"მორგები გადაივსო. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს... აქ ხელის ჩაქნევა სიკვდილის ტოლფასია" - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი? - კვირის პალიტრა

"მორგები გადაივსო. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს... აქ ხელის ჩაქნევა სიკვდილის ტოლფასია" - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი?

გზა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრამდე რთულია, ძვირი და სიცოცხლისთვის სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს­ წინასწარ აქვთ ინფორმაცია, სიცოცხლისთვის სახიფათო გზის შესახებ, მაინც მიდიან. საქართველოს ასობით მოქალაქე თითქმის ყოველდღიურად კვეთს მექსიკა-ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს და ლტოლვილად ბარდება.­ უმრავლესობა ახალგაზრდაა, ზოგჯერ ოჯახებით, ჩვილი ბავშვებით,­ ზოგჯერ მარტოც მიდიან, მაგრამ დათქმებით - მოეწყობიან და ცოლ-შვილსაც წაიყვანენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებულია 99 974 კაცი, რაც 34.6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი - 80 351 პირი, ქართველია. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია. რა გზას გადიან ქართველები ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად, როგორ ცხოვრობენ და რას ფიქრობენ ოკეანის გამოღმა დარჩენილ სამშობლოზე, რატი საბახტარაშვილი გვიამბობს.

- 21 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, რაც ბოლო ორ-სამ წელიწადში, განსაკუთრებით კი წელს ხდება, ასეთი არ რამ მახსოვს. მე 17 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი. იმ პერიოდში ქართველები ამერიკაში იშვიათად მოდიოდნენ, ზოგი ჩემსავით მწვანე ბარათს იგებდა, ზოგი სასწავლო, გაცვლითი პროგრამით ჩამოდიოდა, არალეგალურად უმთავრესად შუახნის ქალები მოდიოდნენ და ოჯახებში მოხუცების მომვლელებად იწყებდნენ მუშაობას.

ახლა ოციდან ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცები ჩამოდიან, თანაც სისტემატურად. დღე არ გავა, ახლობელმა არ დამირეკოს, რომ ახალი­ ჩამოსული ქართველი ჰყავს დასაბინავებელი. ზოგი სამუშაოს ეძებს, ზოგმა სამუშაოს შოვნაზე ხელი ჩაიქნია და პურის ფულს ან თავშესაფარს ითხოვს. ყველაზე ცუდი კი ის არის, მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს,­ გარდაცვლილი ქართველის საქართველოში გადასვენებისთვის.

აქ ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი და ნაცნობია. უმრავლესობას მე ვუმასპინძლე და ვუპატრონე. ყველა მათგანს აქვს ისეთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, რომ საქართველოს ძალიან გამოადგებოდა. ყველა, მათ შორის, მეც გარკვეული თანხის, ცოდნის დაგროვებასა და საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდით, მაგრამ ბოლო წლებში ისეთი რაღაცები მოხდა, გეგმები შევცვალეთ...

- მორგი რატომ არის სავსე ქართველებით?­

- ხშირად ნაცნობი ნაცნობს ეუბნება,­ შენ აქამდე ჩამოაღწიე და მერე რაღაცას მოგიხერხებო. ადამიანი ფულს სესხულობს­, ზოგჯერ ბინასაც ყიდის, რომ აქამდე ჩამო­აღწიოს. ჩამოდის და იმ ნაცნობს ვეღარ უკავშირდება. ამერიკა ნამდვილად არის შესაძლებლობებისა და ოცნებების ასრულების ქვეყანა, მაგრამ თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მორჩა, ჩაგყლაპავს. მე ამდენი წელია აქა ვარ და თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ, დღედაღამ ვშრომობ. აქ არ გამოვა ქეიფი და ნაბახუსევზე სახლში კოტრიალი. ყველა დღე, საათი გათვლილი გვაქვს. ხშირად ახალჩამოსულები, რომლებსაც აქ არავინ ხვდება, ქუჩაში რჩებიან, იქ კი ბევრი საცდურია - წამალი, სასმელი, მოსაწევი... ერთი თუ გაგექცა ხელი, მორჩა... ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ძალიან ბევრი ქართველი ნარკომანი მხვდებოდა, მერე თითქოს გაქრნენ, ზოგი გამოასახლეს, ზოგიც დაიხოცა, ახლა ისევ მომრავლდნენ.

