"ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა კოვიდსიტუაციის გაუარესებად ვერ ჩაითვლება“ - კვირის პალიტრა

"ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა კოვიდსიტუაციის გაუარესებად ვერ ჩაითვლება“

საქართველოში კორონავირუსით ინფი­ცირებულთა რაოდენობა ისევ მზარდია. ბოლო ერთ კვირაში "კოვიდი" 13 737 ადამიანს დაუდასტურდა. ითვლება თუ არა ეს მაