რას ჩამოიტანს პრემიერი ბრიუსელიდან და რატომ გაემიჯნა "ოცნება"ოთხეულს?! - კვირის პალიტრა

რას ჩამოიტანს პრემიერი ბრიუსელიდან და რატომ გაემიჯნა "ოცნება"ოთხეულს?!

„დარწმუნებული ვარ, სუბარ-ხუნდაძე-ყაველაშვილ-მაჭარაშვილი ამ განცხადებებს კვლავაც გააგრძელებენ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც...“

"მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრჯერაც დახმარებია არაერთი მიმართულებით. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნებიდან" წასული ე.წ. ოთხეულის ანტიამერიკული განცხადებების კომენტირებისას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლება გაემიჯნა მათ პოზიციას და აშშ-ისა და მისი ელჩის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. "ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში,” - ბრძანა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, კელი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია. "ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.მას მალევე მხარი გუნდის სხვა წევრებმაც აუბეს და ყოფილი თანაგუნდელების განცხადებები დაგმეს, თუმცა მანამდე "ქართულ ოცნებაში" მათ ანტიამერიკულ პოზიციას დამაფიქრებელს ეძახდნენ და ოთხეულის განცხადებების განხილვასაც აპირებდნენ, ახლა კი ამტკიცებენ, ეს ოთხეული დამოუკიდებლად მოქმედებს, "ქართულ ოცნებაში" კი არავის უთქვას, რომ აშშ-სა და ევროპას საქართველოს ომში ჩართვა სურდაო.ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradze.jpg

- ყველასთვის, ვინც თვალს ადევნებს ქართულ პოლიტიკურ პროცესებს, ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" გამოყოფილი ეს გუნდი დამოუკიდებელი არ იყო და ახმოვანებდა "ქართულ ოცნებაში" არსებულ იდეებს. უბრალოდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ასეთ პოზიციას ხელისუფლება აშკარად ვერ გამოხატავდა და გამონახეს ამგვარი გზა ამ განცხადებების საზოგადოებამდე მისატანად.

როგორც ჩანს, თავიდან ფიქრობდნენ, ამ ოთხეულის წამოჭრილი საკითხების პოპულარიზაციაში "ქართული ოცნებაც" ჩარეულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მათგან აბსოლუტური გამიჯვნა გახდა საჭირო. "ქართული ოცნება" დღეს ემიჯნება ამ ოთხეულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთან კავშირი არ აქვთ და არ იზიარებენ მათი ზოგიერთი განცხადების შინაარსს. დარწმუნებული ვარ, სუბარ-ხუნდაძე-ყაველაშვილ-მაჭარაშვილი ამ განცხადებებს კვლავაც გააგრძელებენ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც...

- რატომ გახდა ამ ეტაპზე გამიჯვნა საჭირო?

- სავარაუდოდ, დასავლელი პარტნიორების გავლენით, თუმცა ამ თემას დღის წესრიგიდან არ ხსნიან, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღარიბაშვილის თუ "ოცნების" სხვა წარმომადგენლების განცხადებები უფრო გარე თვალ-ყურისთვის არის განკუთვნილი. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ამ გუნდის გამოყოფას სხვა მიზანიც აქვს - საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. ისინი ცდილობენ იმ ელექტორატის მობილიზებას, რომელიც მეტ-ნაკლებად პრორუსული ორიენტაციისაა. "ქართულ ოცნებაში" ამის სხვადასხვა მცდელობა უკვე ჰქონდათ. ადრე იყო "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც დაახლოებით ამ ფუნქციას ასრულებდა, ამასვე ცდილობდნენ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია, მერე გამოჩნდა "ალტ-ინფო"... როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გააანალიზეს და საჭიროდ მიიჩნიეს ახალი ჯგუფის შექმნა ამ ოთხეულის ლიდერობით. თუ დასჭირდათ, ისინი საარჩევნოდ მათ ბაზაზე შექმნიან სტრუქტურულად გამართულ პარტიას, მაგრამ მანამდე ამ ხალხმა უნდა მოახერხოს კონკრეტული კატეგორიის ელექტორატის გულის მოგება. გარდა ამისა, აქ შემოდის რუსული თემაც. დღეს ეს ოთხეული ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ ზუსტად იმეორებს იმას, რასაც ამბობს მოსკოვი. მათი განცხადებები და პრეტენზიები კოპირებულია რუსული პოლიტიკის ნარატივიდან. ჩემი აზრით, ამით "ქართული ოცნება" გარკვეული ბუფერის შექმნას ცდილობს რუსეთთან მიმართებაში.

