"დედამიწა ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც უახლეს წარსულში იყო" - კვირის პალიტრა

"დედამიწა ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც უახლეს წარსულში იყო"

პოლიტიკური ვნებათაღელვები, ომები, შოკური ინდუსტრიალიზიცია... კაცობრიობა ყველაფერს ცდილობს და აკეთებს, გარდა დედამიწის მოვლისა. სანაცვლოდ, კლიმატის ცვლილებას ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურება ემატება, რის შედეგად დედამიწაზე სულ უფრო და უფრო ხშირია ცხელი ტალღები და გაუდაბნოება, წყლისა და სურსათის დეფიციტი. მასთან­ ერთად კი, მყინვარების დნობის პროცესი. ეს უკანასკნელი ზოგ რეგიონში­, რამდენჯერმე უფრო დაჩქარდა, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ.­

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერი, გლიციოლოგი ლევან ტიელიძე ბოლო 3 წლის მანძილზე მეოთხეული პერიოდის გამყინვარება-კლიმატის დინამიკას იკვლევს ახალი ზელანდიის სამხრეთ ალპებში. მისი ეს კვლევები მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა. ბატონ ლევანს ახალ ზელანდიაში დავუკავშირდით.

- თქვენი ამჟამინდელი კვლევები ეხება­ მეოთხეული პერიოდის გამყინვარებას, რომელიც­ გეოლოგიურ წარსულში მოხდა. როგორია შედეგები და რატომ იყო საჭირო მაინცდამაინც ახალი ზელანდიის ალპების გამოკვლევა?

- მეოთხეული გამყინვარების კვალი სხვა მთიან რეგიონებთან შედარებით იქ უფრო კარგადაა შემონახული. წარსული გამყინვარების კვლევა­ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა დედამიწის ამჟამინდელი და მომავალი კლიმატის დინამიკის შესახებ და ფუნდამენტური ინფორმაციაა ზოგადად, კლიმატის სტაბილურობის შესაფასებლად. ჩემ მიერ ალპებში ჩატარებული სამწლიანი კვლევებით დადგინდა, რომ ბოლო გამყინვარების შემდგომ დათბობის პერიოდში­, ანტრაქტიკაში აცივება შედარებით უფრო ადრე, დაახლოებით 14 600 წლის წინ დაიწყო, ვიდრე ამას აქამდე, 13 000 წლის წინ ვარაუდობდნენ. ეს ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ ამ დროს, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დათბობა მიმდინარეობდა, სამხრეთ ნახევარსფეროში კი აცივება. სადაც ტემპერატურამ 2-3 გრადუსით დაიწია. ამიტომაც ეწოდება ამ პერიოდს ანტარქტიკის "ცივი შემობრუნების" პერიოდი. შესაძლოა ეს ოკეანის­ დინებებით ან დედამიწის­ ატმოსფეროს ისეთი ცირკულაციით ყოფილიყო გამოწ­ვეული, როგორიცაა სუბანტარქტიკული ფრონტი, სამხრეთ-დასავლეთის ქარები, და ა.შ. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი­, რომ ეს იყო ბუნებრივი პროც­ესი,­ დღევანდელ კლიმატურ პროცესებზე­ კი აშკარად შეიმჩნევა ადამიანის, ე.წ. ანთროპოგენური ფაქტორები და ეს ართულებს სიტუაციას. ამჟამად გლობალური დათბობის და მყინვარების დნობის პროცესები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში ტემპი­ გაცილ­ებით უფრო სწრაფია. მაგალითად ევროპის ალპებს დავასახელებ, სადაც ყინულის დაჩქარებული დნობის გამო მეცნიერებს ერთგვარი განგაში აქვთ ატეხილი. ბოლო მონაცემებით ალპებში ტემპერატურის მატება და მყინვარების დნობის პროცესი სამჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ახალი ზელანდიის სამხრეთ ალპებში, სადაც ზოგიერთ შემთ­ხვევაში ზამთრის ნალექი თოვლის ნაცვლად წვიმის სახით მოდის, რაც მყინვარების დნობას აჩქარებს. ერთგვარი ანომალიები შეინიშნება ტემპერატურებშიც, მაგალითად ევროპის ალპებში საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა ყოველ 10 წელიწადში 0.3 გრადუსით იმატებს, რაც ყველა დროის რეკორდია.

- ბრძანეთ, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში­ ანტარქტიკის "ცივი შემობრუნება" იყო მაშინ,­ როდესაც დანარჩენ დედამიწაზე დათბობა მიმდინარეობდა. შEესაძლებელია, ახლაც ასე მოხდეს და აუტანელი სიცხეები აცივებამ ჩაანაცვლოს?

