თვითმხილველი მაშველები - კვირის პალიტრა

თვითმხილველი მაშველები

გუდაურის ტრაგედიამ, როდესაც ჩამოვარდნილ ვერტმფრენს რვა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყანა შეძრა. იმ დღეს შემთხვევას შეესწრნენ, შემდეგ კი სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ ის პარაპლანისტები, რომელთა თვალწინაც ორივე ტრაგედია მოხდა - პარაპლანის ჩამოვარდნაც და სამაშველო ვერტმფრენის აფეთქებაც...

ყველა მათგანი ყოფილი სამხედროა და სხვადასხვა დროს საერთაშორისო დანიშნულების როგორც სამხედრო-საბრძოლო, ასევე სპეციალური დონის მომზადება, ასევე­ საჩხერის სამთო მომზადების კურსები აქვთ გავლილი. ბოლო წლების განმავლობაში პარაგლაიდინგით იყვნენ დაკავებული.

დავით აფციაური, სერჟანტი, სპეცდანიშნულების პარამედიკოსთა საერთაშორისო კურსდამთავრებული: - როგორც კი მათი ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება შემოვიდა, მაშინვე ავიღეთ სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა და გვირაბისკენ გავეშურეთ. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვცდილობდით ადგილის დადგენას. პარაპლანისტი ნოდარ რაზმაძე­ რაციით კავშირზე გამოდიოდა. გვითხრა, რომ მოულოდნელად ტურბულენტურ ზონაში მოხვდა­ და ჰაერის ძლიერი ტალღა შემოვიდა. უსაფრთხოების გამო ასაფრენი საწყისი ადგილისკენ მიტრიალდა, რათა რყევები თავიდან აეცილებინა და მშვიდად­ ეფრინა. ამას მალევე მოჰყვა ჰაერის მეორე­ ძლიერი ტალღაც, რამაც პარაპლანს ფრთა მოუკეცა. როდესაც მიხვდა, რომ მისი გაშლა შეუძლებელი იყო, სათადარიგო პარაშუტი გახსნა. ამის შემდეგ მალევე რაციაზე გადმოგვცა, რომ ჩამოვარდა და შველას ითხოვდა. გუდაურის გვირაბიდან 100-150 მეტრში იყვნენ ჩავარდნილი, მათ ქვემოთ კი ციცაბო ნაპრალი იწყებოდა. კლდის გამონაშვერზე იყვნენ დაკიდებული, მოწყვეტის შემთხვევაში 300 მეტრით მოუწევდათ მიწამდე ვარდნა და გადარჩენის შანსი არც არსებობდა. ყველანი ერთად ვმსახურობდით და ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით, არაერთ საერთაშორისო წვრთნაში მიგვიღია მონაწილეობა და თავადაც ჩაგვიტარებია. ამ შემთხვევაში არჩევანი ერთ-ერთ ჩვენგანზე, ოთო წივილაშვილზე შეჩერდა.

ოთო წივილაშვილი, მაიორი, საერთაშორისო კურსების ინსტრუქტორი: - ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე გუდაურის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე­ პილოტი ჩამოვარდა - ნოდარ რაზმაძის, ტრაგედიის მონაწილე პარაპლანისტის­ ძმა. მაშველების მისვლამდე შემთხვევის ადგილას ჩვენ მივედით და დავეხმარეთ. მე და ჩემი მეგობრები ყოფილი სამხედროები ვართ. ერთ-ერთ მათგანს, დათო აფციაურს, სამედიცინო განათლება და შესაბამისი აღჭურვილობაც აქვს. მან ორივეს, მგზავრსაც და პილოტსაც, გაუწია დახმარება. მგზავრს დაზიანებულ ფეხზე არტაშანი დავადეთ, თითქოს სამშვიდობოს ამოვიყვანეთ, მაგრამ ძალიან დიდ მანძილზე ვარდნისგან მძიმედ იყო დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანისას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ასეთი შემთხვევებისას სამაშველოს პარალელურად ჩვენც ვიღებთ ინფორმაციას, რადგან პარაპლანისტებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, რასაც ბევრი მიზეზი აქვს - მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ტურისტული ზონაა, იქ სამაშველო სამსახური არ არის. დაბა გუდაურს არც რეანიმობილი ჰყავს და სამედიცინო პუნქტშიც მხოლოდ მიზერული ინვენტარია. ამიტომაც პარაპლანისტები თავად ვზრუნავთ სამთო და სამედიცინო აღჭურვილობაზე. საჭიროების შემთხვევაში სამაშველო სამსახურს ყაზბეგიდან უწევს ჩამოსვლა, რასაც დრო სჭირდება და ზოგჯერ საჭირო აღჭურვილობაც არა აქვთ.

