მე, ზღვა, მზე და რუსები - კვირის პალიტრა

მე, ზღვა, მზე და რუსები

ჭელს აგვისტოში იმდენი დამსვენებელი ჰყავდა ქობულეთს, იქაურებიც ვერ მალავდნენ გაოცებას, თუმცა ამ დიდი ტალღის მიზეზსაც განმარტავდნენ: შეზღუდვები ყველგან მოიხსნა, ჩაკეტილ ხალხს მოსწყინდა შინ ჯდომა და ყველას დასასვენებლად წასვლა მოუნდაო... მეც ქობულეთისკენ გამიწია გულმა. მიყვარს ეს კოხტა ზღვისპირა ქალაქი. ის დამსვენებლების სიმცირეს არასოდეს უჩიოდა, თუმცა წელს რეკორდი მოხსნა. ყოველთვის ბათუმი გამოირჩეოდა სიძვირით, მაგრამ 1-ლი აგვისტოდან ტურისტების ტალღა ისეთი იყო, ქობულეთმა­ საპორტო ქალაქსაც გაუსწრო. ზღვის პირველ ზოლს ვინ დაეძებდა, 250 ლარზე ნაკლებად აღმაშენებლის პარალელურ ქუჩებზეც ვეღარ შოულობდნენ ბინებს. ვიცოდი, წელს აქ ბევრი რუსეთის მოქა­ლაქე იქნებოდა და, უნდა გამოვტყდე, ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი მათთან ხანმოკლე შეხვედრებისთვის, რადგან მათი თავგასულობის ამბავს მე ვერავინ მასწავლის - საბჭოთა პერიოდი რომ გვერდზე გადავდოთ, ახლახან დავბრუნდი "წითელი მოსკოვიდან".

პირველი, რაც უმალ შევნიშნე და ძალ­იან­ გამიხარდა, გახლდათ ის, რომ არც ერთი კაფე-ბარ-რესტორნიდან არ ისმოდა­ რუსული სიმღერები. ჟღერდა ქართული, იტალიური, ლათინურამერიკული და ინგ­ლი­სური მუსიკა. სამაგიეროდ, სამეგრელოს,­ გურიისა და აჭარის სოფლებიდან ჩამოსული­ გამყიდველები დილიდან საღამომდე გაჰყვიროდნენ რუსულად: "გარიაჩაია კუკურუზაა!" მათ ქართველებმა რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა, ქართულად დაიძახეთ, რუსებმა უკვე იციან ბევრი საჭირო სიტყვა, რაც ჭამას უკავშირდებაო. გამყიდველები თავს უქნევდნენ, მაგრამ ცოტას გაივლიდნენ და ისევ რუსულად დასჭექდნენ: "კუკურუზააა!".

პირველად რუსები სრულიად მოულოდნელად ზღვაში ჩასულმა აღმოვაჩინე. პატარა გოგონა საცურაო კამერით რომ ლივლივებდა, მაშინ დამეჯახა. უფროსმა ძმამ რუსულად დაუძახა, აქეთ გამოდიო. მივხვდი­, მთელი ოჯახი ზღვაში იყო. ყველა სათითაოდ შევათვალი­ერე და დედად რომელიც მივიჩნიე, იმას წარმომავლობა ვკითხე.­ ჯერ დაიბნა,­ არ იცოდა, ეპასუხა თუ არა, ბოლოს მაინც "გამოტყდა", მოსკოველები ვართო. რა თქმა უნდა, ამის მერე ჩემი ცნობისმოყვარეობა ერთიორად გაიზარდა და მაშინვე პოლიტიკაზე გადავერთე:

- რას ფიქრობთ უკრაინის ომზე და საქართველოს ოკუპირებულ 20%-ზე?

მოსკოველს სახეზე ღიმილი შეეყინა, შეცბა, მაგრამ შემატყო, რომ ასე ადვილად არ დავეხსნებოდი და მიპასუხა:

- ვერაფერს გეტყვით, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. საქართველო მომწონს, კარგი კურორტები გაქვთ, საჭმელებიც - უგემრიელესი. აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ სიმშვიდე და დასვენება გვინდა...