- რა კატეგორიის ხალხია, რომელიც მეგობარს ან ნაცნობს ჰპირდება, რომ დაეხმარება და მერე ბედის ანაბარად ტოვებს?

- იცით, აქ ემიგრანტებისთვის როგორი­ სამუშაო რეჟიმია? სამუშაოს სირთულეზე აღარაფერს ვამბობ, ხუთი წუთითაც ვერ მიატოვებ, კვირიდან კვირამდე შეიძლება უახლოესი ადამიანიც კი ვერ ნახო. ქართველის ბუნება ხომ იცით როგორია?! ტრაბახი უყვარს. დაურეკავენ ნათესავებს, მეგობრებს და ეუბნებიან, ძალიან­ მაგრად ვართო. მერე ის ნაცნობი, რომ სთხოვს, მეც მისაშველე რამეო, ისიც იმის იმედით, მაინც ვერ ჩამოვაო, დაპირ­ებას აძლევს.­ დაიმედებული კაცი ჯოჯოხეთს გადის გზაში, მით უფრო, თუ მექსიკიდან მოდის, ჩამოდის და ქუჩაში რჩება. ვის იმედზეც ჩამოვიდა, შეიძლება კიდეც უნდოდეს დახმარება, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოახერხოს, ვერ მოიცალოს. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ახალჩამოსულს დახვდებიან და დააბინავებენ, მაგრამ სამსახურს ვეღარ შოულობენ.­ ბოლო დროს სამსახურის შოვნა ძალიან გართულდა, იმიტომ ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა. ამერიკა სავსეა რუსებით, უკრაინელებით, ბელორუსებით... ჩემი ნაცნობის ნათესავმა საქართველოში ბინა გაყიდა და იმ ფულით წამოვიდა, ცოლ-შვილი კი ქირით გადაიყვანა. სხვებთან ერთად მეც ვეცადე, მაგრამ სამსახური ვერ ვუშოვეთ. საქმე კიდევ უფრო რთულია, როდესაც ენა არ იცი. სამი თვის განმავლობაში ხან ვინ აძლევდა საჭმლის ფულს, ხან ვინ, ღამის გასათევიც ჰქონდა, მაგრამ მისი ცოლ-შვილი საქართველოში ბინის ქირას ვეღარ იხდიდა. თითქმის ყველა ჩვენგანის ვალი დაედო. ინერვიულა და ინფარქტი დაემართა. არის შემთხვევა, რომ ბინაც გაქვს, სამსახურიც, მაგრამ ისე ისტრესები, ნევროზი გემართება. აქ საკუთარი თავის ფსიქოლოგი თუ არ გახდი, გაგიჟდები. წლების წინ ერთმა ქართველმა ქალმა, რომელიც 12 წლის ჩამოსული იყო ამერიკაში, მთელი ნაგროვები ფული უნიტაზში ჩარეცხა. სხვათა შორის, ქალებს უფრო არ უჭირთ ფსიქოლოგიურად, კაცები უფრო სუსტები­ არიან, აქ კი ხელის ჩაქნევა სიკვდილის ტოლფასია. აქ ყველაფერი იმაზე გაცილებით რთულად არის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენი გაზეთის საშუალებით ქართველებს მინდა ვთხოვო, არალეგალურად ნუ წამოხვალთ, თუ ძალიან სანდო ნაცნობი და უკვე ნაშოვნი სამსახური არ დაგხვდებათ. თუ ენა იცით და ლეგალურად მოდიხართ, მაშინ კი ბატონო, თქვენ წინ ბევრი შესაძლებლობის კარი გაიხსნება.

ashsh2-1661685960.jpg

- საქართველოდან ძირითადად რა პროფესიის ხალხი ჩამოდის?

