ჯავშანჟილეტი - ყველაზე საიმედო დაცვა სროლაში მოყოლილი მოქალაქისთვის... - კვირის პალიტრა

ჯავშანჟილეტი - ყველაზე საიმედო დაცვა სროლაში მოყოლილი მოქალაქისთვის...

რუბრიკაში "სამო­ქ­ა­­ლაქო­ თავდაცვა" სიამო­ვნებით ვუპასუხებთ მკითხველის კითხვებს, რომელთა გამოგზავნა "კვირის პალიტრის" საიტზე www.kvirispalitra.ge­ გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს (და არა მარტო) ტყვიებისა­ და ნამსხვრევებისგან თავდასაცავად მშვიდობიანმა მოქალაქემ შეიძლება იმპროვიზებული საფარი - სახლის კედლები თუ სარდაფები გამოიყენოს, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები - ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფ­ხუტები, რომლებითაც არმიას საკუთარი თავის პატივისმცემელი ყველა ქვეყანა ამარაგებს. მებრძოლის ტანისა და თავდაცვის აუცილებ­ლობას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მიხვდნენ და მტრის ისრებისა და ხმლებისგან ჩაჩქანებითა და ჯაჭვის პერანგებით იცავდნენ თავს.

რკინის ჩაფხუტი პირველი­ და მეორე მსოფლიო ომების დროს იხვეწებოდა; ამავე ბრძოლებში გამოჩნდა თანამედროვე ჯავშანჟილეტის პირველი "წინაპარი" - ფოლადის კირასი, მაგრამ ჯავშანჟილეტის კონსტრუ­ქციის დახვეწა მაინც გასული საუკუნის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ფართოდ გავრცელდა ბალისტიკური ქსოვილი კევლარი და კერამიკული ჯავშნის ფილები.

თანამედროვე ჯავშანჟილეტის­ დაცვის ხარისხის მნიშვნელოვ­ნად გაუმჯობესებამ მდიდარი­ ქვეყნების არმიებს საშუალება მისცა,­ თითოეული მებრძოლი მაღალი­ კლასის ინდივიდუალური­ თავ­დაცვის საშუალებებით - ჯავშა­ნ­შილეტითა და ჩაფხუტით აღ­ეჭურვათ, რამაც მკვეთრად აამა­ღლა მათი უსაფრთხოება ტყვიებისა თუ ნამსხვრევების მოხვედრის შემთხვევაში.

javshan2-1661702234.jpg
ფარულად სატარებელი მსუბუქი ჯავშანჟილეტი პისტოლეტის ტყვიისგან კი დაგიცავთ, მაგრამ მისგან მეტს არ უნდა ელოდეთ

ჯავშანჟილეტის დაცვის კლასის სტანდარტი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პარამეტრით იზომება, თუმცა ყველ­აზე გავრცელებულია აშშ-ის იუსტი­ციის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ შემოღებული კლასიფიკაცია,­ რომლის თანახმად, ჯავშანჟილეტის დაცვის რამდენიმე კლასი არსებობს. ყველაზე დაბალი, დაცვის პირველი­ კლასი,­ იცავს 5-10 მ-დან ნასროლი მცირეკალიბრიანი, მაგალითად, "გეკოს" ტყვიისგან. მეორე კლასი "ლუგერისა" და "მაკაროვის" პისტოლეტების 9 მმ-იან ტყვიებს აკავებს. დაცვის მესამე კლასი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებზეა­ გათვლილი, მეოთხე კლასი კი - შაშხანის უფრო მძლავრი ტყვიის შეჩერებაზე.

დაცვის ამ კლასებს თავისი ქვეკლასები აქვს და ისინი შეესატყვისება სხვადასხვა ტიპის ტყვ­იების (რომლებიც განსხვავებული მასლისგან არის დამზადებული და სხვადასხვა კონსტრუქცია აქვს) შეჩერების დონეს, მაგრამ ასეთი დეტალების ცოდნა ჩვეულებრივ მოქალაქეს არ სჭირდება.­ მან მხოლოდ ერთი რამ უნდა განსაზღვროს - რა სახის საფრთხე შეიძლება დაემუქროს და დაცვის რომელი კლასის ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი დასჭირდება.