- როგორ შეგიძლიათ იყოთ აპოლიტიკური, როცა თქვენი სამხედრო ძალები­ უკრაინაში უდანაშაულო ბავშვებსა და მოხუცებს ხოცავენ. თქვენ ამბობთ, რომ აქ მშვიდად დასვენება გსურთ, უკრაინელებსაც­ უნდათ მშვიდად ცხოვრება... და კიდევ, განა არ იცით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% თქვენგან ოკუპირებულია? - ხმაში აღშფ­ოთება შემატყო და პასუხი შეარბილა:

- ომი საშინელებაა, ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ. ისე, ყველას თავისი შეხედულება აქვს ამ ომთან დაკავშირებით. თქვენ თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვგმობ. მეტი რა გითხრათ? - მითხრა და ნაპირისკენ წავიდა, ბავშვებს თავისთან მოუხმო და ზღვაში შორს გასულ ქმარსაც აღარ დაუცადა, ისე გაეცალა იქაურობას.

გამახსენდა, წინადღეს ბათუმიდან ჩამოსულმა ახლობელმა მიამბო: ერთ კაფეში­ ხინკალი უჭამიათ რუსებს. გვარიანად რომ დანაყრდნენ, ხინკლის კუჭების სროლა დაუწყიათ მეზობელი მაგიდებისკენ. "ეს ჯერ "პესენკაა"­, აი, ამ კუჭების ნაცვლად, მალე ნამდვილი ბომბები რომ წამოვა, მერე ნახეთ, რაც დაგემართებათ. მარტო ბათუმი­ კი არა, მთელი საქართველო ჩვენი იქნებაო..." ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა? ქართველი ბიჭებს სკამები გადაუმტვრევიათ თავზე სტუმრებისთვის... პოლიციას იმ დღესვე გამოუშვია დაკავე­ბული ქართველები, განაწყენებული და უკვე გამოფხიზლებული რუსები კი გაოც­ებული კითხულობდნენ, ეს არის თქვენი ნაქები­ სტუმართმოყვარეობაო?

ერთ დღეს ბელორუს ცოლ-ქმარს გამოველაპარაკე. თავიდან ისინიც რუსები­ მეგონენ, მაგრამ ღიმილით მითხრეს, მინსკიდან ვართო. აღმოჩნდა, რომ მათი ქალიშვილი­ მარტში წამოსულა საქართველოში და ბათუმში ქირაობდა ბინას. აქედან მუშაობსო...­ რატომ წამოხვედით, რა ხდება მინსკში, ლუკაშენკოს ბევრი "ბაწიას" ეძახის და თქვენ არ მოგწონთ-მეთქი? ხელები გაასავსავეს, ლუკაშენკო კარგა ხანია ჩვენი პრეზიდენტი აღარაა, ის პუტინის კაცია და ბელარუსში ცხოვრება აუტანელი ხდებაო... მერე გულწრფელად მიამბეს, როგორ მოუვიდათ ერთ რუსთან შელაპარაკება,­ რომელიც დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ქართველებმა დაჩაგრეს აფხაზები და ოსები, რუსები მხარში­ ამოუდგნენ დაჩაგრულ უმცროს ძმებს და ახლა აფხაზეთი აფხაზებისაა, ოსეთი კი - ოსებისო. ცოლ-ქმარ ბარისევიჩებმა არა მარტო ბოლარუსის, უკრაინის ან რუსეთის ისტორია, საქართველოს წარსულიც კარგად იცოდნენ, ასე რომ, იმ დემაგოგი რუსისთვის სათანადო პასუხი გაუციათ...

