ვინ არის  ერდოღანის  "ფარული პოლიტიკის“  შემსრულებელი? - კვირის პალიტრა

ვინ არის  ერდოღანის  "ფარული პოლიტიკის“  შემსრულებელი?

2005 წლის ზაფხულში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე თურქ ბიზნესმენთან მომიხდა შეხვედრა. მეგობრულ ვახშამზე, სადაც თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან დაახლოებული თურქი ბიზნესმენებიც თამამად და გემრიელად მიირთმევდნენ ღორის ცვრიან მწვადს და კახურ ღვინოს, ძალდაუატანებელი საუბარი გაიმართა. ვიღაცამ საბჭოთა კა-გე-ბეს ყოვლისშემძლეობა გაიხსენა. ჩვენი მეზობლები და საქმიანი პარტნიორები აქტიურად ჩაებნენ საუბარში. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდათ თურქ ბიზნესმენებს და თემა კა-გე-ბეს თურქულ ანალოგზე, არანაკლებ ლეგენდარულ მით-ზე გადავიტანე. უნდა გენახათ თურქების რეაქცია - ფერი დაკარგეს, ენა ჩაუვარდათ და ერთმანეთს შიშით გადახედეს. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გამართლდა ჩემი ვარაუდი. თურქეთის ერთ-ერთი ძირითადი სპეცსამსახური - “ეროვნული სადაზვერვო სამსახური” ( Millî İstihbarat Teşkilâtı - შემოკლებით მით-ი) ისევე შიშის ზარს სცემდა და სცემს ყველას, როგორც ავადსახსენებელი კა-გე-ბე.

მით-ი 1965 წლის 22 ივლისს შეიქმნა. ამ დღეს თურქეთის პარლამენტმა მიიღო # 644 დადგენილება, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ეროვნული სადაზვერვო სამსახური, სადაც გაერთიანდა მანამდე არსებული თურქეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები. მით-ის ძირითადი ფუნქციებია: სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა; ქვეყნის სხვა სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინირება; მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის შეჯამებული მოხსენების წარდგენა და სხვ. თავიდან მით-ი იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებში (ამჟამად პრეზიდენტის დაქვემებარებაშია) , ხოლო მის უშუალო ხელმძღვანელობას „ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მრჩეველი“ ახორციელებს (ოფიციალურად ასე ეწოდება ამ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას), რომელიც იმავდროულად თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრიცაა. მას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი. „მრჩეველის“ კანდიდატურას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წარადგენს, ჯერ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს ქვეყნის პრეზიდენტს. მით-ის ხელმძღვანელს, მის თანაშემწეს (მოადგილეს) და სამმართველოების უფროსებს პირადად თურქეთის პრეზიდენტი ამტკიცებს. ხოლო დანარჩენ საკადრო დანიშვნებს თავად “მრჩეველი” წყვეტს.

მით-ის თანამშრომლები სარგებლობენ საკმაოდ დიდი უფლებებით: მათ შეუძლიათ საფარად გამოიყენონ თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კომერციული ფირმების “სახურავები”. ქვეყნის შიგნით ისინი, როგორც წესი, მოქმედებენ პოლიციის, ჟანდარმერიის ან არმიის ოფიცრის საფარქვეშ. მით-ის შტაბ-ბინა ანკარაშია. 1972 წლის მაისიდან მოქმედებს თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია #00159, რომელიც თურქეთის ყველა მოქალაქეს, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან მივლინებულნი, ავალდებულებს ითანამშრომლონ თურქეთის დაზვერვასთან.