თუ მოქალაქე კრიმინალურ გარჩევებს უფრთხის და სურს ინდივიდუალური დაცვის საშუ­ალება შეუმჩნევლად ატაროს, ამისთვის ფარული ჯავშანჟილეტი დასჭირდება, რომელიც პერანგის ქვეშ იცმება და გარეგნულად ძნელად შესამჩნევია, თუმცა დაკვირვებულ თვალს მისი ამოცნობა მაინც შეუძლია. ფარული ჯავშანჟილეტის ამრჩევი მოქალაქე თავიდანვე უნდა მიეჩვიოს აზრს, რომ ეს რბილი ჯავშანჟი­ლეტი, რომელსაც კერამიკული­ ჯავშანფილა არ გააჩნია და მხოლოდ კევლარის ქსოვილისგან შედგება, მას მხოლოდ პისტოლეტისა და რევოლვერის ტყვი­ისგან დაიცავს და თანაც არა - ყველა შემთხვევაში. მაგალითად, "ტეტეს" ტიპის პისტოლეტის 7,62 მმ კალიბრის ფოლადისგარსიანი ტყვია ამ ჟილეტს აუცილებლად გახვრეტს, არადა, თანამედროვე კილერების ყველაზე საყვარელი, ერთჯერადი მკვლელობის იარაღი სწორედ "ტეტეს" პისტოლეტია.

javshan4-1661702234.jpg
"დელტაში" ჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების აწყობის მომენტი

თუკი მოქალაქეს ჯავშანჟი­ლეტის ყველას დასანახავად ჩაცმა­ არ უქმნის პრობლემას, მაშინ ჯობს, კევლარის მასალისგან დამზადებული და წინ და უკან კერამი­კული დამცავი ჯავშანფილებით აღჭურვილი ისეთი ჯავშანჟილეტი გამოიყენოს, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში დაცვის დამატებითი ფრაგმენტების დამაგრება იქნება შესაძლებელი, ეს კი მას დაცვის მეოთხე კლასის უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. ასეთი მაღალი დონის დამცავი ჯავშანჟილეტები ტაქტიკური და სამხედრო დანიშნულებისაა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ვთქვათ, მართლაც მოინდომეს მოქალაქეებმა ჯავშანჟილეტებითა და კომპოზიციური ჩაფხუტებით არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ოჯახის ყველა წევრის დაცვაც, სად შეიძინონ მათ სასურველი დაცვის დონის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები საქართველოში და კანონიერია თუ არა მათი ყიდვა?

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ საქართველოში ჯავშანჟილეტის გაყიდვა­ თითქოს აკრძალულია, რათა ისინი­ პოტენციურმა კრიმინალებმა დანაშაულებრივი მიზნებისთვის არ გამოიყენონ, ჯავშანჟილეტების არა მარტო შეძენა, სპეციალიზებულ ფირმებში თქვენი ზომის შეკვეთაც კი შეგიძლიათ, ოღონდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: კევლარი წლების განმავლობაში ნელ-ნელა კარგავს სიმტკიცეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ჯავშანჟილეტი ხშირად ხვდება წვიმასა და მზეზე, ამიტომ 5-7 წლის შემდეგ შეიძლება ისე ვეღარ შეძლოს პატრონის დაცვა, როგორც თავიდან.

ქართული ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების ისტორიიდან...