ღარიბაშვილის განცხადებები განპირობებულია იმითაც, რომ 6 სექტემბერს ის ბრიუსელში უნდა ჩავიდეს. მოგეხსენებათ, პრემიერი და ჩვენი დელეგაცია მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ კონტექსტის გათვალისწინებითაც პრემიერს აუცილებლად სჭირდებოდა მკაფიოდ გამიჯვნოდა ანტიდასავლურ განცხადებებს...

ეს არის, გარკვეულწილად, ორმაგი თამაში, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ეს ის ოთხეულია, რომელიც ივანიშვილის გარეშე ხელს არ გაანძრევს. მათგან "ქართული ოცნება" რაიმე მოულოდნელობას არ ელოდება. ეტყვიან, ილაპარაკეთო, ილაპარაკებენ, ეტყვიან, გაჩუმდითო, გაჩუმდებიან. ისინი ყურმოჭრილი მორჩილებით შეასრულებენ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ყველა დაკვეთას. თუ მათ ვერ შეძლეს ამ ელექტორატის აკუმულირება, მაშინ შესაძლოა მმართველ პარტიაში სხვა ვარიანტებიც განიხილონ...

- დეკემბერში ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესი, სავარაუდოდ, რთული იქნება. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს, მაგრამ მათი ინიციატივით, ერთჯერადად იცვლება შერჩევის წესი, რასაც ოპოზიციაში პრობლემად მიიჩნევენ. მოგეხსენებათ, წინა ჯერზე პარლამენტმა არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატურებს უყარა კენჭი. ამჯერად "ქართული ოცნების" წინადადებით, ყველა კანდიდატურა ჯერ ცხრაწევრიანმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შეაფასოს, ხოლო შემდეგ ამ სიიდან მისაღები კანდიდატურები ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და უფრაქციო დეპუტატებმა შეარჩიონ...

- ჯერჯერობით ზეპირი განცხადებები მოვისმინეთ, არჩევის წესი ოფიციალურად არ შეცვლილა, მაგრამ პრობლემები ნამდვილად ჩანს. მოკლედ, "ქართულ ოცნებას" რომ სურდეს, ეს პროცესი ნამდვილად მისგან დამოუკიდებლად წარიმართოს და ქვეყანას ჰყავდეს გავლენისგან თავისუფალი ომბუდსმენი, პირდაპირ მიანდობდა არჩევის წესზე მუშაობას ოპოზიციას, მაგრამ ამას არ აკეთებენ... ახლა ცდილობენ, მეხამრიდები ჩადონ სწორედ ამ შერჩევის წესში და საკუთარი ინტერესები დაიცვან, ანუ არა პირდაპირი, მაგრამ ირიბი ჩარევით ის კანდიდატი გაიყვანონ, ვინც მათთვის მისაღები იქნება. ასეთი სქემები არახალია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისასაც ზუსტად ასევე მოქმედებდა "ქართული ოცნება".

ვინ იქნება იმ სამუშაო ჯგუფში, ვინც კანდიდატურები უნდა შეაფასოს და შეარჩიოს, ეს არის მნიშვნელოვანი... გარდა ამისა, როცა ხელისუფლება ამბობს, ყველაფერს არასამთავრობო სექტორის არჩევანს მივანდობთო, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ არასამთავრობო სექტორში ბევრია ხელისუფლების სატელიტი, რომლებიც აუცილებლად იმ კანდიდატს წარმოადგენენ, ვინც ხელისუფლებას ენდომება.

რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება დროულად და მასშტაბურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და ხელისუფლებას არ მისცენ პიარის საშუალება - ვგულისხმობ "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომ ისინი თურმე არ წამოაყენებენ კანდიდატურას, რასაც უკვე ძალიან ხშირად იმეორებენ. ამით ცდილობენ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, თითქოს ხელისუფლება ამ პროცესში მართლაც არ აპირებს ჩარევას. ეს ასე ნამდვილად არ არის, ამიტომაც ოპოზიციის ვალია, ხელისუფლების განცხადებებს უპასუხოს და პროცესი რეალურად გამჭვირვალე გახადოს.

- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 31 აგვისტოს წარადგინა გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომლის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სამი მეხუთედის უმრავლესობით, ექვსი წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა სამ მეხუთედს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ - ერთი წლით... მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, ისე გენპროკურორთან დაკავშირებული საკითხი შედის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში...

- გასაგებია, რომ გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-ით კარგი იქნება, მაგრამ აქაც არაერთი კითხვა ჩნდება. მე როგორც ვხვდები, ახალი კანონი რომც მიიღონ, ეს არ შეეხება მოქმედ გენერალურ პროკურორს. ის თავის ვადას დაასრულებს და მხოლოდ ამის მერე ამოქმედდება ეს წესი. თუ ასე იქნება, მაშინ არსებითი მნიშვნელობა ამ ცვლილების დღეს მიღებას არც აქვს. მოქმედი პროკურორის უფლებამოსილების ვადაში უკეთესი კანონის მიღება შეიძლება...

გარდა ამისა, ამგვარი სქემა ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში გვქონდა, ანუ თუ 3/5-ით ვერ აირჩევდნენ, უმრავლესობას ერთი წლით შეეძლო სასურველი კანდიდატის არჩევა, რაც გააკეთეს კიდეც. ცესკოს შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ კანდიდატურებს პრეზიდენტი წარადგენს, რაც არ ხდება გენპროკურორის კანდიდატების წარდგენისას. მაშ, რა პრობლემა შეექმნება ხელისუფლებას ამგვარი წესის დაკანონების შემთხვევაში? არც არაფერი.

ხელისუფლების შემოთავაზებულ წესში თავისთავად უკვე იგულისხმება ის, რომ მისთვის მიუღებელი კანდიდატი ვერ გავა, რადგან მას ყოველთვის ჩააგდებს უმრავლესობა და ერთი წლით თავის კანდიდატს დაამტკიცებს. მოკლედ, საბოლოოდ გენპროკურორს ექვსი წლით კი ვერ ავირჩევთ, არამედ მისი არჩევა მოგვიწევს ყოველწლიურად და ეს იქნება ამ წესის შედეგი.

- თქვენი აზრით, პოლიტიკურად როგორი შემოდგომა გველის? ბევრი პროცესია წამოწყებული საკანონმდებლო ორგანოში და, დიდი ალბათობით, მოვლენები ხმაურიანად წარიმართება. საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ არის, განაცხადა, რომ დამოუკიდებელ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ოპოზიციას რომ გულწრფელი სურვილი ჰქონდეს, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვებოდა... მათი მტკიცებით, ოპოზიცია ცდილობს შექმნას საფუძველი ქუჩის პროტესტისთვის. ექსპერტთა ნაწილი სამთავრობო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს...

- ოპოზიციაში სულ არის სურვილი, რომ ქვეყანაში როგორმე საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ ძლიერი ტალღის აგორებას აგერ უკვე 10 წელიწადია, ვერ ახერხებენ. ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციაში სტრუქტურულად არც არაფერი შეცვლილა. ძირითადი გამწევი ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მუდმივად ცდილობს რაღაცას, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს. რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების სიმპტომებს ოპოზიციაში ნამდვილად ვერ ვხედავ. ის ისეთივე ჩამოუყალიბებელია, როგორიც იყო ამ 10 წლის განმავლობაში. ჩამოუყალიბებელია თვითონ "ნაციონალური მოძრაობაც". საბოლოოდ ბევრი რამ მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ბედი ეწევა სააკაშვილს, როგორ განვითარდება მოვლენები მის გარშემო.ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში არის ორი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", თან ისე, რომ ორივე პარტიაში რეალურად არაფორმალური მმართველობაა. ერთს ივანიშვილი ჰყავს, მეორეს - სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სააკაშვილზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, რა მოხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დღეს საზოგადოებაში რადიკალური განწყობაა და ოპოზიციის დაძახილზე ასობით ადამიანი ქუჩაში გავა. ჯერჯერობით ამის ნიშანწყალი არ ჩანს და ვიდრე ოპოზიცია ასეთ ქაოსურ მდგომარეობაში იქნება, წარმატებაზე ლაპარაკი გამორიცხულია.

სამწუხაროდ, რეალური მესამე ძალის კონტურები ისევ არ ჩანს.რაც შეეხება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ესეც არ არის ძალიან სასწრაფოდ წარსამართავი პროცესი, რადგან ევროპელმა პარტნიორებმა ერთი წელი დაგვიმატეს და მომავალი წელიც გვაქვს სამუშაოდ. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ველი გარკვეულ გადაჯგუფებებს... ვნახოთ...

სახელისუფლებო ცვლილებებიც დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. საქართველოს ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და მმართველ გუნდს ცვლილებების განხორციელება აიძულოს. ეს, გარკვეულწილად, შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს. ამის დასტურია ისიც, რითაც დავიწყეთ საუბარი, ანუ როგორ შეიცვალა პრემიერ ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა. მოკლედ, მნიშვნელოვანი იქნება გარე ფაქტორები, მაგრამ ამის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პროცესები იმ დინებით წარიმართა, როგორც ახლა მიედინება, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მე მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებს არ ველი.