"საშუალო ფენა საქართველოში აღარ არსებობს, მოკვდა! - ჩვენ უკვე ღარიბები ვართ" - კვირის პალიტრა

"საშუალო ფენა საქართველოში აღარ არსებობს, მოკვდა! - ჩვენ უკვე ღარიბები ვართ"

ალბათ, ჩვენს ქვეყანაში არ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ფასების ზრდა არ აწუხებს. სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციის გაძვირება კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს, რომელიც თანამედროვე საქართველოშია. ცხოვრება ლამის ყოველდღე ძვირდება, რაც უმძიმეს ტვირთად აწვება თითქმის ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს... გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გასაგებია, რომ ჩვენი ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკაზეა დამოკიდებული; გასაგებია, რომ საქართველოზე აისახება ყველაფერი, რაც ხდება რუსეთში, უკრაინაში, კავკასიაში ან მთელ მსოფლიოში. მახსოვს, როგორ ვწუხდით, ლარის კურსი მინიმუმამდე რომ დაეცა, ზაფხულში სიტუაცია გამოსწორდა და ვფიქრობდით, რომ ახლა მაინც ამოვისუნთქავდით, მაგრამ ჩვენი საშველი არა და არ დადგა! მგონი, აზრი არა აქვს, ლარი გამყარდება თუ გაუფასურდება, რადგან პროდუქტის ფასი კი არ მცირდება, პირიქით, მატულობს და მატულობს..."

"სამსახურის გამო ხშირად მიწევს ბათუმში წასვლა და თუ ადრე სამარშრუტო ტაქსით 20 ლარად მივდიოდი, წელს უკვე 40 ლარადაც ვეღარ მივდივარ. ამას წინათ მინივენმა 45 ლარი დამიფასა. მატარებლით ვერ წახვალ, რადგან საკურორტო სეზონია და ბილეთები არასდროს არის. ჩვენი რკინიგზა ისედაც უსინდისოდ იქცევა - ადრე აცხადებდნენ, რომ ბათუმში ხუთ საათში ჩავიდოდით, "ვაიფაი" მატარებელში უფასო იქნებოდა, ჩაი და ყავაც - უფასო და კომფორტულად ვიმგზავრებდით. სინამდვილეში რა მოხდა? - ტარიფი გაზარდეს, ინტერნეტი არ მუშაობს, ჩაის და ყავას დიდი ხანია აღარ ყიდიან, თანაც, დაპირებული ხუთი საათის ნაცვლად, ექვს საათს მაინც მგზავრობ. მოკლედ, ფასები გაძვირებულია, ხოლო სერვისი - გაუარესებული..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე