ტყის ხანძრებთან ბრძოლის ტაქტიკა შესაცვლელია - კვირის პალიტრა

ტყის ხანძრებთან ბრძოლის ტაქტიკა შესაცვლელია

აგვისტოს ბოლოს ტყის ხანძრების მომრავლებაში ადამიანის - ხის უკანონო მჭრელების, ვაიტურისტების ან დივერსანტების ხელი ურევია თუ ეს მაღალი ტემპერატურის, უნალექობისა და ძლიერი ქარის ბრალია?

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2017 წლისა და 2022 წლის ტყის ხანძრების დრო საოცარი სიზუსტით დაემთხვა ერთმანეთს და, სამწუხაროდ, ერთი სცენარით წარიმართა: ტყეში პატარა კერის დროულად ვერაღმოჩენისა და, სავარაუდოდ, დაგვიანებული რეაგირების გამო ის ფართომასშტაბიან ტყის ხანძრად გადაიქცა და ჰექტარობით ტყის მასივები გადაწვა.

ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავრობას დასჭირდა მეგობარი ქვეყნებისთვის თხოვნა, რომ მათ ბორჯომის ტყეების ხანძრების ჩაქრობაში დასახმარებლად სპეციალიზებული ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და შვეულმფრენები გამოეგზავნათ.

ტყის ხანძრები ის მწარე რეალობაა, რომელიც მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს - გლობალური დათბობის გამო მოიმატა ჰაერის ტემპერატურამ, რასაც ემატება ხანგრძლივი გვალვა და სამხრეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ზაფხულში ტყის ხანძრები ყოველწლიურ ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა.

ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ტყის ძლიერი ხანძრები ზაფხულის მიწურულს, გვალვებისა და ძლიერი ქარების შემთხვევაში, საქართველოს ვერც მომავალში აუვლის გვერდს და იმისთვის, რომ 2017 და 2022 წლების ბორჯომის ტყის ხანძრების მსგავსის განმეორებებისგან თავი დავიზღვიოთ, აუცილებელია ტყის ხანძრებთან ბრძოლის მეთოდებისა და ტაქტიკის შეცვლა.

sam1-1661706098.jpg
თავად შეადარეთ - ჩვეულებრივი კამერით გადაღებულ მარცხენა ფოტოზე მხოლოდ ტყის დაკვამლიანება ჩანს (როგორც მას ადამიანის თვალი აღიქვამს), ხოლო მარჯვენა ფოტო თერმული კამერით არის გადაღებული, რომელიც აჩვენებს, რომ ტყის დაკვამლიანების ქვეშ თურმე ცეცხლის რამდენიმე კერა იმალება

რა შეიძლება იყოს ეს ცვლილება?

უპირველესად, საჭიროა ძნელად მისადგომ ტყის სიღრმეში პატარა ცეცხლის კერის ადრეული აღმოჩენა, სანამ ის ფართომასშტაბიან ტყის ხანძარში გადაიზრდება, ამისთვის კი აუცილებელია ტყეების თავზე საჰაერო მონიტორინგის სისტემის ამუშავება, რომელიც ადვილად აღმოაჩენს ცეცხლის კერას და მცირე დაკვამლიანებასაც კი, მაგრამ მხოლოდ ადამიანის თვალით ამის მუდმივი კონტროლი დამღლელი და ნაკლებად ეფექტურია. საჭიროა სპეციალური მაღალმგრძნობიარე თბოვიზორული ხელსაწყოების გამოყენებით სითბოს წყაროების დისტანციურად, რამდენიმე ათეული ან ასეული მეტრიდან გამოვლენა.

თბოვიზორული ხელსაწყოების დამონტაჟება, რა თქმა უნდა, შეიძლება შვეულმფრენზე, რომელიც საინსპექციო ფრენებს განახორციელებს ტყის მასივების თავზე და შვულმფრენში მჯდომი ოპერატორი მონიტორზე დაინახავს ხანძრის კერებს, მაგრამ ამ საჰაერო მონიტორინგისთვის შეიძლება არაერთი შვეულმფრენი დაგვჭირდეს, რომელთაც რთული მთაგორიანი რელიეფის თავზე, შედარებით დაბალ სიმაღლეზე ხშირი ფრენა მოუწევთ, ეს კი რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ავარიული სიტუაციის შემთხვევაში ეკიპაჟს მოუწევს მთის ციცაბო კალთაზე იძულებითი დაშვება, თანაც - მრავალწლიანი ხეების მსხვილ კენწეროებზე. ცალკე საკითხია შვეულმფრენების არცთუ იაფი ექსპლუატაცია და მათი საფრენოსნო რესურსის ხარჯვა, ამიტომაც უფრო მიზანშეწონილია, თბოვიზორი დრონს - უპილოტო საფრენ აპარატს „"ავკიდოთ", რომლის ავარია და ჩამოვარდნა, რა თქმა უნდა, დასანანი და ფინანსურად წამგებიანი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანთა მსხვერპლს გადავურჩებით.

