რუსეთი სოხუმის აეროპორტს უმიზნებს - კვირის პალიტრა

რუსეთი სოხუმის აეროპორტს უმიზნებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურას რუსეთს არ გადასცემენ. მოსახლეობის ერთ ნაწილს ბჟანიას გუნდის დაპირების არ სჯერა, თუმცა­ არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნიათ, რომ ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა "ამ მძიმე ვითარებაში ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის, მისი უსაფრთხოების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. ამიტომ ხელისუფლებამ დრო არ უნდა დაკარგოს, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას არ მოერიდოს და თავისუფლად იმოქმედოს, სანამ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები საბოლოოდ არ განადგურდება",­ - წერენ ისინი. სხვების თქმით, თუ ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია ამ რისკზე წავა, ეს ნიშნავს, რომ ის ხელისუფლებაში დასარჩენად ყველაფერზე მიდის და "უკვე გასაგებია, რას ემსახურება კვირაში ორჯერ ძვირი თვითმფრინავით ბჟანიას მოსკოვი-სოხუმის­ რეისები". ბჟანია სოჭიდან მოსკოვში Lეგაცყ 650Е-ით დაფრინავს, რომლის დაქირავებაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ძალიან ძვირია. კერძოდ, "ერთ-ერთი რეისით ის სოჭიდან ყაზანში გაფრინდა, საიდანაც იმავე დღეს სოჭში დაბრუნდა, იქიდან კი მოსკოვში გადაფრინდა, რაც 10 მილიონ რუბლს აჭარბებს. ქვეყანაში ამდენი­ პრობლემაა, უსახსრობის გამო თითქმის ყველა­ სტრატეგიული ობიექტი: ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები, აგუძერის პარკი, ენერგოსისტემა, ამჯერად კი, სოხუმის აეროპორტი რუსეთზე იყიდება ან ჩუქ­დება - 10 მილიონი რუბლი, მხოლოდ ერთი შეხვედრისთვის ძალიან ძვირი ფუფუნება ხომ არაა?" - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში. ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაცია იძულებული შეიქნა განცხადება გაეკეთებინა, სადაც განმარტა, რომ აფხაზეთის მეთაურის ოფიციალური ვიზიტები ბიუჯეტიდან ფინანსდება, ასევე მას პირადი მეგობრებიც ეხმარებიანო, რაზეც ბლოგერების რეაქციამ არ დააყოვნა: "არ ვიცოდით პატარა აფხაზეთსა და მის ლიდერს ასეთი მდიდარი მეგობრები თუ ჰყავდა, თორემ ხომ ვაიძულებდით ხელმძღვანელობას ეს თანხები ქვეყნის განვითარებისთვის მოეხმარებინა", - ირონიულად წერს ბლოგერი ლია ფილია.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრომ სოხუმის აეროპორტში რუსეთის ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვის მიერ ჩატარებული შემოწმების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა,­ რომელზეც ის ობიექტები იყო ასახული, რომლებიც უკვე გადაეცა საკუთრებაში რუსეთის ფედერაციას, მათ შორისაა - ხელოვნური ასაფრენი ბილიკი, საკონტროლო კოშკი და საგუშაგო. ე.წ. სამინისტროს განცხადებით, საინვესტიციო ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობა, სადგურის წინა მოედანი და ავტოგასამართი პუნქტი. ამავე ფოტოებში ასახული ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და იქამდე მისასვლელი გზა აფხაზეთის საკუთრებად რჩება. აფხაზური მედიის ცნობით, ეს ფოტოები ერთგვარი რუკაა, რათა პრიორიტეტები განისაზღვროს.

