"ძვირფასო ჯუმბერ" - გორბაჩოვი ამ წიგნში საქართველოზე სიყვარულით საუბრობს..." - რა უცნობ ამბებს იხსენებს ქვეყნის ყოფილი პირველი პირი - კვირის პალიტრა

"ძვირფასო ჯუმბერ" - გორბაჩოვი ამ წიგნში საქართველოზე სიყვარულით საუბრობს..." - რა უცნობ ამბებს იხსენებს ქვეყნის ყოფილი პირველი პირი

91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კომ­პარ­ტი­ის უკა­ნას­კნე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უკა­ნას­კნე­ლი ლი­დე­რი მი­ხეილ გორ­ბა­ჩო­ვი. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე დაყ­რდნო­ბით, რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. "მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი მძი­მე და ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში...

საქართველოს ყოფილი პირველი პირი - ჯუმბერ პატიაშვილი ამბობს, რომ მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში ყველაზე უმძიმესი ტრაგედია - 9 აპრილი იყო, რომლის შესახებ მას ძალიან ხშირად უსაუბრია... ასევე, მსოფლიო ტრაგედიად მიიჩნევს ჩერნობილის ატომური სადგურის დაზიანებას...

ჯუმბერ პატიაშვილი:

- 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ უკვე იმდენი ვისაუბრე, მგონია, ყველამ ყველაფერი იცის... რაც შეეხება ჩერნობილის ტრაგედიას, ეს კატასტროფა იყო და დიდი საშიშროებაა, დღესაც განმეორდეს... თავად გახლდით მიხეილ გორბაჩოვის კაბინეტში, რომელიც ნამდვილად არ იყო საქმის კურსში, რამდენად დიდი საშინელება მოხდა. გულწრფელად გითხრათ, მეც კი არ ვიცოდი ჩერნობილი საერთოდ სად იყო... ყველაფრის გააზრება შემდეგ მოხდა და ჩერნობილიდან თბილისში ასეულობით ბავშვი ჩამოვიყვანეთ დასასვენებლად. საქართველოდან სპეციალისტები გავგზავნეთ...

ღმერთმა არ ქნას, რამე განმეორდეს, ახლა ზუსტად ვიცით, რომ ატომური იარაღის ტოლფასი და შეიძლება უარესიც იყოს, უმართავი ხდება ყველაფერი.

მიხეილ გორბაჩოვს საქართველო ნამდვილად უყვარდა, განსაკუთრებით ქართული ხელოვნება. როგორც კი ქართული ფილმი გამოდიოდა, პირველად ეგ ნახულობდა...

- თქვენს კანდიდატურას მიხეილ გორბაჩოვმა დაუჭირა მხარი... ახლა სამძიმარს რა ფორმით გამოხატავთ?

- დიახ, მხარი დაუჭირა.. სამი წლის წინ წიგნი გამოსცა და მეც გამომიგზავნა წარწერით - "дорогой Джумбер" (ძვირფასო ჯუმბერ).... სხვათა შორის, ამ წიგნში საქართველოზე დიდი სიყვარულით საუბრობს... გული დამწყდა მისი გარდაცვალების გამო, მაგრამ სამძიმარს ვერანაირი ფორმით ვერ გამოვხატავ, რადგან რუსეთში აღარავისთან მაქვს კავშირი.

რა ხდებოდა საქართველოში ჩერნობილის ტრაგედიის დროს, ამონარიდი წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ":

"... 1986 წლის აპრილში მოსკოვში ჩავედი, გორბაჩოვთან მიღებაზე ვიყავი დაბარებული. სხვადასხვა საკითხის განხილვის შემდეგ გორბაჩოვი ისე, სხვათა შორის მეუბნება, რომ გუშინ ჩერნობილის ატომურ სადგურზე დაზიანება მოხდა.

საუბრის დასრულების შემდეგ გამოვედი მისი კაბინეტიდან, მეორე კორპუსთან დამაკავშირებელ შუშის ხიდზე გავდივარ და უცებ ზემოდან ვხედავ, რომ კრემლის ეზოში სამთავრობო ავტომანქანების კოლონა შემოდის.

მეორე კორპუსში აზერბაიჯანის და სომხეთის ცენტრალური კომიტეტის მდივნები მხვდებიან, ისინიც ჩერნობილზე საუბრობენ. ბაგიროვი ამბობს, რომ ავარიის განეიტრალება ხდება და სწორედ ახლა, აფეთქების ადგილს ქვიშას აყრიან. სულ ეს იყო მწირი ინფორმაცია, რომელიც ჩერნობილის აფეთქების შესახებ კრემლში მივიღე. მალევე დავბრუნდი თბილისში და მშვიდად შევუდექით საპირველმაისო მზადებას.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანი კიევში საპირველმაისო დემონსტრაციის ჩატარების წინააღმდეგი იყო, თუმცა მისი აზრი პოლიტბიურომ არ გაითვალისწინა და საპირველმაისო დემონსტრაციები მთელ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში გაიმართა.

წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას სიმართლე დაუმალა და ტრაგედიის შემზარავი შედეგების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდა. არადა, საწყის ეტაპზე არათუ რიგით მოქალაქეებს, თვით ხელისუფლების უმაღლეს პირებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენა ჩერნობილის ტრაგედიის მასშტაბებზე.

აფეთქებისთანავე ჩავიდნენ ჩერნობილში მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერები, ტექნიკური პერსონალი, ჟურნალისტები და არც ერთ მათგანს იმდენად არ ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში ფაქტორები გააზრებული, რომ კაციშვილს აზრად არ მოსვლია უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაეცვათ და პირბადეები მაინც გაეკეთებინათ.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პროექტის ავტორი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალექსანდროვი კი სატელევიზიო გამოსვლაში იმდენად მშვიდად და უემოციოდ ლაპარაკობდა ტრაგედიის შესახებ, ხალხმა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ვიფიქრეთ, რომ ტრაგედია მხოლოდ ერთ დღეს მოხდა, იმ დღესვე დასრულდა და მისი უარყოფითი შედეგები და მსხვერპლის რიცხვი აღარ გაიზრდებოდა.

აფეთქებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რესპუბლიკებს ჩერნობილის აღდგენაში მონაწილეობის მიღება და დახმარების აღმოჩენა დაგვევალა. საქართველოდან მივავლინეთ რადიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ღლონტი, რომელმაც მართლაც ეფექტიანი მუშაობა გასწია და გაცილებით ზუსტი დასკვნა დადო ტრაგედიის შემდგომ, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე, ვიდრე სხვა მეცნიერებმა თუ სამეცნიერო ჯგუფებმა.

საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამოცხადდა სპეციალისტების, მათ შორის, ძირითადად, სამედიცინო და სამშენებლო სფეროში მომუშავეთა მობილიზაცია, თუმცა მობილიზაცია სავალდებულო არ ყოფილა, იგი ნებაყოფლობითი და, ამავე დროს, მოტივირებულიც იყო.

ჩერნობილში წამსვლელებს სახელმწიფო მაღალ ანაზღაურებას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, ბინითა და ავტომობილით უზრუნველყოფას სთავაზობდა.

სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ერთგვარი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ ვიღაცის ან რაღაცის მსხვერპლად ასაღებენ თავს.

ასეთი ავანტიურისტები ჩერნობილის ტრაგედიასაც გამოუჩნდნენ, რომელთაც განაცხადეს, თითქოს იძულებით მიავლინეს ჩერნობილში. სინამდვილეში, ასეთი რამ არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩერნობილში აღდგენით სამუშაოებზე წასვლის მსურველი (ისევ და ისევ, სახელმწიფოსგან შეთავაზებული პირობების გამო) იმდენად ბევრი იყო, რომ რეგისტრაციის ადგილებზე მუდმივად რიგები იდგა.

სხვა საკითხია, თუ რამდენად დაინტერესდა ხელისუფლება წლების შემდეგ ჩერნობილელი მოქალაქეების და ტრაგედიის ადგილზე მივლენილი სპეციალისტების ჯანმრთელობითა და შემდგომი ბედით. რასაკვირველია, ამაზე თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ისევე უნდა ეზრუნა, როგორც დღეს უნდა ზრუნავდნენ მისი სამართალმემკვიდრე, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელმძღვანელები.

ჩერნობილის ტრაგედიამ გაცილებით მძიმე შედეგი წლების შემდეგ მოიტანა, ვიდრე თავად ტრაგედიის დღეს. ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბების განსაზღვრა თავიდან რთული იყო. ატომური ელექტროსადგური გასამხედროებული, დახურული სტრუქტურა გახლდათ, პარტიული მუშაკებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ პატაკი არავის ჩაუბარებია.

უკრაინასა და ბელარუსში მეცხოველეობა ყველაზე მეტად იყო განვითარებული. ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ რესპუბლიკებმა, რომლებიც ასევე ვაწარმოებდით მეცხოველეობის პროდუქციის გადამუშავებას, საკავშირო დავალება მივიღეთ. რადიაციით დაბინძურებული პროდუქცია, რომელიც უკრაინიდან და ბელარუსიდან მოგვეწოდებოდა, ადგილობრივ ჯანსაღ პროდუქტთან შეფარდებით - ერთი დაზიანებული ათ ჯანმრთელზე - უნდა დაგვემუშავებინა და გვეწარმოებინა.

ჩვენმა სპეციალისტებმა ამ პირობაზე უარი თქვეს.

ქართველი სპეციალისტების პოზიცია ჩვენც გავიაზრეთ და, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის საზღვარს საკავშირო ფონდიდან განაწილებული რადიაციული ხორცით დატვირთული ვაგონები მოადგა, სარკოფაგები გავთხარეთ და დაზიანებული პროდუქცია სამარხებში ჩავყარეთ.

