"პუტინი ხაფანგშია მოქცეული და სასოწარკვეთილია: დაეხმარებიან თუ არა მას დასავლელი მეგობრები?" - კვირის პალიტრა

"პუტინი ხაფანგშია მოქცეული და სასოწარკვეთილია: დაეხმარებიან თუ არა მას დასავლელი მეგობრები?"

ბრიტანული გაზეთი "გარდიანი" (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "პუტინი ხაფანგშია მოქცეული და სასოწარკვეთილია: დაეხმარებიან თუ არა მას დასავლელი მეგობრები?" (ავტორი - საიმონ ტისდოლი), რომელშიც განხილულია რუსეთის პრეზიდენტის ევროპელი თანამზრახველების დღევანდელი და სამომავლო პოლიტიკური კურსი - რამდენად ერთგულნი იქნებიან ისინი კრემლისადმი ახლო პერსპექტივაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ადამიანთა უმრავლესობა თავის ცხოვრებას ჩუმ სასოწარკვეთაში ამთავრებს", - ასე წერდა ამერიკელი მწერალი ჰენრი დევიდ ტორო 1854 წელს. როგორც ჩანს, ასეთი ბედი ეწევა ვლადიმერ პუტინსაც, რომელიც ცდილობს, იმ კატასტროფული ხაფანგიდან გამოვიდეს, რომელშიც მან უკრაინის ომით საკუთარი თავი მოაქცია.

რუსეთის პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს ლაპარაკს ყბადაღებული "სპეციალური ოპერაციის" შესახებ, მაგრამ იგი ნამდვილად არ მოელოდა იმ ჩიხს, რაშიც აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინი, ასევე, არ მოელოდა ავტომობილის აფეთქებას მოსკოვში და დამამცირებელ საჰაერო დარტყმებს ყირიმის "ციხე-სიმაგრეზე".

რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ელოდა იმას, რომ უკრაინის ომი 80 ათას ჯარისკაცს იმსხვერპლებდა (დაღუპულებისა და დაჭრილების სახით). ვლადიმერ პუტინისაგან, რომელიც თავს პეტრე პირველის იდეების გამგრძელებლად თვლის და "დიდ რუსეთზე" ოცნებობს, დღეს მხოლოდ მკვლელისა და თაღლითის რეპუტაციით სარგებლობს.

უსასრულო სამხედრო ჭაობი - ეს ის სცენარი არ არის, რომლის უფლებას ვლადიმერ პუტინი თავის თავს მისცემს. იმიტომ, რომ დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკას ნელ-ნელა ხრავს, ხოლო რუსეთის არმია იფიტება - ჯარისკაცებისა და ტექნიკის რესურსი განუხრელად იფიტება და მცირდება.

რა ვარიანტები აქვს ვლადიმერ პუტინს?

მას შეეძლო განეცხადებინა, რომ ომში ვითომ გაიმარჯვა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების "საფრთხე" ნეიტრალიზებულია. მას შეეძლო, შეეთავაზებინა წინადადება სიტუაციის დარეგულირების შესახებ, რომელშიც აღიარებული იქნებოდა რუსეთისათვის ოკუპირებული ტერიტორიის დაკანონება, მაგრამ რუსმა პრეზიდენტმა, ალბათ, კარგად იცის, რომ კიევი ნებაყოფლობით ასეთ პირობებს არ დათანხმდება. რუს ლიდერს შეეძლო, საომარი მოქმედებების მასშტაბური ესკალაცია დაეწყო, მაგალითად, გამოეყენებინა ბელარუსი უკრაინისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად ჩრდილოეთის მხრიდან - იმ რეგიონის მიმართულებით, რომლის ხელში ჩაგდება მოსკოვმა მარტ-აპრილში ვერ მოახერხა.

მაგრამ საეჭვოა, რომ პუტინის გენერლებს ამისათვის უნარი და გამბედაობა ეყოფათ.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი უკან არ დაიხევს. იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ დასავლეთისათვის უკრაინის ომი "გააძვიროს" - რათა ევროპასა და ამერიკას უკრაინისთვის მეტი თანხების ხარჯვა გაუჭირდეთ და ამით კიევის წინააღმდეგობა შეასუსტოს.

