მსოფლიო ამასაც მოესწრო - ატომურ ელექტროსადგურთან უკვე ბრძოლებიც გაიმართა, რა მოხდება შემდეგ? - კვირის პალიტრა

მსოფლიო ამასაც მოესწრო - ატომურ ელექტროსადგურთან უკვე ბრძოლებიც გაიმართა, რა მოხდება შემდეგ?

1-ელ სექტემბერს მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც რეალურად აფასებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული გლობალური კატასტროფის საფრთხეს, იმედიანად იყო, რადგან მრავალი ბიუროკრატიული გაჯანჯლების მიუხედავად, "მაგატემ"- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ბოლოსდაბოლოს გაბედა ექსპერტთა ჯგუფის მივლინება ფრონტის ხაზზე აღმოჩენილ ამ, ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე...

მაგრამ "მაგატეს" ექსპერტები, სააგენტოს დირექტორის თამადობით, გზაში "გაიჭედნენ", ბლოკპოსტზე შეჩერდნენ, რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ... ნამდვილი საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა.

რუსეთის მხარის მტკიცებით, რომელსაც 4 მარტიდან ოკუპირებული აქვს ამ ელექტროსადურის ექვსივე ატომური ენერგობლოკი, მართვის პუნქტი და თავად ქალაქი ენერგოდარი, 1-ელი სექტემბრის დილაუთენია, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან შვიდი ნავით თითქოს 60-მდე უკრაინელი დივერსანტი გადასხდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსაგურიდან სამ კმ-ში და მასზე შეტევა სცადა, ხოლო ორი ბარჟა, რომელზეც ასევე უკრაინელი მედესანტეები იმყოფებოდნენ, ჩავძირეთო......

ამის პარალელურად იბომბებოდა ენერგოდარის საცხოვრებელი კორპუსებიც, რასაც მოსკოვი, ასევე, უკრაინულ მხარეს აბრალებს.

ოფიციალური კიევი კი კატეგორიულად უარყოფს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევას და ენერგოდარის უბნების დაბომბვასაც რუს ოკუპანტებს აბრალებს, იმ მოსაზრებით, რომ კრემლს არაფრის დიდებით არ სურს "მაგატეს" საერთაშორისო ექსპერტების ჩასვლა ამ ატომურ ელექტროსადგურში ქალაქ ზაპოროჟიედან, უკრაინის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან...

რუსეთი "მაგატეს" კომისიას მართლაც სთავაზობდა ჯერ ანექსირებულ ყირიმში ჩაფრენას და იქიდან, უკრაინის ოკუპირებული სამხრეთი ნაწილის გავლით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სტუმრობას, რასაც კატეგორიულად შეეწინაღმდეგა კიევი და თავისი გაიტანა, თუმცა, როგორც ხედავთ, "მაგატეს" დელეგაცია გზაში, ჯერ კიდევ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე "გაიჭედა" იმის მოლოდინში, თუ როდის დამთავრდება საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს...

2-zap-1662025340.jpg
„მაგატეს“ კომისიის წევრები მართალია ჯავშანჟილეტებით შეიმოსნენ, მაგრამ უშუალოდ ატომურ ელექტროსადგურამდე მათ ჯერ არავინ უშვებს...

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ძალზე სახიფათო "საომარი თამაშები" მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ატომური ენერგობლოკების სიახლოვეს და, ბოლოსდაბოლოს, ვინ ბომბავს ამ სახიფათო ატომური ობიექტის უშუალო სიახლოვეს - ის რუსი სამხედროები, ვინც ამჟამად მის ოკუპაციას აგრძელებენ და გამოდის, რომ "თავისთავს" ბომბავენ თუ მაინც უკრაინული მხარე, კონტრსაბატარეო ცეცხლის სახით, რათა ამ ატომური ელექროსადგურის ეზოში დაყენებული რუსული "გრადებიდან" გაშვებული სარაკეტო ზალპები ჩაახშონ?

ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დამბობველი მხარის გამოვლენა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით პრობლემას არ წარმოადგენს, მაგალითად, რადიოლოკაციური სადგურის მიერ ჭურვისა თუ რაკეტის ფრენის ტრაექტორიის დაწყების ადგილის დაფიქსირებით, რაც საბოლოოდ დაუსვამდა წერტილს კითხვას, თუ ვინ აყენებს თითქმის მთელ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონს ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე...

საუკეთესო ვარიანტი კი იქნებოდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო არანაკლებ სამოც კმ-იანი რადიუსით არასაბრძოლო მოქმედების ზონის გამოცხადება და რუსი ოკუპანტების სასწრაფო გასვლა ამ ბირთვული ობიექტიდან, საბრძოლო ტექნიკისა და საჭურვლის გატანით, რომელთა ნაწილს ოკუპანტები ატომური რეაქტორების დარბაზებშიც კი მალავენ, რაც საერთოდ არ ჯდება ბირთვული უსაფრთხოების არავითარ ნორმებში...