ქართველი სპეციალისტების მიერ კევლარისა და კერამიკული ფილებისგან დამზადებული ჯავ­შანჟილეტი პირველად 1999 წელს რუ­მინეთში გავიტანეთ საერთა­შორისო სამხედრო გამოფე­ნაზე, 2000 წელს კი უკვე ჩეხეთში, ნატოს ეგიდით გამართულ უფრო მაღალი დონის გამოფენაზე. მე ორივე გამოფენის მონაწილე გახლდით და თავად ვხედავდი, რომ არც ბუქარესტსა და არც პრაღაში ქართულ ჯავშანჟილე­ტებს მნახველი არ მოჰკლებია, რადგან მისი კერამიკული დამცველი ჟავშანფილა იმ დროს თვით განვითარებული ქვეყნების სამ­ხედრო მრეწველებისთვისაც კი სიახლე იყო და ძალიან აინტერე­სებდათ პატარა და ნაკლებად ცნო­ბილმა საქართველომ რისი გაკე­თება შეძლო.

უკვე მერამდენე წელია, "დელტა" სერიულად აწარმოებს სხვადასხვა დაცვის კლასის ჯავშანჟილეტებსა და ტაქტიკური და სპეციალური დანიშნულების ჩაფხუტებს, რომლებითაც თითქმის მთლიანად აღიჭურვა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და შსს-ს გასამხედროებული დანაყოფები.

ქართულმა ჯავშანჟილეტებმა საბრძოლო ნათლობა ავღანეთისა და აფრიკის სამშვიდობო ოპერაციებში მიიღეს, რის შემდეგაც ისინი უფრო დაიხვეწა.

javshan3-1661702234.jpg
იყო დრო, ამერიკაში პირველ ჯავშანჟილეტებს რევოლვერის სროლით ასე ამოწმებდნენ

შეუძლია თუ არა "დელტას" მოქალაქეების მასობრივად უზრუნველყოფა

"დელტა" ინდივიდუალური­ თავდაცვის საშუალებებით, უპირ­ველესად, საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის აღჭურვას ემსახურება­, მაგრამ თუკი ქვეყნის ხელისუფ­ლება მსოფლიოში და, მით უმეტეს, ჩვენს რეგიონში შექმნილი დაძაბულობის გათვალისწინებით წაახალისებს მოქალაქეების მიერ ჯავშანჟილეტების მასობრივად შეძენას, ყველაფერი შეიძლება.

მე თუ მკითხავთ, ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს თავის სახეზე მორგებული, გამართული აირწინაღი, თავისი ზომის ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი, ასევე­ - საგანგაშო ჩემოდანი.

დაწვრილებით ახსნას არ დავიწყებთ, მაგრამ რამდენ მოქალაქეს უნატრია აფხაზეთისა თუ აგვისტოს ომებში ერთი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი მაინც, რომ საკუთარი თავი კი არა, დაბომბვებისას მის კალთას შეფარებული­ შეშინებული შვილი გადა­ერჩინა.

რა შეიძლება უღირდეს მოქალაქეს ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით პირადი უსაფრთხოების დაცვა

კონკრეტული ფასის დასახელებას ვერ შევძლებთ, რადგან კომერციული კერძო ფირმები­ შეიძლება მყიდველს ჯავშანჟილეტს უფრო ძვირად სთავაზობდნენ, "დელტას" მიერ მოქალაქეებისთვის ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების მასობრივად წარმოების შემთხვევაში კი ფასი, წესით, უნდა შემცირდეს, თუმცა 2.000 ლარზე ნაკლები მაინც არ იქნება, რომ თვითღირებულებაც დაიფაროს და მცირე მოგებაც დარჩეს, ოღონდ ეს ყველაზე მაღალი დაცვის კლასის ტაქტიკური ჯავშანჟილეტების ფასი იქნება, უფრო დაბალი კლასისას კი ფასიც ნაკლები ექნება. ამასთან, დღევანდელი­ კანონმდებლობით, "დელტას" კომერციული საქმიანობის უფლება არა აქვს. ამისთვის ან კანონის შეცვლაა საჭირო, ან "დელტას" იურიდიული სტატუსის შეცვლა.