სამუსიკო იარაღები მაშინ, თურმე, იუდეველებისთვის, მათი უძლურების გამო დაიშვა - ვინ იყო, ვინც ქართული გალობის კულტურა გადაარჩინა? - კვირის პალიტრა

სამუსიკო იარაღები მაშინ, თურმე, იუდეველებისთვის, მათი უძლურების გამო დაიშვა - ვინ იყო, ვინც ქართული გალობის კულტურა გადაარჩინა?

ქართული წირვა-ლოცვა გალობის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. ვუსმენ მსახურებას და მთელი არსებით ვგრძნობ, გალობა როგორ მაახლოვებს უფალთან. არადა, იმისათვის რომ გალობა დამკვიდრებულიყო ეკლესიაში, უამრავი ქარტეხილები გამოიარა.

დღეს სწორედ ამ საინტერესო ფაქტებზე მოგითხრობთ.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „როგორც იუდეველებისთვის იყო ნაბრძანები, ყოველგვარი სამუსიკო საკრავებით ედიდებინათ ღმერთი, ასევე გვებრძანა ჩვენ, რომ სხეულის ყოველი ასოთო ვადიდოთ იგი. ეს ნიშნავს, რომ ადიდებს უფალს თვალი, როდესაც იგი ურცხვად არ იცქირება; და ენა, როდესაც გალობს; და გული, როდესაც კი არ გმობს, არამედ სიყვარულს გამოსცემს; და ხელები, როდესაც ტაცებისთვის კი არ განიპყრობიან, არამედ მოწყალებას გაიღებს... სწორედ მაშინ ადამიანი კეთილ საფსალმუნედ გარდაიქმნება და ღმერთს მსახურებს.

ბობღანი, წინწილა და სამუსიკო იარაღები მაშინ, თურმე, იუდეველებისთვის, მათი უძლურების გამო დაიშვა. ასევე, იმისათვისაც, ისინი რომ სიყვარულისა და თანხმობისთვის განწყობილიყვნენ, რათა სიხარულით აღესრულებინათ მსახურება, რომელსაც სიკეთე მოჰქონდა.

ღმერთს, რაკიღა მან იცოდა მათი უხეშობა, სიზარმაცე და უზრუნველობა, სურდა, ამგვარი ბრძნული დამოკიდებულებით გამოეღვიძებინა ისინი ძილისაგან და განგრძობილი ლოცვა, გალობით შეემსუბუქებინა.

agmochena-1661948379.jpg

რას ნიშნავს კეთილხმოვანი წინწილა? ამგვარად უწოდებს წინასწარმეტყველი იოანე ოქროპირი ფსალმუნებს. იუდეველები უბრალოდ კი არ სცემდნენ წინწილებს, უბრალოდ კი არ უკრავდნენ ბობღანს, არამედ რამდენადაც შესაძლებელი იყო მათი საშუალებით ფსალმუნთა შინაარსს გადმოსცემდნენ, რასაც დიდ გულმოდგინებას არ აკლებდნენ, ამას კი მათთვის სიკეთე მოჰქონდა. წინასწარმეტყველი აღიარებს, რომ სამუსიკო იარაღის ხმოვანების საშულებით გამოაღვიძებს ხალხს და საგალობლად იწვევს.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მრავალი საინტერესო ფაქტი დაუკავშირდა ამ ამბავს. მე, ამჯერად ქართული გალობის ისტორიის ამბებს გადავავლებ თვალს. თუმცა მანამდე გეტყვით, - მოდინახეს ციხესთან გათხრებისას 4 წინწილაა ნაპოვნი, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება. 4 კი მცხეთის ტერიტორიაზე...

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ქართული გალობის ისტორიისთვის მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნა მეტად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პერიოდი იყო. საფრთხის წინაშე იდგა ქართული გალობის ორი ძირითადი - ქართლ-კახური და იმერულ-გურული კილოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ერთი მხრივ ეს საფრთხე განპირობებული იყო რუსიფიკატორული პოლიტიკის ბატონობით, მეორე მხრივ კი - მცოდნე მგალობლების თანდათანობითი ტრადიციის გაწყვეტის საფრთხით.

იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიგში, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული გალობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებულ ადგილს კარბელაშვილთა საგვარეულო იკავებს. ისტორიული ცნობების მიხედვით სამთავისში ძველთაგანვე დიდი ყურადღება ეთმობოდა მწიგნობრობისა და გალობის განვითარების საქმეს. „კარბელაანთ კილო“ სანოტო სახით სრულად ჩვენამდე მოღწეულია. ძალიან დიდი ადგილი ეჭირა აღმოსავლეთ საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში საეკლესიო გალობას.

კარბელაშვილთა გვარი თითქმის სამი საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობას გადასცემდა სრული მგალობლების (ყოველი საგალობლის სამივე ხმის ცოდნისა და ლოტბარობის) ტრადიციას. მოდით ცოტა ხანს თვალი გადავავლოთ ამ საინტერესო ძმების გვარის ისტორიას.

