა­რთება. რუსეთს ძალიან დიდი დანაკარგი აქვს, უკრაინასაც. თუ რუსეთმა მობილიზაცია არ გამოაცხადა, დღევანდელი რესურსით ომს ვერ მოიგებს.

- რა იქნება, თუ მობილიზაციას გამოაცხადებს?

- წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ რუსი ჯარისკაცების გვამებით გაივსება უკრაინა. შესაბამისად, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება. არავინ იცის, ეს შეიარაღებული ხალხი საბოლოოდ ვის მიუტრიალდება.

- როგორ გგონიათ, ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება" თუ შეცვლის თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ?

- არა მგონია. საქართველოს ხელისუფლებას ხელჩართული ბრძოლა უხდება­ სხვადასხვა ჯგუფთან, როგორც მოსკოვიდან, ასევე დასავლეთიდან და პარალელურად ოქროს შუალედის დაცვას ცდილობს. კარგია თუ ცუდი, ამას მომავალი გვაჩვენებს...

- ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა არც მაშინ გადაიხედება, როდესაც ლენდ-ლიზის პროგრამა ამოქმედდება?

- აი, მაშინ უკვე სულ სხვა სიტუაცია­ იქნება. შეიძლება დიდხანს გეჭიროს სიტუაცია კბილებით, მაგრამ შეცვლილმა მოცემულობამ სულ სხვაგვარად მოქმედება გაიძულოს. ჩვენ დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, ყველა ვარიანტი­ გავთვალოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ახლა ამ თემას თავისი სპეციფიკურობიდან­ გამომდინარე ვერ გავშლი,­ მაგრამ ერთს კი გეტყვით - შეიძლება საქართველოს ძალიან მალე დასჭირდეს სხვა ტიპის აქტი­ვობა, მათ შორის სამხედრო ოპერაცია.

- რა მიმართულებით?

- არ შეიძლება ახლა ამის თქმა. ერთს გეტყვით, ყურადღება მივაქციოთ, რა პროცესები ვითარდება ოკუპირებულ ტერიტორ­იებზე, რატომ მოუნდა მოულოდნელად ცხინვალის ხელისუფლებას ახალგორში რეჟიმის შემსუბუქება?! ყველა ფიქ­რობს ხვალინდელ დღეზე. მართალია, ეს მოსკოვთან შეთანხმებით მოხდა, მაგრამ მოსკოვიც კი ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. როგორ გგონიათ, რატომ გაიგიჟეს რუსებმა­ თავი ბიჭვინთის 186 კვმ-ზე?! ფიქრობენ, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ეს ადგილი მაინც ჰქონდეთ გაფორმებული.

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი ძალიან სერიოზულად შეცვლის მსოფლიო წესრიგს. მართალია, ზედაპირზე ბევრი სიბინძურე ამოიტანა, მაგრამ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა. ჩვენ წინაშე უკვე უამრავი შესაძლებლობის ფანჯარაა­ გაღებული და იმედია, გამოვიყენებთ.

ხათუნა ბახტურიძე