თურქეთის სადაზვერვო სამსახურის ძირითადი ამოცანები შემდეგია: თურქული დიპლომატიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა; საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონიტორინგი; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გეგმების კოორდინაცია და განხორციელება; ეკონომიკური დაზვერვა; თურქეთის ეროვნული ინტერესების გარე საფრთხეებთან ბრძოლა; სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერა; ღია და ფარული ინფორმაციის შეგროვება, შეფასება და ანალიზი; საინფორმაციო ომის მეთოდების შემუშავება; თურქეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და განვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

1998 წლის 2 თებერვლიდან 2005 წლის 15 ივნისამდე მით-ის უფროსი შენკალ ათასაგუნი, კარიერული დაზვერვის ოფიცერი იყო, რომელიც მანამდე დიდ ბრიტანეთში თურქეთის დაზვერვის სამსახურს წარმომადგენდა. შენკალ ათასაგუნი შეცვალა ემრე თანერმა, რომელიც მით-ს 2010 წლის 15 მაისამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი ჰაკან ფიდანის „ეპოქა“ დაიწყო.

besik-1662102571.jpg
ერდოღანი და ფიდანი

მისი ბიოგრაფია ძალზე საინტერესოა: დაიბადა 1968 წელს ანკარაში. 1986 წლიდან 2001 წლამდე მსახურობდა თურქეთის არმიაში უნტეროფიცრად. 1986 წელს დაამთავრა კომუნიკაციების სამხედრო სკოლა, შემდეგ კი თურქეთის სახმელეთო ჯარების ენების სკოლა. ასევე დაამთავრა აშშ-ის მერილენდის უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი მსახურობდა გერმანიაში დისლოცირებული ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსის დაზვერვისა და ოპერაციების განყოფილებაში. 2003 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოში (რომელიც დაზვერვის საფარადაც გამოიყენება), შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სავარაუდოდ, სწორედ მაშინ „დაადგა თვალი“ ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ერდოღანმა და თავის აპარატში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ამ პერიოდში ფიდანი ერდოღანის ყველაზე საიდუმლო და დელიკატურ დავალებებს ასრულებდა ( 2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ოსლოში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, ასევე საიდუმლოდ შეხვდა პატიმრობაში მყოფ აბდულა ოჯალანს, გარდა ამისა ფიდანი ბევრ ფარულ მოლაპარაკებაში იყო ჩართული რომელთა შესახებაც ინფორმაცია ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია). ფიდანის ერთგულება და მონდომება დაუფასდა და 2010 წლის მაისში ის თურქეთის მთავარი სპეცსამსახურის უფროსად დანიშნეს. 2012 წელს მით-ს სამხედრო დაზვერვაც დაუქვემდებარეს. ამის შემდეგ ჰაკან ფიდანი რეჯეფ ერდოღანის „მარჯვენა ხელი“ გახდა. საზღვარგარეთ ყველა ოფიციალური ვიზიტის დროს ფიდანი დელეგაციის შემადგენლობაშია, უფრო მეტიც: ის სხვა ქვეყნების მეთაურებთან კონფიდენციალურ შეხვედრებზეც ერდოღანის გვერდითაა. ამით თურქეთის პრეზიდენტი ალბათ მიანიშნებს, რომ მას ძალზე ბევრი საიდუმლო ინფორმაცია აქვს. თურქეთის პრეზიდენტის ყველა მნიშვნელოვანი არაოფიციალური კონტაქტი სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან სწორედ ფიდანის მეშვეობით ხორციელდება. განსაკუთრებით გამყარდა ჰაკან ფიდანის პოზიცია 2016 წლის 15-16 ივლისის მოვლენების შემდეგ. ის აქტიურად მონაწილეობდა პროდასავლური თურქი გენერლების წინააღმდეგ რეპრესიებში. სწორედ იმ გენერლების, რომლებსაც მომავალი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი 1999 წლის 24 მარტიდან 27 ივლისამდე ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული. თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ერდოღანი ციხეში დროს ტყუილად არ კარგავდა და სიებს ადგენდა. შურისძიების სიებს. დასასჯელი გენერლების სიებს.

მით-ის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა თურქეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და განვითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამჟამად თურქეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები ( უპირველესად კი მით-ი) აქტიურად არიან ჩართულნი ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში თურქული ფირმების მიერ ინვესტიციების განხორციელების, ბუნებრივი რესურსებისა და სატრანსპორტო დერეფნების ათვისების, ასევე დიდ საამშენებლო და საგანმანათლებლო პროექტებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთს და აზერბაიჯანს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ამიტომაც თურქეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის აზერბაიჯანია. პარალელურად თურქეთი ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებზეც განავრცოს.

