ომი და ეკონომიკა - კვირის პალიტრა

ომი და ეკონომიკა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა ეკონომიკაში გამოკვეთილ პრობლემებს "სასურსათო ომი" და "ნავთობის ომი" უწოდეს, რაც დღემდე გრძელდება და მსოფლიოს მოსახლეობაზე მეტ-ნაკლები სიძლიერით ახდენს გავლენას. როგორ აისახება ეს პრობლემები საქართველოს მოსახლეობაზე, რა გამოწვევები გველოდება უახლოეს მომავალში და საერთოდ როგორი შემოდგომა გვექნება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტს, აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკამ დღევანდელ ძალიან რთულ ვითარებაში, რომელიც არის მსოფლიოში, რეგიონში, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აჩვენა - გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის ზრდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ სავაჭრო ბალანსი მცირედით, მაგრამ მაინც უმჯობესდება და რაც მთავარია, ეკონომიკური ზრდის ფონზე მყარ სტაბილურობას ინარჩუნებს ეროვნული ვალუტა. ერთადერთი პრობლემა, რაც საქართველოს აქვს, არის ინფლაცია, მაგრამ ინფლაცია არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, მსოფლიო ეკონომიკის პრობლემაა, დაწყებული ამერიკით, დამთავრებული თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთით, სადაც ინფლაცია ყველაზე მაღალია. ასე რომ, ინფლაციური პრობლემა საკაცობრიო პრობლემაა მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის. აი, ამ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა კარგად ართმევს თავს საქმეს.

- მოსახლეობაზე კი ეს რატომღაც არ აისახება - მუდმივად გვესმის, რომ საქართველოში ცხოვრება სულ უფრო შეუძლებელი ხდება. შესაძლებელია ეკონომიკური მდგომარეობა ისეთი იყოს, როგორც თქვენ ამბობთ, და მოსახლეობას ასეთი პრობლემები ჰქონდეს? საზოგადოების ეს აღქმები რითია გამოწვეული და რამდენად ადეკვატურია რეალობის?

- ეს აღქმები აბსოლუტურად სწორია იმიტომ, რომ როგორც გითხარით, ინფლაციაა მაღალი. მაგალითად, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10,4%-ს შეადგენდა, ხოლო წლიური ინფლაცია კი - 13,9%-ს, ანუ ინფლაციამ ეკონომიკური ზრდა, პრაქტიკულად, "შეჭამა". როგორი ეკონომიკური ზრდაც უნდა გვქონდეს, ინფლაცია ამ ზრდაზე უფრო მეტი რომ არის, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ცხოვრების პირობები უარესდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ინფლაცია გამოწვეულია მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევით, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ პანდემიის დროს ჩაეყარა, როცა ეკონომიკა ჩაიკეტა, ეკონომიკის ცალკეული დარგი გაჩერდა, ამიტომაც მიწოდების არსებული გლობალური ჯაჭვები დაირღვა. ამან მიწოდების შემცირება განაპირობა, მიწოდების შემცირებამ კი გამოიწვია ფასების ზრდა. ეს ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, ხოლო 2022 წელს დაემატა რუსეთის უკრაინაში შეჭრა და შედეგად რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რამაც გლობალური ფინანსური ჯაჭვები უფრო მეტად მოშალა: ამ ჯაჭვებიდან ბუნებრივად ამოვარდა უკრაინა - ქვეყანა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამოვარდნენ რუსეთიც და მისი სტრატეგიული პარტნიორი ბელარუსი. ამან გამოიწვია გლობალური ჯაჭვების კიდევ უფრო რღვევა და შედეგად, მთელ მსოფლიოში ინფლაცია გვაქვს. ეს პრობლემა ყველასთვის მძიმეა. ამიტომ მოსახლეობის აღქმა, რომ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ადეკვატურია, თუმცა საქართველოს მთავრობას აქაც აქვს გარკვეული წარმატება.

- რას გულისხმობთ?

- ჯერ ერთი, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რამაც არსებითად გააიაფა ბაზარზე წამლები. ამას დაემატა ნავთობპროდუქტებზე ფასების კლება, რომელიც ასევე პრემიერის ინიციატივა იყო, და ამანაც გამოიღო ნაყოფი. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკმაოდ სერიოზული მიღწევაა.

