უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონთან - რა ხდება სინამდვილეში? - კვირის პალიტრა

უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონთან - რა ხდება სინამდვილეში?

უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონთან - რა ხდება სინამდვილეში?

29 აგვისტოდან მოყოლებული მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ინფორმაციებს უკრაინელების კონტრიერიშის დაწყებაზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დროებით ოკუპირებული ხერსონის მიმართულებით...

მაგრამ თავად უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება "საინფორმაციო დუმილს" ამჯობინებს, თუმცა არც უარყოფს, რომ ხერსონის რაიონში უკრაინის არმია მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ისევ თავის ამპლუაშია და ზღაპრებს ჰყვება ასობით განადგურებულ უკრაინელ მებრძოლსა და ათობით აფეთქებულ ტანკზე...

სინამდვილეში რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხერსონის მონაკვეთზე და ვის დაეჯერება?

ფაქტია, რომ ხერსონის რაიონში უკრაინული სამხედრო ფორმირებები გააქტიურდნენ და მუდმივი თავდაცვის შემდეგ, კონტრიერიშებით "წაკბინეს" რუს ოკუპანტებს ხერსონის მისადგომებთან, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყება.

გასათვალისწინებია, რომ ხერსონის რაიონი ძირითადად მოსწორებული სტეპია და შეტევაზე გადასული ტანკები, ჯავშნმანქანები და ცოცხალი ძალა რამდენიმე ათეული კმ-იდან მოჩანს.

ერთადერთ დასამალ თუ ამოსაფარებელ ბუნებრივ საშუალებას გზების გაყოლებაზე არსებული ქარსაცავი ტყის ვიწრო ზოლები თუ წარმოადგენს, მაგრამ ეს ქარსაცავებიც მოწინააღმდეგის არტილერიას უკვე გამოთოფილი აქვს.

ასე, რომ უკრაინის არმია ღია შეტევაზე, რომ გადავიდეს, დიდი საბრძოლო დანაკლისი ექნება, ამიტომაც ხდება ბრძოლით დაზვერვის ტაქტიკის განხორციელება, როდესაც ორი-სამი ერთეული ჯავშანმანქანა დესანტითურთ იწყებს შეტევის იმიტაციას, მოწინააღმდეგის არტილერია გადამღობ ცეცხლს ხსნის და ამით თავის საცეცხლე პოზიციებს ამჟღავნებს და მალევე ისჯება, რადგან უკრაინული არტილერიის კონტრსაბატარეო ცეცხლის სამიზნე ხდება, მათ შორის უკვე ლეგენდაც ქცეული "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტების...

2-x-1661942299.jpg
ომის საშინელება ასეთია - უკრაინულ ქალაქებს არც რუსული არტილერიისგან დაბომბვები აკლდებოდა, როდესაც მათ იპყრობდნენ და ეტყობა არც უკრაინის არტილერიის ჭურვები დააკლდება მტრისგან განთავისუფლების დროს...

ამიტომაც არავინ უნდა ელოდოს, რომ უკრაინელები დროშების ფრიალით და შეძახილებით გადავლენ შეტევაზე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ბევრ საბჭოთა და ახლა რუსულ, სუსტი რეჟისურის მხატვრულ ფილმშია ნაჩვენები.

რუსეთმა სამი თვის განმავლობაში ჩამოაყალიბა ახალი ფორმირება-მე-3 საარმიო კორპუსი, რომლის ძირითად ნაწილს დონეცკის ფრონტზე აგზავნის, რადგან პუტინის იდეა-ფიქსი იყო შემოდგომის დაწყებამდე ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენების სურვილი, როგორ "გაანთავისუფლა" რუსეთმა "მოძმე რესპუბლიკები" კიევის "გენოციდისგან"...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ 21-ე საუკუნის ჰიტლერის - პუტინის ეს სამხედრო-პოლიტიკური ჩანაფიქრიც ჩაფლავდა და ბრძოლები ჯერ კიდევ ქალაქ დონეცკის სიახლოვეს მიმდინარეობს, მაგრამ კრემლი ყველაფერს აკეთებს, რომ დონეცკის ოლქზე როგორმე მთლიანად დაამყაროს კონტროლი.

შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომელთა რაოდენობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიძლება 160 ათას კაცსაც კი აღწევდეს, ნაკლები რესურსები რჩება, რომ დონეცკის ფრონტის მონაკვეთის გარდა, პარალელურად ფართომასშტაბიანი შეტევები ხარკოვის,ზაპოროჟიესა თუ ხერსონის მიმართულებებზეც განახორციელოს - აქ მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები მიმდინარეობს და რუსეთის გენშტაბი ცდილობს ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებზე "შებოჭოს" რაც შეიძლება დიდი რაოდენობის უკრაინის სამხედრო ძალები, რომ კიევმა მათი გადასროლა დონეცკის ფრონტის მონაკვეთზე არ განახორციელოს, კრამატორსკის დამცველთა მისახმარებლად...

თავის მხრივ კი, როდესაც უკრაინული ფორმირებები აქტიურდებიან ხერსონის მონაკვეთზე, ამით რუსეთის საოკუპაციო ძალებს აიძულებენ დონეცკის მიმართულებიდან მოსხნან ძალები და ისინი სასწრაფოდ ოკუპირებული ხერსონის დასაცავად გადაისროლონ და ამით შეანელონ დონეცკიდან კრამატორსკისკენ ბრძოლით წინსვლის ტემპი.

ისე, კი ხერსონის მიმართულებაზე რუსეთის გენერალიტეტს, მართლაც აქვს სანერვიულო, რადგან უკრაინელმა არტილერისტებმა "ჰაიმარსის" რაკეტებითა და 155 მმ-იანი ჰაუბიცების მართვადი ჭურვებით მდინარე დნეპრზე გადასასვლელი სამივე სამანქანო და ერთი სარკინიგზო ხიდი ისე ზუსტად დააზიანეს, რომ მძიმე ტექნიკის გადაყვანა შეუძლებელი ხდება.

უფრო მეტიც, ანტონოვის დაზიანებული ხიდის გვერდზე რუსმა სამხედროებმა საპონტონე ხიდის გაშლა დაიწყეს იმ იმედით, რომ ანტონოვის ხიდის მაღალი ესტაკადა მას ზემოდან გადაეფარებოდა, მაგრამ არც ამან უშველათ - "ჰაიმარსის" მართვადმა რაკეტებმა გასაოცარი ზუსტი დარტყმებით რუსების ეს საპანტონე ხიდიც ჯართად გადააქციეს.

გადასასვლელების გარეშე დარჩენილ რუსულ საოკუპაციო ძალებს დნეპრის მარჯვენა სანაპროზე 25 ათასიანი შენაერთი დარჩათ, რომლის სრულფასოვანი მომარაგება ძალზე გაუჭირდებათ და იძულებული იქნებიან მისი საარტილერიო მხარდაჭერა დნეპრის მაცხენა სანაპიროდან განახორციელონ, ეს კი მნიშვნელოვანი მანძილის დაკარგვაა რუსი არტილერისტებისთვის...