ეს მოგზაურობა იყო დღესასწაული, რომელიც არასდროს დაგვტოვებს და ამ დღესასწაულს სახელად ჰქვია - სვანეთი!
იხილეთ დასაწყისი - ვერაფრით წარმოვიდგენდი, მთებსა და მყინვარებს შორის, რომელიმე ეზოში ამგვარ ოაზისს თუ ვიხილავდი
გახსოვთ, ალბათ, სვანეთში ჩემი მეორე მოგზაურობის პირველივე ბლოგში გიამბეთ, რომ სვანეთის აღმართს ვიდრე შევუდგებოდით, უთენია, მზის ამოსვლას ენგურჰესთან - ენგურის წყალსაცავთან შევეგებეთ და ხანმოკლე ფოტოსესიაც მოვაწყეთ. სამაგიეროდ, უკანა გზაზე აღარსად გვეჩქარებოდა და ენგურჰესის ტერიტორია საფუძვლიანად დავათვალიერეთ.
ვფიქრობ, იქაურობა მართლაც უნდა მოეწყოს სათანადოდ და ტურისტულ ობიექტად ოფიციალურად გამოცხადდეს. გარდა იმისა, რომ ამით ტურისტები საოცარი ხედებით დატკბებიან, საშუალება იქნება, უცხოელმა ტურისტებმა, რიგითმა ადამიანებმა ბევრი რამ შეიტყონ საქართველოს ულამაზესი მხარის - აფხაზეთის, ასევე, ქართველებისა და აფხაზების ნათესაობა-მეგობრობის შესახებ. ასე უკეთ გაერკვევიან, რას ნიშნავს საქართველოსთვის აფხაზეთის გარეშე ცხოვრება და - პირიქით; ვინ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ვინ აქცია უამრავი ქართველი თავისივე სამშობლოში დევნილად...
ენგურჰესის ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერები იდგა - ფოტოებითა და ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტებით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და ადამიანებზე, ვინც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დიდი წვლილი შეიტანა.: "ქართველებს და აფხაზებს ერთად ცხოვრების გრძელი ისტორია გააჩნიათ. საუკუნეების განმავლობაში ისინი ერთად ეგებებოდნენ მოყვარეს და ერთად უმკლავდებოდნენ მტერს. ნათესაური და მეგობრული კავშირები, ასევე ნათელ-მირონობისა თუ შერეული ოჯახების ფესვგადგმული ტრადიცია კიდევ მეტად ამყარებდა ამ ერთობას, რისი დასტურიცაა ჩვენი ისტორია, ხალხური ფოლკლორი, ლიტერატურა თუ საისტორიო წყაროები. დრო-ჟამის ქარტეხილის მიუხედავად, ურთიერთპატივისცემისა და ერთობის შეგრძნება ძლიერად არის ჩატვიფრული ადამიანთა მეხსიერებაში...
გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან ქართველები და აფხაზები ერთობლივი მონდომებით შევძლებთ და აღვადგენთ მეგობრობუსა და ერთად ყოფნის ხელოვნურად ჩატეხილ ხიდს. ასევე, გვწამს, რომ ჩვენი სასიქადულო და ბრძენი წინაპრების, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შერვაშიძის ღვაწლის მნიშვნელობის შეფასება და გაანალიზება დაგვეხმარება ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევაში".
რაღა დაგიმალოთ და... მეც მჯერა!
ჩვენი საოცარი მოგზაურობა კი დასასრულს მიუახლოვდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩვენი ჯგუფის წევრმა დათო თაყნიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: - რაც მეტს ვმოგზაურობ, მით უფრო ვხვდები, რომ მოგზაურობა არის ადამიანები და არა ის, რას ნახულობო...
კიდეც ვეთანხმები და კიდეც ვეწინააღმდეგები, რადგან... ჩემი აზრით, ადამიანები და ბუნება ერთმანეთსაა შერწყმული და თუკი მოგზაურობისას ორივე გიტაცებს და გიპყრობს, ეს უდიდესი წყალობაა! და ეს წყალობა ჩვენ სრულად მივიღეთ, რადგან ვიყავით ზღაპარში, რომელიც მუდამ ჩვენშია - აქ ადამიანებსაც ვგულისხმობ და ბუნებასაც; ეს მოგზაურობა კი იყო დღესასწაული, რომელიც არასდროს დაგვტოვებს და ამ დღესასწაულს სახელად ჰქვია - სვანეთი!
სხვაგვარად ვერც უღრუბლო შხარას ვნახავდით, ვერც ლამარიაში - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მოვხვდებოდით და ვერც უკანა გზაზე დადევნებული წვიმა გადაიღებდა სწორედ კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში ასვლის წინ. რაც მთავარია, ვერც შინ დავბრუნდებოდით მშვიდობით. გვითხრეს კიდეც სვანებმა: ხალხი უღრუბლო მწვერვალების ნახვას დღეების განმავლობაში დარაჯობს და ხშირად ვერც ნახულობს, თქვენ კი 3 დღეში ყველაფერი გაჩვენათ სვანეთმა - ესე იგი, მოეწონეთ და მიგიღოთო!
ყველას გისურვებთ სვანეთში მოგზაურობას - მერწმუნეთ, იგი შენი სულიდან, გულიდან და თვალიდან არასდროს გამოვა და მუდამ სიყვარულის აღმაფრენით გატარებს! ოღონდ მოგზაურობა აუცილებლად დადეშქელიანების ყოფილი რეზიდენციით დაიწყეთ: სვანები ამბობენ, ვინც "დადეშქელიანებით" იწყებს, სვანეთი ყველაფერს უჩვენებს, ყველა კარს უღებს და ყველა მწვერვალიდან ჰყრის ღრუბლებს, მათი სილამაზე სრულად რომ დაგანახოსო!
(გაგრძელება იქნება)