„არ მივდევ მოდის ტენდენციებს, მიმაჩნია, რომ რაც მოგწონს, ის უნდა აკეთო“ - კვირის პალიტრა

„არ მივდევ მოდის ტენდენციებს, მიმაჩნია, რომ რაც მოგწონს, ის უნდა აკეთო“

ორგანზა, ტული, ხავერდი, აბრეშუმი - ეს იმ ქსოვილების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც ქართველი დიზაინერი ნათია სირბილაძე თბილისში მილანური სტილის დამკვიდრებას ცდილობს.­ 2018 წელს გახსნილი პატარა "ბუტიკი" პანდემიამდე ხალხს ვერ იტევდა. ძირითადად, ტურისტები იყვნენ მისი სრულიად განსხვავებული სამოსის მყიდველები, ახლა კი მაღალი მოდის სტილის კაბების ყიდვის სურვილი ქართველ მომხმარებლებსაც გაუჩნდათ. სწავლა მილანში, მუშაობა იქაურ დიზაინერებთან, შემდეგ კი - ოპერისა და ბალეტის თეატრის კოსტიუმების დიზაინერობა - ეს ნათია სირბილაძის მოკლე ბიოგრაფიაა. რატომ ჩამოვიდა მილანიდან თბილისში და არის თუ არა დღეს მოდაში "ჩაცმა"? ამ კითხვებზე დიზაინერი "კვირის პალიტრას" უპასუხებს.

უარი "ჟან ფრანკო ფერეს"

- 2018 წლის დეკემბერში მე და ჩემმა­ მეგობარმა ელენე ვაწაძემ პატარა მაღაზია გავხსენით. ერთად ვკერავთ ყველაფერს, ამიტომ ჰქვია ჩვენს ბრენდს "სინთეზი". მილანში 2002-2003 წლებში ვსწავლობდი. სწავლის შემდეგ დავრჩი და ვმუშაობდი. მილანი მოდის ქალაქია. ქუჩაშიც­ კი ადამიანები ჩეულებრივად ჩაცმული არ დადიან. შეიძლება მოტოციკლეტზე ქალი ქუსლიანი ფეხსაცმლით იჯდეს. მილანელს შეიძლება ბრენდული არაფერი ეცვას, მაგრამ გემოვნებით მაინც მიიქცევს­ ყურადღებას. სწორედ იქ ცხოვრების პერიოდში ვისწავლე "მულაჟი", ანუ მანეკენზე მუშაობა, მანეკენზე კერვა. სწავლის დასრულების შემდეგ ჩემი მონაცემები რამდენიმე ადგილას გავგზავნე და "ჟან ფრანკო ფერედან" დამირეკეს. 2003 წელი იყო. ფერეს კონსულტანტმა ვერონიკამ მითხრა, თქვენით დავინტერესდით და თუ შეიძლება გასაუბრებაზე მოდითო. დღეში 100 სკეტჩი უნდა გამეკეთებინა.­ 800 ევრო იყო საწყისი ანაზღაურება და სამთვიან კონტრაქტს მიფორმებდნენ. უარი ვთქვი, რადგან შეუძლებელი იყო ამ თანხით ცხოვრება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს ძალიან დაბალ ხელფასს უხდიდნენ, ამერიკელსა და ევროპელს კი განსხვავებული ანაზღაურება ჰქონდათ. მაშინ მეგონა, რომ თბილისში დროებით წამოვედი, მაგრამ მალევე ოპერისა და ბალეტის თეატრში აღმოვჩნდი, სადაც თეატრის კოსტიუმების მხატვრად დავიწყე მუშაობა და რვა წელი ოპერაში დავრჩი.

