იაფი რაკეტით, მაგრამ შიგ მტრის გულში - უკრაინამ ახალი იარაღის წარმატებით გამოყენება დაიწყო - კვირის პალიტრა

იაფი რაკეტით, მაგრამ შიგ მტრის გულში - უკრაინამ ახალი იარაღის წარმატებით გამოყენება დაიწყო

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ორივე დაპირისპირებული მხარე სისტემატურად იყენებს საჰაერო დარტყმის ასეთ ტაქტიკას - შვეულმფრენი, ფრონტის ხაზამდე არმიფრენილი, გადადის კაბრირების რეჟიმში ანუ ცხვირს მაღლა წევს და უნივერსალური ბლოკებიდან უმართავი საავიაციო რაკეტების ზალპს ახორციელებს, რის შემდეგაც მკვეთრი მანევრით უკან მიფრინავს, რათა მოწინააღმდეგის „იგლასა“ თუ „სტინგერის“ მსხვერპლი არ შეიქმნეს...

კაბრირების რეჟიმში იმ უმართავი საავიაციო რაკეტების გაშვების სიზუსტე, რომლებიც კარგად დამიზნების შემთხვევაშიც კი მიზანს, მაგალითად, ჯავშანმანქანას შეიძლება 20-30 მ-ითაც კი აცდნენ, დიდ კითხვის ნიშანს აჩენს და ძალიან დაბალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევა.

მაგრამ მეორე დღეა, უკრაინელების მიერ გაშვებული ამგვარი სახის რაკეტები პირდაპირ „გულში“ ხვდება ოკუპანტების ჯავშანტექნიკას, რამაც რუსი სამხედროების გაოცება გამოიწვია, რადგან საბჭოთა წარმოების C-8 ტიპის უმართავ საავიაციო რაკეტებს ასეთი სიზუსტე არასოდეს ახასიათებდათ.

საქმეც ისაა, რომ უკრაინელებმა პირველად დაიწყეს მოდერნიზებული ამერიკული „ჰიდრების“ საბრძოლო გამოყენება, რაც ძალზე წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც გავრცელებული ვიდეოკადრები მეტყველებს - უპილოტო „ბაირაქტარი“ ლაზერის სხივით მონიშნავს რუსი ოკუპანტების სამიზნეს, რომელსაც უდიდესი სიზუსტით ერთდროულად ორი რაკეტა ხვდება და ფეთქდება...

1-h-1662107944.jpg
APKWS II - ამ შედარებით იაფი, მაგრამ ზუსტი რაკეტით უკრაინელები რუს ოკუპანტებს ჯერ კიდევ ბევრ თავსატეხს გაუჩენენ...

70 მმ კალიბრის ამერიკული უმართავი საავიაციო რაკეტა Hydra 70 საბჭოთა 80 მმ-იანი C-8-ის ერთგვარ ანალოგს წარმოადგენდა ჯერ კიდევ პირველი ცივი ომის პერიოდიდან და არც დიდი სიზუსტით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი ჭკვიანური მოდიფიცირების შედეგად, ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში გამოჩნდა შედარებით იაფი მართვადი საავიაციო რაკეტა.

თუკი „აპაჩის“ მთავარი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „ჰელფაერი“ არანაკლებ 150 ათასი დოლარი ღირს, უმართავი „ჰიდრას“ მართვადად გადაკეთების შემდეგ ახალი APKWS II-ის (იშიფრება, როგორც „ლაზერული დამიზნების სისტემა უმართავი რაკეტებისთვის“) ფასმა მხოლოდ 28,5 ათასი დოლარი შეადგინა.

მართალია მოდერნიზებული „ჰიდრას“ ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ჩამოუვარდება „ჰელფაერისას“, მაგრამ მისი საშუალებით შვეულმფრენმა მაქსიმალური, 5 კმ-ის სიშორიდან (თვითმფრინავმა 11 კმ-იდან) შეიძლება გასაოცარი, 0,5 მ-ის სიზუსტით დააზიანოს სამიზნე.

2-h-1662107977.jpg
უმართავი Hydra 70-ის გადაქცევა მართვად APKWS II-ად შუალედური ნაკვეთურის დამატებით

რაში გამოიხატა მოდერნიზაციის არსი?

აიღეს უმართავი საავიაციო რაკეტა Hydra 70 და მის შუა ნაწილში ჩაამატეს ახალი ნაკვეთური, რომელსაც სტარტის შემდეგ ოთხი მართვის საჭე ეხსნება, თითეულ მათგანზე კი ლაზერული დამიზნების მინიატურული თავაკია დამონტაჟებული, შესაბამისად, არ გახდა საჭირო „ჰიდრას“ თავში ერთი ძირითადი ლაზერული დამიზნების თავაკის განთავსება, რაც გაართულებდა და გააძვირებდა ამ მოდერნიზაციას.

APKWS II-ის მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია - შვეულმფრენიდან, თვითმფრინავიდან ან სულაც კატარღის ბორტიდან და პიკაპის საბარგულიდან სტარტის შემდეგ, რაკეტას ეხსნება მართვის საჭეები, 1000 მ/წმ სიჩქარეს (სამჯერ აღემატება ბგერის გავრცელების სიჩქარეს ატმოსფეროში) ანვითარებს და იმართება ინერციული სისტემის მიერ.

მიზანთან მიახლოებისას „მუშაობაში“ ერთვება ოთხ საჰაერო საჭეზე დამონტაჟებული ოთხივე ლაზერული დამიზნების თავაკი, რომლებიც „იჭერენ“ მიზნიდან არეკლილ ლაზერის სხივს და კარგად დაგეშილი ძაღლებივით, რაკეტას ზუსტად მისკენ, სულ რაღაც 50 სმ-ის ცდომილებით მიმართავენ. მიზანში მოხვედრისას ინიცირდება რაკეტის კუმულაციური ქობინი, რომელიც 290 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს არღვევს, რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი ქვეითთა საბრძოლო მანქანისა და ჯავშანტრანსპორტიორის ასაფეთქებლად და არც ტანკს დააყრის კარგ დღეს, თუკი კოშკურის სახურავში მოხვდა...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ უნდა მიმართოს ლაზერის სხივი მიზნისკენ, რომ იქიდან არეკვლის შემდეგ ის „მოდერნიზებული „ჰიდრას“ ლაზერული დამიზნების ოთხმა თავაკმა ჩაიჭიროს?

მიზნის მომნიშვნელი ლაზერული სხივის გაშვება შეუძლიათ თავად იმ შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს, ვინც ამ ტიპის რაკეტებს გამოიყენებს, ასევე - სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს (მაგალითად „ბაირაქტარს“) ან, სულაც, იმ მზვერავებს, რომლებიც მიწაზე შედარებით ახლო „მიჩოჩდებიან“ სამიზნესთან და მას სპეციალური, კომპაქტური ლაზერული ხელსაწყოდან დაასხივებენ...

გასაგებია, რომ ახალი APKWS II-ების სახით უკრაინის არმიას რუსი ოკუპანტების სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებთან საბრძოლველად ეფექტიანი საშუალება გამოუჩნდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მას თურმე... დრონების ჩამოგდებაც შესძლებია!

მას საკუთარი სახელი - VAMPIRE დაარქვეს, მაგრამ ის იგივე APKWS II-ია, ოღონდ რაკეტას კონტაქტურის ნაცვლად უკონტაქტო ამფეთქი დაუყენეს - პიკაპის ძარაზე განთავსებული გამშვებიდან სტარტაღებული რაკეტა ლაზერული სხივის მეშვეობით ემიზნება მფრინავ დრონს და მასთან მიახლოებისას უკონტაქტო ამფეთქის ამოქმედებით ინიცირდება მსხვრევად-ფუგასური ქობინი, რის შედეგადაც გატყორცნილი რამდენიმე ათასი წვრილი ნამსხვრევი ასეთ საფრენ აპარატს ნაფლეთებად აქცევს...