- ასეთი ერთჯერადი ინტერვენციები, როდესაც სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რამდენად ეფექტიანი და რაც მთავარია, რამდენად მდგრადი შედეგის მომტანი იქნება?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ერთჯე­რადი ჩარევა როგორია. თუ კანონდარღვევით ჩარევაა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია; თუ არ არის კანონდარღვევით, მაშინ მთავრობის ასეთი ქმედება ნიშნავს კომუნიკაციას ბიზნესსექტორთან. საქართველოს მთავრობას ნავთობპროდუქტებსა თუ წამლებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევია. კონკრეტულად ნავთობპროდუქტების ფასწარმოქმნა რთულ მექანიზმს ეფუძნება, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ სწორი სტრატეგია აირჩიეს, როცა შესაბამისი ბაზრის შესახებ ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოდან მიიღეს და მასზე დაყრდნობით კომუნიკაცია დაამყარეს შესაბამის ბიზნესმენებთან. ახლანდელი მაღალი ინფლაცია არ არის სისტემური ხასიათის. ის გამოწვეულია, როგორც მოგახსენეთ, კრიზისულ ვითარებაში (პანდემია, ომი, ეკონომიკური სანქციები) მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევით და როგორც კი ჯაჭვები აღდგება, ანუ აღდგება მიწოდება, ინფლაციაც დაიკლებს.

თუმცა მაინც არის ერთი პრობლემა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, კერძოდ, ცენტრალური ბანკების საქმიანობა. მსოფლიოში ცენტრალური ბანკების უმრავლესობას, დაწყებული აშშ-ით, მიზნობრივ მაჩვენებლად აღებული აქვთ ინფლაცია და ამის გამო ყველა ცენტრალური ბანკი ცდილობს ინფლაციის შემცირებას. მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები კი იმას გულისხმობს, რომ ფული უნდა გაძვირდეს, ინფლაცია კი ფულის გაძვირებით უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკები მოქმედებენ მოთხოვნით გამოწვეული ინფლაციის ზრდის შესამცირებლად. ეს ინსტრუმენტები ყველა ცენტრალურ ბანკს აქვს, მათ შორის საქართველოს ცენტრალურ ბანკსაც. მაგრამ, როგორც გითხარით, დღეს მსოფლიოში პრობლემაა არა მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია, არამედ - მიწოდების შემცირებით გამოწვეული. ამიტომ ინფლაციის დარეგულირებაში მსოფლიოს ცენტრალური ბანკები პრაქტიკულად უსუსური არიან. როგორც მოგახსენეთ, ცენტრალური ბანკების ხელთ არსებული ინსტრუმენტი ფულის გაძვირებაა, ფულის გაძვირება საბანკო სესხს აძვირებს, საბანკო სესხის გაძვირება კი ბიზნესს უშლის ხელს, რომ წარმოება და შესაბამისი მიწოდება გაზარდოს.

მაშასადამე, ის მექანიზმები, რომლებითაც ცენტრალური ბანკები მოქმედებენ ინფლაციის მოსათოკად, ინფლაციას დიდად ვერ აჩერებს, რადგან ეს ინფლაცია არ არის გამოწვეული მოთხოვნის ზრდით. ინფლაციას დიდად ვერ აჩერებს, მაგრამ ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, რადგან ეკონომიკაში ფული ძვირდება და ბიზნესმენებს ახალი კრედიტების აღება უჭირთ. ეს გლობალური პრობლემაა - როცა ინფლაცია მაღალია, მოსახლეობის მიერ ეკონომიკური გაუმჯობესების აღქმა პრაქტიკულად შეუძლებელია.

- ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვ­ნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რითაც სამომხმარებლო სესხების ვადები შეამცირა. ინფლაციიდან გამომდინარე, ეს სწორი გადაწყვეტილებაა?

- საერთოდ, მე სამომხმარებლო სესხებს ძალიან უარყოფითად ვუყურებ, საქართველოს ეკონომიკისთვის დამღუპველია... სამომხმარებლო სესხს მოქალაქე იღებს იმისთვის, რომ იყიდოს ძალიან მარტივი საქონელი, მაგალითად, მობილური, მაცივარი, ტელევიზორი და ა.შ. არც ერთი მათგანი საქართველოში არ იწარმოება - ანუ ვაფინანსებთ იმპორტს, სხვა ქვეყნის ეკონომიკას. ეს კი საზიანოა ქართული ეკონომიკისთვის.

- ადამიანი მობილურს თუ ტელევიზორს ხომ ელემენტარული კეთილდღეობისთვის ყიდულობს? ვისაც მაღალი ხელფასი არა აქვს, მათი ყიდვის საშუალება არ უნდა ჰქონდეს? ან მეორე - სამომხმარებლო სესხებს მცირე ბიზნესებისთვისაც იღებენ და მათ რა ქნან? გართულებასა და აკრძალვას უარესი შედეგი არ ექნება?

- სამომხმარებლო სესხის გამოყენება ბიზნესისთვის უკვე აღარ არის სწორი. სამომხმარებლო სესხი არის საქონლის შესაძენად, ხოლო, თუ ბიზნესისთვის იღებ, შესაძლოა საქმე თაღლითობასთანაც გვქონდეს. თაღლითობა კი როგორ შეიძლება მოიწონო? ბიზნესისთვის სესხს აქვს თავისი პროცედურები - გამცემი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს თანხა სწორედ ბიზნესს მოხმარდება.

რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ კეთილდღეობას, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს საბანკო სისტემაში საკრედიტო რესურსი უცხოეთიდან მოზიდული თანხებია. გამოდის, უცხოეთიდან სესხის სახით ვიზიდავთ თანხებს, მერე ასევე სესხად გავცემთ, მაგალითად, მობილური ტელეფონის შეძენისთვის, რომელიც საქართველოში არ არის წარმოებული, და ეს თანხა მიდის მესამე, ანუ მობილური ტელეფონის მწარმოებელ ქვეყანაში. გამოდის, საქართველო "ფინანსური მილია", რომლის საშუალებითაც ევროპიდან მოზიდული საკრედიტო რესურსით ქვეყნის ეკონომიკას კი არ ვაფინანსებთ, რაც მოსახლეობას დამატებით შემოსავლებს მისცემს, არამედ ვაფინანსებთ მესამე ქვეყნების ეკონომიკას, ხოლო ჩვენი მოსახლეობის ნაწილი იწყებს იმ სამომხმარებლო საქონლის მოხმარებას, რომელიც მას არ "დაუმსახურებია". ამ ტიპის მომხმარებელს არასოდეს არ ექნება შემოსავალი, რადგან უცხო ქვეყნებიდან მოზიდული საკრედიტო რესურსით კრედიტდება არაეროვნული წარმოება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში შემოსავლების ზრდის უმთავრესი გენერატორი უნდა გახდეს.

- ინფლაციის თემას დავუბრუნდეთ. ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში საქართველოში რა პროცესებია მოსალოდნელი?

- შემოდგომა წლის კარგი პერიოდია ინფლაციური პროცესებისთვის, რადგან მოსავალი აღებულია და სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე იზრდება პროდუქტების მიწოდება, ეს კი, როგორც წესი, ფასების შემცირებაზე კარგად მოქმედებს. თუმცა რამდენად იქნება ეს საკმარისი მაღალი ინფლაციის დასაძლევად, ამაზე საუბარი ჯერ რთულია.

ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს რუსეთის ომი უკრაინაში. ყველას გვინდა უკრაინის გამარჯვება, მაგრამ როდის დამთავრდება ან როგორ დამთავრდება ომი და, რაც მთავარია, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაშიც კი რამდენად სწრაფად მოუხსნის დასავლეთი რუსეთს სანქციებს, ეს არავინ იცის. ასეთ პირობებში მიწოდების ახალი გლობალური ჯაჭვების შექმნას დრო სჭირდება. ასე რომ, პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. პროგნოზს ვერც ამერიკა ვერ აკეთებს.

ერთსაც დავამატებ - ცენტრალური ბანკები რომ ფულის გაძვირებას ცდილობენ, განსაზღვრული მნიშვნელობა ამასაც აქვს - მაგალითად, თურქეთი შეეცადა არ გაეძვირებინა ფული და ამან გამოიწვია ქვეყანაში 70%-ზე მეტი წლიური ინფლაცია. ამიტომ ცენტრალური ბანკები რასაც აკეთებენ, ეს იძულებაა.

საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტის გასაღები არა საბანკო სისტემაში, არამედ ეკონომიკის რეალურ სექტორშია, სადაც მიწოდების ახალი გლობალური ჯაჭვების ფორმირება მოხდება. როგორც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმზ გელბრეიტი ამბობს, დღევანდელი მაღალი ინფლაცია სულაც არ არის მაკროეკონომიკური პრობლემა.

- მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ცხადია, გავლენა აქვს საქართველოზეც და განსაკუთრებით თურქეთს, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, სადაც მაღალი ინფლაციის პარალელურად ეკონომიკური ზრდაც საკმაოდ მაღალია. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა საქართველოზე რა გავლენას ახდენს?

