წყალში „აწყობილი“ პორტრეტები - კვირის პალიტრა

წყალში „აწყობილი“ პორტრეტები

ამ არაჩვეულებრივი გამოფენის ავტორი ეკა ფხოველიშვილია. აბა, რა შეიძლება ვუწოდოთ მდინარეში მოწყობილ პერსონალურ გამოფენას თუ არა "არაჩვეულებრივი"? ქალბატონი ეკას ექსპონატები­ მდინარე ჯეჯორის ფსკერზე მოპოვებული ქვებისგან შექმნილი მეტყველი და სახასიათო პორტრეტებია.

- რაჭა ჩემი დედულეთია და ყოველ­წლიურად ჩავდივარ ამ ულამაზეს კუთხეში. ონში ჩამოედინება მდინარე ჯეჯორი, სადაც ხშირად დავდიოდი, თუმცა აზრად არასდროს მომსვლია, ქვებისგან ასეთი გამოსახულებები შემექმნა. ერთ მშვენიერ დღეს მდინარის ფსკერზე ბრტყელი ქვა დავინახე, იქვე გვერდით გვირილები გაშლილიყო და მომინდა მათგან სახე გამეკეთებინა. როდესაც სხვა დეტალების ძებნა­ დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ როგორი მრავალფეროვანიც არის ქვის ნატეხები,­ ისეთივე არიან ადამიანებიც. შესაბამისად, ერთი ქვა არსებობს, როგორც ერთი ადამიანი. ამ დღეს შეიქმნა პირველი­ პორტრეტი. მერე მომინდა, მდინარეზე ყოველი გასვლისას ახალი სახე ამეწყო.

qva2-1661691514.jpg

- წინასწარ არ იცით, როგორ პორტრეტს შექმნით?

- არა, არ ვიცი. ვათვალიერებ ქვებს­ და ვეძებ თვალს, ცხვირს, პირს... მერე ვაწყობ და ბოლო წუთამდე არ ვიცი, რა გამოდის. როგორც მხატვარს, ბევრი გამოფენა მინახავს, მაგრამ წყალში - არასოდეს.

ერთხელ მახსოვს, დიდი წვიმა იყო და ვიფიქრე, ამ ქვებს გადაყრიდა, მაგრამ ჩემი პორტრეტები ადგილზე დამხვდა. იმედია, ყველას, ვინც მათ სანაპიროზე ნახავს, სასიამოვნო ემოციები გაუჩნდება. კომენტარებში მწერდნენ, წამოიღე­ თბილისშიო, მაგრამ ისეთი მძიმეა, ვერ შევძლებ. მხოლოდ რამდენიმე პატარა პორტრეტი წამოვიღე. შემომთავაზეს, დიდი გამოფენა­ მოვაწყოთო, მაგრამ ეს ქვები ერთ ადგილას არ არის თავმოყრილი, მდინარეს რომ ჩამოჰყვები, სხვადასხვა ადგილას გხვდება. წელს რაჭაში სულ 25-მდე პორტრეტი დავტოვე.

qva3-1661691514.jpg

პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე. მხატვარი ყოველთვის ცდილობს, ხელოვნების ენით ილაპარაკოს და საზოგადოებას განსხვავებულად დაანახოს სამყარო. ზუსტად ეს იწვევს ინტერესს და სულიერ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს. ხატვის დროს ყოველთვის დადებით ენერგიას ვგრძნობ. ეს მაბედნიერებს, ისევე, როგორც ჩემს თაყვანისმცემლებს.

დიზაინერობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ძალიან საინტერესო სადიპლომო ნამუშევარი მქონდა, მაგრამ მერე ისეთი მძიმე სოციალური ფონი შეიქმნა, ხელოვნებაზე ნაკლებად გვეფიქრებოდა. ამ პერიოდში მოგვიწია საბერძნეთში წასვლამ. იქ საქორწილო კაბების სალონში დავიწყე მუშაობა ადგილობრივ დიზაინერთან, ფილიოსთან, რომელიც თავის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. ვაკეთებდი დეკორაციებს, გვირგვინებს. აქ რომ ჩამოვედი, ერთი პერიოდი საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილისთვის" ვქმნიდი ილუსტრაციებს. 14 წელია, ორ სკოლაში ვასწავლი "ხელოვნების ისტორიას". მინდა ბავშვებს­ შემოქმედებითი აზროვნება­ ჩამოვუყალიბო. რა თქმა უნდა, ყველა მხატვარი ვერ გამოვა, მაგრამ როცა ბავშვი შემოქმედებითად იწყებს აზროვნებას,­ ეს მას ყველა­ საქმეში ეხმარება. უამრავ პროექტს ვქმნით.­ ვცდილობ, ერთი გაკვეთილი მეორეს არ ჰგავდეს.

- გამოფენებში ხშირად მონაწილეობთ?

- კი, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცეებში. რაც შეეხება "არაჩვეულებრივ გამოფენას", ვიცი, რომ ამ ჟანრში მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ. კიდეც ერთი სურვილი მაქვს - მინდა კლდეში გამოვკვეთო სახე. შევქმნი დიდ პორტრეტს, რომელიც გზიდან გამოჩნდება. რაჭაში ერთი კლდე უკვე ავარჩიე.