რასაკვირველია, დასავლეთმა კარგად უწყის, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინისადმი მათი მხარდაჭერის შესუსტება სურს. ამის კონტექსტია ენერგეტიკული კრიზისის მზარდი ნეგატიური გავლენა მოსახლეობაზე, ცხოვრების გაძვირება, რაც კრემლის მიერ გაზის მიწოდების შემცირებამ გამოიწვია. როგორც ჩანს, ზამთარში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება: ზამთრის ცივი ომის შედეგები, ალბათ, მართლაც ნამდვილად ცივი აღმოჩნდება ევროპისათვის.

ვლდიმერ პუტინს აქვს ბევრი ისეთი საშუალება, რომელთა დახმარებით მას ევროპის ერთიანობის დარღვევა შეუძლია: გავიხსენოთ, რომ ევროპა ძალიან ბევრი ცხელი წერტილითაა მოფენილი, გეოპოლიტიკური ნარღვევებით, რომლებიც საბჭოურ მემკვიდრეობას წარმოადგენს. სამწუხაროდ, რუსეთს საკმაოდ ბევრი მოკავშირე და მომხრე ჰყავს, რომლებიც პოლიტიკურად დანაწილებულ ევროპულ ლანდშაფტზე არიან განლაგებულნი.

დაეხმარებიან თუ არა ვლადიმერ პუტინს - "აღმოსავლელ მხეცს" - თავისი [მეზობლები] და ევროპელი მეგობრები?

რუსეთის პრეზიდენტს თავისი ბელარუსი კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკო, როგორც იტყვიან ხოლმე, უკვე ჯიბეში ჰყავს. მოსკოვმა ბელარუს დიქტატორს დახმარება გაუწია და მას სიცოცხლისუნარიანობა გაუგრძელა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციების დროს. ამიტომ ალექსანდრე ლუკაშენკო იმას გააკეთებს, რასაც ვლადიმერ პუტინი ეტყვის.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის შიგნით ვლადიმერ პუტინის "ტროას ცხენის" როლს ასრულებს. ისევე როგორც ბევრი ევროპელი ულტრამემარჯვენე, ვიქტორ ორბანიც აღტაცებულია ვლადიმერ პუტინის ნაციონალისტური იდეოლოგიით და იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის რასისტულ და ჰომოფობიურ შეხედულებებს. ვიქტორ ორბანი არა ერთხელ გამოსულა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ. გასულ თვეში უნგრელმა ლიდერმა ცალმხრივი გარიგება დადო კრემლთან გაზის მიწოდების საკითხში... მოკლედ, ვიქტორ ორბანი საეჭვო პიროვნებაა და მას ევროკავშირი არ უნდა ენდოს.

ბულგარეთის რეფორმისტული მთავრობის კრახი და იქაურ პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული ხმები მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენაზე აძლიერებენ იმის საფრთხეს, რომ ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთ ბერკეტს მიიღებს ევროკავშირზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად.

იტალიაშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ვლადიმერ პუტინს: ორი, უკიდურესად მემარცხენე პარტიის ლიდერებს, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, მომავალ თვეში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველ კოალიციას შექმნიან, ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ ვლადიმერ პუტინის პარტია "ერთიან რუსეთთან" ("ედინაია როსია") ჯერ კიდევ 2017 წელს გააფორმა თანამშრომლობა. სილვიო ბერლუსკონი, პარტია "ფორცა იტალიის"’ ლიდერი, ვლადიმერ პუტინის პირადი მეგობარია. ასე რომ, უკრაინისადმი მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელსაც თანამდებობიდან წასული პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ატარებდა, სავარაუდოდ, შეიცვლება.

