"ჰე, თალიკო! მორჩი ახლა ვაჭრობას, იწყება რეისიო! აი, მაშინ კი მივხვდი, რეალურად რა მანძილი გვაშორებდა ევროპას" - კვირის პალიტრა

"ჰე, თალიკო! მორჩი ახლა ვაჭრობას, იწყება რეისიო! აი, მაშინ კი მივხვდი, რეალურად რა მანძილი გვაშორებდა ევროპას"

პროფესიიდან გამომდინარე, გია ბაღაშვილი არა ერთ ქვეყანაშია ნამყოფი და, შესაბამისად, მოგზაურობასთან დაკავშირებული სახალისო ამბების სიმცირესაც არ უჩივის. „კვირის პალიტრასთან" იგი მალტაში გამგზავრების ისტორიას იხსენებს, რომელიც გაჯერებულია 1990-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ელემენტებით.

გია ბაღაშვილი:

- 1990-იანი წლებიდან მომყვება საინტერესო შთაბეჭდილებები, რომლებიც მალტას უკავშირდება. ამ ულამაზეს კუნძულზე ექვსჯერ მომიწია საგასტროლოდ ყოფნამ და ყოველი ჩასვლა ნამდვილი ზეიმი იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 1990-იანები საქართველოსთვის მძიმე პერიოდი გახლდათ, თავად მალტას აქვს განსაკუთრებული შარმი. იქ ყოფნისას გრძნობ, რომ ხმელთაშუა ზღვის უძველესი კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანაში ხარ, რომელსაც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქათა კვალი ცხადად ატყვია. რაც მთავარია, უშუალო და ძალიან მეგობრული ხალხია მალტელები; გამორჩეულად მოსწონთ ქართული ხელოვნება. თავიდან ფოლკლორულ ანსამბლ “მიმინოთი" ვიყავით ჩასულები და საერთაშორისო ფესტივალ “მალტა ფესტის” გამარჯვებულებიც გავხდით. თუმცა, ბაღაშვილები ამით არ შემოვფარგლულვართ და სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ 1992-1993 წლებში ვიყავით ერთ-ერთი ორგანიზატორები მალტაზე გამართული ორი, ძალზე მნიშვნელოვანი და წარმატებული საერთაშორისო ფესტივალისა - ჯერ საბალეტო, ხოლო შემდგომ - საოპერო ფესტივალის. ორივე მათგანში მსოფლიო სახელის მქონე მოწვეულ უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდნენ გამოჩენილი ქართველი ხელოვანები, მათ შორის - ქალბატონები ირმა ნიორაძე და მაყვალა ქასრაშვილი, ბატონები თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე და სხვ. რაც მთავარია, მონაწილეობდა ჩვენი სასახელო, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასი, ორკესტრი, გუნდი… დაუვიწყარი დღები იყო, რომლებიც, მალტის მაშინდელ პრეზიდენტს, ბატონ კენსუ ტაბონეს რომ დავესეხო: “ოქროს ასოებით ჩაიწერა მალტის კულტურის ისტორიაში”.

ყველა სიკეთესთან ერთად, ჩვენი პირველი გასტროლი იმ ნიშნითაც აღმოჩნდა ისტორიული, რომ ეს გახლდათ პირველი ოფიციალური, საერთაშორისო, ჩარტერული რეისი, რომელიც საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ, მოსკოვისგან დამოუკიდებლად შესრულდა. ვერ აღგიწერთ, რამდენად ამაღლებული განწყობა გვქონდა თითოეულ ქართველს, ვინც იმ 135-კაციან შემოქმედებით დელეგაციაში ვიყავით. პირველად შევავსეთ დეკლარაციები არა რუსულად, არამედ - ქართულად. პირველად მაშინ ვნახეთ ქართულ უნიფორმაში გამოწყობილი მესაზღვრეები, რომელთაც ქართულად დაგვილოცეს გზა და წარმატებაც, ცხადია, მშობლიურ ენაზე გვისურვეს. მოკლედ, სრული განცდა შეგვექმნა ყველას, რომ უკვე ევროპაში ვართ.

ამაყად გავემართეთ ჩვენი თვითმფრინავისკენ და რას ვხედავთ - საფრენ ბილიკზე, თვითმფრინავის ტრაპთან ახლოს, სულ რაღაც ორ მეტრში ზის ბამბაზიის ხალათსა და ფაჩუჩებში გამოწყობილი ქალბატონი, წინ უდევს სახელდახელოდ მოწყობილი დახლი, რომელზეც უწყვია 1990-იანი წლების “ბუტკების” კარგად ნაცნობი პრეისკურანტი: სიგარეტი “მაგნა”, ორცხობილა “პიკნიკი”, გაუგებარი წარმოშობის კონიაკი, რომელიც, დოლარზე რომ გადავიანგარიშე, 50 ცენტზე ნაკლები ღირდა… მოკლედ, ეს იყო მაშინდელი “Duty Free”!

ცოტა რომ მივუახლოვდით, აეროპორტის თანამშრომელმა, ჩვენს დელეგაციას თვითმრინავამდე რომ აცილებდა, ხალათიან ქალბატონს შინაურულად გასძახა: “ჰე, თალიკო! მორჩი ახლა ვაჭრობას, იწყება რეისი!"… ქალბატონმა თალიკომ უსიტყვოდ აალაგა თავისი “Duty Free”, ჩაალაგა ბაზრობის უჯრულა ჩანთაში და საქმიანი ნაბიჯით გაეცალა თვითმფრინავს.

აი, მაშინ კი მივხვდი, რეალურად რა მანძილი გვაშორებდა ევროპას.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"პირველი არიის დაწყებამდე, ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა, წელში ოდნავ მოხრილი იყო… თურმე ძლივს იდგა სცენაზე... " - გია ბაღაშვილის მოგონება თემურ წიკლაურზე