უკრაინის ომში ბელარუსი ჯარისკაცების გაგზავნას კი ამუხრუჭებს ლუკაშენკო, მაგრამ... - კვირის პალიტრა

უკრაინის ომში ბელარუსი ჯარისკაცების გაგზავნას კი ამუხრუჭებს ლუკაშენკო, მაგრამ...

ნახევარწლიან რუსეთ-უკრაინის ომში მოწინააღმდეგე მხარეების გამოფიტვის ნიშნები გამოჩნდა. ფართომასშტაბიანი შეტევების განხორციელება რუსეთის არმიას აღარ ძალუძს, უკრაინელებს კი ჯერ არ შეუძლიათ, ამიტომაც ბრძოლების უმეტესობამ ფრონტის ძირითად მონაკვეთებზე პოზიციური ხასიათი მიიღო, როდესაც მთავარ აქტორად „ომის ღმერთი - არტილერია იქცა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ თითქმის სენსაციური განცხადება გააკეთა - რუსი დამპყრობლები ფრონტის ხაზის მთელ გაყოლებაზე დღე-ღამის განმავლობაში 40-დან 60 ათასამდე გასროლას ახორციელებენო.

ამ ციფრებში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები. ეს რაოდენობა მოიცავს მცირე, საშუალო და მსხვილი კალიბრის ჭურვებს, სხვადასხვა დანიშნულების რაკეტებს, ასევე - ნაღმსატყორცნის ნაღმებს.

ასეთი ზეინტენსიური, ყოველდღიური სროლების შემდეგ კიდევ როგორ ამაგრებენ თავდაცვით ზღუდეებს უკრაინელები, მართლაც გასაკვირია.

მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს მემკვიდრეობით ერგო საარტილერიო და სარაკეტო საბრძოლო მასალების მრავალრიცხოვანი საწყობები, მაგრამ ულევი არაფერია, მით უმეტეს - ასეთი ინტენსიური სროლის შემდეგ.sam4-1661706099.jpg

გარდა ამისა, უკრაინელებმა ამერიკული "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტებით რუს ოკუპანტებს უკვე რამდენიმე ათეული საბრძოლო მასალის საწყობი აუფეთქეს, ხოლო სადაც "ჰაიმარსების" რაკეტები ვერ სწვდება, იქ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ, რაზეც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებული აფეთქებებიც მეტყველებს. სხვათა შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა, რომ ყირიმში, ჯანკოისთან, მაისკის დასახლებაში, საბრძოლო მასალების საწყობის მძლავრი აფეთქების მიზეზი დივერსია იყო.

საარტილერიო ცეცხლის ასეთი მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად რუს ოკუპანტებს ყოველდღე ჭურვებითა და რაკეტებით სავსე რამდენიმე სარკინიგზო ეშელონის დაცლა მაინც სჭირდებათ. საბრძოლო მასალების ძირითადი მარაგი, რაც რუსეთის არმიას ევროპულ ნაწილში ჰქონდა, ნახევარწლიანი ომის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა, შორეულ აღმოსავლეთში მდებარე საწყობებიდან მათი ჩამოტანა კი ხანგრძლივი პროცესია, ამიტომაც რუსეთმა... ბელარუსის არმიის საბრძოლო მასალების გამოზიდვა დაიწყო.

ცოტა უცნაურად ჩანს, შენი შეიარაღება დიდი რაოდენობით მისცე სხვას, თუნდაც მეგობარ ქვეყანას და თან გაიძახოდე, ნატოსგან თავდასხმას ველოდებიო. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო, თუმცა ეს მისთვის გამოსავალია.

პუტინის რუსეთმა უკრაინასთან ომის ჭაობში ბელარუსი ბოლომდე რომ არ ჩაითრიოს და უკრაინის ფრონტზე ბელარუსი ჯარისკაცები და ოფიცრები არ შეიწიროს, ლუკაშენკომ პუტინს თავისი არმიის სამხედრო საწყობების კარები ფართოდ გაუღო.

აგვისტოს ბოლომდე ბელარუსის შეიარაღებული ძალების არსენალიდან რუსეთი 12 ათას ტონა საბრძოლო საჭურვლის გატანას აპირებს, რასაც დაემატა გომელის შენახვის ბაზიდან სხვადასხვა კალიბრისა და ტიპის რამდენიმე ათეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის „პრივატიზაციაც.

„თუკი დრო გაგყავს და ჯარს არ მაშველებ, მაშინ შეიარაღება და საბრძოლო მასალა მომაწოდე“ - ალბათ, ასეთია ლუკაშენკოსადმი პუტინის მოთხოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა პუტინის უკრაინაზე თავდასხმას და ამისთვის ბელარუსის ტერიტორიაც კი დაუთმო, "ბატკა" არც ისეთი მიამიტია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ პუტინის სისხლიანმა ავანტიურამ რუსი და უკრაინელი ხალხი ათწლეულებით ან შეიძლება ასწლეულითაც კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს და არ სურს კრემლის ბინადარის ეს საშვილიშვილო დანაშაული გაიმეოროს - მეზობელ ბელარუსებსა და უკრაინელებს შორის სისხლის ღვრისთვის ლუკაშენკოს მომავალი თაობები შეაჩვენებენ.

მაგრამ საბრძოლო მასალითა თუ შეიარაღებით პუტინის არმიის მხარდაჭერა ამით არ მთავრდება - ბელარუსის სამხრეთ ნაწილში, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან სულ 23 კმ-ში მდებარე სამხედრო აეროდრომ ზიაბროვკაზე გრძელდება რუსეთის არმიის შორს მოქმედი სარაკეტო სისტემების თავმოყრა, მათ შორის - საზენიტო-სარაკეტო შ-400-ებისა და ოპერატიულ-ტაქტიკური Iskander-მ-ების, რომლებიც ადვილად მისწვდებიან 215 კმ-ით დაშორებულ უკრაინის დედაქალაქ კიევს.

კიევზე პუტინის არმიის ხელმეორე იერიშის მცდელობას არ გამორიცხავენ არც უკრაინის და არც დასავლეთის სადაზვერვო ორგანოები. ის, რაც კრემლს ერთხელ ბლიცკრიგით არ გამოუვიდა, შეიძლება მეორედ კიევის ბარბაროსული დაბომბვით სცადოს.