1764 წელს კრების დადგენილებით მეფე ერეკლეს კარზე მცხეთის საკათალიკოსო სემინარიაში გაუგზავნიათ გოგია ამილახვარი. მას თავისი თანატოლი გოგია ხმალაძის ობოლი პეტრე თან გაუყოლებია. გოგიას დიდი ვერაფერი უსწავლია, მაგრამ პეტრე, გარედან ყურისგდებით დაუფლებია გალობას და სოფელ ჭალაში დაბრუნებისას, სამთავისში დაუწყია გალობის მასწავლებლობა. 1816 წლამდე გალობას მთელ ხეობაში ავრცელებდა და მგალობელთა გუნდსაც ხელმძღვანელობდა თურმე. პეტრეს მთელი ოჯახი გალობდა, მაგრამ ოთხი ვაჟიშვილიდან მხოლოდ უმცროსს - გრიგოლს აღმოაჩნდა განსაკუთრებული ნიჭი...

მოდით ცოტა გვარის შესახებაც ვთქვათ. გვარი კარბელაშვილი მომდინარეობს პეტრე ხმალაძის დედულეთის სოფელ კარბიდან, იქ გაიზარდა იგი და სოფელ ჭალაში გადმოსვლის შემდეგ, ადგილობრივები „კარბელას“ ეძახდნენ. ამის შემდეგ მისი შთამომავლები დღემდე კარბელაშვილებად იხსენიებიან... ისიც გითხარით უკვე რომ პეტრეს ოთხივე ვაჟი გალობდა და მისდევდა საეკლესიო ცხოვრებას. მაგრამ, უმცროსი გრიგოლ კარბელაშვილი 8 წლის ასაკიდან კითხულობდა სამოციქულოს და გალობდა შიო მღვიმის მონასტერში. მოგვიანებით მოღვაწეობდა გარეჯის მონასტერში. შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა და საკმაოდ ნაყოფიერი გზა განვლო ეკლესიურ ცხოვრებაში. თითოეული დეტალი მისი ცხოვრებისა საინტერესოა. გეტყვით, რომ გრიგოლ კარბელაშვილის თბილისის სემინარიაში მოღვაწეობა ქართული გალობის აღდგენისთვის, რუსეთის რეაქციული პოლიტიკის გამტარებელი ეგზარქოსების წყალობით დიდხანს არ გაგრძელებულა. 1872 წელს მისი შტატი გააუქმეს და ქართულ ენაზე კითხვა და გალობა საერთოდ აკრძალეს...

გრიგოლს თავის მხრივ 5 ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. გასაოცარია, რომ ხუთივე ძმა სასულიერო სამსახურში ჩამდგარა და მთელი ცხოვრება ეროვნული კულტურის მოვლა-პატრონობასა და ზრუნვას მოახმარა...

კარბელაშვილების საოჯახო გუნდი ხშირად ატკბობდა თურმე ტაძარში მისულთა ყურს. იმდენად კეთილხმოვანი ყოფილა მათი გალობა, რომ მათ მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ. მგალობელი ძმების დებიუტი 1864 წელს შემდგარა სოფელ სხვილოში (ქართლში). ვასილი, მომავალში ეპისკოპოსი სტეფანე, 6 წლისა ყოფილა და მათ გამოსვლას საზოგადოების დიდი მოწონება დაუმსახურებია.

ყველა ძმას გამორჩეული საეკლესიო ცხოვრება აქვს განვლილი და დიდი წვლილი მიუძღვით მრავალსაუკუნოვანი ქართული სამუსიკო განათლების აღდგენაში, რომელიც თვითმყოფად საეკლესიო კულტურას წარმოადგენდა და მნიშვნელოვნად განაპირობებდა ავტოკეფალიის მოპოვებას. ძმებს ასევე დიდი დამსახურება მიუძღვით დავით გარეჯის მონასტრის ბიბლიოთეკის გადარჩენაში. ამ ძვირფასი წიგნებისა და ხელნაწერების უმეტესობა ამჟამად კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება - მათ პირად არქივთან ერთად.

იმხანად არცერთ ეროვნულ მოვლენას და წამოწყებას არ ჩაუვლია ძმები კარბელაშვილების აქტიური მონაწილეობის გარეშე. მარტო ის რად ღირს, რომ 400 საგალობელი გადაიტანეს ნოტებზე, მათ შორის: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსის წირვის წესი, ცისკრისა და მწუხრის საგალობლები... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

მრავალი სირთულისა და კომუნისტური რეჟიმის წნეხის დროსაც კი თავდაუზოგავ შრომას აგრძელებდნენ. ძმები კარბელაშვილები ქართული საგალობელო გვართა უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები არიან. სწორედ ეს გვარი ათანაბრებს დასავლეთ და აღმოსავლეთ უმშვენიერეს გალობის საპირწონეს. მათი უმდიდრესი დანატოვარი ჯერ კიდევ შესასწავლი და დასანერგია.