"მაშინ ერთმანეთი გვიყვარდა" - ავთანდილ ჯაფარიძის გულახდილი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"მაშინ ერთმანეთი გვიყვარდა" - ავთანდილ ჯაფარიძის გულახდილი ინტერვიუ

21 წლის ავთანდილ ჯაფარიძე საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო. ავთომ შოუ სკანდალურად დატოვა. მანამდე კი სასიყვარულო ინტრიგებში გახვევა, კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოასწრო... დავინტერესდით, ამჟამად რას საქმიანობს და როგორ აგრძელებს ცხოვრებას...

- მშვენივრად ვარ, ზაფხულსაც მშვენივრად ვატარებ. ამჟამად, მესტიაში ვიმყოფები, სადაც საკუთარი ბარი გავხსენი. აგვისტომდე მთლიანად ამ საქმეზე ვიყავი გადართული, ახლა უკვე ბარს მიხედვა სჭირდება. მოკლედ, ჯერ ვერ ვისვენებ. ყველაფერში ვმონაწილეობ. მართალია, სტაფი მყავს, რომელიც საქმეს თავიდან ბოლომდე მიხედავს, მაგრამ მომწონს, მათ რომ ვეხმარები... რადგან ბარი ახალი გახსნილია და ჩემთვისაც პირველი ბიზნესია, მინდა თავიდან ბოლომდე ამ საქმეში ჩართული ვიყო და ყველაფერში გავერკვე.

- რომელ პროფესიას ეუფლები? ცოდნის საკმარისი ბაზა თუ გქონდა, ამ ბიზნესს რომ შესჭიდებოდი?

- იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ რაკი მესტიაში საოჯახო ბიზნესი - რესტორანი გვქონდა (ასევე, სასტუმროც გვაქვს), სულ ვუყურებდი, დედაჩემი რესტორანს როგორ მართავდა. პრაქტიკული გამოცდილება მქონდა, რაღაცები ვიცოდი.

- პოპულარობა როგორი განცდაა?

- ძალიან კარგია. ბავშვობიდან მინდოდა, პოპულარული ვყოფილიყავი, ჩემ შესახებ ბევრს სცოდნოდა, მაგრამ პოპულარობას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, მით უმეტეს - საქართველოში: “ჰეითი” ახლავს თან. ეს ცოტათი დამღლელია, თორემ ისე, პოპულარობა მომწონს...

- შენ შესახებ უარყოფითი რა მოგისმენია, რაც შენთვის გამაღიზიანებელი იყო?

- გამაღიზიანებელი ის არის, რომ ადამიანები იმას ლაპარაკობენ, რაც არ იციან და რეალობას არ შეესაბამება...

- აღნიშნე, ბავშვობიდან პოპულარობა მინდოდაო. რომელ სფეროში გესახებოდა საკუთარი თავი?

- კონკრეტულად - არაფერში, მაგრამ მინდოდა, ბევრს სცოდნოდა, ვინ ვიყავი.

- ბევრი გოგონასგან გრძნობ სიმპათიას?

- სხვათა შორის, “უტყდებათ” თუ რცხვენიათ, არ ვიცი, მაგრამ სიმპათიას არ გამოხატავენ. რეალურად, ხომ ვხვდები, არა? ამის მიხვედრა ძალიან იოლია. არ გამოხატავენ, მაგრამ მერე, საბოლოო ჯამში, ურთიერთობისას ვიგებ სიმართლეს... ისედაც, ვინმეს რომ გავიცნობ, თავიდან არც იმჩნევს, რომ იცის, ვინ ვარ. მერე ურთიერთობაში აღიარებენ, რომ ძალიან მოვწონდი.

- ვიდრე ცნობილი გახდებოდი, გოგონებს შორის მანამდეც პოპულარობით სარგებლობდი?

