"ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ - „გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ“, „ოცნების” დოკუმენტს - „როგორმე უარი გვითხრას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე“ - კვირის პალიტრა

"ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ - „გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ“, „ოცნების” დოკუმენტს - „როგორმე უარი გვითხრას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე“

ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ - გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ, “ქართული ოცნების” დოკუმენტს კი დავარქვათ - როგორმე უარი გვითხრას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე - ესაა განსხვავება ამ ორ დოკუმენტს შორის,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი არის ზეინკლუზიური, ხოლო ის, რაც მმართველმა პარტიამ გამართა, “არის ანტიევროპული პროცესი, რომელიც ემსახურება იმას, რომ როგორმე ევროკავშირმა საბოლოო უარი უთხრას “ქართულ ოცნებას”.

“საბოლოო ჯამში მივიღებთ სამ დოკუმენტს - სამოქალაქო სექტორის, ჩვენი - ოპოზიციის და “ქართული ოცნების”. ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღებოს მექანიზმი. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც დავდებთ საკანონმდებლო ცვლილებებით და ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მზაობას, რომ გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს, ვაშაძე ამბობს, რომ სამართლებრივი გზა უნდა მოძებნონ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მიიღონ.

“გენერალური პროკურორის საკითხი პირველი მოსმენის დროს ამოვიდა მათი დაჟინებული თხოვნით. მზად ვართ, დავამატოთ უკან. ვფიქრობ, უნდა მოვძებნოთ სამართლებრივი გზა, რომ კანონი, რომელიც პირველი მოსმენითაა მიღებული, მივიღოთ მეორე და მესამე მოსმენით”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.