"ძმების ცხედრები ბაიკერებს ტყეში აღმოუჩენიათ. იქვე იყო მკვლელობის იარაღიც - სახლში სეიფიდან გამოუღიათ" - რას ჰყვება თანასოფლელი რუსეთში მოკლულ, წარმოშობით ატენელ ტყუპზე - კვირის პალიტრა

"ძმების ცხედრები ბაიკერებს ტყეში აღმოუჩენიათ. იქვე იყო მკვლელობის იარაღიც - სახლში სეიფიდან გამოუღიათ" - რას ჰყვება თანასოფლელი რუსეთში მოკლულ, წარმოშობით ატენელ ტყუპზე

რას შეეწირა ტყუპი ძმა?

რუსეთში, წარმოშობით ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმა - იგორ და ნიკალაი გრციევები გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა. ბიჭები 17-წლისანი იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, ძმამ ტყუპისცალი იარაღით მოკლა, შემდეგ კი - თავი მოიკლა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ისინი სახიფათო ინტერნეტ-თამაშის მორიგი მსხვერპლნი არიან. მომხდარის მიზეზად სწორედ თამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო და სამართალდამცველები, ალბათ, მეტ დეტალს გაარკვევენ.

ტყუპის მამა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არის. ბიჭები რუსეთში დაიბადნენ და იქ გაიზარდნენ. ისინი სახლიდან 17 აგვისტოს გავიდნენ და მას შემდეგ უშედეგოდ ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია აქტიურად იყო ჩართული.

როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილი ძმების ცხედრები სტავროპოლის მხარეში, შემთხვევით ბაიკერებს, ტყეში აღმოუჩენიათ. თურმე, იქვე იყო მკვლელობის იარაღი, მკვლელობის სავარაუდო ვერსიაც აქედან წამოვიდა...

"ბიჭების მამა ჩვენი თანასოფლელია, სოფელ ატენიდან არის. ხელოსანია და წლების წინ წავიდა რუსეთში სამუშაოდ, იქ შექმნა ოჯახი, მეუღლე ეროვნებით რუსია და იქ გაუჩნდათ ტყუპი ბიჭი, რომლებიც უკვე 17-წლისები იყვნენ. ბავშვები საქართველოში ნამყოფები არ არიან, მამა კი ჩამოდიოდა. ჩვენს სოფელში მარტო ამ ბავშვების ბებო ცხოვრობს, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს.

ბიჭები 10 დღე დაკარგულები იყვნენ, ყველგან ეძებდნენ და მათ კვალს, თურმე, ბაიკერებმა შემთხვევით ტყეში მიაგნეს. მეტი დეტალი არ ვიცით, გუშინ მიაბარეს მიწას და გამოძიება დაწყებულია.

ტრაგედიის მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, "ლურჯ ვეშაპს" ვარაუდობენ. სხვა ჯერჯერობით არაფერი იციან. ალბათ, გამოძიებით გაირკვევა მიზეზი. როგორც თქვეს, ბაიკერებს უპოვნიათ ტყეში გარდაცვლილები... ეს ვერსია იმიტომ განიხილება ყველაზე აქტიურად, რომ ტრაგედიის ადგილას აღმოუჩენიათ ბიჭების ლეპტოპი, რომლითაც ისინი თამაშობდნენ. იარაღიც სახლიდან წაუღიათ, როგორც ვიცი, სეიფიდან გამოუღიათ და ტრაგედიაც, სავარაუდოდ, ამ იარაღით არის ჩადენილი. ვის ჰქონდა ეს იარაღი - ბიჭების მამას თუ პაპას, არ ვიცით. ფაქტია, ასეთი ცუდი ამბავი მოხდა, რაც სამწუხაროა", - გვითხრა ატენის მაცხოვრებელმა.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება, რეალურ მიზეზებს სამართალდამცველები, ალბათ, დაადგენენ.

სამწუხარო ფაქტია, ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი არა ერთი ტრაგედია დაუკავშირეს ამ თამაშს, ბევრს საუბრობენ ინტერნეტით გავრცელებულ სხვა, საშიშ თამაშებზე, რომელთაც, სამწუხაროდ, არასრულწლოვნები ეწირებიან.

"ეს პრობლემა დგას და არანაირ ადამიანურ წესებს არ ექვემდებარება და ეს კატეგორიულად მიუღებელია", - ამბობს ერთ-ერთი ფსიქოლოგი და ის მშობლებს მოუწოდებს, გააკონტროლონ შვილები, თუ რას თამაშობენ კომპიუტერში. არის პროგრამები და მოზარდი ყველგან ვერ უნდა შედიოდეს, თვლიან სპეციალისტები.

ტყუპი ძმის ასეთი შემზარავი დასასრულის მიზეზებს, ალბათ, გამოძიება დაადგენს.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

(სპეციალურად საიტისთვის)