„დრო გადის და შენს სამკვიდრებელს სხვა ეპატრონება“ - კვირის პალიტრა

„დრო გადის და შენს სამკვიდრებელს სხვა ეპატრონება“

„დიდი დანაკლისი იქნება ჯავახეთის უნიკალური საგანძურის განადგურდება ჩვენი დაუდევრობისა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების გადასარჩენად კი სახელმწიფოს კეთილი ნებაა საჭირო“

"ჯავახეთი ჯავახების საცხოვრებელი მხარე და საქართველოს განუყოფელი ისტორიული კუთხეა. ჯავახები მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ჯავახების შთამომავლები, ჯავახეთში მცხოვრები ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის წარმომადგენლები და მათი შთამომავლები არიან! არავის არ აქვს ამ ტერმინების გაყალბების და მითვისების უფლება!" პუბლიცისტი, მკვლევარი და ფოტოგრაფი კუკური მეტრეველი დაიბადა და გაიზარდა ჯავახეთში. ის წლებია იკვლევს მიტოვებულ, შეუსწავლელ ძეგლებს, აღრიცხავს და აღწერს ფოტოგრაფიულად. ბატონი კუკური არა ერთი პუბლიკაციის ავტორია სამცხე-ჯავახეთის ისტორიაზე. გარდა ამისა, მისი ფოტომასალა უნიკალურია არა მარტო დოკუმენტური თვალსაზრისით, არამედ აქვს მხატვრული ღირებულებაც.

- სამწუხაროდ ძალიან ცოტა ქართველი დადის ჯავახეთის სანახავად. უმეტესად უცხოელი ტურისტები თუ შემხვედრიან. არადა, საქართველოში არსად არ არის იმდენი წარწერა შემორჩენილი, რამდენიც ჯავახეთში, რომელიც ძველთაგანვე ერთიანი საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ დასაყრდენსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენდა და დასახლებული იყო ქართველებით, ძირითადად, ჯავახებით.

- თქვენი წინაპრები რომელი სოფლიდან იყვნენ?

- ჩემი წინაპრები კოთელიაში რაჭიდან, უწერის თემის სოფელ ნიგავზებიდან, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ათიან წლებში გადმოვიდნენ. რაჭიდან წამოყოლილ ხოსიტაანთ (ხოსტაანთ) მეტრეველების სახელს ჯავახეთშიც დღემდე ვატარებთ. კოთელია, ჩემი სოფელი, წმინდა ქართული დასახლებაა, ცხოვრობენ როგორც მკვიდრი ჯავახები, ასევე ბატონყმობის პერიოდში სხვადასხვა კუთხიდან გამოქცეულთა შთამომავლები. თავის დროზე აქ აფარებდნენ თავს იმერეთის მეფე სოლომონი და ალექსანდრე ბატონიშვილი.

foto4-1661699676.jpg
სოფელი არაგვა {(ჯავახეთი, ახალქალაქი)

გეოგრაფიული მდებარეობისა და ნიჭიერი მოსახლეობის წყალობით, მესხეთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებული კუთხე საქართველოსი. აქედან შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და დაიწყო "მოქცევაი საქართველოსი". ეს იყო გრიგოლ ხანძთელის, იოანე პეტრიწის, გრიგოლ ბაკურიანის ძის, პეტრე იბერის, გენიალური შოთა რუსთაველის, სარგის თმოგველის, ბეშქენ და ბექა ოპიზრების, ბიძინა და შალვა ახალციხელების სამშობლო და სამოღვაწეო ადგილი. მესხეთთანაა დაკავშირებული ქართველთათვის უსაყვარლეს თამარ მეფეზე უამრავი ლეგენდა თუ ისტორიული ამბავი. აქ აშენდა ქართული მატერიალური კულტურის განუმეორებელი ძეგლები: კუმურდო, საფარა, ზარზმა, შორეთი, ჭულე, ტიმოთესუბანი... შეუდარებელი ვარძია, მესხეთში აიგო ანტიკური აბულისა და შაორის ციხე, მიუდგომელი ციხესიმაგრეები: არტანუჯი, თორთომი, ქაჯის ციხე, თმოგვი, ხერთვისი... უამრავი ქარვასლა და ხიდი, მესხეთის ეკლესია-მონასტრებსა და სასულიერო ცენტრებში დაიწერა და გადაიწერა უამრავი ქართული წიგნი. აქ დაიწერა და მოიჭედა უამრავი ხატი თუ უნიკალური ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში. გვაქვს არაერთი უნიკალური მეგალითური და ქრისტიანული კულტურის ძეგლების ნიმუშები, უნიკალური და საოცრად ღირებული ლაპიდარული თუ ფრესკული წარწერები. უნიკალურია დღემდე შემორჩენილი მესხური ტერასული მეურნეობის კულტურა და „"მერცხლის ბუდოვანი" ბანიანი მესხური ოდასახლები. ანტიკური დროიდან ჯავახეთის მოსახლეობა როგორც რაოდენობრივად, ისე შემადგენლობით მუდამ იცვლებოდა. ამის მიუხედავად, ჯავახეთი ეროვნულობით, ენითა და კულტურით ყოველთვის ქართულ სამყაროდ რჩებოდა. მხოლოდ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან რუსეთის იმპერიის გამიზნულად გატარებული ღონისძიებების შედეგად რადიკალურად შეიცვალა ჯავახეთის დემოგრაფიული მდგომარეობა და ჯავახეთის ძირძველი ქართველი მოსახლეობა საკუთარ მიწა-წყალზე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდა. ამ დროიდან გაჩნდა სამცხე-ჯავახეთში სომხური სეპარატიზმის პრობლემაც, საფრთხე შეექმნა ჯავახეთში უხვად შემორჩენილ ქართულ ისტორიულ ძეგლებსაც. სამწუხაროდ, ამ კუთხის ყალბი ისტორიის შეთხზვა და გავრცელება დაიწყო.