აფხაზეთის "ეკონომიკის სამინისტროს" ინფორმაციით, მოსახლეობას მღელვარების საფუძველი არა აქვს, რადგან პროექტის რეალიზაციის მთავარი პირობა აფხაზეთის რესპუბლიკის ქონების შენარჩუნებაა. მათივე ცნობით, ობიექტების აღდგენისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების წყაროს დადგენის მიზნით კონსულტაციები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლებთან.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრ რეშეტნიკოვის სოხუმში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი "Базовый элемент"-ი, რომელიც ოლეგ დერიპასკას საკუთრებაა, მასვე ეკუთვის კომპანია Basic Element Ltd, რომლის 100% წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Finance-ის საკუთრებაა, მესაკუთრე კი ისევ დერიპასკაა. რუსი მილიარდერის საკუთრებაა რუსეთის ალუმინის­ მომპოვებელი უმსხვილესი კომპანიის 45%-იანი წილი. მას წილი აქვს ნავთობის ბინზესშიც. რუსი მაგნატის ქონებას Forbes-ი 4 მილიარდ დოლარად აფასებს. მის ბიზნესინტერესებში ასევე შედის მანქანათმშენებლობა, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკა, სამშენებლო, საავიაციო ინფრასტრუქტურა. მას ბიზნესწილები აქვს რუსეთში, დსთ-ის ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში,­ აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.­ თუმცა ბოლო ხანებში დერიპასკა დასავლეთის სანქციებში მოჰყვა და ზოგიერთი აქტივი გაეყინა.

აფხაზური მედიის ცნობით, დერიპასკას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მფარველობს. სამაგიეროდ­, მინისტრის ოჯახის წევრები და ნათესავები დერიპასკას იახტებით, თვითმფრინავებითა­ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით სარგებლობენ. დერიპასკა-ლავროვის წრეს მიეკუთვნება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელსაც მომავალ პრეზიდენტად მოიხსენიებენ. ბჟანიაც იძულებულია ანგარიში გაუწიოს ინალ არძინბას კლანს, რომელიც სულ უფრო ძლიერდება.

ცნობისთვის: სამოქალაქო ავიაციის საე­რთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის­ აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების უნებართვოდ შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო­ ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან­ ამოიღო.

აფხაზების თქმით, რეგიონში იმდენად სწრაფად იცვლება ვითარება, რომ ერთი საკითხის გაპროტესტებას ვერ ასწრებენ, რომ "ხელმძღვანელობა" უკვე სხვას სთავაზობს. კატასტროფულად გაზრდილი ფასები,­ კრიმინალი, რუსული მხარისთვის გადაცემული მოსაზღვრე სოფელი აიბგა, ბიჭვი­ნთის აგარაკები, აგუძერის დენდროლოგიური პარკი, ენერგოსისტემა, მაინერების მაფია­ - ეს მიმდინარე წლის პრობლემების არასრული ჩამონათვალია. ამას ემატება ყოფითი პრობლემები. მაგალითად, ბოლო დღეებში აფხაზეთში საწვავის დეფიციტია, ავტოგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგები დგას.

მიმწოდებელი კომპანიები საწვავის დეფიციტს აფხაზეთში ძალიან ბევრი ტურისტის ჩასვლით ხსნიან - ისინი რეგიონში საკუთარი მანქანებით ჩავიდნენ, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა.

"რუსეთის დაუხმარებლად საწვავიც ვერ შემოგვიტანია, რომელ ეკონომიკის განვითარებასა და მილიონიან პროექტებზე ვსაუ­ბრობთ? სანამ ყველაფერი თავზე დაგვ­ენგრევა, მივცეთ რუსეთს მათი გაკეთების, აშენების, მოვლის უფლება. ბოლომდე მაინც არ მჯერა, რომ ის აეროპორტი აშენდება, მაგრამ ოღონდ აშენდეს, პურის ფული გვქონდეს და დერიპასკა კი არა, თუ გინდათ ელცინი წამოდგეს და მას მისცენ", - წერს ვიოლა კოკოსკერია.

"ახლა რუსეთი სანქცირებულია და მასაც ძალიან სჭირდება სოხუმის აეროპორტი,­ უფრო ამიტომაც დაფაცურდნენ, თორემ 30 წელია, აფხაზეთს რუსეთიდან ასეთი მაღალი თანამდებობის პირები არ სწვევიან. ახლა საჭირო გავხდით. თუ ააშენეს, კაცმა არ იცის, რას გადაზიდავენ, საით ან რას შემოიტანენ... მაგრამ დანგრევაც რომ გარდაუვალია, ამიტომაც გავხდით შემგუებელი­ ერი", - მიაჩნია ალიას კობახიას.