"ვინ წააგებს რუსეთს და ევროკავშირს შორის მიმდინარე "გაზის ომში?" - რას წერს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ვინ წააგებს რუსეთს და ევროკავშირს შორის მიმდინარე "გაზის ომში?" - რას წერს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "კატასტროფა გაზით უზრუნველყოფაში": ვინ წააგებს რუსეთს და ევროკავშირს შორის მიმდინარე "გაზის ომში?", რომელშიც, უკრაინის ომის ფონზე, განხილულია ევროპისათვის რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო დაწყებული ენერგეტიკული კრიზისის აწმყო და პერსპექტივა.

----------------

ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ ომში რუსეთისათვის გაზი ნამდვილ იარაღად იქცა - ეს განსაკუთრებით ნათლად ბოლო თვეებში გამოჩნდა. "გაზპრომმა" რადიკალურად შეამცირა გაზის მიწოდება მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროკავშირისათვის, ხოლო 30 აგვისტოს, ღამით - საერთოდ შეწყვიტა. ფასებმა 1000 კუბურ მეტრ გაზზე ისტორიულად მაქსიმალურს მიაღწია, ევროპელები კი ცივი ზამთრისთვის გამალებით ემზადებიან. მოიგებს თუ არა რუსეთი "გაზის ომს" ევროპასთან თუ პირიქით - დაჰკარგავს ტრადიციულ გადახდისუნარიან კლიენტს?

302149639-2548967641912634-3038997404369669006-n-1662017668.jpg

"გაზპრომი" გაზის შეწყვეტას "დროებითს" უწოდებს, ტექნიკური მიზეზებით ხსნის და აცხადებს, რომ ბუნებრივი საწვავის მიწოდება ორ სექტემბერს აღდგება. გასულ კვირას რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ გამოცხადებულმა ამ გეგმამ ბირჟაზე ფასები 1000 კუბმეტრზე სამი ათას დოლარამდე ასწია. ევროპელები რუსეთს და "გაზპრომს" გაზის ომის გაჩაღებისათვის პირდაპირ ადანაშაულებენ: "რუსეთი გვაშანტაჟებს. რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს", - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიაენმა. მან ევროპას მოუწოდა, რომ მზად იყოს ყველანაირი სცენარისათვის, მათ შორის - ბუნებრივი გაზის სრული შეწყვეტისათვის.

გაზის სფეროში დაპირისპირება განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა "ჩრდილოეთის ნაკადი-1"-ის ტურბინების საკითხში, როცა გერმანულმა კომპანია "სიმენსმა", რუსეთთან დადებული კონტრაქტის თანახმად, კანადაში სარემონტოდ გაგზავნილი ტურბინა სანქციების გამო ძლივძლივობით უკან დაიბრუნა, მაგრამ რუსეთში შეტანა ვერ შეძლო: როგორც ამბობენ, "გაზპრომი" უკმაყოფილოა დოკუმენტაციის მდგომარეობით, უარს აცხადებს ტურბინის მიღებაზე. და როცა ტურბინა არ არის, "გაზპრომს" აქვს შესაძლებლობა განაცხადოს, რომ იძულებულია, გაზის მიწოდება შეამციროს. "ტურბინა თქვენივე სანქციებისა და დაუდევრობის გამო არ მაქვს, სხვა ტურბინებიც სარემონტოა, ამიტომ გაზის მიწოდებას გიზღუდავთ", - ასეთია რუსული გაზის კომპანიის პოზიცია.

მაგრამ ევროპაში ამ სიტუაციას სხვაგვარად უყურებენ და ზათრისათვის ემზადებიან. 26 ივლისს ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ (აგვისტოდან მარტამდე). ასევე, თითოეული ქვეყანა ცდილობს, გარკვეული ზომები მიიღოს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისთვის, რაც, თავის მხრივ, თბოელექტროსადგურებში გაზის ხარჯვას შეამცირებს. ამ საკითხში ყველაზე რადიკალურად იქცევა გერმანია, რომელიც, ასევე, ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე.

ერთი შეხედვით, ევროპა "გაზის ომს" აგებს. ინფლაციამ ევროზონაში ივლისის ბოლოს რეკორდულ - 8,9%-ს მიაღწია, ხოლო ბალტიის ქვეყნებში - 20%-ს გადააჭარბა. ამის მიზეზს სწორედ ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი მატება წარმოადგენს. ამერიკული "ბლუმბერგი" იტყობინება, რომ ევროპაში მართლაც მწვავე ენერგოკრიზისია, რუსული მასმედია კი წერს, რომ ევროპელი ექიმები ავადმყოფებს, ელექტროენერგიის სიმცირის გამო, ხელოვნური სუნთქვის აპარატებს უთიშავენო.