გუდაურის ზონა პარაპლანისტებისთვის­ ტურბულენტური ადგილებით არის ცნობილი, ოღონდ მხოლოდ დღის განსაზღვრულ მონაკვეთში. ცხელი ჰაერის მასები­ იქ გადაადგილებას შუადღისას იწყებენ. იქაურობას კარგად იცნობდა ნოდარ რაზმაძეც, მანამდე არაერთხელ უფრენია. მან იცოდა,­ რომ იქ ტურბულენტური ზონა იყო. მანამდე სხვა ბიჭებმაც იფრინეს და თქვეს, რომ ტურბულენტური ზონა არ ყოფილა, რამე შეფერხება რომ ჰქონოდათ, გაითვალისწინებდა. შემთხვევა გაშლილ ველზე რომ მომხდარიყო, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, მაგრამ დაშვებისას კლდეს­ მიეხეთქა. სიმაღლეს რომ თავი დავანებოთ, ნაშალ კლდეს ემატებოდა ქვათაცვენის დიდი ალბათობაც. პარაპლანისტიც და მგზავრიც როგორღაც თოკზე უნდა ჩაგვება, ეს იყო ჩვენი ამოცანა. როდესაც დიდ მანძილზე ვეშვებით, თოკი იკვანძება, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის­. რაც უფრო გრძელია თოკი, მით მეტად იხლართება. იმდენად დიდი მანძილი იყო, რომ თოკების გადაბმამ­ მომიწია. ჩემი მეგობარი­ შოთა სხირტლაძე, რომელიც ასევე ძალიან გამოცდილი კადრია და საერთაშორისო მომზადების კურსები და მისიები აქვს გავლილი, დაზღვევაზე დარჩა, მკარნახობდა, სად დავშვებულიყავი, რომ დაზარალებულებთან მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავი. რაც უფრო ღრმად ჩავდიოდი, კლდის ნაშალი უფრო მატულობდა, ფეხის დადებაზეც კი თითქოს ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა. თოკის ყოველ გარხევაზეც ქვები ცვიოდა, რაც სწრაფად დაშვებას მიძნელებდა. როგორც იქნა, მივაღწიე იმ ადგილამდე, სადაც დაზარალებულები იყვნენ ჩამოკიდებული. პილოტი სანახევროდ პარაპლანის ფრთასა და კლდეზე იყო ჩამოკიდებული და საკუთარი ძალით იჭერდა მგზავრს. ჩვენს ადგილზე მისვლას, მათ პოვნას და ჩასვლას ერთი საათი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში ჩახუტებული ჰყავდა მგზავრი. ჭრილობებისა და ბრძოლისგან ძალაგამოცლილი იყო, მაგრამ ჩვენთან კონტაქტს მაინც ახერხებდა. მაშინვე თოკები ჩავუბი, რათა ძირს არ ჩაცვივნულიყვნენ. სიტუაციას ზემოდან ლევან ჩოხელი და დათო აფციაური აკონტროლებდნენ. მათ ავუხსენი, რა სახის დაზიანებები ჰქონდათ, ანუ რისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად.

დავით აფციაური: - პილოტი რომ კავშირზე გამოდიოდა, ამით ვხვდებოდი, რომ ძლიერი სისხლდენა არ ჰქონდა, თორემ თავის შეკავებას იმდენი ხნის განმავლობაში, მით უფრო მგზავრთან ერთად, ვერ შეძლებდა. როდესაც ვიკითხე, რომელს უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მიპასუხეს პილოტსო. ვიფიქრე, რომ მგზავრი შედარებით მსუბუქად იქნებოდა დაზიანებული. მართლაც, პილოტისგან განსხვავებით, ვიზუალური დაზიანებები არ ჰქონდა.

