"ბავშვი ჩემს მეუღლეს ეჭირა ხელში. როგორც ჩანს, დედა მანამდე გამოიქცა და გარეთ დარბოდა, დაშოკილი" - რას ჰყვებიან მეზობლები აფეთქებაზე? - კვირის პალიტრა

"ბავშვი ჩემს მეუღლეს ეჭირა ხელში. როგორც ჩანს, დედა მანამდე გამოიქცა და გარეთ დარბოდა, დაშოკილი" - რას ჰყვებიან მეზობლები აფეთქებაზე?

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში დილით აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა - ქალი, მისი მცირეწლოვანი ბავშვი და კიდევ ერთი გოგონა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნულ დასახლებაში დედა და შვილი ქირით ცხოვრობდნენ, ისინი უცხოელები არიან, აფრო-ამერიკული წარმოშობის, და სწორედ მათ ნაქირავებ ბინაში მოხდა ძლიერი აფეთქება. რაც შეეხება დაშავებულ გოგონას, ის აფეთქების დროს გვერდით სახლში იმყოფებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა.

ირმა რიდენი, მეზობლად მცხოვრები:

- დილით, 8:36 სთ. იყო დაახლოებით, იმდენად ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რომ ვერ აღგიწერთ. ჩემი მეუღლე ახალი მოსული იყო სამსახურიდან, ღამენათევი მოვიდა, დაწვა თუ არა, აფეთქებაც მოხდა. ჩაიცვა უცებ და გარეთ გავარდა. მეც გავედი. მეზობლები კიოდნენ, შიგნით ბინაში ბავშვიაო. ჩვენ მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე და ადგილობრივი ბიჭები, 25-35 წლისები არიან, შიგნით შეცვივდნენ, ბინაში და, პირველ რიგში, იქიდან პატარა გამოიყვანეს. ჩვენ ვხედავდით, სახლიდან შავი კვამლი რომ გამოდიოდა. ბავშვი ჩემს მეუღლეს ეჭირა ხელში, ამბობს, ორსაწოლიანი დიდი საწოლი იდგა ოთახში და ბავშვი იქ იწვა, ავიყვანე და გარეთ გამოვიყვანეო. კართან იდგა ახალგაზრდა გოგონა, იმავე კორპუსის მესამე სართულზე მცხოვრები, ბავშვი მას კართან გადასცა და თვითონ შიგნით შებრუნდა. საშინელი კვამლი იყოო. ბავშვს ტანზე ბოდე ეცვა, ცეცხლმოკიდებული იყოო და უნიავებდა, რომ ჩაექრო. იმ გოგოს მე პირადად ვესაუბრე შემდეგ, ამბობდა, ბავშვმა 3-4-ჯერ დაკარგა გონება და მოვასულიერეო. ეს გოგო შოკში იყო, ტიროდა. ისიც მდგმურად ცხოვრობს იმ კორპუსში. მართლა ძალიან იყოჩაღა. ალბათ, ნახევარი საათი გარეთ ჰყავდათ ბავშვი, გადასაფარებელში გახვეული, სანამ სასწრაფო არ მოვიდა.

ჩემმა მეუღლემ მითხრა, საწოლში იწვა ბავშვი, მაგრამ ზევიდან რაღაცები იყო დაყრილიო, ეტყობა, აფეთქების შედეგად ბავშვს ყველაფერი ზედ დაეცა, დედამ ვერ იპოვა და მერე გამოიქცა გარეთ. როგორც გავიგეთ, დილით ტაქსით მოსულა დედა-შვილი სახლში. ბავშვი დააწვინა საწოლში, ფანჯრები ჩაკეტილი ჰქონია, როგორც ჩანს, ოთახში დიდი რაოდენობით აირი იყო დაგროვილი და მერე შუქი რომ აანთო, ამან გამოიწვია აფეთქება. ჩემი მეუღლე ამბობს, მერე რომ გამოვედით გარეთ, ბავშვს მეც ვუნიავებდიო.