მაგრამ "გაზის ომში" რუსეთიც ზარალდება: თუ ევროპას გაზს არ აწვდის, კრემლს საბიუჯეტო შემოსავლები აკლდება და გადახდისუნარიან მყიდველს კარგავს. შეძლებს თუ არა "გაზპრომი" ევროკავშირის ქვეყნების ჩანაცვლებას სხვა კლიენტებით, რომლებიც მზად არიან რუსული გაზი იყიდონ ისე, როგორც ამას, მაგალითად, ჩინეთი აკეთებს?

რამდენადაა რუსეთი დამოკიდებული ევროპაზე?

2021 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან მილსადენებით თავის მიერ მოხმარებული გაზის 40% მიიღო, ხოლო 5% - გემებით, თხევადი გაზის სახით. რუსეთის ხაზინას გაზის საერთო ექსპორტმა 55 მილიარდი დოლარი მოუტანა და ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ ევროპის ქვეყნებიდან გადარიცხულს წარმოადგენს. თუ რუსეთი ევროპაში გაზის გაყიდვას შეწყვეტს, მის ხაზინას 40 მილიარდი დოლარი დააკლდება.

როგორც "ბი-ბი-სის" მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რუსეთისათვის რთული იქნება ევროპელი კლიენტების ჩანაცვლება. ჯერ ერთი, რომ ისინი საიმედო გადამხდელები და მყიდველები არიან, რომლებიც "გაზპრომთან" ვალს არ აგროვებენ და გადასახდელ თანხას დროულად იხდიან. მეორე - რუსეთი ხშირად "მეგობრულ ქვეყნებს" გაზს პოლიტიკური ფასით აწვდის, დანარჩენებს კი - საბაზროთი და თუ საბაზრო ფასით საიმედო გადამხდელები აღარ ეყოლება, კრემლი პოლიტიკურ მეგობრებს შეღავათებს ვეღარ გაუწევს. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ევროპაში მიწოდებული გაზის კლიენტების ჩანაცვლებას რუსეთი 2030 წელზე ადრე ვერ შეძლებს.

უფრო მეტიც - თუ ევროპელი კლიენტების დაკარგვას დავუმატებთ გაზის ამოღების ტექნოლოგიებზე და მოწყობილობებზე დაწესებულ სანქციებს, მაშინ ეს ყველაფერი რუსეთში გაზის მოპოვების მოცულობას შეამცირებს. როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გამოთვლებით ირკვევა, სამ წელიწადში რუსეთში გაზის მოპოვება 550 მილიარდი კუბმეტრით შემცირდება.

კიდევ ერთი სავარაუდო დანაკარგი რუსეთისათვის - გაზსადენ "ჩრდილოეთი ნაკადი-2"-ში ჩადებული თანხები. მოსკოვი აცხადებს, რომ მილსადენი მზადაა ექსპლოატაციისათვის. პროექტის ღირებულება 11 მილიარდ დოლარს აღწევს, მაგრამ მისი გაშვება, როგორც ჩანს, აღარ მოხერხდება.

მოკლედ, რუსეთი დაკარგავს ევროპულ ბაზარს და ფედერალური ბიუჯეტის შევსების საიმედო წყაროს. "გაზპრომს" მოუწევს გაზის მოპოვება შეამციროს, რაც უმუშევრობასა და საწარმოების დახურვას გამოიწვევს - არა მხოლოდ "გაზპრომის" კუთვნილებაში მყოფი საწარმოებისა, არამედ - იმ კომპანიებისაც, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ. ეს იქნება ეკონომიკური კატასტროფა რუსეთის გაზის მოპოვების დარგისათვის", - ამბობს "ბი-ბი-სისთან" საუბარში ნავთობ-გაზის დარგის ანალიტიკოსი მიხეილ კრუტიხინი.

როგორ გაუმკლავდება ევროკავშირი უგაზობას?

