"შავ ზღვაში დასაბრუნებლად ამერიკამ თურქეთს უნდა მიმართოს" - კვირის პალიტრა

"შავ ზღვაში დასაბრუნებლად ამერიკამ თურქეთს უნდა მიმართოს"

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის - Atlantic Council-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "შავ ზღვაში დასაბრუნებლად ამერიკამ თურქეთს უნდა მიმართოს" (ავტორი - არნოლდ დუპუი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). მასალაში გაანალიზებულია შავი ზღვის რეგიონში ამჟამად არსებული სიტუაცია, რომელშიც, აშშ-ის ნაცვლად, რუსეთი, ჩინეთი და ირანი დომინირებენ. ამერიკამ უნდა გააძლიეროს ყურადღება რეგიონის მიმართ, თურქეთთან თანამშრომლობის გაფართოებით - ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში განამტკიცა ის აზრი, რომ როცა აშშ არაეფექტიანად მოქმედებს ან დროებით კარგავს გავლენას საერთაშორისო პროცესებზე, ასეთ სიტუაციას ყოველთვის არასტაბილურობა მოჰყვება ხოლმე.

ვაშინგტონს უპრეცედენტო გლობალური გავლენის უნარი აქვს, რომელიც აუცილებელია მისი ბევრი მოკავშირისათვის და პარტნიორისათვის, მათივე უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ეს პრინციპი მისაღებია შავი ზღვის რეგიონისთვისაც, რომელიც ასევე მოიცავს ბალკანეთს, კავკასიას და ცენტრალურ აზიასაც - გეოგრაფიულ სივრცეს, რომელსაც სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როგორც შეერთებული შტატებისათვის, ასევე, მისი ნატოელი მოკავშირეებისთვისაც, მაგრამ ამ რეგიონში აშშ-ის აქტიურობა ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად შესუსტდა. შედეგებიც გასაგები იყო: გაიზარდა "აღორძინებული" რუსეთის აგრესიულობა, გააქტიურდნენ ჩინეთი და ირანი, რომლებმაც ერთობლიობაში შექმნეს უპრეცედენტო არასტაბილურობა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე.

არადა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. ცივი ომის დასრულების შემდგომ, პირველ წლებში, აშშ-შავიზღვისპირეთის ქვეყნების ურთიერთობის "ოქროს საუკუნედ" შეიძლება შევაფასოთ, როცა ვაშინგტონის მხარდაჭერა ახალი დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ გამოიხატებოდა დემოკრატიაზე გადასვლის დახმარებაში, რეფორმების გატარებასა და დემილიტარიზაციაში. ალბათ, იმ დროის ყველაზე ეფექტიანი მხარდაჭერა იყო აზერბაიჯანის - რეგიონში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყნის მიმართ, იმ მიზნით, რომ ბაქო რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისაგან დამოუკიდებელი გამხდარიყო. აშშ-ის ძალისხმევა აისახა "გაზის სამხრეთული დერეფნისა" და ნავთობსადენ "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" პროექტების რეალიზებაში, რომლებმაც ევროპაში არარუსული წარმომავლობის გაზი და ნავთობი გაიტანეს და შესაძლებლობა მისცეს როგორც აზერბაიჯანს, ისე - ტრანზიტულ ქვეყნებს - საქართველოსა და თურქეთს, მოგება მიეღოთ ამ პროექტებისგან.

მაგრამ ის დრო დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. ამას წინათ ერთ-ერთმა ყოფილმა დიპლომატმა შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ქვეყნიდან კერძო საუბარში სინანულით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონში აღარ ჩანს. ანალოგიური განწყობა აქვთ რეგიონის ლიდერებს და ექსპერტებსაც. ერთნი ფიქრობენ, რომ შესაძლოა, აშშ-ის ყურადღების შენელება 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა გამოიწვია, მეორენი ამბობენ, რომ "აშშ აზიისაკენ შებრუნდა" და ამ ფაქტმა ვაშინგტონის ინტერესი შავი ზღვის მიმართ შეამცირაო. ალბათ, "შავი ზღვის რეგიონის" მიტოვებაში ბრალი აშშ-ის ორივე პარტიას მიუძღვის, რომლებმაც უფრო მკაცრი პასუხი არ გასცეს კრემლის ავანტიურას - 2008 წელს რუსეთის არმიის შეჭრას საქართველოში და 2014 წელს - ყირიმის უკანონო ანექსიას. ამის შედეგად შავი ზღვის რეგიონში ერთგვარი ვაკუუმი წარმოიქმნა, რომელიც სიხარულით შეავსეს რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა.

