"ონლაინდედად ვიქეცი და ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ჩემი შვილისგან შორს ვატარებ" - ცხოვრება გადარჩენისთვის
ემიგრანტების ცხოვრება უსასრულო დარდი და ტკივილია, რადგან სამშობლოსგან შორს მყოფთ მრავალი განსაცდელის გადატანა უწევთ. არანაკლებ მძიმეა მათი სიშორე ოჯახებისთვის, შვილებისთვის... ჩვენი რესპონდენტების ნაამბობმა დაგვარწმუნა, რომ ამ ადამიანების ცხოვრება დრამატულია.
"ონლაინდედად ვიქეცი და ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ჩემი შვილისგან შორს ვატარებ"
ანა თუთბერიძე, ემიგრანტი: - პედაგოგების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მშობლები თავიდანვე მასწავლიდნენ, რომ თუ კარგ განათლებას მივიღებდი, უზრუნველი მომავალი მექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ყველაფერი მამაჩემის ავადმყოფობით დაიწყო. რაც გვებადა, მის მკურნალობაზე დავხარჯეთ, მაგრამ ჩვენი ოჯახის დიდი იმედი და მთავარი საყრდენი მაინც ვერ გადავარჩინეთ! 35 წლის ასაკში იძულებული გავხდი, ჩემი 10 წლის შვილი დედასთან დამეტოვებინა და ემიგრაციაში წამოვსულიყავი. ყველა ემიგრანტი დამემოწმება, რომ ყველაზე რთული პირველი თვეებია: სრულიად უცხო ქვეყანაში, ე.წ. დამსაქმებლის იმედად ხარ და ვიდრე ნორმალური სამუშაო გამოგიჩნდება, ჯოჯოხეთის გავლა გიწევს. იძულებული ხარ, საერთო ბინაში იცხოვრო 20, 22, 24 ქალთან ერთად. თითოეულს ოჯახისა და შვილების მონატრება ახრჩობს, მაგრამ უმრავლესობას ვალი აქვს და უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ დარჩენია! საერთო საცხოვრებელი, სადაც ხშირად იყო კონფლიქტი და ჩხუბი, ძალიან მწარედ მახსენდება. პირველად დამსაქმებელმა ისეთი მოხუცის მოსავლელად გამიშვა, რომელსაც ყოველ დანახვაზე უნდა მივსალმებოდი, რადგან ვერ მცნობდა და 2-3 წუთში წივილ-კივილს იწყებდა. მე უნდა დამემშვიდებინა, დამშვიდების დროს კი რამდენჯერმე ხელიც დამარტყა! ამ საშინელებას ერთი კვირაც ვერ გავუძელი და იმ ოჯახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი! მადლობა ღმერთს, რომ სამთვიანი ლოდინის შემდეგ შედარებით მშვიდი სამუშაო გამომიჩნდა. ახლა ჩემი "ბებია" ეტლში ზის და მხოლოდ პამპერსის გამოცვლა, ჭამა და ბანაობა სჭირდება. რომ დავფიქრდები, ცრემლი მომდის - ონლაინდედად ვიქეცი და ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ჩემი შვილისგან შორს ვატარებ. ტკივილი, სასოწარკვეთა, დანაშაულის გრძნობა ერთად მიპყრობს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ მოხუცი დედის წინაშე, რომელსაც ამხელა ტვირთი ავკიდე. ეს ნამდვილი სასჯელია - სასჯელი, რომელსაც ჩემი უახლოესი ადამიანებისგან შორს ვიხდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი, რომ მათთან უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ მაშინ ეს იყო ერთადერთი გზა - გზა გადარჩენისა... აქ მყოფი ქართველები ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ჩვენს დარდს ვუზიარებთ. ერთ-ერთს ზამთარში დედა გარდაეცვალა და მის დაკრძალვაზეც ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ისე განიცდიდა, რომ ვერ ვამშვიდებდით. ნურავის ჰგონია, რომ უცხოეთში ფული ადვილად იშოვება. ემიგრანტებს დამამცირებელი შრომა გვიწევს იმ ფულის გამოსამუშავებლად, რომელსაც ჩვენს შვილებს ვუგზავნით. უკვე ხუთი წელია, ევროპაში ვცხოვრობ და დღე არ ყოფილა, ჩამოსვლაზე არ მეოცნება. უმეტესობას ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება! საკმარისია, საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩვენ დავბრუნდებით.