დღეს იქ ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა, არავინ დაბნეულა, წყლები მოჰქონდათ მეზობლებს და ცეცხლი ასე ჩააქრეს. ბიჭებს ხელები აქვთ დამწვარი, ჩემს მეუღლესაც თითები აქვს დამწვარი. ხანძრის დროს ვიღაცამ თქვა, მეორე ბავშვიც არის შიგნითო, მეორეს ძებნაში გამოზიდეს სახლიდან ყველაფერი. ბიჭები ისევ შეცვივდნენ შიგნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვა არავინ იყო ბინაში. მდგმურები არიან დაშავებულები. ბავშვის დედასაც აქვს დამწვრობა, როგორც ჩანს, ის მანამდე გამოიქცა და გარეთ დარბოდა, დაშოკილი. ამ დროს მისი შვილი შიგნით იყო მარტო.

ამბობენ, რომ ერთი გოგონა, რომელიც გვერდით ბინაში იყო, აფეთქების დროს საწოლიდან გაისროლა, თავი მიარტყა და გონება დაკარგაო. სულ სამი ადამიანია დაშავებული, ვინც ამ ბინაში ცხოვრობდა, ის დედა-შვილი და გოგონა. ყველაზე მძიმეა ბავშვის მდგომარეობა. ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ამბობენ, დამწვრობა 90%-იაო. ღმერთმა გადაარჩინოს.

ითქვა, ბავშვი სამი წლის არისო, მაგრამ არ არის ეს სიმართლე, ძალიან პატარა იყო, წლის იქნება. რაზეც იწვა, იმით გამოიყვანეს გარეთ, რომ რამე არ დაშავებოდა პატარას. სასწრაფომაც ძალიან დაიგვიანა. ზოგადად, აქ მოგნება უჭირთ, თუმცა გზიდან შორს არ არის ეს კორპუსი. გზაც გააკეთეს. პირდაპირ ამ კორპუსში ამოდის ცენტრალური გზა, მაგრამ ითქვა, ვერ მოაგნესო. მე, პირადად, რამდენჯერმე დავრეკე 112-ში, სხვა მეზობლებიც რეკავდნენ და ყველა შველას ითხოვდა. ბავშვი, ალბათ, ნახევარი საათი იწვა, გადასაფარებელში გახვეული. მანამდე იმ მეზობელმა გოგომ ძალიან იყოჩაღა, გახადა ცეცხლმოკიდებული ბოდე ბავშვს, წითელი ჰქონდა ტანიო და იმ ადგილას ცივ ტილოებს ადებდნენ. მოკლედ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობაში, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. თითქმის ყველა 25-35 წლისები არიან. არ შეეშინდათ, ისე შევარდნენ და ცეცხლიც ჩააქრეს.

მეზობლები ამბობენ, წინა დღეს გაზის სუნი იყო და დავრეკეთო, მაგრამ ეტყობა, არავინ მოვიდა. მე, პირადად, სუნი არ მიგრძნია.

ბავშვის დედასაც აქვს დამწვრობა. ბავშვი მძიმედ არის. კვამლიც ექნება ნაყლაპი. ისეთი შავი კვამლი გამოდიოდა...

ძალიან მძიმე, საშინელი დილა გვქონდა. ახლა მთავარია, პატარა გადარჩეს.

კიდევ ერთი მეზობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძლიერი აფეთქების ხმაზე გავიდა გარეთ.

"ძლიერი აფეთქების ხმა რომ გავიგეთ, ჩავიცვით და გარეთ გავცვივდით. ყველაფერი გააკეთეს მეზობლებმა ცეცხლის ჩასაქრობად, სახანძრო რომ მოვიდა, ცეცხლი ჩამქრალი ჰქონდათ. როგორც ვიცი, ბავშვი მძიმედაა. ორი ბინა იყო გაშავებული, მანქანები იყო დალეწილი. დაშავდა დედა-შვილი, ბავშვი წაიყვანეს საავადმყოფოში", - გვითხრა ადგილობრივმა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)