ერთ VIP "სუპერ პუმას" სამ H145-ში უპირებენ გადაცვლას?! - კვირის პალიტრა

ერთ VIP "სუპერ პუმას" სამ H145-ში უპირებენ გადაცვლას?!

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეძენილი "ვიპ" "სუპერ პუმის" ათწლიანი სკანდალური ისტორია შეიძლება მალე დამთავრდეს, მას შემდეგ, რაც მას უფრო პატარა შვეულმფრენებში "გადაახურდავებენ"...

2010 წლის ივნისში საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მალე ქართულ ცაში ორი ახალი ფრანგული შვეულმფრენი იფრენდა.

ორი წლის შემდეგ თბილისის აეროპორტში მართლაც გამოჩნდა ორი ახალი "სუპერ პუმა" და ერთი "ციყვი", რომლებიც "ეარბას ევროკოპტერის" ერთ-ერთ თანამედროვე და საუკეთესო მოდელებს წარმოადგენდნენ იმ პერიოდისთვის.

მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგებულ სააკაშვილის გუნდს დიდხანს აღარ დასცალდა ამ შვეულმფრენებით სარგებლობა.

ახალმა ხელისუფლებამ კი გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ სამ შვეულმფრენში, საერთო ჯამში, 55 მლნ ევროზე მეტი იქნა გადახდილი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვალა და დაიწყო ლაპარაკი "სუპერ პუმების" საფრანგეთში უკან დაბრუნებაზე ან გაყიდვაზე, რასაც იმ დროს ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში მყოფმა სააკაშვილმა ვეტო დაადო იმ მოტივით, რომ ეს შვეულმფრენები ქართულ არმიას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა და მათი გაყიდვით მნიშვნელოვნად დაეცემოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა...

ამ არგუმენტის წინააღმდეგ კი მეტყველებდა ის ფაქტი, რომ ორი ნაყიდი "სუპერ პუმიდან" ერთი AS332L1 Super Puma "ვიპ" კონფიგურაციის სალონით იყო და ასეთი სახით ის სამხედროების გადასაყვანად ან სამაშველო სამუშაობის ჩასატარებლად არანაირად არ გამოდგებოდა - დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ ეს ზეკომფორტული შვეულმფრენი პრეზიდენტ სააკაშვილის საჰაერო მოგზაურობებისთვის იყო შესყიდული და არა - ქვეყნის თავდაცვითი ინტერესების გაძლიერებისთვის.

სააკაშვილმა კი დატოვა პრეზიდენტის სავარძელი, მაგრამ ამ "ვიპ" "სუპერ პუმის" ბედი მაინც ვერ გაირკვა, განსხვავებით მეორე, კორპორატიული ვარიანტის "სუპერ პუმისგან", რომელსაც სასაზღვრო პოლიციის ავიაცია აქტიურად იყენებდა, სანამ 2018 წლის 12 ივლისს კახეთში, თელავის რაიონ სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდაზარანთან" დაშვებისას ავარია არ განიცადა და აღდგენას აღარ დაექვემდებარა.

იმ 55 მლნ ევროიანი "შვეულმფრენების კონტრაქტიდან" დღეს დაგვრჩა პატარა "ციყვი" - AS350 B3 -ი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ბალანსზეა და ბოლო ტყის ხანძრების ჩაქრობისას აქტიურად გამოიყენებოდა ბორჯომის ხეობაში და მეორე - ეს "ყბადაღებული" "ვიპ" "სუპერპუმა".

2-p-1661851932.jpg
სააკაშვილის პრეზიდენტობისას შეძენილი „სუპერპუმის“ „ვიპ“ სალონი...

თავის დროზე კონტრაქტით გადახდილი 55 მლნ ევროდან "ციყვის" ფასმა 2,5 მლნ ევრო შეადგინა, შვეულმფრენების სათადარიგო ნაწილებსა და სხვა მომსახურებაში 4,5 მლნ ევრო ჩამოიწერა, დარჩენილი 48 მლნ ევრო კი ამ ორი "სუპერპუმის" შეძენას დასჭირდა და გასაგებია, რომ "ვიპ" ვარიანტი ბევრად მეტი ეღირებოდა მეორე, კორპორატიული სალონის მქონე და შემდგომში ავარიაგანცდილ "სუპერ პუმაზე".

დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ უკვე გადაწყვეტილია ამ "ვიპ" სუპერპუმის" გაყიდვა ან გადაცვლა სამ შვეულმფრენში.

ჩემი ინფორმაციით, შესაძლებელია ეს შვეულმფრენი მწარმოებელ ფირმას - "ეარბას ევროკოპტერს" დაუბრუნდეს და გადაიცვალოს მისსავე გამოშვებულ სამ H145 ტიპის ახალ შვეულმფრენზე.

3-puma-1661851932.jpg
კახეთის მთებში ავარიაგანცდილი „სუპერპუმა“

H145 ტიპის შვეულმფრენი თანამედროვედ ითვლება და ის დიდი რაოდენობით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის თანახმად, ერთი ასეთი ახალთახალი შვეულმფრენი უკვე დაფრინავს ქართულ ცაში...

H145 ტიპის შვეულმფრენის საბაზისო მოდიფიკაციის გასაყიდი ფასი, დაახლებით, 4,5 მლნ ევროს შეადგენს, სამი შვეულმფრენის საერთო ღირებულება კი - 13,5 მლნ ევროს აღწევს.

4-p-1661851932.jpg
„ვიპ“ „სუპერპუმა“ სამ ასეთ H145 ტიპის შვეულმფრენში შეიძლება გადაიცვალოს...

მაგრამ, თუკი შვეულმფრენებს დაემატება სპეციალური აღჭურვილობა ჯალამბარის, წყლის კალათის თუ საბორტე სამედიცინო აღჭურვილობის სახით, მათი ფასიც მოიმატებს.

ყოველ შემთხვევაში, "ვიპ" "სუპერპუმას", რომელიც უკვე "უსახელურო ჩემოდნის" ასოციაციას ქმნიდა (როდესაც ჩემოდანს ვეღარც იყენებ და გადაგდებაც გენანება) ბედი ბოლოსდაბოლოს გაირკვევა და მისი წლობით უქმად დგომას (რაც მის ფასს ყოველწლიურად აგდებდა) ნამდვილად ჯობს სამი პატარა, მაგრამ თანამედროვე შვეულმფრენის შეძენა, რომლებიც სამაშველო ოპერაციებისთვისაც გამოდგებიან მაღალ მთებში, ავადმყოფებსაც სწრაფად გამოიყვანენ მიუვალი ადგილებიდან და კალათიდან წყლის ჩამოღვრასაც არ "დაიზარებენ" ტყის ხანძრების ქრობისას...

პ.ს. ამ მრავალტანჯურ "ვიპ" "სუპერპუმას" კი ეტყობა ბოლოსდაბოლოს გავცვლით თუ გავყიდით, მაგრამ ...ერთი "სუპერპუმა" კიდევ დაგვრჩება თავსატეხად!

სანამ სააკაშვილის ხელისუფლება ორ ახალ ასეთ შვეულმფრენს საფრანგეთში ოთუსბირად შეიძენდა, მანამ ერთი ნახმარი "სუპერპუმა" მალაიზიური ფირმისგან იყიდეს და მას შემდეგ ის თავდაცვის უწყების ბალანსზეა,თუმცა არ დაფრინავს...