"ალბათ, მალე დადგება ის დრო, როცა რუსეთი ევროპას გაზს აღარ მიაწვდის. შენარჩუნდება მხოლოდ მცირე მოცულობა - სადღაც 10-15 მილიარდი ყოველწლიურად - "თურქული ნაკადის" მეშვეობით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ მთლიანობაში ევროპა უკვე რუსული გაზის გარეშე იცხოვრებს. რუსეთი კი, შესაბამისად, ევროპიდან საექსპორტო შემოსავლების გარეშე დარჩება", - ასეთ პროგნოზს აკეთებს ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის პრეზიდენტი მარსელ სალიხოვი.

ევროპა ნაბიჯ-ნაბიჯ უარს იტყვის რუსულ გაზზე. ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა, პოლონეთმა და ბულგარეთმა ეს, ფაქტობრივად, უკვე გააკეთეს. "როგორც ჩანს, ორი ან მაქსიმუმ სამი წლის შემდეგ რუსეთი მთლიანად დაკარგავს ევროპულ ბაზარს", - ამბობს მიხეილ კრუტიხინი.

ექსპერტების განმარტებით, ევროპა რუსულ, მილსადენში გატარებულ გაზს ტანკერ-გაზმზიდებით მიწოდებული თხევადი ბუნებრივი გაზით ჩაანაცვლებს - აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან. მიმდინარე წელს თხევადი გაზის მიწოდება ევროპაში 70%-ით გაიზარდაო, - წერს ჟურნალი "ეკონომისტი" (The Economist). მართალია, თხევადი გაზი ჩვეულებრივ გაზზე უფრო ძვირია და ევროპას დამატებითი ტერმინალების აშენებაც მოუწევს ტანკერების მისაღებად, მაგრამ თუ გაზი გინდა, ხარჯებიც უნდა გასწიო.

ევროკავშირს კიდევ ერთი სავარაუდო მსხვილი მიმწოდებელი ჰყავს რეზერვში - ყატარი, მაგრამ ექსპერტების თქმით, ამ ქვეყანასთან ბრიუსელს სერიოზული მოლაპარაკება მოუწევს.

"ყატარს უდიდესი და, პრაქტიკულად, "უძირო" გაზის საბადოები აქვს, სადაც გაზის მოპოვება მაღალი ტემპებითაა შესაძლებელი. მაგრამ ყატარი იცავს ტრადიციას - გააფორმოს მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტები მტკიცედ ფიქსირებული ფასით და გაზის განსაზღვრული მოცულობით, რაც ევროკავშირის ენერგოპოლიტიკას ეწინააღმდეგება: ბრიუსელი უპირატესობას ანიჭებს კონკურენტულ მიწოდებებს და უარს აცხადებს გრძელვადიანი კონტრაქტების დადებაზე", - ამბობს "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში დამოუკიდებელი ექსპერტი სერგეი ვაკულენკო.

ამჟამინდელი კრიზისის პირობებში ევროკავშირს ყატართან დათმობა მოუწევს - "ან ენერგომატარებლებზე ფანტასტიკური ფასები გექნებათ და ამით თქვენს ეკონომიკას დაანგრევთ, ან მოგიწევთ ჩვენ მიმართ რაღაც კომპრომისზე წახვიდეთ", - ასეთია ყატარის პოზიცია.

გაზის მიწოდების წყაროების ძიებისას ევროპა ალტერნატიულ ენერგეტიკაზე გადასვლასაც დააჩქარებს: 2045 წლისათვის ევროკავშირი ისედაც გეგმავდა რუსული გაზის ჩანაცვლებას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით.

"იმ ფანტასტიკური ფასების პირობებში, რომლებიც რუსეთის მხრიდან განხორციელებული გაზის ბლოკადით დაფიქსირდა, დღეს გამართლებულად ითვლება ყველაფერი, რისი გაკეთებაც დიდი ხანია, იგეგმებოდა, მაგრამ ეკონომიური არ იყო და დიდ ხარჯებს მოითხოვდა", - განმარტავს სერგეი ვაკულენკო.

საით მოხდება რუსული გაზის გადამისამართება?

დღეისათვის რუსეთისათვის საკვანძო ალტერნატივას ჩინეთი წარმოადგენს, მაგრამ ექსპერტები ეჭვობენ, რომ ჩინეთი ვერ შეძლებს იმ რაოდენობის გაზის კომპენსაციას, რაც ევროპას მიეწოდებოდა.

