"პირველი ვიოლინოს“ მოლოდინში - კვირის პალიტრა

"პირველი ვიოლინოს“ მოლოდინში

სანამ მთელი იტალია და საქართველო ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს, სერია A-ში გადაბარგებულ კიდევ ერთ ქართველს ყურადღება მოვაკელით! 24 წლის ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა ლომბარდიულ "კრემონეზეში", თუმცა უკვე მოასწრო რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" თამაშიც და თავის გამოჩენაც. ლუკას იტალიაში შევეხმიანეთ და ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალ კლუბზე, იტალიურ ფეხბურთზე და, რა თქმა უნდა, "კვარადონაზეც" ველაპარაკეთ:

- ლუკა, შეიძლება ითქვას, რომ იტალიაში გადასვლით ოცნება აისრულე?

- ევროპის ტოპჩემპიონატში მოხვედრაზე იმ დღიდან ვოცნებობდი, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე. იტალიური ფეხბურთი კი განსაკუთრებულად მიყვარს - მთლიანად ქვეყანა, მისი კულტურა, ხალხი, ცხოვრების წესი... იტალიაში თამაში ჩემი ოცნება იყო და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ!

- შენი სახელი აპენინის ნახევარკუნძულზეც პოპულარულია. თანაგუნდელები ხომ არ გეხუმრებიან ხოლმე, იტალიელი ხარო?

- ლუკა იტალიაშიც ბევრს ჰქვია, მაგრამ ჯერ არ მქონია შემთხვევა, ვინმეს ჩემს სახელზე გაემახვილებინოს ყურადღება.

- ლუკა ბრაზი მარიო პიუზოს რომან "ნათლიას" პერსონაჟია, "ბრაზიანი ლუკა" - საქართველოს ნაკრების და "კრემონეზეს" ფეხბურთელი... სერიოზულად თუ ვიტყვით, ორთაბრძოლის დროს მართლაც ბრაზიანი, მრისხანე სახე გაქვს ხოლმე. სინამდვილეში როგორია ლუკა ლოჩოშვილი?

- ვერ გეტყვით, თამაშის დროს როგორი სახე მაქვს, აი, რეალურ ცხოვრებაში კი ბრაზიანი ნამდვილად არა ვარ. უშუალო და კეთილგანწყობილი - ასე დავახასიათებდი თავს.

- ფეხბურთს დავუბრუნდეთ: როგორც ვიცი, იყო "ვერონას" ინტერესიც, თუმცა საბოლოოდ კრემონაში აღმოჩნდი...

- "ვერონას" გარდა, სერია A-ს სხვა კლუბებიდანაც იყო ინტერესი. თუმცა არჩევანი კრემონაზე შევაჩერე. "კრემონეზეს" მიმართ სიმპათია ისედაც მქონდა, მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორთან საუბარმა კი, მათმა განწყობამ, ჩემთან დაკავშირებულმა გეგმებმა, დამარწმუნა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, რომ სხვა კლუბებთან შედარებით, აქ მეტი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა მექნება. მერე რა, რომ ჩემი ამჟამინდელი კლუბი წელს დაწინაურდა უმაღლეს ლიგაში? საინტერესო მოთამაშეები დაიმატეს და ახალ სეზონში მკაფიო მიზნები აქვთ! ყოველდღე ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, ახალგაზრდა მოთამაშისთვის ხომ უმთავრესი სათამაშო პრაქტიკაა.

- საკლუბო ინფრასტრუქტურით, ახალი თანაგუნდელების დახვედრით კმაყოფილი ხარ?

- სავარჯიშო პირობებიც უმაღლეს დონეზეა და თანაგუნდელებიც გულღიად დამხვდნენ. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. კლუბის ყველა წევრი ამ ამოცანის შესრულებაზეა კონცენტრირებული. "კრემონეზე" ერთი დიდი ოჯახია, სადაც პირველივე წუთიდან მიმიღეს ახალ წევრად. იტალიელები უზომოდ თბილი და კომუნიკაბელური ხალხია და ადაპტაცია არ გამჭირვებია.

- 44-ნომრიანი მაისური თვითონ აირჩიე? ეს რიცხვი რამესთან არის კავშირში?

- კონკრეტულად არაფერთან. უბრალოდ, ძალიან მიყვარს ოთხიანი, წინა კლუბშიც N44 ვიყავი და გადავწყვიტე, იტალიაშიც იგივე ნომერი ამეღო.

- სანამ იტალიის ჩემპიონატზე გადავიდოდეთ, "ვოლფსბერგერში" გატარებული პერიოდი გაიხსენე. რა მოგცა ავსტრიის ჩემპიონატში გატარებულმა ორმა წელიწადმა?

- ძალიან ბევრი რამ, პირველ რიგში, გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა. წარმატებით გავიარე ის ეტაპი, რაც გულისხმობს საქართველოდან ე.წ. შუალედურ ჩემპიონატში მოხვედრას, სადაც თავის გამოჩენის და ძლიერ ლიგაში გადასვლის მეტი შანსი გექნება. ავსტრიის პირველობამ ბევრი რამ მასწავლა, ფეხბურთი სხვანაირად დამანახა! რაც შეეხება იტალიის პირველობას, აქ უმცირეს დეტალებსაც აქცევენ ყურადღებას, ყველაფერს უღრმავდებიან, ტაქტიკურად ძალიან მაღლა დგანან სხვა ქვეყნების ჩემპიონატებთან შედარებით.

- დოკუმენტაციის პრობლემის გამო სერია A-ს პირველ ტურში არ გითამაშია. თუმცა ახალ კლუბს ფლორენციაში გაჰყევი და "ფიორენტინა"-"კრემონეზეს" მატჩს "შორიდან" უყურე.

- გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ სიახლე არ ყოფილა - ქართველ ფეხბურთელებს ხშირად ექმნებათ პრობლემები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, თანაც ვიცოდი, რომ ამ ერთი მატჩის გამოტოვებით არაფერი დასრულებულა. პირიქით, ჩემი იტალიური თავგადასავალი ახლა იწყება. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ბევრი ვითამაშო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეც იყოს!

- სერია A-ს სადებიუტო მატჩი რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" 60 000 ტიფოზის წინაშე... ერთი მხრივ, ოცნების ასრულებას ჰგავს, მაგრამ, იმავდროულად, დიდი წნეხიც იქნებოდა. ბევრი ინერვიულე?

- მღელვარების გამო იყო მცირე შეცდომა, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ისე კი, თამაშიდან გამომდინარე, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. ბუნებრივია, დაძაბულობაც იყო, ნერვიულობაც, მაგრამ როგორც კი თამაში დაიწყო, სხვა ყველაფერი დამავიწყდა და მხოლოდ ჩემს დავალებაზე ვიყავი კონცენტრირებული.

- მწვრთნელმა დიბალას პერსონალური მეურვეობა დაგავალა?

- დიახ, კონკრეტული დავალება მომცა, პერსონალურად მეთამაშა პაოლო დიბალას წინააღმდეგ, მაქსიმალურად შემემჭიდროებინა მისთვის სივრცე.

- პირველი ტაიმის მიწურულს, საჯარიმოს ხაზთან სუფთად აართვი ბურთი ნიკოლო ძანიოლოს. თუმცა "რომას" ერთ-ერთი ლიდერი ცუდად დაეცა და შესაცვლელი გახდა. მისი ტრავმა შენი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ასეთ დროს, ალბათ, ფეხბურთელი თავს მაინც უხერხულად გრძნობს.

- უსიამოვნოა, როცა ფეხბურთელი ტრავმას უშუალოდ შენთან ორთაბრძოლისას იღებს. მაგრამ უხერხულად და მით უმეტეს, დამნაშავედ ნამდვილად არ ვგრძნობ თავს. ორთაბრძოლები, ძალისმიერი თამაში ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ტრავმისგან კი დაზღვეული არავინ არის.

- საიმედო, მაგრამ საკმაოდ ხისტი მცველი ხარ, ჯარიმის ზღვარზეც ხშირად თამაშობ. იტალიაში სიხისტე არავის უკვირს და წესით, სერია A-ს იოლად უნდა გაუშინაურდე...

- ვერ დაგეთანხმებით, რომ განსაკუთრებულად ხისტი ან უხეში თამაშით გამოვირჩევი. ისე კი, თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, მოწინააღმდეგეს მჭიდროდ, აგრესიულად ეთამაშო. აგრესიულობა და სიხისტე სხვადასხვაა და მიმაჩნია, რომ გარკვეული აგრესია ფეხბურთელისთვის აუცილებელიც კია.

- გაშვებული გოლიც გავიხსენოთ: კუთხურის ჩამოწოდების დროს სმოლინგს თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან იჭერდი. თუმცა ჩაწოდების შემდეგ კარისკენ დაძრულ ინგლისელ ვიზავის ვეღარ დაეწიე... იმ ეპიზოდში ისე ჩანდა, თითქოს სმოლინგის "დაჭერაში" მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ შეგიშალა ხელი... სინამდვილეში რა მოხდა?

- სტანდარტული მდგომარეობების დროს სმოლინგს პერსონალურად ვმეურვეობდი და საკმაოდ წარმატებითაც. სამწუხაროდ, გოლის ეპიზოდში მისმა თანაგუნდელმა დამბლოკა, ინგლისელამდე არ მიმიშვა და ორთაბრძოლაში შესვლა ფიზიკურად ვეღარ შევძელი. გაშვებული გოლიდან რამდენიმე წუთში ანგარიშის გათანაბრება შემეძლო, მაგრამ რომაელთა კარის დარაჯმა რუი პატრისიუმ ძალიან კარგად ითამაშა და ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა არ მომცა.

- ნამატჩევს რა გითხრეს მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა?

- განსაკუთრებული არაფერი. ერთმანეთს ვამხნევებდით და ძირითადად, ტაქტიკურ საკითხებს ვარჩევდით.