რამდენიმე დღის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა ბაზარში გადავწყვიტეთ წასვლა. ჯერ რკინიგზის სადგურში მივედით უკან დასაბრუნებელი ბილეთებისთვის.­ შესასვლელთან დაფქული ყავა იყიდებოდა. გოგონას ქართულად ვთხოვე, 300 გრამი აეწონა­. ჯერ ქართულად მიპასუხა, მერე რუსულზე გადავიდა... გავოცდი, ხომ ხედავ, ქართველები ვართ, რუსულად რატომ გველაპარაკები-მეთქი?

- წარმოშობით რუსი ვარ, მაგრამ ქობულეთში დავიბადე და გავიზარდე. რა მოხდა, თუკი რუსულად გელაპარაკებით, აკრძალულიაო? - თვალები დაქაჩა.

- დღეს საქართველოში დემოკრატიაა, ვისაც როგორ უნდა, ისე იქცევა! - მომიგო ისევ რუსულად და მაღაზიაში შევიდა­. სანამ იმ გოგოს პასუხს გავცემდი, მაღაზიიდან თმაგაბურძგნილი, წვერიანი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და შემომიტია:

- რას გეტყვი, იცი? ვის როგორ დავე­ლაპარაკები, მაგი ჩემი საქმეა. აქანე რუსები გვაკეთებინებენ ფულს და რუსულად დაველაპარაკები კი არა, ფიანდაზსაც დოვუგებ... წადი, შენს საქმეს მიხედე!

უზრდელობაზე მძაფრი რეაქცია მაქვს, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე. ჩანთა გავხსენი, მობილური ამოვიღე - მინდოდა­ ფოტო გადამეღო რუსების მაამებელი მასპინძლისთვის, მაგრამ დროულად მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს და მაღაზიაში ყვირილით შევარდა, ახლა გადამიღებს ვიდეოს და მერე მთელ საქართველოს მოსდებს, ასეთი­ გამყიდველები გვყავს ქვეყანაშიო...

ბაზარში ხილის საყიდლად შევედით და გამყიდველებს გავესაუბრე. გორელები აღმოჩნდნენ. ოხვრით ამოთქვეს სათქმელი:

- აბა, ჩვენს ცხოვრებას ცხოვრება ჰქვიან? უწინ ვაშლის, ატმის, გარგარის მოსა­ვლით მივდი­ოდით რუსეთის რომელიმე ქალაქში და იქიდან ტომრით მოგვქონდა­ ფული. სახლის აშენებაც შეგვეძლო მაგ თანხით... მანქანაზე არც იყო ლაპარაკი. ახლა იმდენი პრობლემა შეგვექმნა,­ ვერც აქ ვყიდით და ვეღარც რუსეთში მიგვაქვს.

- ისევ რუსეთი გირჩევნიათ? - ვკითხე მაინც­, თუმცა წინდაწინ ვიცოდი პასუხი.

- მირჩევნია, მარაა... რად მინდა ევრო­კავშირი ან ამერიკა? რუსეთი აქვეა და მანდ უფრო ადვილია გატანა, თან დიდი ბაზარი აქვთ, რუსებს უყვართ ჩვენი ხილი... აბა, ჰკითხეთ აჭარლებსაც, მანდარინი და ფორთოხალი რომ ულპებათ, განა, მათ არ უნდათ რუსეთში გაიტანონ ციტრუსი? მთელი წლის ნაწვალებს ასე ვატანთ ქარსა. ისეთი მთავრობა მაინც გვყავდეს, რომ ხელი შეგვიწყოს და სული მოგვათქმევინოს.

გორელებისგან გარგარი და ატამი ვიყიდე და გულდამძიმებული გამოვტრიალდი. სხვა გამყიდველებმა შემატყვეს იმედგაცრუება და, ეგენი სულ ასე ვიშვიშებენ, აგერ გვყავს ერთი ბობოყვათელი კაცი, საღად რომ აზროვნებს და იმედიანადაც არისო... საღად მოაზროვნე ბობოყვათელი კაცი, რომელსაც თურმე ბევრი იქ მყოფი­ ეთანხმება, ზურაბ მახარაძე აღმოჩნდა.

- თქვენზე მითხრეს, ობიექტურად აფასებს წარსულს და აწმყოს, მომავლის იმედიც აქვსო...

