როტშილდები, საუკუნის კონტრაქტი და ჯეიმს ბონდი - კავკასიური მილსადენების ისტორია - კვირის პალიტრა

როტშილდები, საუკუნის კონტრაქტი და ჯეიმს ბონდი - კავკასიური მილსადენების ისტორია

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში გრძელდება. მსოფლიოს ომის შედეგად შექმნილ ახალ დღის წესრიგთან უწევს შეგუება - ევროპაში ენერგოკრიზისია, ინფლაცია ბევრ ქვეყანაში მძვინვარებს, სავაჭრო მარშრუტები კი მიმართულებას იცვლის.

დასავლეთში ჯერ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარს ბოლომდე ვერ ამბობენ, თუმცა კარგად ესმით, რომ ქვეყანა სანდო პარტნიორად არ გამოდგება და ახალ მიმწოდებლებს აქტიურად ეძებენ - ევროკომისია უკვე შეთანხმდა აზერბაიჯანთან, რომ 2027 წლამდე ქვეყნიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს.

ამასთანავე, რუსეთმა უკვე რამდენჯერმე შეაფერხა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით. ამის მიზეზად კი სახელდება ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პუტინის ომს მხარს არ უჭერს.

ამ ყველაფრის ფონზე, ყაზახეთს საკუთარი ნავთობის გატარება რუსეთის გვერდის ავლით სურს, პრიორიტეტულ მიმართულებად კი საქართველოზე გამავალ მარშრუტს ასახელებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიური დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და სამომავლოდ, შესაძლოა, კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდეს.

კავკასიის პირველი ნაბიჯები ენერგოპოლიტიკაში

სამხრეთ კავკასია გლობალური ენერგოპოლიტიკის რუკაზე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და აქედან მოყოლებული ენერგორესურსების იმპორტიორი სახელმწიფოების და ენერგოკომპანიების მუდმივი ყურადღების ცენტრშია.

ამ პერიოდში რუსეთის იმპერია მსოფლიო ენერგოპოლიტიკის მთავარი მოთამაშე იყო, ხოლო ენერგორესურსების მოპოვება და მისი ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თანამედროვე აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ.

ნავთობის ბუმი მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც შვედმა მეწარმეებმა, ძმებმა რობერტ და ლუდვიგ ნობელებმა ბაქოში ნავთობის ჭაბურღილები და გადამამუშავებელი საწარმო ააშენეს.

ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 1883 წელს როტშილდების ოჯახის დაფინანსებით ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზი აშენდა. 1906 წელს კი რკინიგზის გასწვრივ 883 კილომეტრის სიგრძის პირველი მილსადენი, ე.წ. „ნავთის მილსადენიც“ გამოჩნდა.

პირველი მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ნავთობის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე გავლენის დამყარების მიზნით სამხრეთ კავკასია საერთაშორისო დაპირისპირებების ადგილად იქცა. შემდეგ იყო საბჭოთა პერიოდი, რომლის დროსაც, კერძოდ, 1941 წლისთვის, ბაქო საბჭოთა ნავთობის სამ მეოთხედს აწარმოებდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვოლგა-ურალის აუზში ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენამ ბაქოს როლი შეასუსტა და მის ნავთობის საბადოებს მუშახელი და ინვესტიციები მოაკლდა, თუმცა 1980-იანი წლებისთვის ბაქო კვლავ რჩებოდა ნავთობის წარმოებისა და მოპოვების კუთხით წამყვან ძალად.

„საუკუნის კონტრაქტი“ და პირველი მერცხალი

აზერბაიჯანმა და საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, გლობალურ ეკონომიკასა და ენერგოპოლიტიკაში ადგილის დამკვიდრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყეს.

იმპერიისგან გამოთავისუფლების შემდეგ აზერბაიჯანი რესურსებით მდიდარ სახელმწიფოდ მოევლინა მსოფლიოს, რომლის ეკონომიკაც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან მიმდინარე ყარაბაღის ომით მნიშვნელოვნად დაზარალდა. ეკონომიკის აღდგენის მთავარ გზად აზერბაიჯანული პოლიტიკური ელიტა ნავთობის მრეწველობის განვითარებას ხედავდა.

ქვეყნის მთავარი გამოწვევა ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე რუსეთის გავლენის შემცირება იყო, თუმცა რუსეთი გავლენის დაკარგვას ვერ ეგუებოდა და სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა.

მიუხედავად ამისა, 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მთავრობამ, აზერი-შირაქი-გუნეშლის საბადოების განვითარების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ისტორიაში „საუკუნის კონტრაქტის“ სახელით შევიდა. ააგრძელეთ კითხვა