"ფეხმძიმეც ვუცემივარ. ბავშვი რომ დაიბადა, სამშობიაროში "კაიფში" იყო..." - კვირის პალიტრა

"ფეხმძიმეც ვუცემივარ. ბავშვი რომ დაიბადა, სამშობიაროში "კაიფში" იყო..."

ოჯახში ძალადობა საზოგადოების ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. როცა მეზობლის სახლიდან გაუთავებლად წივილ-კივილი, ცემა-ტყეპა ისმის, ადამიანები ცდილობენ, მათ კონფლიქტში არ ჩაერიონ, რადგან თვლიან, რომ სხვისი ოჯახის საქმეში უცხოს ჩარევა საჭირო არ არის. არადა, ხშირად, ეს აუცილებელია, რომ სიტუაცია უმძიმეს ტრაგედიამდე არ მივიდეს.

ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლია. ის ამბობს, რომ ბევრჯერ უთხოვია სხვებისთვის დახმარება, მაგრამ ხშირად არავინ დახმარებია. წლების განმავლობაში უწევდა გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, ბოლოს, მსხვერპლთა დაცვის თავშესაფარში აღმოჩნდა. ამ დღიდან შეიცვალა მისი ცხოვრება.

30 წლის მარიკა:

- 7 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, ჩვენი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა და მეგონა, ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ 4 თვის შეუღლებულები ვიყავი, ჩვენ შორის კონფლიქტები რომ დაიწყო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ჩემი მეუღლე წამალდამოკიდებული იყო. სულ ამ თემაზე ვჩხუბობდით, იმდენად გაუსაძლისი ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა, რომ სახლიდან მივდიოდი და ჩემს მშობლებთან ვრჩებოდი. მაგრამ რომ გამოფხიზლდებოდა, სახლში მოდიოდა და ხვეწნა-მუდარას იწყებდა, - ოღონდ შემირიგდი, გამოვსწორდები და ასე აღარ მოვიქცევი, ერთი შანსი მომეციო.

მე ის მიყვარდა და ალბათ ამ სიყვარულის ხათრით და იმ იმედით, რომ გამოსწორდებოდა, ისევ ვურიგდებოდი. მაგრამ ისევ იგივე მეორდებოდა.

ერთხელ ვუთხარი, თუ მკურნალობას არ დაიწყებ, არ შეგირიგდები-მეთქი. დაიწყო მკურნალობა და მეც ისევ შევურიგდი, მაგრამ მორიგი იმედგაცრუება მალე გამოვცადე. 3 კვირა იმკურნალა, ირგვლივ ნარკომანი ძმაკაცები ჰყავდა, ყველა წამალზე დამოკიდებულები იყვნენ და უთხრეს, ტყუილია, არ განიკურნებიო, მანაც მათ დაუჯერა და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი.

ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა და მცემდა კიდეც.

ფეხმძიმეც ვუცემივარ, მაგრამ მაშინ იმის იმედი მქონდა, იქნებ შვილის ხათრით მაინც გამოსწორდეს-მეთქი, მერე მივხვდი, მას შვილი აღარ აინტერესებდა.

ბავშვი რომ დაიბადა, სამშობიაროში "კაიფში" იყო...

ბევრჯერ წამოვედი მშობლებთან და უკვე, ისევ მათთან დაბრუნების მრცხვენოდა. ამიტომ, ცემა-ტყეპას ვიტანდი. მათ ვეუბნებოდი, რომ შედარებით გამოსწორდა. ერთ დღეს, ქუჩაში სადისტურად მცემა იმიტომ, რომ ფული არ მივეცი. სულ მუშტები მირტყა, ვცდილობდი, მისგან თავი დამეღწია, მაგრამ ვერ დავუსხლტი ხელიდან. განწირული ხმით გამვლელებისგან შველას ვითხოვდი, სამწუხაროდ, ბევრმა ისე გულგრილად ჩამიარა გვერდით, თითქოს არაფერი ხდებოდა. სხვების დახმარების იმედიც აღარ მქონდა, რაც შემეძლო წინააღმდეგობას ვუწევდი. ამ დროს, ერთი ახალგაზრდა გოგო გამოჩნდა და დახმარება სცადა. გამვლელებსაც მიმართა და გამოსტაცეს მას ჩემი თავი ხელიდან. უკვე ბრძოლის უნარიც წართმეული მქონდა და ალბათ მომკლავდა. ამ გოგომ პოლიციაც გამოიძახა და სასწრაფოც, პოლიციის მოსვლამდე მათაც ეჩხუბებოდა, აგინებდა და პოლიციის მოსავლამდე, იქიდან გაქცევა შეძლო.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე საავადმყოფოში გადამიყვანა, ის ღამე იქ გავათენე, რამდენიმე დღე სულ დალურჯებული ვიყავი და ფეხზე ვერ ვდგებოდი. ჩემს მშობლებს დავურეკე და კლინიკიდან სახლში წამიყვანეს. ბავშვი ქმრის სახლში მყავდა დატოვებული და არ გვატანდნენ. დედამისიც შეშინებული ჰყავს და ამბობდა, ბავშვი რომ მოგცეთ, მომკლავსო. დედამისიც ბევრჯერ უცემია. სახლიდან ყველაფერი გაიტანა და გაყიდა. ბეჭედიც კი გამიყიდა...

იმ დღეს ჩემი შვილი პოლიციამ გამოიყვანა იქიდან, მერე მეც დამკითხეს, უკვე აღარ დავინდე და მათ ყველაფერი ვუამბე. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სამართალდამცველებმა დააკავეს ის. როგორც გაირკვა, ამის შემდეგ გასართობად კაზინოში წავიდა და სწორედ იქიდან აიყვანეს.

- ოფიციალურად გაშორებულები ხართ?

- კი, ამ ფაქტის შემდეგ საბოლოოდ დავშორდით და ახლა ვხვდები, ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა. სამ თვეზე ცოტა მეტხანს მსხვერპლთა თავშესაფარში ვიყავი, რადგან არ მინდოდა, ჩემს მშობლებთან ვყოფილიყავი, კიდევ იმის მეშინოდა, რომ ის ციხიდან გამოვიდოდა, იქ მოვიდოდა და რამეს დამიშავებდა, ან ისევ შერიგებას მოითხოვდა. შერიგებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ კონფლიქტები არ მინდოდა. თავშესაფარში ყოფნის დროს, მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. იქ ბევრი რამ გავიგე, თუნდაც ქალთა უფლებებზე. ფსიქოლოგი ძალიან დაგვეხმარა მე და ჩემს შვილს. დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა და როცა რამე მიჭირს, მას ვურეკავ. უამრავი მსხვერპლი ქალი ვნახე იქ და მათ ისტორიებს რომ ისმენ, მაშინ ხვდები, რომ ამის ატანა შეუძლებელია. ყველა მათგანი ამბობდა, რომ ჩემსავით დიდხანს იტანდა ამ ტანჯვას.

სტილისტის კურსები იქ უფასოდ გავიარე და სამსახურის შოვნაშიც დამეხმარნენ. დღეს ნაქირავებში ვცხოვრობ, რადგან არ მინდოდა, ჩემი მშობლების სახლში წავსულიყავი, იქ ჩემი ძმის ოჯახია, სამი შვილი ჰყავს, მეუღლე და ადგილიც აღარ იყო.

ბავშვი წამოიზარდა, სკოლის მოსწავლეა და შემეძლო, სახლშიც დამეტოვებინა. ბინის ქირას გამგეობა მიხდის, მე სტილისტად ვმუშაობ და ვახერხებ თავის გატანას.

- თქვენი ქმარი დაისაჯა?

