"ქსენოფობი არ იყო, მაგრამ რუსულენოვან თანამშრომლებს არ იღებდა" - სად არის თბილისში, კორპუსის ქვეშ მოყოლილი საიდუმლო ლაბორატორია "ცერნი" - კვირის პალიტრა

"ქსენოფობი არ იყო, მაგრამ რუსულენოვან თანამშრომლებს არ იღებდა" - სად არის თბილისში, კორპუსის ქვეშ მოყოლილი საიდუმლო ლაბორატორია "ცერნი"

საბჭოთა კავშირი და მისი მმართველობის სისტემა ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ ზოგისთვის მაინც ძნელია დაივიწყოს მისი ერთი, მეტად არალოგიკური წესი: საბჭოთა სისტემის ლიდერები თან მიწასთან ასწორებდნენ ევროპა-ამერიკას, თან ქვეშევრდომებს ავალებდნენ, რომ ევროპულ მიღწევებს დასწეოდნენ. არაერთი თაობა გაიზარდა ლოზუნგით: "დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!" აი, ასეთი "სისტემით", რაც უნდა გასაკვირი და დაუჯერებელი იყოს, საბჭოთა მმართველობამ |თბილისში 60 მეტრი სიღრმის, ე.წ. ცერნის (ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრი) ტიპის ლაბორატორიაც შეიქმნა და, აბა, თუ გამოიცნობთ, როდის და სად? დაახლოებით 1953 წელს, დღევანდელი­ ნუცუბიძის #77-ის მიმდებარედ, იქ, სადაც ლისის ტბაზე ამავალი­ საბაგირო გზა ფუნქციონირებდა. დღეს ეს ლაბორატორია, როგორც მოსალოდნელი იყო, გამქრალია. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იმ კორპუსების ქვეშ არის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ბოლო წლებში წამოჭიმეს­ მშენებლებმა, არადა, ამ ლაბორატორიაში უდიდესი, მსოფლიო დონის მეცნიერები მუშაობდნენ. მათ შორის არის ვასილ ქოიავა, რომელსაც საბჭოთა "ცერნის" დირექტორობა ჩააბარეს. ის "ცერნს" 1953 წლიდან 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა, თანაც იმ მოტივაციით, რომ კვლევები თავისუფალი საქართველოსათვის გადაეცა. საიდან იცოდა მან, რომ საქართველო აუცილებლად გათავისუფლდებოდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ სახლში ხშირად იმეორებდა, როდესაც საქართველო გათავისუფლდება, ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები ძალიან გამოადგებაო.

დესპინე ქოიავა, ვასილ ქოიავას ქალიშვილი: - მართლაც კარგად მახსოვს ერთსა და იმავე თემაზე მოსაუბრე მამა, რომელიც ხშირად ამბობდა, როდესაც საქართველო გათავისუფლდება, მას ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები ძალიან გამოადგებაო. მართალია, აქ ოფიციალურად კოსმოსურ სხივებს იკვლევდნენ, მაგრამ ამას ამ მასშტაბის ლაბორატორია ნამდვილად არ სჭირდებოდა და როგორც ჩანს, იქ სხვა სახის კვლევებსაც ატარებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ცოდნის გამოყენება ვერ მოხერხდა, ანდა, უბრალოდ, გაიფანტა მამას გარდაცვალების შემდეგ.

მამა 1972 წელს გარდაიცვალა სარკომით. მაშინ ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ეს მძიმე დაავადება ურანის გამოსხივების ბრალი იყო, რომელსაც ლაბორატორიაში კვლევებისათვის იყენებდნენ.

- გახსოვთ, მამათქვენმა როდის დაიწყო ამ ლაბორატორიაში მუშაობისთვის სამზადისი?­ ან როგორ მიმდინარეობდა იქ მუშაობა?