ოთო წივილაშვილი: - პარაპლანის­ წვრილ თოკებში იყო გახლართული, რომლისგანაც მე გავათავისუფლე, რის შემდეგაც შედარებით ამოისუნთქა. პარაპ­ლანისტს­ თავიდან ეგონა, რომ ფეხი მოწყვეტილი ჰქონდა. კოჭიდან მუხლამდე კანი კუნთიანად გადამძვრალი ჰქონდა. ყველა­ პარაპლანისტს შესაბამისი კამუფლირება აქვს, მაგრამ დარტყმისა და გახოხების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ დაიცვა. ორივე მათგანს პირველადი სამედიცინო დახმარება მე აღმოვუჩინე. დანარჩენს ამოყვანის შემდეგ ჩემი მეგობარი, საბრძოლო მაშველი დათო აფციაური ჩაუტარებდა. მგზავრსაც გამოველაპარაკე, ადეკვატური იყო, კითხვებზე პასუხს მცემდა. ორივე მათგანი წყალს ითხოვდა. პილოტი უფრო აქტიური იყო, ტკივილზე რეაქციაც ჰქონდა, მგზავრი კი - მოდუნებული. ვეცადე რელიეფის გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად მათთვის სასურველი პოზა მიმეღებინებინა, რათა ფიზიკური მდგომარეობა შემემსუბუქებინა. ეს ყველაფერი ხდებოდა მცხუნვარე მზეზე, რაც ჭრილობებს აჭერდა და ტკივილს გაუსაძლის ხდიდა. უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ნოდარი გამუდმებით მეკითხებოდა, მგზავრი როგორ არისო. ამის შემდეგ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ უნდა ამოგვეყვანა ორივე სამშვიდობოს. ზემოთ აყვანაზე­ შევაჩერეთ არჩევანი, მაგრამ თოკებით მათი აყვანა წარმოუდგენელი იყო, დიდი ალბათობით კლდის ბასრ ზედაპირსა და ქვებზე შეიძლებოდა მიხეთქებოდნენ. ჩემი ჩასვლიდან დაახლოებით ერთ საათში მაშველიც ჩამოვიდა და სამთო აღჭურვილობა მოიტანა, თუმცა საკმარისი არ იყო. რამდენიმე სახეობის თოკი არსებობს, დინამიკური, რომელიც ძირითადად სპორტში გამოიყენება, სტატიკური თოკი კი სამაშველო, სანაოსნო, სამშენებლო საქმეებში. მას სწორედ ასეთი თოკი ჰქონდა, რაც გამიკვირდა. ერთ თოკზე სამი კაცი ვეკიდეთ. მე მანევრირება შეზღუდული მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, პილოტი და მგზავრი, მაშველის მიერ ჩამოტანილ თოკზე ჩამება. ამასობაში ჩემმა მეგობარმა პილოტმა, შოთამაც­ ჩამოუშვა ერთი თოკი, რომელსაც თავად აზღვევდა. მასზე მაშველი გადავიდა, მე კი ჩემივე თოკით ავიდოდი. გვაცნობეს, რომ ვერტმფრენი უნდა მოსულიყო, რამაც დიდი იმედი მოგვცა. ჩვენს იქ ყოფნასა და წვალებაში დიდი დრო გავიდა. გარემო ვერტმფრენისთვის უსაფრთხო რომ ყოფილიყო, მე და მაშველმა კლდეს გამოდებული პარაპლანის ფრთა როგორღაც მოვხსენით. პარაპლანისტსა და მგზავრს მუდმივად ვესაუბრებოდი. მეშინოდა, გონება არ დაეკარგა, ან დაღლილობისგან არ ჩასძინებოდათ. უცებ მგზავრმა ფეხსაცმელი გაიძრო და გადააგდო, ინგლისურად ვკითხე, რა ქენით-მეთქი?.. მაგრამ ჩაფხუტიც მოიძრო და ისიც გადააგდო. ამჯერად პილოტმა ჰკითხა, რატომ გადააგდეო, არც მაგაზე უპასუხა. რამდენი წლის ხარ და რამდენს იწონი-მეთქი, მაინტერესებდა, რამდენად ადეკვატური იყო... 28 კილოგრამი ვარო, მიპასუხა. 