- კი. ამერიკულ ფილმებს სულ ვუყურებდი, რომლებშიც კოლეჯში მოზარდების ცხოვრებაა ასახული. მინდოდა, ამერიკაში მეცხოვრა და ისეთი ტიპი ვყოფილიყავი, როგორიც ასეთ ფილმებშია: ლიდერი, ამერიკულ ფეხბურთს რომ თამაშობს და გოგონები მასზე გიჟდებიან. საქართველოში როგორც შევძელი, სკოლაში მეც ასეთი ვიყავი. უბრალოდ, პანდემიის გამო, უნივერსიტეტში სიარულმა არ მომიწია, თორემ იქაც ასე გავაგრძელებდი...

- სკოლაში გოგონები შენი ყურადღების მისაქცევად რას აკეთებდნენ?

- მაგალითად, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ... რა ვიცი, სკოლაში როგორც ხდება ხოლმე... გარკვეული პერიოდის მერე, შეყვარებულიც მყავდა და სიტუაცია ცოტათი დალაგდა. საერთოდ, ყოველთვის ასე იყო: გოგონებს არ უნდათ შეიმჩნიონ, რომ მოსწონხარ, მაგრამ მაინც ეტყობათ.

- სკოლაში, შეყვარებულობის პერიოდში, სერიოზული გრძნობა გქონდა?

- კი. მაშინ მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი... 2 წელი (მერვე-მეცხრე კლასი) სვანეთში ვსწავლობდი. მერე, როცა თბილისში გადმოვედი, ისევ პირველ სკოლაში დავბრუნდი, სადაც მანამდე ვსწავლობდი. უკვე ახალი სიტუაცია, ახალი “სასტავი” დამხვდა. ვიფიქრე, რომ ყველაზე კარგი გოგო, ვისაც დავინახავდი, ჩემი შეყვარებული უნდა ყოფილიყო. ცოტათი გამიჭირდა, ამისთვის რამდენიმე თვე დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, მართლა ასე მოხდა... ერთად 2 წელი ვიყავით. შემდეგ, რატომღაც, ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. საერთოდ, ურთიერთობა ბევრ გოგოსთან მქონია, მაგრამ სერიოზულად მხოლოდ იმ ურთიერთობას აღვიქვამ. მაშინ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა...

- სიყვარულის დაგეგმვა თუა შესაძლებელი?

- არა. არ მითქვამს, რომ დავგეგმე. უბრალოდ, თავდაპირველად ხომ გარეგნობა იქცევს ყურადღებას, არა? პირველად რომ შევხედე, ვინც ყველაზე მეტად მომეწონა, ურთიერთობა მასთან დავიწყე. მერე ის ჩემი შეყვარებული გახდა, ანუ ჯერ გარეგნობა მომეწონა, შემდეგ - მანერები. მერე გავიცანი, როგორც ადამიანი...

- როგორც ვიცი, შენ და თეომ გარკვეული პერიოდი ზაფხულში ერთად დაისვენეთ...

- კი, გულშემატკივრებმა ციხისძირში დაგვპატიჟეს. მე და თეოს ახლაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. იმას ვგულისხმობ, რომ არც შეყვარებულები ვართ, არც - წყვილი. უბრალოდ, ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება გვაქვს. ეს ყველაფერი ჩვენმა გულშემატკივრებმა მოაწყვეს, რომ მე და თეო დასასვენებლად ერთად წავსულიყავით. ციხისძირში 2 დღე გახლდით და კარგი დრო გავატარეთ.

- როგორ მოახერხე, რომ ასე ვთქვათ, “სასიყვარულო სამკუთხედის”, კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ, თეოსთან ურთიერთობა ისე დაალაგე, რომ ერთადაც კი დაისვენეთ?

- მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგდის.

- გულწრფელად გვითხარი: იმ სიტუაციაში, რომელიც შენ, თეოს და ლიზის გიკავშირდებათ, მართალი ხარ?