- სასამართლომ 2 წელი მიუსაჯა და 4 წელი პირობითი, ახლა ციხიდან გამოსულია. ამის მერეც ცდილობდა შერიგებას, ახლა ბავშვს იმიზეზებდა, ამბობდა, შვილის ნახვა მინდაო, მაგრამ პატრული გამოვიძახე და დამცავი ორდერიც გამოიცა, ჩემთან მოახლოებაც აკრძალული აქვს. სიმართლე გითხრათ, ახლა ვნანობ, რომ ამდენი წელი მას ხელს ვაფარებდი და ამდენს ვიტანდი. არ მინდოდა, მეჩივლა, რადგან ჩემი შვილის მამა იყო. თქვენ არ იცით, რამხელა ტკივილი მაქვს გადატანილი. ერთხელ, სახლიდან წამოსული ვიყავი, ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდი, მაშინ წაიყვანა ბავშვი დღისით, საღამოს 9 საათი გახდა და რომ არ მომიყვანა, დავურეკე და მეუბნება, დღეს ბავშვი არ წამოვა, ჩემთან დარჩებაო. არ გავჩერდი, მივედი ბავშვის წამოსაყვანად მის სახლში, მაშინაც შემეხო ხელით. მაშინაც პატრული გამოვიძახე, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ პოლიციელები აქეთ მე მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, იქნებ ამ ერთხელ აპატიო შენი შვილის მამააო.

- მისი მშობლები რას ამბობდნენ?

- მარტო დედა ჰყავს, მშობლები გაშორებულები არიან და მამასთან ურთიერთობაც არ აქვს. დედამისიც მისი ძალადობის მსხვერპლია. ძალიან აგრესიული იყო მის მიმართაც, როცა კაიფში იყო და არც დედამისს ინდობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას მაინც შვილის მხარე უჭირავს.

ჩემი ბავშვი საშინელი სტრესის ქვეშ იზრდებოდა, მადლობა ღმერთს, რომ ამას ჩამოშორდა. ფსიქოლოგი ძალიან დამეხმარა, მაგრამ ვხვდები მაინც დათრგუნულია. სულ ეშინოდა, კიდევ არ მოვიდეს და არ გცემოსო. ფსიქოლოგს რომ ესაუბრებოდა, გაოცებული დავრჩი, ბავშვმა ყველა წვრილმანი მოუყვა. მეგონა, ჩემი პატარა ამდენს ვერ ხვდებოდა, მაგრამ თურმე როგორ განიცდიდა. მე არ მინდა, ჩემი შვილი იყოს ნარკომანი მამის გვერდით. არ მივცემ უფლებას, მე და ჩემს შვილს ცხოვრება დაგვინგრიოს.

იმ ქალებს მინდა მივმართო, ვინც ჩემსავით ძალადობის მსხვერპლნი არიან, ნუ გაჩუმდებიან, ჩემსავით არ დაუშვან შეცდომა და არ მისცენ ამდენი შანსი მოძალადეს. როცა ხედავენ ის მოძალადეა, გაშორდნენ. დამნაშავეს უნდა მიესაჯოს, ერთხელ, ათჯერ რომ აპატიებ, უფრო მეტს ითხოვს შენგან. ხშირად ისმის ახლობლებისაგანაც, იქნებ ამ ერთხელ აპატიო, მაგრამ არა, არ უნდა აპატიო, ის იგივეს მაინც გაიმეორებს რამდენიმე დღეში და არ უნდა დაინგრიო ცხოვრება იმის შიშით, ხალხი რას იტყვის. დღეს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება ასეთ მსხვერპლ ქალებს და მათაც მიმართონ დახმარებისთვის. პატრულს მიმართონ, სოციალურ სამსახურს მიმართონ. დღეს უკვე მეტად გამკაცრებულია სასჯელებიც, ადრე თუ მხოლოდ დამცავი ორდერი იწერებოდა და დიდ რეაგირებას არ ახდენდნენ პოლიციელები, ახლა თუ გამოიძახებენ მსხვერპლები პოლიციას, სწრაფი რეაგირება მოხდება და მოძალადეები ციხეშიც წავლენ. ბევრჯერ მომისმენია ისიც, დამცავი ორდერი მაინც ვერ დაგიცავს, თუ რამე უნდა დაგიშავოს, მაინც დაგიშავებსო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მკაცრად თუ დაისჯება რამდენიმე მოძალადე და ამას საზოგადოება გაიგებს, ამდენი ძალადობა აღარ მოხდება.

(სპეციალურად საიტისთვის)