რატომ სცადეს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობა? - კვირის პალიტრა

რატომ სცადეს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობა?

ბუენოს-აირესში არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს კრისტინა კირშნერს თავს დაესხნენ. 35 წლის მამაკაცმა მას თავზე ცეცხლსასროლი იარაღი მიაბჯინა და გასროლა სცადა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა.

შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა, როცა პოლიტიკოსი მხარდამჭერებს საკუთარ სახლთან ესალმებოდა.

არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანსდესის განცხადებით, დე კირშნერი სრულიად შემთხვევით გადარჩა.

„კრისტინა ცოცხალია, რადგან იარაღმა, რომელშიც 5 ვაზნა იდო, ტექნიკური პრობლემის გამო არ გაისროლა“, - განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.

ფერნანდესის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 1983 წლიდან ქვეყანა საომარი დიქტატურიდან დემოკრატიისკენ შეიცვალა, პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობა, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინციდენტია ქვეყნის ისტორიაში.

კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს მამაკაცი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტზე თავადსხმას, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, მაშინ როცა კიშნერი მხარდამჭერებს ესალმება, მამაკაცი პოლიტიკოსის მიმართულებით, თავში დამიზნებით სროლას ცდილობს. ამის შემდეგ კიშნერი თავს ხრის, თუმცა გასროლის ხმა არ ისმის.

kishner2-1662126734.jpg

პოლიტიკოსზე თავდასხმისას სამართალდამცავებმა 35 წლის ბრაზილიის მოქალაქე დააკავეს, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. არგენტინის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იარაღი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ამოიღეს.

კიშნერი და კორუფცია

69 წლის კირშნერი 2007-2015 წლებში არგენტინის პრეზიდენტი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში არგენტინელი პროკურორი მოითხოვდა ვიცე-პრეზიდენტისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და მისთვის სახელმწიფო თანამდებობაზე მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალათ, მიზეზად კი კიშნერის პრეზიდენტობისას გაზრდილ კორუფციულ სქემებს ასახელებდნენ.

მიიჩნევენ, რომ სწორედ კირშნერის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა მექრთამეობისა და ე.წ. „ატკატების“ სისტემა, რომლის გამოც ქვეყანას მილიარდ დოლარამდე მოჰპარეს. თავად კიშნერი უარყოფს ბრალდებას და ყველაფერს პოლიტიკურ შურისძიებას მიაწერს.

კირშნერის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, პოლიტიკოსს ციხეში ვერ ჩასვამენ, რადგან ის ხალხის არჩეული სენატორია და საპარლამენტო ხელშეუხებლობით სარგებლობს. თუმცა, შესაძლოა უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს და ამ ხელშეუხებლობით პოლიტიკოსმა ვეღარ ისარგებლოს. (წყარო)