- ძალიან ხშირად ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, პოლიციელები, დაცვის თანამშრომლები, უფრო ხშირად სამხედროები. არიან ისეთებიც, რომლებიც­ ამბობენ, რომ მათმა პროფესიამ საქართველოში ფასი დაკარგა, ზოგს არსებული ვითარება არ მოსწონს. რამდენიმე მათგანისგან ისიც მოვისმინე, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, თქვეს, რუსეთის წინააღმდეგ ისეთი რაღაცები გვაქვს გაკეთებული, თუ დაგვიჭირეს, არ გვაცოცხლებენო. არა აქვთ იმედი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათ დაიცავს. სხვათა შორის, ძალოვანების დიდი ნაწილი ამერიკას პირველად 2012 წელს მოაწყდა. მერე ერთხანს შემცირდა. ბოლო რამდენიმე წელია, ისევ ბევრი ჩამოდის.

- თქვენ და თქვენმა გარემოცვამ რატომ გადაიფიქრეთ საქართველოში დაბრუნება?

- პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ, რომ ჩამოვიდეთ, როგორ ვიცხოვროთ? აქ საშუალება მაქვს შვილებს კარგი განათლება მივცე. ამასთან, არ მომწონს ბოლო დროს მომძლავრებული პრორუსული განწყობები.­ რუსებთან ერთად ცხოვრება არ მინდა. ადრე რომ ჩამოვდიოდი, რუსულ წარწერას ვერსად ნახავდი, ახლა გადავსებულია საქართველო რუსული წარწერებით, რუსებით, ყველგან რუსული ლაპარაკი ისმის. თურმე რუსი ტურისტი საჭირო ყოფილა საქართველოს ეკონომიკისთვის. თუ მართლა სურთ ტურიზმის განვითარება, უფრო თანამედროვე სტანდარტებით უნდა იმოქმედონ და ხარისხზე გააკეთონ აქცენტი. ამერიკაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც მსხვილ კომპანიებში დისტანციურად მუშაობენ და ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ. ამ ხალხმა ბოლო დროს საცხოვრებლად ისეთი ქვეყნების ძებნა დაიწყო, სადაც კარგი ბუნება, ნატურალური საკვები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო გარემოა. პენსიონერებიც ასეთივე ქვეყნებს ეძებენ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს რომ გაითვალისწინოს, მაღალბიუჯეტიანი ევროპელებით და ამერიკელებით გაივსებოდა ქვეყანა და რუსებისა და ირანელების გადმოგდებული ორი თეთრისთვის თავმოყვარეობას არ დავკარგავდით. ეს ხალხი ბევრ ფულს დახარჯავდა საქართველოში და ამასთან, არც თავს გადაგვამეტებდნენ. სადაც მიდიან, იმ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ენას უდიდეს პატივს სცემენ.

- პრორუსებისგან ხშირად გვსმენია, რომ ამერიკიდან და ევროპიდან გარყვნილება­ შემოდის.­ თქვენ, ორი ქალიშვილის მამა, რას იტყვით, რა გარემოში უწევთ შვილებს ყოფნა?

- რუსებს არც დაესიზმრებათ, ამერიკაში ისეთი ტრადიციული ოჯახებია. განსხვავებული ორიენტაციის ხალხიც არის, მაგრამ იმათ თავიანთი წრე ჰყავთ. აქ არიან ოჯახები, რომლებიც ყოველკვირეულ წირვებს ესწრებიან. ოჯახის კულტიც ძალიან მაღალია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელ უბანში ცხოვრობ და შვილი როგორ სკოლაში დაგყავს. მე მაქვს საშუალება ჩემი გოგონები კარგ სკოლაში ვატარო და კარგი განათლება მივცე. ცუდი და კარგი ყველგან არის. ამერიკისა და ევროპის გარყვნილებაზე ლაპარაკი პროპაგანდა­ და რუსულ ნარატივზე წყლის დასხმაა. კარგი იქნება, თუ ფართოდ გახელილი თვალებით შევხედავთ სამყაროს, სხვისი აზრის გავლენაში არ მოვექცევით და საკუთარი დაკვირვების საფუძველზე გამოვიტანთ დასკვნებს.

ხათუნა ბახტურიძე