"შექსპირი თავად გაჩვენებს, რა აცვია მის გმირს"

- არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე ოპერაში მუშაობისას. ძალიან რთული შრომა იყო, არ მქონდა დასვენების დღეები, არც შვებულება, მაგრამ იყო უდიდესი გამოცდილება და სიამოვნება. ძალიან კარგად მახსენდება მოდის ისტორიკოსი, დიზაინერი და ექსპერტი ალექსანდრ ვასილიევი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და რამდენიმე სპექტაკლზე ერთად ვიმუშავეთ. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ის კოსტიუმების მხატვარი იყო, მე - მისი ესკიზების შემსრულებელი. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, კეთილი, მეგობრული, ყოველთვის ითვალისწინებს მოცეკვავის ინტერესებს. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარის" კოსტიუმების დიზაინზე მხოლოდ მე ვიმუშავე. რთულია, როდესაც უკვე დადგმული სპექტაკლის კოსტიუმებს უნდა შეეხო, რადგან ის უკვე მოწონებული და აღიარებულია, ყველაფერი პრემიერას უნდა მოარგო და მთავარი ხაზი არ დაკარგო, "ზაფხულის ღამის სიზმარი" კი პირველად დაიდგა, რაც ძალიან რთულია. ჯერ პიესა შევისწავლე, შემდეგ რეჟისორთან ერთად ჩანახატებით გავიარეთ მთელი დადგმა. შექსპირი ისე აღწერს ყველაფერს, შეუძლებელია, მუზა არ მოვიდეს და ვერ დაინახო, რა აცვიათ მის გმირებს. რამდენიმე ესკიზი კეთდება, მერე კი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იღებენ გადაწყვეტილებას. "ზაფხულის ღამის სიზმრის" დეკორაციის მთავარი ფრაგმენტები იყო ანგელოზი და ვირი, დომინანტი ფერი კი - ცისფერი. როდესაც შექსპირს ეხები, მისი ნაწარმოებისთვის კოსტიუმების დიზაინს ქმნი, უპირველესად, შექსპირის ხედვას ითვალისწინებ, შემდეგ კი - შემოქმედებითი ჯგუფისას.

wifuria2-1661688969.jpg

"სამოსს აუცილებლად გამოუჩნდება თავისი ადამიანი"

- ჩვენს "ბუტიკში" პანდემიამდე, ძირითადად, უცხოელები შემოდიოდნენ, პანდემიის შემდეგ კი ტურისტიც შეიცვალა - ტანსაცმელში უფრო ნაკლებს ხარჯავენ, მოგზაურობა და კვება გახდა პრიორიტეტული, თუმცა ვისაც ჩაცმა უყვარს, სამოსს მაინც ყიდულობს. ადამიანები უფრო ყოველდღიური ტანსაცმლის ყიდვას ამჯობინებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენს ხაზს ვინარჩუნებთ. მე მიყვარს ტული - ბალეტის შემდეგ შემომრჩა ტულით დამუშავების ჩვევა. არ მივდევ მოდის ტენდენციებს, მიმაჩნია, რომ რაც მოგწონს, ის უნდა აკეთო.

- ანუ რაც თქვენ მოგწონთ, სხვებსაც ის გინდათ ჩააცვათ?

- ინდივიდუალური დაკვეთის დროს ვასრულებ დამკვეთის მოთხოვნებს, მაგრამ თუ ჩემი ფანტაზიით ვქმნი, სამოსს აუცილ­ებლად გამოუჩნდება თავისი ადამიანი. 2018 წელს შექმნილი ზოგი მოდელი ახლა გაიყიდა. ისეთი სამოსი უნდა შექმნა, რომ მთლიანად მოდის გავლენას არ განიცდიდეს. ყველა მოდელზე ხელით ვმუშაობთ, თვდაპირველად ყველაფერი გვირისტით იკერება და ყველა მოდელი ერთი ცალია. მიყვარს შავი და თეთრი, თუმცა ფერებით თამაშიც მომწონს. ქართველებს შავი უყვართ, უცხოელებს - ფერადი. ჩემთვის განსაკუთრებული დიზაინერია გალიანო, რომელიც ახლა "მარჯიელას" კრეატიული დირექტორია. ასევე მომწონს ლაკრუა, ფერე, მაკქუინი.

სულ ვაკვირდები ტურისტებს, რა აცვიათ, რა არის ახლა აქტუალური და მივხვდი, რომ ეს სხეულის მხატვრობაა. მოდის ადამიანი და თვალში, ძირითადად, ტატუ გხვდება. ადამიანები სხეულის მოხატვით უფრო ინტერესდებიან, ვიდრე - ჩაცმით. არ მომწონს, მაგრამ ესეც მოდაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ოდესმე ტატუ მოდიდან გადავა, რადგან მუდმივი არაფერია.