საქართველოს რადიაციული ზონიდან შემოტანილი პროდუქცია არ გადაუმუშავებია და, შესაბამისად, არც უწარმოებია.

ჩერნობილის აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1986 წლის დასაწყისში, საქართველოში ავსტრიელი ბიზნესმენი ბაუზბეკი ჩამოვიდა და გუდაურის სამთო-სათხილამურო კომპლექსისა და სასტუმროს მშენებლობის იდეა შემოგვთავაზა. გუდაურის კომპლექსის აშენების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიყავი, თუმცა ვფიქრობდი, რომ, პირველ რიგში, ფინანსებიცა და ძალისხმევაც ბორჯომ-ბაკურიანის ათვისებისკენ უნდა მიგვემართა. მაშინ, როცა ბაკურიანში არსებული სამივე ტრამპლინი გაჩერებული იყო, ახლის აშენება, თუნდაც გუდაურში, მართებულად არ მიმაჩნდა, მით უმეტეს, რომ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას ბაკურიანში ვგეგმავდით.

გუდაურში სასტუმრო ამ პირობითა და პრინციპით უნდა აშენებულიყო: რვა წლის განმავლობაში ავსტრიელები და ქართველები თანაბარი პირობებით ვისარგებლებდით (350 ნომრიდან 200-ს უცხოელები, დანარჩენს კი ქართველები დაიკავებდნენ), ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სასტუმროს მთლიანად ქართული მხარე განკარგავდა.

პირისპირ შეხვედრისას ბაუზბეკს ახალი პირობა შევთავაზე: ავსტრიული მხარე სრულად ისარგებლებდა სასტუმროთი, ოღონდ მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში, ამის შემდეგ კი გუდაურის კომპლექსიცა და სასტუმროც განსაკარგავად მთლიანად საქართველოს გადმოეცემოდა.

ავსტრიელ ბიზნესმენს კიდევ ერთი საქმიანი წინადადებით მივმართე.

გუდაურის პარალელურად, დედაქალაქშიც გაგვეკეთებინა მაღალი კლასის კომფორტული სასტუმრო, რათა გუდაურში ჩამოსულ უცხოელ დამსვენებელს თბილისისა და მისი შემოგარენის დათვალიერების საშუალებაც მისცემოდა. ადგილი ავლაბრის ტერიტორიაზე შევარჩიეთ, შესანიშნავი ხედით. იქაურობა სასაზღვრო ჯარების ფარეხისაგან გავათავისუფლეთ, საძირკველი ჩავყარეთ, ბაუზბეკმა პირობა მომცა, რომ მშენებლობას 24 თვეში დაასრულებდა და სასტუმრო "მეტეხს" ერთად გავხსნიდით.

ბაუზბეკმა პირობა მართლაც შეასრულა, ოღონდ სასტუმრო "მეტეხი" მე კი არა, ზვიად გამსახურდიამ გახსნა...

გუდაურისა და "მეტეხის" ისტორია კი არაპირდაპირი გზით სწორედ ჩერნობილის ტრაგედიის, ამჯერად უკვე საქართველოში გამოვლენილ უარყოფით შედეგს დაუკავშირდა.

ჩვენთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაისში რადიაციულმა ღრუბელმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჩამოიწია და საქართველოში რადიაცია მაისის წვიმებს მოჰყვა. ეს იმდენად წარმოუდგენელი საფრთხე გახლდათ, რომ კვლევების ჩატარებაზე არც გვიფიქრია და, შესაბამისად, არც ჩაგვიტარებია.

ბაუზბეკთან, ანუ ავსტრიულ მხარესთან ხელშეკრულება გვქონდა დადებული, რომლის მიხედვით, ინვესტიციის სანაცვლოდ, ბარტერის სახით, მათ საქართველოდან ქართული ჩაი უნდა წაეღოთ.

ჩერნობილის ტრაგედიამ, როგორც ჩანს, ევროპა გაცილებით ადრე გამოაფხიზლა, ვიდრე თავად საბჭოთა კავშირი და მათ საბჭოეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე რადიაციული შემოწმება დააწესეს. საზღვარზე შეამოწმეს ქართული ჩაიც. გარკვეული რაოდენობა უკან დაგვიბრუნეს, რადგან მასში რადიაციული ნივთიერება აღმოჩნდა.

ეს იყო უმძიმესი დარტყმა. რადიოლოგიის ინსტიტუტმა მეორე დღესვე დაიწყო ადგილებზე ნიადაგის შესწავლა და მცირე ლაქების სახით აღმოაჩინეს კიდეც დასავლეთის სხვადასხვა რეგიონში. ასე გავიგეთ, რომ რადიაციამ საქართველომდეც მოაღწია".

(სპეციალურად საიტისთვის)