"სასიკვდილო ჭრილობა იმიტომ მიაყენა, რომ გოგონამ ხელის თხოვნაზე უარი განუცხადა" - ძალადობის ახალი ტალღა ეგვიპტეში - კვირის პალიტრა

"სასიკვდილო ჭრილობა იმიტომ მიაყენა, რომ გოგონამ ხელის თხოვნაზე უარი განუცხადა" - ძალადობის ახალი ტალღა ეგვიპტეში

ეგვიპტესა და იორდანიაში მომხდარმა რამდენიმე გახმაურებულმა უბედურმა შემთხვევამ, როცა ქალები მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ გათხოვებაზე უარი განაცხადეს, ახლო აღმოსავლეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზოგადოება ქალთა უფლებებზე და უსაფრთხოებაზე საჯაროდ ალაპარაკდა.

ბასმა, რომელიც კაიროს უნივერსიტეტის სტუდენტია, ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს, ამ წლის ივნისში უნივერსიტეტის კამპუსთან მომხდარი ტრაგედიის დეტალებს, რის შედეგადაც მისი თანაკურსელი გოგონა გარდაიცვალა.

„ეს იყო საშინელება, სახლიდან ახლაც ვერ გამოვდივარ“, - ამბობდა 27 წლის გოგონა ტრაგედიიდან 10 დღის შემდეგ DW-სთან საუბრისას. აღსანიშავია, რომ მან შურისძიების შიშით გამოცემასთან ანონიმურად ისაუბრა.

კაიროში, მანსურის უნივერსიტეტში 21 წლის ნაირა აშრაფის მკვლელობა, რეგიონში ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებულ ფემიციდად იქცა.

naira-ashraf-2-1661936213.png
ნაირა აშრაფი

ფემიციდი გენდერის გამო ქალების მიმართ დანაშაულს გულისხმობს. ფემინისტმა დიანა რასელმა, რომელიც ამ ტერმინის დამამკვიდრებლად მიიჩნევა, ფემიციდი ასე აღწერა: „მამაკაცების მხრიდან ქალთა კვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“.

მუჰამედ ადელი, რომელმაც 21 წლის ნაირა მოკლა, თვითმხილველებმა შეიპყრეს და იქამდე არ გაუშვეს, ვიდრე შემთხვევის ადგილზე პოლიცია არ მივიდა. მამაკაცმა გოგონას 19 ჭრილობა მხოლოდ იმიტომ მიაყენა, რომ 1 წლის წინ ნაირამ ხელის თხოვნაზე უარი უთხრა. გოგონას დედამ განაცხადა, რომ ქორწინებაზე უარის თქმის შემდეგ მუჰამედი მის შვილზე ძალადობდა და ემუქრებოდა.

როგორც ოჯახის ადვოკატი ჰალედ ამდელ რაჰმანი ამბობს, მამაკაცმა გოგონას სახელით სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნა, გოგონას ფოტოები დაამუშავა და პორნოგრაფიული სახის ფოტოებს ამზადებდა, უთვალთვალებდა და საზოგადოების წინაშე ღიადაც ემუქრებოდა.

ნაირა აშრაფმა სამართალდამცავებს ორჯერ მიმართა, მან კიბერუსაფრთხოების სამსახურს სთხოვა, დაეწყოთ გამოძება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ გოგონას დაცვა ვერ შეძლო.

„პოლიციას შესაბამისი ზომები რომ მიეღო, ახლა ნაირა ცოცხალი იქნებოდა“, - აღნიშნავს ადვოკატი.

femicidi2-1661935031.jpg
მუჰამედ ადელი, ნაირა აშრაფის მკვლელობაში ბრალდებული

მამაკაცმა დანაშაული აღიარა, მანსურის სასამართლომ კი მკვლელობის გამო მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სასამართლოს შემდეგ საქმე ეგვიპტის მუფთს გადასცეს, მას უნდა გამოეტანა საბოლოო განაჩენი. ივლისის ბოლოს ეგვიპტის მუფთი სასამართლო გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

ძალადობის ეპიდემია

21 წლის ნაირა აშრაფის მკვლელობამ ეგვიპტეში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელში ღიად დაიწყეს საუბარი არაბულ სამყაროში ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

საზოგადოების მიერ კრიტიკული აზრის დაფიქსირების შემდეგ ეგვიპტის პროკურატურამ სახალხოდ დაგმო ქალების მიმართ ნებისმიერი ძალადობა, თუმცა გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატის ცნობით, ძალიან ბევრი ქალი, ვინც ძალადობის მსხვერპლია, ამ დრომდე დაუცველი რჩება.