- რომელიმე იმ მეცნიერთაგანს რომ შეეძლოს ამაზე პასუხის გაცემა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუმცა მე მახსოვს, რომ მამას რუსი ეროვნების ფიზიკოსებს შორის უახლოესი მეგობრები ჰყავდა და, სავარაუდოდ, სწორედ მათი რეკომენდაციით დაინიშნა ამ ლაბორატორიის დირექტორად, თანაც ისე, რომ კომუნისტური პარტიის წევრი არ გახდა. მახსოვს, როგორ საყვედურობდნენ ნათესავები, შედი პარტიაში, ხომ ხედავ, ხელი რამდენ რამეში გეშლებაო. მამა კი მიუგებდა, კარგი საქმის კეთებას პარტია არ სჭირდებაო. ისიც მახსოვს, როგორ აბრუნებდა ხოლმე კომისია უცხოეთში გასამგზავრებელ მამას გზიდან, დოკუმენტაციაში კი უწერდნენ, ამხანაგი ვასილ ქოიავა ავად არის და ამიტომაც ვერ მიემგზავრებაო. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაბრუნდა ინგლისში გასამგზავრებლად მომზადებული უკან, მაგრამ რომ გითხრათ, ამას დარდობდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. მას არ სჩვეოდა მსგავს წვრილმანებზე დარდი. ეს კი არა, როცა ამავე მიზეზით ლაბორატორიის დირექტორობიდან გაათავისუფლეს, მაშინაც გამუდმებით იმეორებდა, ჩვენი ახალი დირექტორი ნიჭიერი კაციაო.

ვერ აღვწერ, როგორ გულმოდგინედ არჩევდა ახალგაზრდა თანამშრომლებს.B ბევრი თანამშრომელი არ ჰყავდა - სულ 15-მდე ახალგაზრდა მუშაობდა ამ ლაბორატორიაში, მაგრამ ვინც ჰყავდა, ყველა ძალიან ნიჭიერი Aიყო. მამა ამასთან დაკავშირებით პატარა ეშმაკობას იყენებდა - ქსენოფობი არ იყო, ყველა უყვარდა, მაგრამ რუსულენოვან თანამშრომლებს არ იღებდა. ამბობდა, რუსულენოვანი რუსეთში ყველგან იმუშავებს, ჩვენ წინ ჩვენი მეცნიერები უნდა წავიყვანოთო.

cerni-1661700203.jpg

- თქვენ გახსოვთ ეს ლაბორატორია?

- პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, როგორ წამიყვანა მამამ იქ მანამდე, სანამ კვლევები დაიწყებოდა. ლიფტით, 60 მეტრ სიღრმეზე ჩავედით, სანამ ლაბორატორიის ხუთი დონე გავიარეთ, სადაც ყველგან აპარატურა იდგა. ლაბორატორიის ამუშავების შემდეგ იქ აღარ მივსულვარ. შეიძლება იმიტომ, რომ იქ ჩასულს სპეციალური სამოსი უნდა სცმოდა. მახსოვს, თანამშრომლებს კოსმონავტების მსგავსი თეთრი კომბინეზონები ეცვათ, რადგან ლაბორატორია ურანის მასალაზე მუშაობდა, რომლის საცავი მოშორებით მდებარეობდა, ასევე მიწის სიღრმეში.

როდესაც მამა სარკომით გარდაიცვალა, ექიმები ამბობდნენ, ალბათ, დასხივების ბრალიაო, თუმცა მამას რომც სცოდნოდა, ეს დაავადება შეეყრებოდა, ლაბორატორიას მაინც არ მიატოვებდა.

მამაჩემი, რომლის დაბადებიდან უკვე 120 წელი სრულდება, ის კაცი იყო, რომელიც მეცნიერებით თავისი ქვეყნის აშენებას ფიქრობდა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მეცნიერული საქმიანობა თითქმის შეწყვეტილია.

როგორც ფიზიკოსი თემურ ბაქრაძე ამბობს, 90-იან წლებში თბილისის "ცერნი"­ წყლით აივსო, მერე გაიყიდა და მის ადგი­ლზე კორპოუსები ააშენეს. მოგვიანებით მშენებლებმა ლაბორატორია ერთ პატარა ობიექტში გადაიტანეს, სადაც ამჟამადაც კოსმოსური სხივების კვლევა მიმდინარეობს, თუმცა, ცხადა, ეს ის კვლევები როდია­, რომელთაც ვასილ ქოიავა 60 მეტრ სიღრმეში ატარებდა და შედეგების თავისუფალი საქართველოსთვის მოხმარებას ფიქრობდა.

ეთერ ერაძე