- ერთ ეპიზოდში ბურთი ჟოზე მოურინიომ მოგაწოდა... ოდესმე წარმოიდგენდი ასეთ რაღაცას?

- მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ "ვოლფსბერგერში" ყოფნის დროსაც მითამაშია - ჟოზეს "ტოტენჰემს" ევროპალიგის მერვედფინალში შევხვდით. მოურინიო უმაღლესი დონის მწვრთნელი და ძალიან თავმდაბალი კაცია.

- საწყისი ორი ტურის შემდეგ მთელი იტალია ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს!

- დიახ, ყველგან კვარაზე ლაპარაკობენ და ეს საოცრად მაგარი შეგრძნებაა! მე და ხვიჩა ძალიან ახლო მეგობრები ვართ, უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, დიდ პატივს ვცემ. "კრემონეზეშიც" ბევრი მეკითხება, ვიცნობ თუ არა ხვიჩას, როგორი ფეხბურთელი და ადამიანია. იტალიელთა უმეტესობას უჭირს მისი გვარ-სახელის წარმოთქმა და მე "ვავარჯიშებ". კვარა ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება და მისი მიღწევებით ყველა ვიამაყებთ!

- გიფიქრია, რას იგრძნობ, როცა ხვიჩას წინააღმდეგ მოგიწევს თამაში? ქართველი ქომაგები უკვე ხუმრობენ, იმედია, ლუკა კვარას წინააღმდეგაც ხისტად არ ითამაშებსო!

- გამიზნულად ხისტად არავის წინააღმდეგ არ ვთამაშობ! მით უმეტეს, კვარას წინააღმდეგ არ ვითამაშებ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მარჯვენა ფლანგზე არ მომიწევს თამაში და ხვიჩასთან მჭიდრო კავშირი არ მექნება. ძალიან რთული გასანეიტრალებელია, მისი შეჩერება ურთულესი ამოცანაა ნებისმიერი მცველისთვის.

- შენ რას იტყვი კვარაცხელიას პოტენციალზე, რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს?

- კვარას პოტენციალი? ალბათ, უსასრულო! უკვე არის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი და როცა მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ცოტათი ჩაცხრება, როცა იტალიურ ფეხბურთს გაუშინაურდება, კიდევ უფრო შთამბეჭდავად ათამაშდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ხვიჩა კვარაცხელია სრულად გამოავლენს თავის უდიდეს პოტენციალს!

- როგორ ფიქრობ, თუ იტალიაში ასე სტაბილურად და საიმედოდ გააგრძელებს თამაშს, ლოჩო საქართველოს ნაკრებსაც გაუშინაურდება?

- ყველანაირად ვეცდები, გამოვადგე ჩემს ქვეყანას და ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო... რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებასა თუ თამაშს, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. სამწვრთნელო შტაბის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

- მოგწონს სანიოლის მუშაობა და მისი გუნდი?

- ცხადია. საქართველოს ნაკრებმა სერიოზული პროგრესი განიცადა, ბოლო მატჩებში ძალიან კარგი შედეგიც ვაჩვენეთ და დისციპლინირებული გუნდის შთაბეჭდილებაც დავტოვეთ. გუნდი დღითი დღე ვითარდება და რაც მთავარია, აქვს მიზანი და პოტენციალი. ასე რომ, სანიოლის მუშაობას დადებითად ვაფასებ.

- კრემონაზე რას იტყვი? მოასწარი ქალაქის დათვალიერება?

- რამდენიმე უბნის დათვალიერება უკვე მოვასწარი: ძალიან ლამაზი ქალაქია ძველი შენობებით, მუზეუმებით, ჩინებული ლოკაციით მილანს და ბრეშიას შორის. "ვიოლინოების ქალაქსაც" უწოდებენ...

- "კრემონეზეს" ერთ-ერთი მეტსახელიც აქედან მოდის: I Vიოლინი - "ვიოლინოები" (ამ საკრავს კრემონაში მე-16 საუკუნიდან ამზადებენ. ტრადიციული კრემონული ვიოლინოს დამზადების ხელოვნება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშიც არის შეტანილი!). საუბრის ბოლოს ვიოლინოს ხემი ჩვენც მოვიმარჯვოთ: რა არის შენი მიზნების მაქსიმუმი - როდის გახდება ლუკა ლოჩოშვილი იტალიური კლუბისა და საქართველოს ნაკრების "პირველი ვიოლინო"?

- ჩემი მიზანია, ყოველდღიური პროგრესით დავამტკიცო, რომ იტალიის ჩემპიონატში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ და აქ თამაშს ვიმსახურებ! ჯერ "კრემონეზეში" უნდა დავიმკვიდრო, გამოვიჩინო თავი, რათა სერია A-ს მოწინავე გუნდების ინტერესი დავიმსახურო. და რაც მთავარია, გამოვადგე ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდს! ეს ყველაზე დიდი პატივი და ბედნიერებაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.