sam3-1661706099.jpg

დასავლეთის წარმოების თანამედროვე შვეულმფრენების პარკი მთაგორიან საქართველოს, ტყის ხანძრების ქრობის გარდა, კიდევ ბევრ რამეში გამოადგება

თბოვიზორების განვითარება და გაუმჯობესება მათი მასისა და გაბარიტების მინიმიზაციის ხარჯზე მიმდინარეობს და დღეს უკვე იწარმოება კომპაქტური, მაღალმგრძნობიარე თბოვიზორები, რომელთა დამონტაჟება სხვადასხვა ზომის დრონებზე შეიძლება. გასაგებია, რომ დიდი გაბარიტებისა და სიმძლავრის დრონზე უფრო ძლიერი თბოვიზორის დამონტაჟება იქნება შესაძლებელი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ბუნებრივია, აქვს რამდენიმე დრონი, შეიძლება თბოვიზორით აღჭურვილიც კი, მაგრამ ამ სტრუქტურაში საჭიროა ახალი საჰაერო მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელმაც წელიწადში ინტენსიურად შეიძლება მხოლოდ აგვისტოს თვის ბოლო ერთ კვირაში იმუშაოს, მაგრამ სამაგიეროდ რამხელა საფრთხესა და პრობლემებს ააცილებს თავიდან ჩვენს ქვეყანას?!

თუმცა ტყის სიღრმეში ცეცხლის პატარა კერის ადრეულად აღმოჩენა მხოლოდ ნახევარი საქმეა. საჭიროა ამ კერის ოპერატიულად ლიკვიდაცია, სანამ ძლიერი ქარი მას ფართომასშტაბიან ხანძრად აქცევს, მაგრამ მთის ციცაბო კალთაზე, ტყის მასივში, თუნდაც მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო მანქანას ვერ აიყვან, გზისთვის საჭირო იქნება ტყის ზოლის გაჩეხაც, ამიტომ უპრიანია მეხანძრე-მედესანტეების გამოყენება, შვეულმფრენი ერთ ადგილზე ეკიდება და მეხანძრე-მედესანტეები ბაგირით ეშვებიან შუაგულ ტყეში, მათ ზურგზე მოკიდებულ რეზერვუარებში კი წყლის ნაცვლად სპეციალური, უფრო ეფექტიანი ხანძარმქრობი სითხე ასხია. ისინი უახლოვდებიან შედარებით მცირე მასშტაბის ცეცხლის კერას და იწყებენ მის ჩაქრობას, მათ მოქმედების კი დრონის ვიდეოკამერით ოპერატიული შტაბის მონიტორზე აკვირდებიან და რაციით ხელმძღვანელობენ.

შეიძლება ძლიერმა ქარმა და დაკვამლიანებამ ხელი შეუშალოს ტყეში ბაგირით ჩაშვებულ მეხანძრეებს და მათი სასწრაფო ევაკუაცია გახდეს საჭირო (2005 წლის აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობისას საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს შუა ტყეში საშინელ კვამლში მოხვედრა, როცა ტორფი თვალით შეუმჩნევლად იწვის და თუ დროზე არ გაასწარი, გაიგუდები, წინ კი ხევია...), ამიტომ სამაშველო შვეულმფრენი ყოველთვის მზად უნდა იყოს.

თუ ვერ მოხერხდა ცეცხლის კერების ადრეული ლიკვიდაცია და ხანძარი მაინც ფართო მასშტაბს იძენს, რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?

მთის მწვერვალებზე წყლის რეზერვუარების აგება, საიდანაც თვითდინებით, მილებით შესაძლებელი იქნება ხანძრის კერების დამუშავება, ერთი შეხედვით საინტერესო პროექტი ჩანს (მახსოვს, 2017 წლის ბორჯომის ტყის ხანძრის დროს სამხიდიანი სატვირთოებით მთაზე წყლით სავსე რეზერვუარები აგვქონდა სახანძრო მანქანების ცისტერნების შესავსებად), მაგრამ ეს ძალზე ძვირი ეღირება.

მართალია, შვეულმფრენზე ჩამოკიდებული ბრანდსპოინტით, რომელშიც წყალი მიწიდან წნევით იქაჩება, ცდილობენ მეგაპოლისებში ცათამბჯენების მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრონ, მაგრამ ტყის ხანძრების შემთხვევაში არც ეს მეთოდი გამოდგება.

რჩება ერთადერთი გზა, რომელზე უკეთესი ჯერ მსოფლიოში არ გამოუგონიათ - საფრენი აპარატების გამოყენება ხანძრის კერაზე ზემოდან წყლის ან ქაფის წარმომქმნელი სპეციალური ხსნარების დასასხმელად.

მართალია, ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავს მეტი წყლის მასის უფრო სწრაფად მიტანა და გადმოღვრა შეუძლია, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი თვითმფრინავის ფრენის მინიმალური სიჩქარე არანაკლებ 200-300 კმ/სთ უნდა იყოს, ბევრი რამე ეკიპაჟზეა დამოკიდებული, რომ ამ სისწრაფით ფრენისას წყლით "დაბომბვა"“ზუსტად ხანძრის კერას დაამთხვიოს და ათეულობით მეტრით არ ააცილოს, რაც ხშირად ხდება კიდეც.