90 მაინც იქნებოდა. მივხვდი, ცნობიერება უქვეითდებოდა. შემდეგ კითხვებზე არც მპასუხობდა. მერე გვითხრა, ვერ ვსუნთქავო. გარეგნულად კი არაფერი ეტყობოდა. მერე დათომ ამიხსნა, სავარაუდოდ, ფილტვი დარტ­ყმისგან ან მოტეხილი ნეკნისგან ექნება დაზიანებულიო. ვცდილობდი, დრო არ დამეკარგა, ამათ თოკს ჩავხსნილიყავი, რადგან მოძრაობა შეზღუდული მქონდა და ვერ ვეხმარებოდი. როგორც იქნა, მოვიხსენი თოკები და შევეცადე დავხმარებოდი. ნოდარიც მეხვეწებოდა, რამე უშველე, ვერ სუნთქავს, იგუდებაო. მასთან რომ მივედი, თვალები გადატრიალებული ჰქონდა. დათო რაციით მეუბნებოდა, თითით სასუნთქი გზები გაუთავისუფლეო. პულსი არც კი ესინჯებოდა. ვეცადე პირქვე ყოფილიყო. ყოველი მოძრაობა მაშინ, როდესაც ის და ნოდარი გადაბმული იყვნენ, ძალიან ძნელი იყო. თანდათან რეაგირება დაკარგა. ვიფიქრე, რითაც იყო ჩამოკიდებული პარაპლანზე, ის თოკები ხომ არ უშლის-მეთქი, მაგრამ მოშვებული ჰქონდა, სასუნთქ გზებსა და არტერიებს არ უკეტავდა, ყელზე შემოხვეული­ არაფერი ჰქონდა. თანდათან სიცოცხლის ნიშანწყალს კარგავდა. გულის ამუშავებას შევეცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ნოდარიც მეხმარებოდა, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - მგზავრი გარდაიცვალა. იმდენად მძიმედ განიცადა ნოდარმა, თავადაც სცადა გადავარდნა, მაგრამ უფლება არ მივეცით... (მოგვიანებით თქვა, ეს ჩემი ბოლო ფრენააო). ისევ ფრთის მოხსნა გავაგრძელეთ. მაშველის ჩამოტანილი აღჭურვილობა ძალიან გამოგვადგა...ვერტმფრენის დანახვაზე შვება ვიგრძენი, სამაშველო ბაგირი ჰქონდათ ჩამოშვებული, ჩვენთან მაქსიმალურად ახლოს მოვიდნენ. მე და მაშველი მოვემზადეთ - თოკები ისე უნდა გადაგვენაწილებინა,­ რომ პრობლემა არ შექმნილიყო. პირველ­ ჯერზე პატარა წრე გააკეთა, მაქსიმალურად მოახლოებას ცდილობდა, მაგრამ არეალი შეზღუდული ჰქონდა და მეორე წრეზე­ წავიდა. ჩვენს თავზე ტრიალებდა. უეცრად პროპელერის რიტმული ხმა დაირღვა და გრიგალი, რომელიც ვერტმფრენის მოახლოებამ წარმოქმნა, წამით გაჩერდა, უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა და მოწყვეტით წავიდა ძირს. წამით გამიელვა გულში, ოღონდ არ აფეთქდეს-მეთქი, მაგრამ დაცემისთანავე აფეთქდა და ცეცხლის ალი თითქმის მოგვწვდა. ვითარება ოდნავ რომ ჩაწყნარდა, კიდევ ერთი მაშველი და პარაპლანისტი ჩამოვიდნენ. ტკივილგამაყუჩებელი, წყალი, თოკი და აღჭურვილობა ჩამოიტანეს. პილოტისა და მგზავრის დამაკავშირებელი თოკები გადავჭერით და ჯერ პილოტი ავიყვანეთ. ორივე მაშველი ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ აღჭურვილობა აკლდათ... პარაპლანის ჩამოვარდნიდან თითქმის 8 საათი იყო გასული, ღამდებოდა, დაღუპული მგზავრის ამოყვანა უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ თოკზე ჩაბმული დავტოვეთ და მეორე დილას ამოვიყვანეთ.

ლევან ჩოხელი, საერთაშორისო კურსების­ ინსტრუქტორი: - უამრავი დეტალია, რომლითაც შესაბამისი უწყებები უნდა ინტერესდებოდნენ. სამი წლის წინ რამდენიმე უწყების, ავიაციისა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდით, რეგულაციების შემოღებაზე ვისაუბრეთ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. აკრძალვით პრობლემა არ მოგვარდება. აუცილებელია რეგულაციების შემოღება და პილოტების სერტიფიცირება. ვიცი, რომ პარაგლაიდინგის ფედერაციაში გამზადებულიც კი არის რეგულაცია, მხოლოდ ამუშავება სჭირდება. თუ სახელმწიფო გვეტყვის, აქედან აქამდე ეს ადგილი სახიფათოა და ფრენა შეგიძლიათ ამა და ამ ადგილზეო, ჩვენ დავემორჩილებით.