- გულწრფელად გითხრა, ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ტელევიზიის ეფექტის შესახებ მოგეხსენებათ - როგორც უნდათ, ყველაფერს ისე წარმოაჩენენ: საერთოდ, ტელევიზიას შეუძლია, შავი თეთრად დაგანახვოს და ამას ვერ მიხვდები, რეალობა თუ არ იცი, მაგრამ მე ხომ პროექტში ვიყავი, შეიძლება, 1 წინადადება თქვა, შუაში “ჩამოგიჭრან”, სხვა აზრი გამოვიდეს და ეთერში ისე გაუშვან... ჩვენს სიტუაციას “სამკუთხედს” საერთოდ ვერ დავარქმევ: ასე მოხდა... მიუტევებელი არაფერი ჩამიდენია. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიმაჩნია. უბრალოდ, ყველაფერს ის ფაქტი ამწვავებს, რომ ჩემი და თეოს გულშემატკივრებმა ყველაფერი გააზვიადეს, ხალხმა კი მერე სიტუაცია სხვაგვარად დაინახა. ტელევიზორში სხვანაირად გამოჩნდა, სინამდვილეში კი სხვა რაღაცები იყო...

- რეალურ ცხოვრებაში, ფიზიკურად ვინმეს დაჰპირისპირებიხარ?

- კი, ბევრჯერ. საქართველოში ვცხოვრობთ. გარკვეულ სიტუაციაში, ფიზიკური დაპირისპირება ყოველთვის ხდება და შეიძლება, ეს გარდაუვალიც იყოს. იმის თქმა შემიძლია, რომ ყოველთვის ვცდილობ, ფიზიკურ დაპირისპირებას თავი ავარიდო და პრობლემები ჰუმანურობის ფარგლებში მოვაგვარო, მაგრამ რაკი საქართველოში ვცხოვრობ, აქ სხვანაირი მენტალიტეტია: რთულია, გარკვეულ სიტუაციაში ფიზიკურ დაპირისპირებას თავი აარიდო.

- შენი ხასიათის უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- ალბათ იმას, რომ ცვალებადი ხასიათი მაქვს და ადამიანებს იოლად ვენდობი. ფიცხი ვარ.

- შენთვის უღალატიათ?

- არა, მაგრამ ურთიერთობაში რამდენიმე იმედგაცრუება მქონია. ამიტომ ისეთი ურთიერთობების დაწყებას ვერიდები, რომლებიც მგონია, რომ საბოლოოდ, შეიძლება ისე დასრულდეს, როგორც არ მომეწონება. მეგობრულ ურთიერთობასაც ვგულისხმობ: ბევრმა ადამიანმა მაჩვენა, რომ რეალურად, მიმნდობი არ უნდა ვიყო, რადგან ზოგჯერ ურთიერთობებში წარმოუდგენელი რაღაცები ხდება... ბოლო დროს მივხვდი, რომ ადამიანს ბევრი დაკვირვება სჭირდება, მით უმეტეს - სერიოზულ, რომანტიკულ ურთიერთობაში.

- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები?

- ჩვეულებრივად. არც ვნერვიულობ, თუმცა გააჩნია, პაემანზე ვისთან მივდივარ. საერთოდ, გოგონებთან ურთიერთობისას დაძაბული არ ვარ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობისას ცოტათი ვნერვიულობ...

- შენი ყველაზე უცნაური პაემნის შესახებ მოგვიყევი...

- საერთოდ, ცოტა პაემანი მქონია. უცნაურის რა გითხრა, არ ვიცი... მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა პაემნის შემდეგ, ის გოგონა აღარ მინახავს, ურთიერთობა აღარ გამიგრძელებია.

- მიზეზი?

- საერთოდ, გოგოსთან ურთიერთობისას ბევრ დეტალს ვაკვირდები. შეიძლება, უმნიშვნელო რაღაცის გამო, ურთიერთობა დავამთავრო. მაგალითად, როცა გოგოს არაბუნებრიობას შევატყობ, შემიძლია, მასთან კავშირი გავწყვიტო. ხელოვნურობას ვერ ვიტან. ბუნებრივი გოგონები მომწონს.

- ურთიერთობის ინიციატორი გოგონები მოგწონს?

- არც ისე. მირჩევნია, ურთიერთობაში ინიციატორი თავად ვიყო.

- საუბრის დასაწყისში აღნიშნე - გოგონები ჩემ მიმართ სიმპათიას არ იმჩნევენო...

- იცი, რა არის? არ იმჩნევენ, რომ იციან, ვინ ვარ. რეალურად, ეს თითქმის ყველამ იცის, გარეგნობით მაინც მცნობენ. ამის დამალვა და თქმა: - “წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ხარ”, ცოტათი “ბანძობაა”... ურთიერთობის დასაწყისში, მნიშვნელობაც არ აქვს, პირველად გოგო მომწერს თუ თავად მივწერ. საერთოდ, გოგო ძალიან უნდა მომეწონოს, მისკენ პირველი ნაბიჯი რომ გადავდგა, მაგრამ თუკი ურთიერთობის დაწყების ინიციატივა თავად გამოიჩინა, ამას “მინუსად” არ მივიჩნევ, რადგან ურთიერთობას იმიტომ ვიწყებ, რომ ადამიანი გავიცნო. კონკრეტული მიზანი არასდროს მაქვს: მასთან ვიმეგობრებ თუ სხვა სტატუსი ექნება მომავალში... ჯერ უნდა გავიცნო, მერე მივხვდები, როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს.

- როგორც ვიცი, 6 დედმამიშვილი ხართ. ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ძმები უმცროს დას გარკვეულ საკითხებში ხომ არ ზღუდავთ?

- დედმამიშვილებს შორის ყველაზე უფროსი ძმა ვარ. 3 ძმა ფაქტობრივად, ტყუპივით გავიზარდეთ: ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა თითო-თითო წელია. სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ძიუდოშიც ერთად ვვარჯიშობდით... ძმებს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. უფროსები უმცროს ტყუპ ძმას ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი და 16 წლისაა. შეზღუდული არაფერშია. ისეთი ასაკი აქვს, რომ მთლიანად სწავლაზეა კონცენტრირებული. როცა საჭიროა, მეგობრებთან ერთადაც დადის. ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგოა, რომელსაც უბრალოდ, 5 ძმა ჰყავს. თავად არ გრძნობს თავს შეზღუდულად.

- რადგან პოპულარობა ბავშვობიდანვე გინდოდა, ხომ არ გიცდია, ამაში პოპულარული ახლობელი - ეკო ფანგანი, რომელსაც მამიდად მიიჩნევ, დაგხმარებოდა, რჩევა გეკითხა?

- არა. სანამ ხალხი გამიცნობდა, მანამდე “ტიკ-ტოკზე” ვაქტიურობდი. სიმართლე გითხრა, ამას იმ მიზნით არ ვაკეთებდი, რომ პოპულარული გავმხდარიყავი. უბრალოდ, მინდოდა, საკუთარი თავი ხალხისთვის გამეცნო. რეალით შოუში სწორედ “ტიკ-ტოკიდან” გამომდინარე მიმიწვიეს.

- ცხოვრებაში რა მიზანი გაქვს, საკუთარი მომავალი როგორ გესახება?

- მინდა 4-5 წელიწადში ბევრი ვიმოგზაურო, სხვა ქვეყნების კულტურის, სოციალური მდგომარეობის, ზოგადი სიტუაციის შესახებ გავიგო. მსურს, საქართველოს ფარგლებს გავცდე და გლობალური ცხოვრება ვნახო, მერე კი უკან დავბრუნდე. მთავარია, ფინანსური შემოსავალი მქონდეს და ვიპოვო საყვარელი ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრებას გავაგრძელებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"