- საქართველოში საკმაოდ მაღალია ეკონომიკური ზრდა, რაც დამაიმედებელია - ინფლაციის პირობებში მაღალი ზრდა რომ არ იყოს, მოსახლეობის მდგომარეობა უფრო მძიმე იქნებოდა.

- ლარის გამყარება ქართული რეალობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- ლარის გამყარების მთავარი მიზეზი უცხოური ვალუტის შემოდინებაა. საუბარია ტურისტული წყაროებიდან ფულის შემოდინებაზე, ასევე თანხები შემოვიდა იმ ბიზნესაქტიურობით, რომელიც გადმოტანილ იქნა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმის თქმა, რომ გამყარების ასეთი წყარო სტაბილური იქნება, შეუძლებელია.

- შემოდგომისთვის ლარის კურსი როგორი შეიძლება იყოს?

- ამას ვერავინ გეტყვით. არავინ იცის, შემოდგომისთვის როგორი იქნება დოლარი და ევრო. ამის პროგნოზებს ეკონომიკაში, როგორც წესი, არავინ აკეთებს. მსოფლიოში მოსალოდნელია სტაგფლაციური პროცესები, როდესაც ერთდროულად სტაგნაცია და მაღალი ინფლაციაა. საქართველოში შეიძლება იყოს უკეთესი მდგომარეობა, რომ სტაგნაციური პროცესების ნაცვლად იყოს გარკვეული ეკონომიკური ზრდა.

- ეკონომიკურ ზრდაზე ლარის გამყარება როგორ მოქმედებს?

- დღეს ლარის გამყარება ჯერჯერობით საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს, რადგან ბიზნესმენებისთვის სტაბილური გარემოა შექმნილი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სექტორის ბიზნესში.

- ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობს დოლარს, რამაც ლარი გარკვეულწილად გააუფასურა დოლარსა და ევროსთან. მაშინ რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი, თუ ლარის გამყარება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია?

- ლარი მაინც სტაბილურია. ეროვნული ბანკი ასე რომ არ მოქცეულიყო, მაშინ ლარი უფრო გამყარდებოდა. არის ზღვარი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიცვას. ამიტომ ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს მივესალმები.

- ლარის კურსის რა ნიშნულია ზღვარი, რომლის შემდეგ ლარის გამყარება სახიფათო იქნება?

- საერთოდ, ეროვნული ვალუტის გამყარება უარყოფითად აისახება ექსპორტზე. ეს არის კლასიკა, რომელსაც ჩვენ სტუდენტებს ვასწავლით, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც გაქვს მრავალფეროვანი საექსპორტო პოტენციალი. ჩვენ რომ გვქონდეს მრეწველობა განვითარებული, მაშინ ლარის გამყარება ძალიან ცუდი იქნებოდა, რადგან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს დაარტყამდა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მრეწველობა რთულ მდგომარეობაშია, ამ გამყარებას მასზე უარყოფითი ზეგავლენა პრაქტიკულად არ ჰქონია.

- ფერმერები ჩივიან, რომ მათი მოყვანილი პროდუქცია იმდენად იაფია, გაყიდვა არც უღირთ. ამაზე ლარის გამყარებას რა გავლენა აქვს?

- როგორ არის იაფი, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელს თუ ნახავთ, ყველაზე მაღალი ტემპით სწორედ კვების პროდუქტებზე იზრდება ფასები! დღეს მთავრობამ გარკვეული სქემები გაასაჯაროვა. კერძოდ, საუბარია რთვლის სუბსიდირებაზე, რაც მნიშვნელოვანია.

- მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე რეზერვების ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ ქვეყანაში რა მდგომარეობაა?

- სავალუტო რეზერვები აუცილებელია იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა უზრუნველყოს. როგორც წესი, რეზერვების დონე სავალუტო ფონდის კონტროლქვეშ არის და ჩვენ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არა გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დღეს მსოფლიოში იმდენად არასტაბილური მდგომარეობაა, რომ რაიმე მეტ-ნაკლებად სანდო პროგნოზის გაკეთება, შეუძლებელია. მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე ცუდი სცენარი. კერძოდ, ღმერთმა დაიფაროს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რომ რამე მოუვიდეს, რა რეზერვები უშველის ვინმეს? მსოფლიო ურთულეს დღეში ჩავარდება. ამიტომ დღეს იმის განსაზღვრა, რა არის საჭირო, რომ გადავრჩეთ, შეუძლებელია. ერთი რამის თქმა შეიძლება - წინა პლანზე იწევს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.

