პოლონეთი უკრაინას ყველა თავის ტანკს გადასცემს, სამაგიროდ კი... - კვირის პალიტრა

პოლონეთი უკრაინას ყველა თავის ტანკს გადასცემს, სამაგიროდ კი...

ნატოს წევრი ქვეყნებიდან პოლონეთი ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას და გერმანიასავით ყველა დეტალზე არ ახვეწნინებს კიევს.

პოლონეთის ეს მონდომება გასაგებიცაა, რადგან პოლონელებს თავის თავზე აქვთ გამოცდილი რუსული სამხედრო აგრესია გასულ საუკუნეში და იმასაც ხვდებიან, რომ თუკი რუსეთი მაინც მოახერხებს უკრაინის "გადაყლაპვას", რიგში შემდეგი პოლონეთი იქნება, კრემლის მიერ ბალტიისპირეთის სამი პატარა ქვეყნის სწრაფი "მონელებისთანავე".

პოლონეთი სერიოზულადაა დაინტერესებული, რომ რუსეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლოს უკრაინასთან ომის ჭაობში და რუსულმა სამხედრო მანქანამ კრახი განიცადოს უკრაინის სტეპებში, რაც ათწლეულებით გადაავადებს კრემლისგან მომდინარე საფრთხეებს.

ამიტომაც ვარშავა კიევს სამხედრო დახმარებას ჯერ კიდევ პუტინის არმიის შეჭრამდე უწევდა, ხოლო რუსული აგრესიის დაწყებისთანავე ეს დახმარება გააათკეცა...

2022 წლის დასაწყისისთვის ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პოლონეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების არსენალში მოიძებნებოდა 1 009 ტანკი, 1 611 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, სხვადასხვა კალიბრის 410 საარტილერიო დანადგარი.

ომის ექვსი თვის განმავლობაში პოლონეთმა უკრაინას გადასცა 400 ერთეულზე მეტი ტანკი და ასზე მეტი ჯავშანმანქანა, რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით კამიკაძე-დრონსა და კიდევ ბევრ სხვა შეიარაღებაზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვარშავამ შეიძლება დარჩენილი 500-იოდე ტანკი და ათასზე მეტი ჯავშანმანქანა კიდევ გადასცეს უკრაინის არმიას ანუ ბოლომდე "გაიწმინდოს" საბჭოთადროინდელი სტანდარტის მძიმე საბრძოლო ტექნიკისგან და მთლიანად გადავიდეს ნატოს სტანდარტის შეირაღებაზე.

მეზობელი უკრაინელებისთვის ასე გულუხვად ტანკების გაგზავნის პარალელურად, პოლონელები, რა თქმა უნდა, არც თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ივიწყებენ.

ვარშავას გადაწყვეტილი აქვს, ქვეყნის თავდაცვის მკვეთრად გაზრდის მიზნით, უახლოეს წლებში კოლოსალური თანხა - 14,5 მლრდ დოლარი დახარჯოს, რაც მას ნატოს აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებში ყველაზე ძლიერი არმიის მფლობელად აქცევს, რომლის რიცხოვნობა 300 ათას კონტრაქტით მომსახურეზე მეტად გაიზრდება, ხოლო ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს მიუახლოვდება...

ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრებია, რაც უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ დასავლეთი კრემლის მთავარ შემაჩერებელ ზღუდედ ევროპის მიმართულებით სწორედ პოლონეთს ირჩევს, თუკი პუტინის აგრესიამ, ღმერთმა არ ქნას, მაინც გაიმარჯვა უკრაინაზე.

ეს უზარმაზარი თანხები დაიხარჯება პოლონეთის განახლებული არმიისთვის 980 ტანკის, 600-ზე მეტი თვითმავალი საარტილერიო დანადგარისა და 48 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავის შესაძენად სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან.

2-p-1661768164.jpg

K9 Thunder-ი, ასევე, სამრეთკორეული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც 155 მმ კალიბრის აქტიურ-რეაქტიულ ჭურვს მაქსიმალურ - 55 კმ-მდე ისვრის

პირველ 180 ერთეულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მეოთხე თაობის ტანკს - "შავ პანტერას" (ერთი ტანკის გასაყიდი ფასი 8,5 მლნ დოლარს უტოლდება) პოლონეთი უშუალოდ სამხრეთ კორეიდან მიიღებს, დანარჩენებს კი ადგილზე, პოლონეთის ქარხანში ააწყობენ, ისევე, როგორც აქამდე აწყობდნენ ასევე სამხრეთ კორეული ტანკის შასის მქონე "კრაბის" ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს.

მაგრამ ვარშავა მარტო კორეული ტანკების იმედად არ რჩება და აშშ-ში 250 ახალი "აბრამსის" ტანკს უკვეთავს, ხოლო მათ მიღებამდე ამერიკული საზღვაო ქვეითთა კორპუსის 116 "დაკონსერვებულ" "აბრამსს" ყიდულობს.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთს წლების წინ გერმანიისგან სიმბოლურ ფასად ნაყიდი აქვს 249 ტანკი "ლეოპარდი 2", მაშინ, როდესაც "მსოფლიო პოლიტიკოსად" მიჩნეული გერმანიის კანცლერი მერკელი ბუნდესვერის ძლიერებას ანგრევდა და ანიავებდა...

29082022-1407-1661768088.53_REC.png

სამრეთკორეულ სასწავლო-საბრძოლო KAI T-50 Golden Eagle-ზე მომზადებული პოლონელი სამხედრო პილოტები შემდგომ საბრძოლო „ფ-16“-ებსა და „ფ-35“-ებზე გადასხდებიან...

პოლონეთი, ასევე, აპირებს წარმოუდგენელი რაოდენობის - 500 ერთეული "ჰაიმარსის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ყიდვას, რამაც რუსეთის აგრესიული ჩანაფიქრები დასავლეთისკენ შესატევად ეტყობა, ჩანასახშივე უნდა ჩაკლას, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლონეთის ცის დასაცავად 32 ერთეული "პინგვინი" - "ფ-35" ტიპის მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავიც გამოჩნდება...