"ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს“ - რას წერს სოსო გოგაშვილი - კვირის პალიტრა

"ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს“ - რას წერს სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და სუს-ი აგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს. როგორც გოგაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ჩართული რეალური რეფორმების პროცესში და დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამუშაო ჯგუფებში ისეთი ორგანიზაციებით ანაცვლებენ, რომლებიც ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლდებიან.

გოგაშვილი აცხადებს, რომ ის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაჯაროებას გეგმავს, რომლებიც სუს-თან თანამშრომლობენ.

„ქოცპარტია“ და სუს-ი აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ჩართული რეალური რეფორმების პროცესში, რომელიც მოცემულია თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების სახით. ისინი იმიტირებულ სამუშაო ჯგუფებშიც კი ანაცვლებენ დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ისეთი ენჯეოებით (GONGO) რომლებიც სრულად კონტროლდებიან მათ მიერ. ასე ჩაანაცვლეს ISFED და საია ორი სხვა ორგანიზაციით საარჩევნო რეფორმების ჯგუფში და იგივეს აკეთებენ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ჩანაცვლებულ ორგანიზაციებს (GONGO) აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება სუს-თან თანამშრომლობის, რასაც მე პირადად ვადასტურებ. მხედველობაში მაქვს "მრავალეროვანი საქართველო" და ფუტკარაძის ორგანიზაცია. ისინი ზედმიწევნით ასრულებენ სუს-ის დირექტივებს, არიან კოორდინაციაში ოფიცრებთან და შესაბამისად, იღებენ პარტიის შავი სალაროდან დაფინანსებას ან სხვა პრივილეგიებს მთავრობიდან.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს „ქოცპარტიას“ და რუსულ სუს-ს ამ საბოტაჟის განხორციელებაში, მე საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავებისა და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუს-ის მიერ და ფინანსდებიან "ქოცპარტიის“ შავი სალაროდან.

ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს“, - წერს სოსო გოგაშვილი.