- ამ მიმართულებით ქვეყანაში რეზერვები არის?

- ენერგეტიკის შესახებ უკვე ვთქვი, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო და მთავრობის კომუნიკაცია ენერგეტიკულ სექტორთან დამთავრდა იმით, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლო, თუმცა რამდენად სტაბილური იქნება ეს, არავინ იცის, რადგან მსოფლიოში არსებულ პრობლემას სახელიც კი აქვს - მას "ნავთობის ომს" უწოდებენ, ნავთობის ომის პირობებში კი რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს. დღეს არის "სასურსათო ომიც" და ამ ვითარებაში მთავრობას დიდი ძალისხმევა მართებს, რომ გაიზარდოს მარცვლეული კულტურების წარმოება, განსაკუთრებით ხორბლის, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ მარცვლეულზე. ადგილობრივ წარმოებას საქართველოს მოთხოვნილების დაკმაყოფილება სრულად არ შეუძლია, მაგრამ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება კი შესაძლებელია.

- გაზაფხულზე მთავრობამ არაერთი განცხადება გააკეთა ადგილობრივი მარცვლეულის წარმოების გაზრდაზე. თუ ჩანს შედეგი?

- "წიწილებს შემოდგომით ითვლიან" და ვნახოთ, შემოდგომაც მალე მოვა და ამას რეალურად დავინახავთ.

- პერიოდულად აქტიურდება გაზის საცავებზე ლაპარაკი, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. რატომ ვერ ხერხდება გაზის საცავის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სესხებიც გვაქვს აღებული. რა პრობლემა შეიძლება ამან შექმნას?

- გაზის საცავი უნდა აშენებულიყო ჯერ კიდევ 2008 წელს. საქართველომ იმ წლის გაზაფხულზე აიღო ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციებით სესხი. მაშინ მთავრობა ამბობდა, რომ გაზსაცავი უნდა აშენებულიყო. თუმცა აშკარა იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა სულაც არ აპირებდა გაზსაცავის აშენებას. ეს გამოიკვეთა ძალიან მალე, როდესაც სესხის აღებისთანავე თქვეს, ნახევარმილიარდიანი სესხიდან 250 მილიონი "მომავალი თაობების ფონდში" წავიდაო. საყურადღებოა, რომ სესხად აღებულ თანხას ამ ტიპის ფონდებში არავინ დებს - ეს შეცდომაა, მაგრამ დღემდე ეს ფონდიც და ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციებით აღებული სესხის ამბავიც ბუნდოვანებითაა მოცული. შემდეგ იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ითქვა, რომ ეს ფული დაიხარჯა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, რაც იმ პერიოდში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დახმარების სახით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. რაზე დაიხარჯა ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციებით აღებული სესხი, დღემდე ჯეროვნად შესწავლილი არ არის. გაზსაცავზე მოგვიანებითაც იყო საუბარი, მაგრამ მე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს, რატომ არ ხდება ამ პროექტის რეალიზაცია. ეს საშური საქმეა, რადგან ქვეყანას, რომელსაც საკუთარი გაზი არა აქვს, გაზსაცავი ნამდვილად სჭირდება.

- რომ შევაჯამოთ, შემოდგომისთვის რა პროცესები იქნება მოსალოდნელი?

- ვფიქრობ, მსოფლიო ეკონომიკაში სტაგფლაციური პროცესები გაგრძელდება, ანუ წარმოების შემცირება და ფასების ზრდა. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ის მაღალი ტემპი, რაც დღემდე გვქონდა, შესაძლოა ვერ შევინარჩუნოთ, მაგრამ ზრდა მაინც იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც სასიკეთო პროგნოზს აკეთებს საქართველოს შესახებ, რაც ანგარიშგასაწევია, მაგრამ ინფლაცია ისევ პრობლემად დარჩება. თუმცა შემოდგომაზე, როდესაც გაიზრდება ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიწოდება, ამან ინფლაციის მოთოკვაში სასიკეთო როლი უნდა შეასრულოს.

ლარის კურსზე კი გითხარით, რომ ძალიან ბევრ რამეზე, მათ შორის უმთავრესად არაეკონომიკური ხასიათის ფაქტორებზეა დამოკიდებული, რისი პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსა მაჩაიძე