"ირან-რუსეთის ალიანსი მტკიცდება - აშშ თვალს ადევნებს მისი ორი მოწინააღმდეგის ერთმანეთთან დაახლოებას" - კვირის პალიტრა

"ირან-რუსეთის ალიანსი მტკიცდება - აშშ თვალს ადევნებს მისი ორი მოწინააღმდეგის ერთმანეთთან დაახლოებას"

ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ირან-რუსეთის ალიანსი მტკიცდება - ხორბლით, დრონებით და კოსმოსური თანამგზავრებით: აშშ თვალს ადევნებს მისი ორი მოწინააღმდეგის ერთმანეთთან დაახლოებას" (ავტორი - ბენუა ფალკონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.

ირანი და რუსეთი უფრო მტკიცე კავშირებს ავითარებენ, ვიდრე დღემდე ჰქონდათ, რაც ვაშინგტონში შეშფოთებას იწვევს.

აგვისტოში რუსეთმა ბაიკონურის (ყაზახეთი) კოსმოდრომიდან კოსმოსში გაიყვანა ირანის ხელოვნური თანამგზავრი "ხაიამი", რაც თეირანის კოსმოსური პროგრამის წარმატებას წარმოადგენს. ირანის მტკიცებით, თანამგზავრი განკუთვნილია სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების დაზვერვისათვის, სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციისა და საზღვრების მონიტორინგისთვის, ამერიკას კი ეჭვი აქვს, რომ თანამგზავრი თეირანმა შეიძლება, უკრაინის ჯარების გადაადგილებაზე დაკვირვების მიზნით გამოიყენოს.

სულ ახლახან კი, გასულ კვირაში, ირანელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი სწავლება გამართეს უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) მონაწილეობით. არის ცნობები, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) უნდა მიაწოდოს უკრაინის წინააღმდეგ ომში. თეირანი უარყოფს რუსეთისადმი დახმარების განზრახვებს: "ისლამური რევოლუციის გუშაგების" კორპუსის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ ალი ბალალის თქმით, სამხედრო წრთვნებს დრონების მონაწილეობით უკრაინასთან არავითარი კავშირი არ აქვს და მიმართულია მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლისათვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სამხედრო წვრთნები, რომლებშიც რუსეთის მოკავშირეები - ბელარუსი და სომხეთიც მონაწილეობენ, ადრე მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იმართებოდა ხოლმე, ახლა კი, პირველად ჩატარდა ირანში.

თეირანისა და მოსკოვის ურთიერთობების "კორიანტელი" მოწმობს, რომ უკრაინის ომმა რუსეთისა და ირანის კიდევ უფრო დაახლოება გამოიწვია. რასაკვირველია, ადრეც აშკარა იყო მათი ერთმანეთისადმი სიმპათიები - ორივე სახელმწიფო იმ მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც აშშ ატარებს, ორივეს მკაცრი ამერიკული სანქციები აქვთ გამოცხადებული.

ბოლო დროს ორივე ქვეყანა ინტეგრირების ახალ გზებს ეძებს და პოულობს კიდეც. ჯეიკ სალივანის - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მოსკოვისა და თეირანის მზარდი კავშირები აშშ-სთვის "დიდ საფრთხეს" წარმოადგენს.

მოსკოვსა და თეირანში რუსეთ-ირანის ლიდერების - ვლადიმერ პუტინისა და იბრაჰიმ რაისის უმაღლესი დონის შეხვედრებზე რომ არაფერი ვთქვათ, ვაჭრობის დონის ზრდაც იმავეს მოწმობს: მიმდინარე წელს ორმხრივი ექსპორტ-იმპორტი 10%-ით გაიზარდა და უკვე 4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთსა და ირანს შორის არსებული ძველი უთანხმოებები გაქრა. მათ შორის მაინც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სირიის საკითხში, ასევე, ირანის ისტორიული ეჭვები რუსეთის პოლიტიკის მიმართ - როგორც სპარსეთის (ირანის) საშინაო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით (რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა მე-19 - მე-20 საუკუნეებში), ასევე - რუსეთის, როგორც დომინირებადი სახელმწიფოს მიმართ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთს ირანთან ურთიერთობაში კონკურენტიც ჰყავს. გასულ წელს ჩინეთმა ირანს თითქმის 19 მილიარდი დოლარის პროდუქცია მიაწოდა. ამას წინათ თეირანმა და პეკინმა შეთანხმება გააფორმეს 25 წლის ვადით, რომელიც ვაჭრობის 400 მილიარდ დოლარამდე ზრდას ითვალისწინებს.

და მაინც, შესამჩნევია, რომ ბოლო თვეებში ბევრი რუსი ბიზნესმენი ჩადის თეირანში, რათა სანქციების გვერდის ავლის გზები იპოვოს და ამ საკითხში ირანის გამოცდილება გაიზიაროს. თეირანის მაღაზიებსა და სასტუმროებში ამ დღეებში ხშირად გაიგონებთ რუსულ საუბარს - ირანი რუსი ტურისტებისთვის, რომლებსაც დასავლეთმა კარი ჩაუკეტა, ერთგვარ ჩამნაცვლებელ ქვეყნად იქცა.

ივლისის მონაცემებით, ირანი რუსული ხორბლის მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემსყიდველი გახდა. იმ დროს, როცა მსოფლიოში სურსათის უკმარისობის საფრთხე მატულობს, რუსეთი ირანისათვის ხორბლის მიწოდებაში საიმედო დასაყრდენად იქცა: ივლისში ირანმა რუსეთისაგან ეგვიპტესთან და თურქეთან შედარებით ორჯერ მეტი ხორბალი იყიდა - 360 ათასი ტონა, რაც ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს.

სავაჭრო ექსპერტების თქმით, ირანი და რუსეთი ცდილობენ, იპოვონ ისეთი ბანკები, რომლებიც შეძლებენ მათი სავაჭრო ოპერაციების მომსახურებას.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის ორი მტკიცე მოწინააღმდეგიის - ირანისა და რუსეთის ვაჭრობა აყვავების ხანაშია, მაგრამ ეს უფრო "გაანგარიშებულ ქორწინებას" ჰგავს იმ დროს, როცა ორივე საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. ემბარგო ბიძგს აძლევს მოსკოვსა და თეირანს, ერთმანეთთან უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ვაჭრობასა და სამხედრო სფეროში. თუმცა, რიგ საკითხებში უთანხმოებები შენარჩუნებულია და, ალბათ, ეს ფაქტორი დროდადრო პრობლემების გამომწვევი იქნება. წყარო წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