სომხეთში მოკალათებული ექსტრემისტული ელემენტების სეპარატისტული გამოხდომები არაერთხელ იქნა პროვოცირებული. მათი მიზანი ამ წმინდა ქართული ტერიტორიის დედასამშობლოსგან ჩამოცილება იყო. საბედნიეროდ, ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროვოკაციას არ აჰყვა. მათ მეზობელ და მეგობარ ხალხთან ქართულ მიწაზე მშვიდობიანი თანაცხოვრება და კეთილმეზობლობა დიდი ხანია ისწავლეს. ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის სეპარატისტული მიზნით პროვოცირება დღესაც გრძელდება, მაგრამ აქ მცხოვრებ ყველა ეროვნების ხალხს ჰყოფნის გონიერება, მრავალსაუკუნოვანი ქართულ-სომხური მეგობრობა არ გაართულოს და გააფუჭოს.

foto5-1661699676.jpg
მეათე საუკუნის მონასტერი (ასპინძის რაიონი)

- როგორი სიტუაციაა დღეს?

- 1829 წელს სამცხე-ჯავახეთის გამეჩხრებულ სოფლებში დაწყებული ერზრუმელი სომხების მასობრივად გადმოსახლების შედეგად (გეგმით გათვალისწინებული 5000-ის ნაცვლად, 14044 სომხური ოჯახი ჩამოსახლდა) ხელოვნურად შეიცვალა მესხეთის დემოგრაფიული სიტუაცია და მივიღეთ ეროვნული შემადგენლობის მხრივ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი რეგიონი, რაც მაშინვე გახდა მრავალი სახელმწიფოებრივი პრობლემის მიზეზი. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა ჯავახეთში. დღეისათვის ჯავახეთის დაახლოებით 390 სოფლიდან 280-მდე ნასოფლარია, ხოლო დასახლებული 117 სოფლიდან მხოლოდ 36-ში ცხოვრობენ ქართველები (ბევრ მათგანში სომხებთან ერთად). დანარჩენი სოფლები მთლიანად სომხებით, მცირედით დუხობორებითა და ბერძნებითაა დასახლებული. ერთ დროს საქართველოს აყვავებულ კუთხეში უამრავი დაცლილი სოფელი და ნამოსახლარია.

foto2-1661699676.jpg
1060 წლის, ასომთავრული რელიეფური წარწერა (ნინოწმინდა, ჯავახეთი)

საბედნიეროდ, სამცხე-ჯავახეთში დღემდე არის ქართული სოფლები: ბაკურიანი, ციხისჯვარი, ჭობისხევი, ტაშისკარი, აწყური, წნისი, კლდე, მლაშე, უდე, არალი, ვალე, ჭობარეთი, ზველი, რუსთავი, ოთა, დამალა, აწყვიტა, სარო, ხიზაბავრა, გოკიო, ბარალეთი, ბალანთა, ტაბაწყური, ბეჟანო, ღრტილა, აბული, თორია, ეშტია, დადეში, პრტენა, ჩუნჩხა, გოგაშენი, თმოგვი, ნაქალაქევი, ტოლოში... ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჯავახეთით, მეტმა ადამიანმა ნახოს აქაურობა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, საკუთარი სახსრებით ვაკეთებ. არაერთი დაპირება მოვისმინე დახმარებისათვის, მაგრამ სიტყვა საქმედ არ ქცეულა. ამასობაში კი შენს სამკვიდრებელს სხვა ეპატრონება. ეს რომ არ მოხდეს, ყველაფერს შესწავლა სჭირდება, სადაც საჭიროა, იქამდე მიტანა, და სწორედ ამაში მინდა შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი, რათა ეს კუთხე გადარჩეს.

foto3-1661699676.jpg
მადათაფას ტბა

თუ იქნება სახელმწიფოს ნება და განვითარდება ინფრასტრუქტურა, ამ კუთხეში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად დიდი პოტენციალია. ამით იხეირებს აქაური ყველა ეროვნების მოსახლეობა და სეპარატიზმსაც გამოეცლება ნიადაგი.

დიდი დანაკლისი იქნება ჯავახეთის უნიკალური საგანძურის განადგურდება ჩვენი დაუდევრობისა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების გადასარჩენად სახელმწიფოს კეთილი ნებაა საჭირო.

რუსუდან შაიშმელაშვილი