"ჩინეთს იმდენი გაზი არ ჭირდება, რამდენსაც ევროპა მოიხმარს. ყველა ჩინურ საპროგრამო დოკუმენტში, მილსადენ «Сила Сибири»-ს ("სილა სიბირი" // "ციმბირის ძალა") გარდა, გაზის მიწოდების მატება გათვალისწინებული არ არის", - ამბობს მიხეილ კრუტიხინი.

გაზსადენი «Сила Сибири», რომლითაც ბუნებრივი გაზი იაკუტიიდან აზია-წყნარი ოკენის რეგიონისკენ იგზავნება, 2019 წლის ბოლოს იქნა ექსპლოატაციაში გაშვებული. მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 38 მილიარდ კუბმეტრს შეადგენს. შევადაროთ: "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისათვის მიწოდებული გაზის მოცულობამ 2021 წელს 59,2 მილიარდი კუბმეტრი შეადგინა.

"თუ რუსეთი თავისი გაზის მყიდველების უმრავლესობას დაკარგავს, მაშინ ჩინეთი მომგებიან მოლაპარაკებით პოზიციას მიიღებს", - ვარაუდობს სერგეი ვაკულენკო, - "პეკინს შეუძლია თავისი პირობები უკარნახოს მოსკოვს და, საბოლოოდ, ალბათ, რუსეთი იძულებული გახდება, ჩინეთს გაზი ევროპასთან შედარებით იაფ ფასად მიჰყიდოს".

რუსეთი აქტიურ ძალისხმევას ეწევა მილსადენ «Сила Сибири-2»-ის მშენებლობისათვის, რომელიც ტრანზიტულ როლს შეასრულებს ციმბირის (იაკუტიის) გაზის საბადოებსა და ჩინეთს შორის და საბოლოოდ, ჩინურ გაზსადენ "დასავლეთ-აღმოსავლეთს" შეუერთდება. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ მისი დაპროექტება მიმდინარეობს და მშენებლობა, ალბათ, 2030 წლისათვის დასრულდება.

რუსული გაზის გასაღების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბაზრად თურქეთი ითვლება, რომელსაც წელიწადში, დაახლოებით, 47,5 მილიარდი კუბმეტრი გაზი მიეწოდება. პრინციპში, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობაა.

თურქეთისა და ჩინეთის გარდა, რუსეთისათვის რჩება მხოლოდ სამხრეთევროპული მიმართულება - ბალკანეთი და იტალია, თუმცა სიტუაცია იქაც პრობლემატური ხდება. "სხვა დანარჩენი მიმართულებებით გაზი მხოლოდ მიკროსკოპული მოცულობით იგზავნება [ვთქვათ, სომხეთისაკენ], - ამბობს ექსპერტი სერგეი სუვეროვი.

გაზსადენების ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაზის მიწოდების ევროპული მიმართულება სხვა ქვეყნებისაკენ იქნეს გადამისამართებული. შეიძლება თურქეთს ცოტა მეტი გაზი მიეწოდოს, ასევე - ცენტრალურ აზიას (მაგრამ იქ რუსეთს კონკურენტები ჰყავს ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის სახით), მაგრამ, საერთო ჯამში, ისინი ევროკავშირს ვერ შეცვლიან. დასავლეთ ციმბირის საბადოებიდან ამოღებული გაზის გადასატუმბი მილსადენები მხოლოდ ევროპისაკენ არიან მიმართულნი.

დასავლური სანქციების პირობებში, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა რთული საქმეა. ბოლო წლებში რუსეთმა დაგეგმა გაზის გამთხევადებელი ქარხნის მშენებლობა ბალტიის ზღვის ნაპირზე, მაგრამ სანქციების გამო მშენებლობა როდის დაიწყება, გაურკვეველია - დასავლეთმა დანადგარების მიწოდება აკრძალა, მსგავს ტექნიკას კი რუსული ქარხნები არ აწარმოებენ.

როგორც ნორვეგიული კვლევითი ცენტრი Rystad Energy იუწყება, სანამ თურქეთი და ჩინეთი რუსული გაზის დამატებით მოცულობას არ იყიდიან, "გაზპრომი" იძულებულია, ყოველდღიურად 10 მილიონი დოლარის გაზი უქმად დაწვას. ეს ხდება მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" საკომპრესორო სადგურის ახლოს.

გერმანიის ელჩმა დიდ ბრიტანეთში მიგელ ბერგერმა "ბი-ბი-სისთან" საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთი, უბრალოდ, გაზს იმიტომ წვავს, რომ მისი გაყიდვა უკვე შეუძლებელია. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