"შემოდგომის ბოლოს რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ სახელისუფლებო "ლიდერშიფში" - კვირის პალიტრა

"შემოდგომის ბოლოს რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ სახელისუფლებო "ლიდერშიფში"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მეშვიდე თვეა მძვინვარებს ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა.

აშშ და კოლექტიური დასავლეთი, მცირე გამონაკლისების გარდა, რუსეთს მსოფლიო ბაზრებზე წვდომას უზღუდავენ. როგორც ამბობენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები სრულად მალე ამოქმედდება და რუსეთისთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება.

ფაქტია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებულ ეკონომიკურ ომში არ მონაწილეობს. გასაგებია რატომაც, დიდია ალბათობა, რომ თავად დავზარალდეთ. სხვათა შორის, ამას აშშ-სა და ევროპაში გაგებით ეკიდებიან კიდეც.

მაგრამ, ცუდი ისაა, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლადაა გაზრდილი. ყველაზე სახიფათო ამ პროცესში ისაა, რომ როცა კოლექტიური დასავლეთი რუსეთისაგან დისტანცირებას ცდილობს, საქართველო ეკონომიკურად სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე.

მეტიც, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „რუსეთთან დასავლეთის ეკონომიკურ ომში საქართველო მონაწილეობს, მაგრამ არა დასავლეთის მხარეს, რასაც ვაცხადებთ, არამედ რუსეთის მხარეს“ თქვენ როგორ შეაფასებდით 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ზრდას?

- თქვენს მიერ ნახსენებ დამკვირვებელთა აზრი მცდარია და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ, არა ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პრობლემასთან. მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმის დამხობის წინ ჩვენი „საქმიანი ადამიანების“, საწარმოთა დირექტორების, მომმარაგებლების, უბრალოდ გლეხების თუ მცირე არტელების მფლობელების საასპარეზო არეალს სწორედ რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია შეადგენდა.

დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ომისა და უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ქარცეცხლში გახვეული საქართველო ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მათ შორის 800 ათასი რუსეთში დასახლდა. ამ ადამიანებს შორის ძალიან მაღალია აფხაზეთიდან, განსაკუთრებით ოჩამჩირიდან, გალიდან, გაგრიდან და სოხუმიდან გადახვეწილების პროცენტი.

30 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა შეიქმნეს ცხოვრების გარკვეული კომფორტი და პირიქით, საქართველოში დარჩენილ ნათესავებს ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით ფულადი გზავნილების სახით. ამ ადამიანებში არც თუ პატარაა მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესების მფლობელებისა და აქციონერების რიცხვი.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთში საქმიანობენ, მათ კავშირი საქართველოსთან არ დაუკარგავთ და შეიქმნა ერთგვარი სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობა.

ამა წლის 24 თებერვალს ეს წონასწორობა მთლიანად დაირღვა და ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა დაიწყო საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი.

მაგრამ მათ თავისი ავუარების გატანის არავითარი შესაძლებლობა არა აქვთ, ჯერ ერთი, ეკონომიკური სანქციებისა და საბანკო სვიფტის არარსებობის, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურების უხისტესი „მეთვალყურეობის“ გამო.

მაშინ ამოძრავდა სანათესავო და საძმაკაცო არაფორმალური ჯგუფები და რუსეთიდან გაიზარდა როგორც ფულადი გზავნილების, ასევე ექსპორტის ოდენობა. პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი რუსეთში თითქმის არ ბრუნდება და სახსრები გროვდება საქართველოში „რუსი ქართველების“ ბიზნესის წამოსაწყებად.

მე პირადად ოციოდე ასეთ ადამიანს ვიცნობ, ბევრზე კი გამიგია. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია - რაც გაიზრდება ეკონომიკური ბრუნვა რუსეთთან, მით უარესია რუსეთისთვის - იქიდან ნელ-ნელა ხდება აქტივების გადინება.

აღარაფერს ვამბობ „კარგ“ რუსებზე, რომლებსაც პუტინის რეჟიმის პირობებში სული ეხუთებათ. არაფერს ვამბობ დასავლური კომპანიების რუს თანამშრომლებზე, რომელთა დიდი ნაწილი კომპანიებმა საქართველოში გადმოიყვანა და აქედან ცდილობენ ბიზნესს რუსეთთან.

ასე რომ, მგელი არც ისეთი სახიფათოა, როგორც თავს გვაჩვენებს.

- უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია ისიც, რომ ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა შეზღუდეს თავის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლა.

ამ თემაზე გერმანიის კანცლერისა და ევროკავშირის წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეზე არ გავრცელდება ვიზების შეწყვეტა. მაგრამ, ევროკავშირის ქვეყნები საკმაოდ გაამკაცრებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას.

ვითარებაში, როცა რუსეთის მოქალაქეების 65% კვლავ მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს, უცნაურიც კია, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის არ ამკაცრებს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას.

უკვე ვიცით, რომ თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების საკუთრებას შეიძენს, საკუთრების შემძენსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოში ბინადრობის მიღებისა და შენგენის ზონაში გადაადგილების საშუალება ექნებათ.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის ვადა 3 თვიდან 6 თვემდე გაეზარდათ, სულ უფრო ცხადი გახდება, რომ რაც უფრო გაუარესდება რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, საქართველოში მით მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვა.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეების მიმართ?

- ძალიან გამიჭირდება თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ხელი არ მიმიწვდება სტატისტიკურ მონაცემებზე. აღვნიშნავ მხოლოდ რამდენიმე გარემოებას.

პირველი. თქვენ სიტყვებს ნაწილობრივ ეწინააღმდეგება თქვენივე სააგენტოს მიერ გუშინ ტრაბზონში რუსეთის კონსულის გავრცელებული განცხადება, სადაც იგი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქართველი მებაჟეები სარფიდან უყოყმანოდ აბრუნებენ ყველა ჩრდილო კავკასიაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, ყირიმში მცხოვრებ რუსული პასპორტების მფლობელს. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთიანი საბაჟო პოლიტიკა გვაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ საზღვარზე ხდება რუსეთის მოქალაქეთა დიფერენცირება. გააგრძელეთ კითხვა