"ყველა იტყვის ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია" - კვირის პალიტრა

"ყველა იტყვის ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია"

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მას „არ ეშინია“ თუ ალტერნატიული კომისია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ჩაერთვება.

მისი თქმით, ყველა იტყვის ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, ეს არის დროის გაჭიანურების მცდელობა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იგივეა. წონაში კიდევ აქვს კლება. ეს იმ ექსპერტებმაც აღნიშნეს, რომლებიც მასთან გუშინ იყვნენ შესულები. ის სურათი, რაც დახვდათ, მათთვის სრულად გასაკვირი იყო. გაცილებით მძიმე შთაბეჭდილებით წავიდნენ, ვიდრე მათ პაციენტის ისტორიიდან ჰქონდათ ცნობა. აქედან გამომდინარე, ვითარება რთულია. ეს ყველას უნდა ესმოდეს, ვისაც ხელეწიფება მიხეილ სააკაშვილისთვის შანსის მიცემა, რომ მან სასჯელის გადავადებით შესაძლებლობა გახადოს საკუთარ ჯანმრთელობას უშველოს. ჩვენი მოლოდინია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის და ქვეყნიდან გასვლის უფლება უნდა მიეცეს, სრულყოფილი რეაბილიტაციის ჩატარების, რასაც მას ურჩევენ საერთაშორისო ექსპერტები და ქართველი ექიმები, რომლებიც აქამდე იყვნენ პროცესში ჩართულები.

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩემი პოზიციაა ჩაერთონ ექსპერტები. რაც მეტი ალტერნატიული კომისია ჩაერთვება ამ საქმეში, მით მეტი ადამიანი იტყვის მხოლოდ ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული. მე არ მეშინია ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, მეშინია იმ მდგომარეობის, რაც ახლა ამ ადამიანს აქვს. კრიტიკულად განწყობილი ექსპერტიზის ჩართვის არ მეშინია, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეფასება ექნება, დაადასტურებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია“, - განაცხადა ხერხეულიძემ.