„ქალების წინააღმდეგ ძალადობამ ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში ეპიდემიის სახე მიიღო“, - ამბობს ქალთა უფლებადამცველი ჰაბიბა აბდელაალი. "სამწუხაროდ, აშრაფის საქმე არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა", - აღნიშნავს იგი.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალების მიმართ ძალადობას ბოლო წლებია, აქტიურად განიხილავენ, საზოგადოება მალავს ოჯახური ძალადობის ფაქტებს და არც პოლიცია, არც სხვა სახელმწიფო უწყებები ამ საკითხით არ ინტერესდებიან“, - ამბობს აბდელაალი.

femicidi3-1661935031.jpg
ნაირა აშრაფის ოჯახი სასამართლო პროცესზე

აღსანიშნავია, რომ ამასვე ადასტურებს ეგვიპტის თანასწორობის ფონდის - Edraak Foundation-ის კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ქალთა მიმართ ძალადობის მხოლოდ 813 შემთხვევა დარეგისტრირდა, 2020 წელს კი მხოლოდ 425 რეგისტრირებული შემთხვევა ფიქსირდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სექსუალური ძალადობის საკითხში ეგვიპტე მხოლოდ ავღანეთს ჩამორჩება.

"ჰიჯაბი არ ეცვა"

ნაირა აშრაფის მკვლელობას, ალბათ, საზოგადოებამ დიდი ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღეში იორდანიაშიც მოხდა.

მამაკაცმა ამანის უნივერსიტეტის სტუდენტი სწორედ იმიტომ მოკლა, რომ გოგონა ცოლად არ გაჰყვა.

შემთხვევის შემდეგ მამაკაცი მიიმალა, თუმცა პოლიციამ მის კვალს მალევე მიაგნო. მან თავი მოიკლა. ამ საქმის დეტალები იორდანიაში გასაიდუმლოებულია.

„მსგავს დანაშაულებს საფუძვლად ქალებისადმი უპატივცემულობა და დაშინება უდევს და კიდევ მოსაზრება, თითქოს, მამაკაცები მუდამ მართლები არიან“, - ამბობს იორდანელი რეჟისორი და უფლებადამცველი გადა საბა.

სწორედ ეს ორი შემთხვევა გახდა იმის საფუძველი, რომ იორდანიასა და ეგვიპტეში ღიად დაეწყოთ საუბარი ქალთა უფლებებზე. როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, საზოგადოება ამ და სხვა დანაშაულებებში ხელისუფლებას ადანაშაულებს და კიდევ იმ ადათ-წესებს, რომლის მიხედვითაც ძალადობაში მსხვერპლი ქალის ბრალს ეძებენ.

„ნაირას შემთხვევის განხილვისას ნათლად ჩანს, რომ ჩვენ კანონმორჩილება გვაკლია და, ამავე დროს, საზოგადოებას ვუპირისპირდებით, რომელიც გამუდმებით ადანაშაულებს მსხვერპლს, მით უფრო მაშინ, თუ ეს მსხვერპლი ქალია“, - ამბობს უფლებადამცველი აბდელაალი.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ეგვიპტელი არ იზიარებს უფლებადამცველთა აზრს და მათ ზედმეტად პროდასავლურად მიიჩნევენ.

როგორც ცნობილია, ალ-აზრას უნივერსიტეტის დეკანმა ნაირა აშრაფზე თავდასხმისას გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ თავდასხმის დღეს გოგონას ჰიჯაბი არ ეკეთა.

„თუ თქვენი სიცოცხლე თქვენთვის მნიშვნელოვანია, გარეთ მთლიანად შემოსილი გამოდით. რატომ? იმიტომ, რომ ვინც ღარიბი და სექსუალურად დაუკმაყოფილებელია, დაგინახავთ და ყელს გამოგჭრით“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში დეკანმა.

"არ არსებობს კანონი, რომელიც დაგვიცავს"

ერთი თვეც კი არ იყო გასული ნაირა აშრაფის მკვლელობიდან, კაიროში კიდევ ერთი ფემიციდი რომ დაფიქსირდა. 20 წლის სალმა ბაჰგატი თანაკურსელმა ბიჭმა ცოლობაზე უარის თქმის გამო მოკლა. ბრალდებულის სასამართლო სექტემბერშია ჩანიშნული.

femicidi4-1661935031.jpg

Egyptian Initiative for Personal Rights-ის წარმომადგენლის აზრით, ხელისუფლება ცდილობს, გახმაურებულ საქმეებზე, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, პრეცედენტი შექმნას და დამნაშავეები სამაგალითოდ დასაჯოს.

სასამართლომ, რომელმაც ნაირას მკვლელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, პარლამენტს თხოვნით მიმართა, შეცვალოს კანონი და სიკვდილით დასჯა ტელევიზიით გაუშვან.

უფლებადამცველთა აზრით, ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ძალადობის კრიმინალიზებას მოახდენს და ქალებს დაიცავს. უფლებადამცველები ეგვიპტეში, იორდანიასა და ლიბანში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სპეციალური თავშესაფრები შეიქმნას, სადაც ქალები მოყვებიან თავიანთ ისტორიას და უსაფრთხოდ იქნებიან, აქამდე კი აუცილებელია ქვეყნებმა, პირველ რიგში, აღიარონ, რომ ფემიციდი - მასშტაბური და სერიოზული პრობლემაა. (წყარო)