"ჩემთვის არავის უკითხავს, თორემ ცხოვრებას დედის გვერდით ავირჩევდი"
სალომე ყიფშიძე, სტუდენტი: - 12 წლის ვიყავი, როცა დედა ემიგრაციაში წავიდა. არასდროს დამავიწყდება მისი დაბნეული თვალები, როცა ვაცილებდით. მახსოვს, როგორ ეშინოდა ჩვენი მარტო დატოვება, როგორ განიცდიდა, რომ მის გარეშე უნდა გვეცხოვრა. ჩემი ცხოვრებაც ორ ნაწილად გაიყო - დედასთან ერთად და მის გარეშე. ახლა უკვე დიდი ვარ და ვხვდები: შვილის აღზრდა მარტო სახლის დალაგება და სადილის მომზადება არ არის, მას, უპირველესად, მშობლის სითბო და ყურადღება სჭირდება, მით უმეტეს - თინეიჯერულ ასაკში. ზოგჯერ მინდა მოვეხვიო ჩემს გამზრდელ ბებოს, რომელიც არაფერს გვაკლებს და ჩვენი მთავარი იმედია, მაგრამ დედას ვერავინ და ვერაფერი შეგიცვლის. ამბობენ, შვილების გამო დედა ყველაფერზე წავაო. ალბათ, მეც ასე მოვიქცევი, როცა დედა გავხდები, მაგრამ ჩემს შვილებს არასდროს მივატოვებ.
ჩვენს თაობას ბევრი აკრიტიკებს, სკაიპით გაზრდილ, ფულის მოყვარულ თაობას გვეძახიან, მაგრამ ასე არ არის! რომელ შვილს არ უნდა, დედა გვერდით ჰყავდეს? სამწუხაროდ, ჩემთვის არავის უკითხავს, თორემ ცხოვრებას დედის გვერდით ავირჩევდი, თუნდაც ახალი ტანსაცმელი და "აიფონი" არ მქონოდა! უკვე შვიდი წელია, ის იტალიაში ცხოვრობს! ხმამაღლა ვერც კი ვეუბნები, როგორ მიყვარს! მინდა, ყველა ემიგრანტს ვუთხრა: არ დაიჯეროთ, თუ ვინმე გეტყვით, შენს შვილს უფულო არ სჭირდებიო. დედაჩემი რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს, მისი ნახვა ყოველთვის გამახარებს! ის ხშირად მიყვება, რა აწყობილი ქვეყანაა იტალია, როგორ ცხოვრობს იქ 70 წელს გადაცილებული ხალხი, მოგზაურობენ, კინოში, თეატრსა და რესტორნებში დადიან. ძალიან მინდა, ჩვენმა თაობამ მაინც შეძლოს ასეთი ქვეყნის აშენება - ქვეყნისა, საიდანაც ხალხი სამუშაოდ უცხოეთში არ გაიქცევა და თავის სამშობლოში ღირსეულად იცხოვრებს.
როდესაც დედა ემიგრაციაში მიდის...