ამ მხრივ შვეულმფრენი უფრო ეფექტიანია, რადგან ის მინიმალური სიჩქარით, სულ რამდენიმე ათეული კმ/სთ-ით უახლოვდება ხანძარს და წყლის მასას სპეციალური კალათიდან მის თავზე ჩამოცლის, თუმცა დიდი პრობლემები აქაც იჩენს თავს: ძლიერი ხანძრის თავზე წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის ჰაერის ნაკადის აღმავალი დინებები, რომლებიც ძალზე სახიფათოს ხდის დაბალ სიმაღლეზე პატარა სიჩქარით შვეულმფრენის პილოტირებას და მით უმეტეს - ასეთი ძლიერი ხანძრის ზემოთ შვეულმფრენის „"ჩამოკიდებას". გარდა ამისა, შვეულმფრენის კალათიდან გადმოღვრილი წყლის მასის ნაწილს ფანტავს შვეულმფრენის მთავარი ხრახნის სწრაფი ბრუნვის შედეგად წარმოქმნილი „ქარბორბალა“ და წყლის მთლიანი მასა ხანძარს აღარ ეცემა.

საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო საფრენი აპარატები აუცილებლად სჭირდება, მაგრამ ძვირად ღირებული სპეციალიზებული ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავების შეძენა, რომლებსაც მხოლოდ ეს ფუნქცია ექნება, არარენტაბელური ჩანს, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სეზონური გაქირავება შეიძლება იმ ქვეყნებში, სადაც ხანძრები ხშირად მძვინვარებს, თუკი იგივე პრობლემა იმ მომენტში ჩვენს ქვეყანასაც არ ემუქრება. წლების განმავლობაში რამდენიმე ქართული კერძო ავიაკომპანიის შვეულმფრენები ქართული ეკიპაჟებითურთ თურქეთში ტყის ხანძრების ჩასაქრობად იყო გაქირავებული.

მიუხედავად ავიაციის შეძენისა და ექსპლუატაციის სიძვირისა, ჩვენაირი მთაგორიანი რელიეფის ქვეყანა შვეულმფრენების ძლიერი პარკის გარეშე ვერ გაძლებს.

ახალი, დასავლური ტიპის შვეულმფრენების შეძენა (ჯობს ერთი კონკრეტული ფირმის, რომ არ გართულდეს სხვადასხვა მოდელის შვეულმფრენების შემდგომი ექსპლუატაცია) იმიტომაც არის საჭირო, რომ ამ საჰაერო აპარატებს შეუძლია, სამაშველო ოპერაციების გარდა, ქვეყნის თავდაცვითი დამხმარე ამოცანების შესრულებაც, ხოლო საჭიროებისას, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად, მათზე წყლის კალათების ჩამოკიდებაც შეიძლება, ანუ ეს შვეულმფრენები ქვეყნის ინტერესებს წელიწადის ყველა დროს ბევრი მიმართულებით წარმატებით მოემსახურება.

სტატიის ბოლოს უნდა დავუბრუნდეთ კითხვას, რომელიც არ ასვენებს მოსახლეობის დიდ ნაწილს: აგვისტოს ბოლოს ტყის ხანძრების მომრავლებაში ადამიანის ხელი ურევია თუ ეს მაღალი ტემპერატურის, უნალექობისა და ძლიერი ქარის ბრალია?კონსპირაციის ანუ შეთქმულების თეორიების მიმდევართა წრეებში უეჭველად მიაჩნიათ, რომ ტყის სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებლ ადგილებში ერთდროულად რამდენიმე ცეცხლის კერა განზრახ ჩნდება და აქ შეიძლება უცხო ქვეყნის დივერსანტების ხელიც ერიოს. ეს ვერსია რომ გამოირიცხოს ან, პირიქით, დადასტურდეს, ხანძარსაშიშ პერიოდში ტყის მასივების თავზე საჭიროა თბოვიზორიანი დრონების საჰაერო მონიტორინგის სისტემის დანერგვა და ამუშავება, რადგან მაღალმგრძნობიარე თბოვიზორი მხოლოდ ბოლომდე ჩაუმქრალ კოცონს როდი აღმოაჩენს, არამედ ადამიანის სხეულის სითბოსაც აფიქსირებს, რითაც გამოჩნდება, ცეცხლის კერების სიახლოვეს არიან თუ არა ადამიანები და რა მიზნით, ხოლო თუკი ხანძრები მაინც არამეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დრონებიდან ჩამოყრილი ტერმიტული ყუმბარებით არის გაჩენილი (რისი ვარაუდიც „"კვირის პალიტრაში"“ 2017 წლის ბორჯომის ტყის ხანძრების დროს გამოვთქვით), მაშინ საქმე სულ სხანაირად ყოფილა.