პუტინმა ასადს „ს-300“-ები უკან წაართვა და ისრაელის ავიაციისთვის „გემრიელ ლუკმად“ გადააქცია... - კვირის პალიტრა

პუტინმა ასადს „ს-300“-ები უკან წაართვა და ისრაელის ავიაციისთვის „გემრიელ ლუკმად“ გადააქცია...

რამდენიმე წლის წინ, რუსეთის პროპაგანდამ მთელ მსოფლიოს მოსდო, თუ როგორ ზრუნავს პრეზიდენტი პუტინი მეგობარ სირიელ ხალხზე და მათი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად „ს-300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს უგზავნისო...

მართლაც, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მასიაფთან, საბრძოლო მორიგეობაზე დადგა „ს-300“-ის ბატარეა, რაც თანამგზავრულ კომერციულ ფოტოებზეც კარგად ჩანდა, ხოლო ისრაელის საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის ბევრად უფრო დეტალურ სურათებში კი ეტყობა ამ რუსული „ს-300“-ის მანქანების თითოეული ჭანჭიკიც კი გამოჩნდებოდა.

მაშინ, მოსკოვმა პრეზიდენტ ბაშარ ასადს სწორედ იმიტომაც გაუგზავნა ეს შედარებით თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომ ოფიციალური დამასკო შეწუხებული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების აბსოლუტურად დაუსჯელი წერტილოვანი დარტყმებით სირიის მნიშვნელოვან ობიექტებზე.

ისრაელის პილოტების საბრძოლო დავალებას მაშინაც და ახლაც, წარმოადგენდა და წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება სირიის ტერიტორიაზე, რომელთა მშენებლობის არაოფიციალური ნებართვა დამასკომ თეირანს უკვე დიდი ხანია მისცა.

sam2-1661704258.jpg
ქალაქ მასიაფის რაიონში სხვადასხვა დროს გადაღებული ორი თანამგზავრული სურათი - მარცხენაზე ჯერ კიდევ მოჩანს რუსული „ს-300“-ის სარაკეტო დანადგარები, მარჯვენაზე კი ისინი „გამქრალნი“ არიან...

თელ-ავივის შეშფოთების მიზეზების გაგებაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, რადგან ისრაელში უფრთხიან, რომ ირანი, რომელსაც საერთო საზღვარი არ აქვს ისრაელთან, მისი უშუალო მეზობლის - სირიის ტერიტორიაზე ქმნის სარაკეტო ბაზებს, რომლებიდანაც უფრო გაუადვილდება რაკეტებით მისწვდეს ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის ყველა კუთხეს...

რუსული „ს-300“-ების სირიაში გადასროლის შემდეგ, რაც იმ ფაქტმაც დააჩქარა, რომ სირიელმა მეზენიტეებმა „მეგობრული ცეცხლით“ რუს პარტნიორებს სადაზვერვო „ილ-20“ ჩამოუგდეს, როდესაც ისრაელის გამანადგურებლისკენ გაუშვეს საზენიტო რაკეტა, დამასკოშიც და თეირანშიც იმედოვნებდნენ, რომ „ს-300“-ების შიშით, ისრაელი საჰაერო თავდასხმებს შეწყვეტდა.

თავდაპირველად, თითქოს ასეც იყო, მაგრამ შემდეგ, ყოველ კვირას, რამდენიმე საჰაერო შეტევას სირიის ტერიტორიაზე განთავსებული ირანული სამხედრო ობიექტების მიმართ, ისრაელი მაინც აგრძელებს.

მხოლოდ ამა წლის მაისში, ერთხელ იქნა გაშვებული რუსული „ს-300“-ის საზენიტო რაკეტა ისრაელის გამანადგურებლის მიმართულებით და ისიც, უშედეგოდ.

დიდი ალბათობით, მოსკოვსა და თელ-ავივს შორის არსებობს ფარული შეთანხმება, რომ მათ ერთმანეთს არ გაურთულონ ცხოვრება სირიასა და უკრაინაში, რაზეც მეტყველებს რუსეთის თითქმის ნეიტრალური რეაქცია სირიაში ისრაელის დაბომბვებზე და ასევე, ისრაელის დიდი პასიურობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე.

თუკი სირიაში მყოფ რუს მეზენიტეებს გაფრთხილება ჰქონდათ მიცემული, რომ არ ჩამოეგდოთ ისრაელის თვითმფრინავები, მაშინ რაღა საჭირო იყო „ს-300“-ების ბატარეის დატოვება ამ ქვეყანაში, როდესაც თავად რუსეთს გაუჭირდა უკრაინასთან ომში და ახალი საზენიტო საშუალებების დამატება სჭირდება, რომ როგორმე მოიგერიოს უკრაინელების მიერ ზუსტად გაშვებული „ჰაიმარსის“ რაკეტები?

sam3-1661704258.jpg
თანამგზავრულ სურათზე ასახულია სირიის ტარტუსის პორტის პირსზე მოგროვებული რუსული „ს-300“-ის შემადგენელი მანქანები, რომლებიც შემდგომ რუსეთში სატვირთო გემით ჩაიტანეს

თანამგზავრულ სადაზვერვო ფოტოებზე გამოჩნდა, რომ რუსეთმა სირიის ქალაქ მასიაფის მიდამოებიდან საბრძოლო მორიგეობიდან მოხსნა „ს-300“-ის ბატარეა და 17 აგვისტოს, ამ სისტემის შემადგენელი მანქანები ტარტუსის პორტის პირსთან დააგროვა, შემდგომ სატვირთო გემში ჩატვირთა და სავარაუდოდ, ნოვოროსიისკის პორტში ჩაიტანა.

სირიიდან უკან დაბრუნებული ამ „ს-300“-ით პუტინმა უკრაინის ფრონტზე შეიძლება მცირედით გააძლიეროს რუსი ოკუპანტების შტაბებისა და საბრძოლო მასალების საწყობების დაცვა „ჰაიმარსების“ რაკეტების ზუსტი „სტუმრობებისგან“, მაგრამ მის მეგობრად მონათლული სირიის პრეზიდენტი ასადი მან თითქმის დაუცველი დატოვა ისრაელის ავიაციის ჰაერიდან თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში.

მართალია, სირიაში რუსეთის ორ სამხედრო ბაზას, ჰმეიმიმში და ტარტუსში უფრო თანამედროვე „ს-400“-ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები იცავენ, მაგრამ ისინი არასდროს ჩართულან ისრაელის საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში და არც ჩაერთვებიან, რადგან მათი მთავარი ამოცანა სწორედ ამ ორი რუსული სამხედრო ბაზის საჰაერო თავდაცვაა და არა - სირიელი თუ ირანელი სამხედროების საიდუმლო სარაკეტო ობიექტებზე „ქოლგის“ გადაფარება.

თავის მხრივ, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს და ჰმეიმიმის სამხედრო ბაზის რუსულ სარდლობას რამდენიმე წუთით ადრე აფრთხილებს - სირიის ამა და ამ ადგილას, ირანელების სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში მიმაქვს და სხვა არაფერი იფიქროთო...