არიან, აგრეთვე, სხვა ევროპელი, უკიდურესად მემარჯვენე (და მემარცხენე) პოპულისტი პოლიტიკოსები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის იდეოლოგიას და კონსერვატიულ სოციალურ ფასეულობებს იზიარებენ. ასეთებია: გერმანული პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის", ფრანგული "ეროვნული ფრონტი" ("ეროვნული გაერთიანება"), ავსტრიული პარტია "თავისუფლება", ბელგიური "ფლამანდრული ინტერესები" და სხვები. პუტინისათვის ასეთი გავლენის ინსტრუმენტები საკმაოდ ძლიერ იარაღს წარმოადგენენ.

ვლადიმერ პუტინს შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს იმ ქვეყნების ლიდერებიც, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. მაგალითად, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, რომელიც რუსეთის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. ოპონენტები ალექსანდრე ვუჩიჩს "პატარა პუტინს" უწოდებენ. სერბეთს რუსეთთან ღრმა ისტორიული, რელიგიური და კულტურული ფესვები აკავშირებს. სერბებიც, რუსების მგავსად, სლავები არიან. სერბებსაც, რუსების მსგავსად, ნატო არ მოსწონთ. ცხადია, მათ არ დავიწყებიათ 1999 წელს ბელგრადის დაბომბვა ნატოს ავიაციის მიერ.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შიშობენ, რომ ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნები თავიანთი არასტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით, ვლადიმერ პუტინისათვის კარგ ნიადაგს წარმოადგენენ ძველი კონფლიქტების გამოცოცხლებისა და უკრაინიდან ყურადღების მათზე გადატანის მიზნით. მაგალითად, კოსოვო, რომელიც პერმანენტულ დაპირისპირებაშია სერბეთთან. გასულ კვირას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა სერბებსა და კოსოვოელებს შორის. ბოსნიელი სერბების ლიდერებიც, რომლებსაც მოსკოვთან აქვთ კავშირი, იმუქრებიან, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში არეულობას მოაწყობენ. ბოსნიამ უარი თქვა დასავლეთის ანტირუსულ სანქციებისადმი მიერთებაზეც.

მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიები, რომელთა მოსახლეობა რუსეთის ჯარების მეშვეობით არიან დანაწილებული, ასევე, პოტენციურ ცხელ წერტილებს წარმოადგენენ. არ უნდა დავივიწყოთ ევროკავშირში მდებარე რუსეთის ტერიტორიაც - კალინინგრადი, სადაც მოსკოვმა ჰიპერბგერითი რაკეტები განალაგა - ნატოელების შესაშინებლად. ვლადიმერ პუტინს ესტონეთის მოსახლეობის რუსულენოვანი უმცირესობით სარგებლობაც შეუძლია.

რუსეთის პრეზიდენტის ძალისხმევით, შიშისა და არასტაბილურობის სინდრომი ევროპის მიღმაც ვრცელდება, რის გამოც ქვეყნები იძულებულნი არიან, "ორჯერ დაფიქრდნენ" მანამ, სანამ რუსეთთან დაპირისპირებას გადაწყვეტენ. გაეროში კრემლის ვეტოს უფლებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უშიშროების საბჭო "დროშია გაყინული". ინდონეზიაში ორი თვის შემდეგ, ნოემბერში, მსოფლიოს "დიდი ოცეულის" (G20) სამიტია დაგეგმილი, რომლის მიმართაც ვლადიმერ პუტინს და მის ჩინელ ამხანაგს სი ძინპინს თავიანთი ინტერესები აქვთ - მათ სურთ, რომ სამიტი დასავლეთთან დასაპირისპირებლად გამოიყენონ, უკრაინის გამო. მერე რა, რომ რუსეთის არგუმენტაცია სიცრუეს ეყრდნობა.

ვლადიმერ პუტინის უგუნური მოქმედება და მისი ბალანსირება ბირთვული ომის ზღურბლზე - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპირების ფონზე - იმას მოწმობს, რომ იგი ყველაფრით გარისკავს გამარჯვების მიზნით. ვლადიმერ პუტინი ჩუმ სასოწარკვეთაშია და ამიტომ ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