მანანა სოლოღაშვილი, ფსიქოლოგი: - ემიგრაცია ძალიან რთული თემაა, განსაკუთრებით - თუ არასრულწლოვანი შვილები რჩებიან მშობლების გარეშე. ამის დასტურად ჩემი პრაქტიკიდან ერთი შემთხვევა უნდა გავიხსენო: მამა ამერიკაში წავიდა და მისმა უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა. ბიჭუნა სამი წლის იყო და იმხელა სტრესი მიიღო, რომ ზრდა შეწყვიტა. ბავშვს რამდენიმე წლის განმავლობაში, სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. წარმოიდგინეთ, რა ემართება ბავშვს, როცა დედას შორდება. როდესაც დედა ემიგრაციაში მიდის, ხშირად ეს მისი ოჯახისთვისაც დამანგრეველი ფაქტორი ხდება. მთავარი მსხვერპლი ამ დროს დედის გარეშე დარჩენილი პატარები არიან: მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის გარეშე უწევთ ცხოვრების მთავარი ეტაპების გავლა. ამ ბავშვებში შეინიშნება ისეთი ფსიქოლოგიური დარღვევები, როგორიცაა: მერყევი ფსიქიკა, აგრესია, დეპრესია. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან როდესაც მოზარდი რაღაც დაბრკოლებას ან პრობლემას აწყდება, დახმარებისთვის მშობლებთან მიდის და თუ ერთ მშობელს არ შეუძლია დახმარება, მეორეს მიმართავს. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა ბავშვის გვერდით არც ერთი მშობელი არ არის... პატარები ყველაზე მეტად მაინც დედასთან განშორებას განიცდიან. Mმუცლად ყოფნის დროიდან მოყოლებული, დედასა და შვილს შორის ისეთი ემოციური კავშირი მყარდება, რომლის სიტყვით ახსნა შეუძლებელია. დედამ ახალდაბადებული შვილიც რომ მიატოვოს, მათ მაინც აქვთ ემოციური კავშირი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. როგორები არიან პატარები, რომლებიც უდედოდ იზრდებიან? ასეთი ბავშვებისთვის ჩვეულებრივია დაბნეულობა და შიში, რომ მშობელი მიატოვებს, ასევე: მარტოსულობა, ბრაზი, რისხვა, შფოთვა, წუხილი, სევდა და, რაც მთავარია, დაუცველობის გრძნობა. ასეთი ბავშვები თავს უარყოფილად გრძნობენ და მათთვის დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასებაც. მათ ეშინიათ, რომ ადრე თუ გვიან, უარყოფილნი იქნებიან და ამის გამო პარტნიორულ ურთიერთობასაც გაურბიან. მოზარდობის ასაკში, ანუ 10-12 წლიდან 22 წლამდე თუ მშობელი გვერდით არ ჰყავთ, მოზარდებს სულიერი სიცარიელის გრძნობა ეუფლებათ და მის შევსებას ნარკოტიკებით, აზარტული თამაშებითა და ალკოჰოლით ცდილობენ. გოგონა შეიძლება ძალადობის მსხვერპლიც გახდეს, ან პროსტიტუციაში ჩაებას. ჩემი პრაქტიკიდან კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: დედა ემიგრაციაში წავიდა და მისი შვილი, რომელიც მასზე იყო მიჯაჭვული, აბსოლუტურად შეიცვალა: ერთ დროს ჭკვიანმა და შრომისმოყვარე ბიჭმა ჯერ მოწევა დაიწყო, მერე სასმელზე გადავიდა, ბოლოს - მძიმე ნარკოტიკებზე. ახლა ის 30 წლისაა და ფსიქიატრის მეთვალყურეობით ცხოვრობს.
არის მეორე უკიდურესობა - როცა მშობელს მხოლოდ ფულის გამომგზავნის ფუნქცია ეკისრება. ასეთი შვილები დედას ეუბნებიან, რომ ჩამოხვიდე, მერე ჩვენ რაღა გვეშველებაო და ისიც იძულებულია, დარჩეს. ასეთებს მე "უძღები შვილები" დავარქვი, ისინი მუქთად ნაშოვნ ფულს ეჩვევიან და უფუნქციო ადამიანებად ყალიბდებიან... სამწუხაროდ, ემიგრანტ ქალებს ოჯახი ხშირად ენგრევათ. არის შემთხვევები, როცა ქალი უცხო ქვეყანაში შრომობს, ხოლო ქმარი მისი გამოგზავნილი ფულით საყვარელს არჩენს. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ქვეცნობიერად მამას ადანაშაულებენ, რომ მან ვერ შეძლო, ოჯახი შეენახა და დედა იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო. ასეთი სამწუხარო რეალობაა ჩვენ გარშემო, რეალობა, რომელზე დაფიქრებაც ღირს.
ხათუნა ჩიგოგიძე