"როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა

აშშ-ის გაზეთ The Hill-ის 30 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში" (ავტორი - ჰალან ულმანი, აშშ-ის Atlantic Council-ის უფროსი მრჩეველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში? კიევი, რა თქმა უნდა, გასაგები მიზეზების გამო, უკრაინის გამარჯვებას გარდაუვლად მიიჩნევს და ქვეყნის პერსპექტივას განიხილავს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მაქსიმალური მიზნები დაისახა: რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება (ქვეყნის თითქმის 20%) და რეპარაციების მიღება რუსეთისგან. მისი თქმით, ეს საკითხები განხილვას არ ექვემდებარებიან.

მაგრამ ვლადიმერ ზელენსკის მიზნები განუხორციელებელია - თუ მხედველობაში არ მივიღებთ რუსეთში რეჟიმის შეცვლას ან ამბოხს რუსეთის არმიაში. თავის მხრივ, დასავლეთი, ეშინოდა რა სიტუაციის ესკალაციისა, თავს იკავებდა ფართო დახმარებისგან. ასეთმა მდგომარეობამ საქმე სამხედრო ჩიხამდე მიიყვანა, რომელმაც შეიძლება მუდმივი სტატუსი მიიღოს ან გაყინულ კონფლიქტში გადაიზარდოს. საეჭვოა, რომ უკრაინას იმდენი დახმარება გაუწიონ, რომ კიევს შესაბამისი პოტენციალი გაუჩნდეს ტერიტორიის დასაბრუნებლად.

მოსკოვის მიზნები შედარებით უფრო ბუნდოვანია. ზოგიერთების მტკიცებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს, ისეთი შეთანხმება დაიდოს, რომლის მიხედვით რუსეთმა ანექსირებულ ყირიმზე და ოკუპირებულ დონბასზე სრული კონტროლი უნდა შეინარჩუნოს. გასულ კვირას რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობრივი გაზრდის შესახებ (137 ათასამდე სამხედრო მოსამსახურით) მიღებული ბრძანებულების მიზანს მოსკოვის პოზიციების განმტკიცება წარმოადგენს. შესაძლოა, რუსეთის არმიის გაძლიერებამ ვლადიმერ ზელენსკის მოლაპარაკებაზე წასვლა აიძულოს, მაგრამ თვით რუსეთის მოქალაქეებში პრეზიდენტის ბრძანებულება ჯარში გაწვევის გაფართოებაზე კარგად არ იქნება აღქმული.

გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფოს სავარაუდო ეგზისტენციალური საფრთხისაგან დაცვის მიზნით, შეიძლება გამოყენებული იქნას ბირთვული იარაღი. რამდენად შეიძლება უკრაინის ომში სავარუდო "დამარცხებამ" მოსკოვის პროვოცირება მოახდინოს ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად? რამდენად არის შესაძლებელი, რომ კიევს მოსკოვმა ბირთვული აფეთქებით შიში ჩაუნერგოს და ხელებაწეული უკრაინა თავსმოხვეულ ზავზე დათანხმდეს? ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

აშშ-სათვის და დასავლეთისათვის გასაგებია, ყველა ომი საბოლოოდ უნდა შეწყდეს, მაგრამ განა რუსეთი დათანხმდება იმ პირობებზე, რომელიც მომგებიანი იქნება უკრაინისთვის? როგორც ჩანს, არ დათანხმდება: იმ იმედით, რომ ომში უამრავი რუსი ჯარისკაცი მოკვდება და ამით დასავლეთი რუსეთს მოლაპარაკებას და ცეცხლის შეწყვეტას აიძულებს, თანაც - ვლადიმერ ზელენსკის პირობებით, ეს უაზრობა და სისულელე იქნება. თუმცა ზოგიერთების აზრით, ისევე, როგორც ავღანეთის ომმა გაუშრო სისხლი საბჭოთა კავშირს და, საბოლოო ჯამში, საბჭოთა არმიას ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა აიძულა, უკრაინაში გაჭიანურებულ ომსაც შეუძლია რუსეთის ჯარის გამოფიტვა და მისი ქვეყნიდან გაძევება.

ზამთრის მოახლოების გათვალისწინებით, როცა ევროპას რუსული ენერგომატარებლები ჰაერივით დასჭირდება, ეს ფაქტორი ბრიუსელზე პოლიტიკურ ზეწოლას მოახდენს. ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკული იარაღით უკვე სარგებლობს, ზამთარში კი მას სრულად აამოქმედებს, ანტირუსული კოალიციის შესასუსტებლად. ამაში რუსეთის პრეზიდენტს დასავლეთში მიმდინარე კრიზისი დაეხმარება - მაღალი ინფლაციით და პოლიტიკური არასტაბილურობით.

აშშ-ში და იტალიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია წინააღმდეგობრივია. დიდი ბრიტანეთი ახალ პრემიერ-მინისტრს ელოდება. რამდენად შენარჩუნდება დასავლეთში კონსენსუსი და ერთნაირი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ომი გამწვავდება ან თუ მუდმივი მოდუნებული რეჟიმით გაგრძელდება? ეს ძალიან მნიშვნელოვან კითხვას წარმოადგენს.

იმ დროს, როცა ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპით თანამშრომლობენ, პეკინი მოსკოვისათვის აშკარად უფროსი პარტნიორის როლში გამოდის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუ საქმე მოლაპარაკებამდე და ცეცხლის შეწყვეტამდე მივა, პეკინმა პროცესს ხელი შეუშალოს. ჩინეთი ომის ესკალაციის წინააღმდეგი იქნება, რომელიც ზიანს აყენებს მის ეკონომიკასაც.

ამრიგად, ომის შეჩერებისათვის ერთადერთ გონივრულ გადაწყვეტილებად მხოლოდ მოლაპარაკება შეიძლება ჩაითვალოს, რომლის დროსაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან (ალბათ, მეტ-ნაკლებად იძულებით). დასავლეთმა ვლადიმერ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი უნდა დაარწმუნოს, რომ ეს მათ ინტერესებში შედის. რუსი ლიდერი შეიძლება დათანხმდეს და შეიძლება - არა, მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი ნამდვილად არ დათანხმდება. დასავლეთმა მას უნდა უთხრას, რომ ყველაფერი მის სურვილზე არ იქნება დამოკიდებული. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ომის შეწყვეტა აუცილებელია, თუ უკრაინას გადარჩენა სურს, სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებით.

წარსულში აშშ და ნატო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ომის შეწყვეტის მიზნით თავიანთ პირობებს კარნახობდნენ. ასეთი მიდგომით ომები იმ სახელმწიფოებისთვის მაინცდამაინც კარგად არ მთავრდებოდა. დღესაც არსებობს ამის რისკი.

როგორ უნდა შეწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი? ეს სიზიფეს შრომის ტოლფასია. იმდენად, რამდენადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი რუსი კოლეგა "სამხედრო დამნაშავედ" შერაცხა, მას ამ მხრივ არაფერი გამოუვა. შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა იკისროს შუამავლობა მოსკოვთან მიმართებით. უკრაინისთვის, ალბათ, გარანტი აშშ და კოლექტიური დასავლეთი უნდა იყოს, გრძელვადიანი მხარდაჭერისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხში. მართალია, დღეს ამ პროცესის დაწყებისას წარმატება გარანტირებული არ არის, მაგრამ განა სხვა ალტერნატივა არსებობს?!

მოამზადა სიმონ კილაძემ