"ყვიროდა დაჭრილი ვარო... ჩვენი სახლიდან წყალი გაიტანეს, ასხამდნენ, მაგრამ ვერ გადარჩაო" - კვირის პალიტრა

"ყვიროდა დაჭრილი ვარო... ჩვენი სახლიდან წყალი გაიტანეს, ასხამდნენ, მაგრამ ვერ გადარჩაო"

ადგილობრივები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ.

როგორც ადგილობრივები მკვლელობის შესახებ ჰყვებიან, ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, დაახლოებით 10-12 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი პირი შველას ითხოვდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„საღამოს 6 საათი იქნებოდა, მაღაზიაში ვიყავი წასული რომ ვბრუნდებოდი, ჩემს სახლთან დავინახე დაბლა იწვა და ფართხალებდა. შემეშინდა და გავბრუნდი. ბევრი ხალხი იყო გარშემო. მუცლიდან სულ შავი სისხლი ამოსდიოდა. მე სასწრაფო არ გამომიძახებია, თვითონ ბიჭებმა გამოიძახეს. არ ვიცი, წარსულში რამე დაპირისპირება ჰქონდათ თუ არა. ჩვენი სახლიდან წყალი გაიტანეს, ასხამდნენ, მაგრამ ვერ გადარჩაო. მიზეზი არ ვიცი. ამბობენ, სუფრაზე დაიწყეს კამათიო. მანამდე მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ გამიგია”, - ამბობს ადგილობრივი.

„ტელევიზორი მქონდა ჩართული და ხმაური გვიან გავიგე. სახლთან ჩოჩქოლი და ყვირილი ისმოდა. რომ გამოვედი, უკვე დაჭრილი იყო, ყვიროდა დაჭრილი ვარო. ჩხუბის მიზეზი რა იყო, არ ვიცი. არც მკვლელი დამინახავს, არც დანა... სისხლი ვერ ავიტანე და წყალი გადავავლე, თურმე არ უნდა დამესხა. 10-12 ადამიანი იქნებოდა აქ, ახალგაზრდები“, - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სოფელ გავაზში 45 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავემ დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

IPN