რასაკვირველია, მოსკოვს, პეკინს და თეირანს საკუთარი მიზნები ჰქონდათ და აქვთ - რუსეთი რეგიონში თავისი ისტორიული დომინირებით სარგებლობს, ჩინეთი "ერთი გზა - ერთი სარტყლის" ინიციატივით მოქმედებს (აზიიდან ევროპისაკენ, შავი ზღვის რეგიონის გავლით), ირანი კი, შედარებით სუსტი სამეულში, ცდილობს, ყველანაირი საშუალება გამოიყენოს აშშ-ის წინააღმდეგ რუსეთთან და ჩინეთთან ერთად. ეს ყველაფერი ძირს უთხრის ვაშინგტონის როლს, როგორც ევროპის უსაფრთხოების მთავარ გარანტს.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიტუაცია კარდინალურად შეცვალა. დღეს, როცა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ისევ გრძელდება, ვაშინგტონს კარგი შესაძლებლობა აქვს კავშირები განაახლოს და რეგიონს მეტი ყურადღება დაუთმოს. მაგალითად, ომის შემდეგ უკრაინას აღდგენა დასჭირდება, მაგრამ მის მეზობლებს - აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს, კიევისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა არ ექნებათ, ისინი მეტ თანხებს საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცებას დაუთმობენ. ამიტომაც მთავარი როლის შესრულება ამერიკას ეკისრება. აშშ-ის ლიდერობა უნდა მოიცავდეს როგორც რბილი, ასევე, ხისტი ძალის გამოყენებას - ერთობლივი წრთვნების ხშირ ჩატარებას, იარაღით უზრუნველყოფას, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების დაცვას, ეკონომიკურ დახმარებას - კრედიტების მიცემას ინფრასტრუქტურების აღდგენისა და გაფართოების მიზნით.

მაგრამ აშშ-ის ყველა ძალისხმევის რეალიზებისათვის აუცილებელი იქნება თურქეთის თანამშრომლობა, რაც ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობის აღდგენა-განახლებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში აშშ-სა და თურქეთს შორის დაგროვილ უკმაყოფილებას და დაძაბულობას კომპლექსური ხასიათი აქვს, თუმცა მათში მთავარი მაინც ქურთებისადმი დამოკიდებულება (აშშ მხარს უჭერს ქურთების "სახალხო თავდაცვის" რაზმებს) და რუსეთისაგან იარაღის (С-400) შესყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს. ანკარის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შეძენის საპასუხოდ, ამერიკამ თურქეთი "ფანტომ-35" (F-35) ავიაგამანადგურებლების წარმოების პროგრამიდან ამოიღო და უარი განუცხადა F-16 ავიაგამანადგურებლების მიყიდვასა და მათ მოდერნიზებაზე. ვაშინგტონი, ასევე, უკმაყოფილოა თურქეთის მკაცრი მიდგომებით სირიელი ქურთების მიმართ.

აშშ-თურქეთის დაახლოებაში ცენტრალური ადგილი უნდა დაიკავოს იმ სფეროებმა, რომლებშიც ვაშინგტონსა და ანკარას მსგავსი ინტერესები აქვთ, კერძოდ, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და განმტკიცებაში. ვაშინგტონმა ნათლად და მკაფიოდ უნდა აჩვენოს ანკარას, უნდა დაარწმუნოს თურქეთი იმაში, რომ აშშ-ის ინტერესები შავი ზღვის რეგიონში კი არ ეწინააღმდეგება, არამედ - ინტეგრაციაშია თურქეთის, როგორც ნატოელი მოკავშირის ინტერესებთან და მის გამოწვევას არ წარმოადგენს.

უკრაინის ომმა გააძლიერა თურქეთის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და ანკარა ისევ გახდა რეგიონში რუსეთის ძალის საპირწონე. ამ პროცესის ქვაკუთხედს წარმოადგენს თურქეთის მოქმედება, რომელმაც ნატოს წევრობის შედეგად თავისი უსაფრთხოება და ძლიერება უზრუნველყო. თურქეთს, ნატოელ მოკავშირეებთან და ალიანსის ყველაზე ძლიერ წევრთან - აშშ-სთან ერთად, მათი მხარდაჭერით და მათთან თანამშრომლობით, უფრო აქტიურად შეუძლია, გამოვიდეს გულწრფელი და პატიოსანი შუამავლის როლში, რომელიც ესოდენ აუცილებელია გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისათვის. საბოლოო ჯამში, ანკარამაც და ვაშინგტონმაც უნდა აღიაროს, რომ ვერც ერთი ვერ შეძლებს იმის მიღებას, რაც სურს, თუ ერთმანეთს მხარს არ დაუჭერენ და ერთმანეთის ინტერესებს მეტ-ნაკლებად არ გაიზიარებენ.

შავი ზღვის რეგიონში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის გაფართოება ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს მხოლოდ არასტაბილურობას მოუტანს, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეებს შეუქმნის აშშ-ის ფართო სტრატეგიულ მიზნებს. უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, მაგრამ ვაშინგტონის ძალისხმევა დაყოვნებით განხორციელდა და ახლაც მეტ-ნაკლებად არ შეესაბამება იმას, რაც კიევს სჭირდება. ახლა, როცა უკრაინამ დაამტკიცა თავისი ბრძოლისუნარიანობა, როცა უკრაინელმა მეომრებმა გმირული თავგანწირვა აჩვენეს - რუსეთის არმიის წინსვლა შეაჩერეს და უკუაგდეს, კიევისათვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარება უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს. აშშ-ის მიერ უკრაინისადმი გაწეული დახმარება სტიმული უნდა გახდეს რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოებისათვის. ვაშინგტონმა უნდა გააცნობიეროს, რომ ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისი ყურადღების გადატანა ტრადიდიციული ტრანსატლანტიკური ურთიერთობის შესუსტების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, ორი ათეული წლის განმავლობაში ამერიკას არ ჰქონდა მის მიმართ გრძელვადიანი რეგიონული ხედვა, მაგრამ ახლა ვაშინგტონმა, საბოლოოდ, აქ არსებული სიტუაციის გამოწვევა უნდა აღიაროს და მას მეტი ყურადღება დაუთმოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