- მსგავსი პროცესები გეოლოგიური დროის ჭრილში ხდება. ე.წ. ანტარქტიკის "ცივ შემობრუნებას" დაახლოებით 1600- წლიანი­ პერიოდი დასჭირდა, რაც გეოლოგიური თვალსაზრისით მცირე დროა, მაგრამ კაცო­ბრიობისთვის მთელ 16 საუკუნეს­ უდრის. თუმცა დღეს დედამიწის კლიმატზე ადამიანი ახდენს მავნე ზემოქმედებას. მაშინ როდესაც ანტარქტიკის "ცივი შემობრუნების" პერიოდში ჰაერის ტემპერატურამ 2-3 გრადუსით დაიწია და ამას მთელი­ 1600 წელი დასჭირდა, ამჟამინდელ 2-გრადუსიან დათბობას ადამიანის არასწორი ზეგავლენის წყალობით 150-წლიანი პერიოდი ეყო...

- ჩვენს კავკასიონზეც უნდა გკითხოთ. ყინულის დნობა აქაც მიმდინარეობს, მაგრამ რა სისწრაფით?

- 2000-2020 წლების პერიოდში კავკასიონზე მყინვარების ფართობის 23 პროცენტიანი კლება იყო. გამოდის, რომ წელიწადში კავკასიონის მყინვარების ფართობი დაახლოებით 1 პროცენტით იკლებს. თუმცა ევროპის ალპების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და წელიწადში 1.5 პროცენტს­ უდრის. დნობის ამგვარმა ტენდენციამ კავკასიონზე განაპირობა ის, რომ ყინულის საფარი ამ დროისათვის 1060 კვ/კმ-მდე შემცირდა, როცა ეს ციფრი 2000 წელს 1380 კვ/კმ-ს უდრიდა.

- გამოსავალი რა არის, როდესაც დათბობის პროცესი ასე კატასტროფულად დაჩქარდა.

- უპირველესად ის, რომ ყველა ქვეყა­ნამ უნდა იზრუნოს სათბური აირების შემცირებაზე, ეს უნდა იყოს საყოველთაო­ პროცესი.\.. გასულ წელს გლაზგოში­ გაიმა­რთა გაეროს კლიმა­ტის ცვლილების 26-ე კონფერენცია, სადაც სათბური აირების შემცირების შესახებ ხე­ლშეკრულებას, კერძოდ­ კი ქვანახშირის მოხმარების შემცირე­ბას­­ ინდოეთმა, ავსტრალიამ და ჩინეთმა,­ ეკონომიკური გათვლების­ გამო ხელი არ მოაწერეს. არადა, გლობალური დათბობის­ შედეგად გამ­ო­წვეული უარყოფითი შედეგები, როგორიცაა გაუდაბნოება, ფერდობების სტაბი­ლურობის დარღვე­ვა,­ ყინულოვანი საფარის­ დნობა, ოკეანის დონის­ მატება და ა.შ. აუცილებლად­ მოიმატებს.­ ეს გამოიწვევს საკვების­ დეფიციტს, მოსახლეობის­ იძულებით­ მიგრაციას და არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვება...­ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ დედამიწა უახლოეს მომავალში ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც უახლეს წარსულში იყო, ამიტომ კაცობრიობას მოუწევს ამ ყველაფერთან­ ადაპტაცია.

- წელს საქართველოში ხანგრძლივი და თოვლიანი ზამთარი იყო. ამგვარ ზამთრებს საერთო მიკროკლიმატური მდგომარეობის შეცვლა­ თუ შეუძლიათ?

- ეს თავისთავად კარგია, მაგრამ როდესაც გვაქვს მრავალწლიანი დათბობის ტრენდი და მყარი ატმოსფერული ნალექების კლების ტენდენცია (ეს განსაკუთრებით აღმოსავლეთ კავკასიონზე შეინიშნება), ერთწლიანი ანომალიური გადახრა (ამ შემთხვევაში უხვთოვლიანი ზამთარი), ნაკლებად მოახდენს გავლენას საერთო სურათზე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდა, სავარაუდოდ, მომავალში განსხვავებული სურათი გვექნება.

- ესეც მინდა გითხრათ: ახალი ზელანდიის დედაქალაქში, უელინგტონის უნივერსიტეტში, მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყნის წარწერათა შორის, თქვენი ძალისხმევით ქართული წარწერაც განთავსდა. ამისთვის მადლობა უნდა გითხრათ.

- თავად მეც ეს ფაქტი მგონი უფრო მეტად გამიხარდა, ვიდრე ჩემი სამწლიანი სადოქტორო დისერტაციის დასრულება­. უელინგტონის უნივერსიტეტი პრესტიჟული საერთაშორისო უნივერსიტეტია, სადაც 21 ათასი სტუდენტია, მათ შორის 3 ათასზე­ მეტი საერთაშორისო სტუდენტი ასზე მეტი ქვეყნიდან და პლუს ათასამდე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი იქ ქართული წარწერის­ განთავსება. ამისთვის შესაბამის სამსახურებს რამდენჯერმე მივმართე... ექვსი თვე დასჭირდათ, რომ უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელში 40 ქვეყნის წარწერებთან ერთად ქართულად მისალმება ჩაემატებინათ. საბოლოოდ ისე გამოვიდა,­ რომ ჩვენი ანბანი დანარჩენ წარწერათა შორის, ყველაზე დიდ ადგილს იკავებს.