- ადრე რომ რუსეთის ბაზარზე გავდიოდით და ჩვენს მოსავალს უკლებლივ ვყიდდით, ეგ უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა, როცა მთელ მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებენ რუსეთს, ჩვენ რავა უნდა გვინდოდეს მაგათ­თან ყოფნა? უკრაინას ერგო დიდი მისია, რომ საბოლოოდ დაშალოს ეს იმპერია. რუსეთის ძლევამოსილება ისე ჩაიფუშება, როგორც ცუდად გაბერილი ბუშტი. ჩვენ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და უნდა ვიშრომოთ. მჯერა, მოვა დრო, როცა სათანადოდ­ დაგვიფასდება ყველაფერი.­ ევრო­კავშირი კი იმისთვის გვინდა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას კარგი­ განათლება­ ჰქონდეს, ხალხს - მაღალი ხელფასი, საუკეთესო ჯანდაცვა, მოხუცებულებს ტკბილი სიბერე და ნორმალური პენსია... იმედია, გვეღირსება ეს ყველაფერი, მაგრამ ამისთვის გულხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ. ჰოდა, ჩვენი შრომა­ და მონდომება, ევროკავშირში სწრაფვა აუცილებლად დაგვიფასდება, მთავარია, წარსულის იდილიაში არ გადავვარდეთ და არ ვივიშვიშოთ, უი, რა კარგი იყო რუსეთთან რომ ვიყავითო. ის კავშირი უნდა დაშლილიყო. კარგი იმიზა გვეგონა, რომ უკეთესი არ გვქონდა ნანახი... ყველაფერს რომ ხაზი გადავუსვათ, იმის მერე ისევ რუსეთთან რავა უნდა უნდოდეს გონიერ და პატრიოტ კაცს, რაც მან გაუკეთა საქართველოს?!

დავემშვიდობე ჩემს ენაწყლიან ბობოყვათელს... შენ გაგიმარჯოს, ქვეყნის გულშემატკივარო ადამიანო, შენნაირები უმრავლოს საქართველოს.

P.S. ზღვის სეზონი კვლავაც გრძელდება, ჩვენს კურორტებსაც დამსვენებელი ემატება. ვინ იცის, მათ შორის რამდენია მეგობრული ვიზიტით და რამდენი - მტრული განწყობით. ისეთიც მრავლადაა, ერთი შეხედვით აგრესიას რომ არ ამჟღავნებს და ქართული სტუმართმოყვარეობით კმაყოფილია, თუმცა მედიდური იერით გამოხატავს გაკვირვებას, რომ ახალგაზრდა თაობამ რუსული არ იცის და რატომ არ იცის, ვერ გაუგია... ამ ტიპის რუსები მეც შემხვდნენ. ამაზე ჩემი პასუხი ასეთი იყო: როგორ ფიქრობთ, მე - ქართველი, ან თქვენ - რუსი რომ ჩავიდეთ გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში და მოვითხოვოთ ქართულად ან რუსულად დაგველაპარაკონ, მოგვემსახურებიან ჩვენს ენაზე? სადაც ჩადიხართ, იმ ქვეყნის საყველპურო ენა ან საერთაშორისო ინგლისური უნდა იცოდეთ, ან სულაც გუგლის თარგმანით ისარგებლოთ-მეთქი. ნეტავ, გენახათ, პირდაღებული რომ მომაჩერდნენ. იმის თქმა ვერ გაბედეს, რუსულიც საერთაშორისო ენაა და ყველამ უნდა იცოდესო... არ ვიცი, მათი მომაბეზრებელი და აუტანელი სიჭრელე ოდესმე თუ იქცევა ლამაზ ფერთა გამად, მაგრამ ფაქტია, ოკუპანტი ქვეყნიდან ამდენი ტურისტის შემოსვლა ბევრ საეჭვო კითხვას ბადებს და არცთუ სახარბიელო მომავალს გვიხატავს.

მარინა ბაბუნაშვილი