თურქეთის სპეცსამსახურები ცდილობენ მხედველობიდან არ გამორჩეთ საქართველოში მცხოვრები ქურთების, ასევე ჩვენს ქვეყანაში მყოფი თურქი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ბიზნესმენების მოქმედებები და მათი კავშირები. ამასთან ერთად თურქეთი აქტიურად აკვირდება და კრებს ინფორმაციას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში (უპირველესად აფხაზეთში) მიმდინარე პროცესებზე. თუმცა სამხრეთ კავკასიაში თურქეთის პოლიტიკა ოდითგან ორმაგ სტანდარტებზე იყო და ახლაც არის აგებული. აფხაზეთის ომში თურქეთი ერთი შეხედვით ნეიტრალურ პოზიციაზე იდგა - ის ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თუმცა თურქეთის ხელისუფლება მუდმივად თვალს ხუჭავდა თურქეთში მცხოვრებ აფხაზთა დიასპორის აქტიურ მონაწილეობაზე საქართველოს წინააღმდეგ ომში. რეალობაა ასევე ისიც, რომ აფხაზეთში საკმაოდ მაღალია თურქული ბიზნეს ინტერესები. თურქეთის გემები ამჟამადაც რეგულარულად შედიან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ოკუპირებული აფხაზეთის პორტებში, ხოლო თურქი ბიზნესმენები (უპირველესად აფხაზური წარმოშობის), საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ყოველგვარი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე სეპარატისტების მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-პროექტებში. საკამათო არ უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ფინანსურად და მორალურად სერიოზულად აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თურქეთის საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია თურქეთისგან აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ უფრო აქტიური პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ღონისძიებების გატარება მოითხოვოს. მეგობრობა ხომ „ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა”.

თურქეთის დაზვერვა საკმაოდ თავისუფლად მოქმედებს საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათი ოპერატიული დაინტერესების ობიექტები ისტორიული მოწინააღმდეგეები: რუსეთი, ისრაელი, სომხეთი და ირანი არიან. შუა აზიის ქვეყნების ტერიტორიებზე თურქეთის დაზვერვის ძირითადი ოპერატიული ამოცანებია: თურქული იდეოლოგიის დანერგვა და ამ ქვეყნების ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში (ნავთობის, გაზის, ოქროს და სხვ. მოპოვება და ტრანსპორტირება) ინვესტიციების ჩადება. რუსეთი ცდილობს აღკვეთოს თურქეთის გავლენის ზრდა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში. ამიტომაც თურქეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ ძირითად მოწინააღმდეგედ რუსეთი რჩება.

2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდო. მომხდარმა ინციდენტმა ამ ქვეყნების ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა და ფარულმა დაპირისპირებამ უკვე საშიში, ღია კონფროტაციის ფორმა მიიღო. ცხრათვიან პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ დაპირისპირებაში ნერვებმა პირველად თურქეთის პრეზიდენტს უმტყუნა. მან დაიწყო რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის აღდგენის გზების ძიება. ჯერ სანქტ-პეტერბურგში ეახლა ერდოღანი პუტინს, შემდეგ კი ჩინეთის ქალაქ ჰანჩჟოუში, “დიდი ოცეულის” შეხვედრის დროს გამართეს მოლაპარაკება. მალევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სრულად აღდგა. ძნელი სათქმელია რამდენ ხანს გასტანს ამ ორი, ავტორიტარული და იმპულსური ტიპის პოლიტიკური ლიდერის სიამტკბილობა. თუმცა მათ შორის არსებული და პოტენციური “დაპირისპირების წერტილების” ( უპირველესად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ ომი), გათვალიწინებით „თაფლობის თვე” მალე დასრულდება. ამის მიზეზი თურქული დრონები Bayraktar TV2 შეიძლება გახდეს.

(მეორე ნაწილის დასასრული)