"პინგ-პონგი საელჩოსა და „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს შორის აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს" - კვირის პალიტრა

"პინგ-პონგი საელჩოსა და „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს შორის აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს"

პინგ- პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს - უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს არასდროს უთქვამს, რომ აშშ- ს უნდა ომი საქართველოში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განცხადებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, უკრაინიდან ისმოდა, ხოლო რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მხრიდან აშშ-ზე ამ კონტექსტში საუბარს, ზარქუა აცხადებს, რომ ამაზე მათ უნდა ჰკითხონ.

„ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, ყველანი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობისთვის და ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას. გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ მათ შორის, ე.წ. ოთხეულს, ამაში საგანგაშოს ვერ ვხედავ. აქ თემა არის ის, რომ კითხვები იყო და პასუხი გაეცა, ეს პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს.

უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს არასდროს უთქვამს, რომ აშშ- ს უნდა ომი საქართველოში. ოთხეულის განცხადებას რაც შეეხება, მიმართეთ და მათ დაუსვით ეს კითხვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ ვამბობდით, რომ არიან ჯგუფები, ვინც ომის პროპაგანდას ეწევიან ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათ შორის „ენჯეოები“.ჩვენ ახლა არ გვაქვს კინკლაობის დრო, ჩვენი მთავარი პარტნიორია აშშ, რომელიც არაერთი პროგრამის მონაწილეა, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია და ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ,“ - განაცხადა ზარქუამ.

IPN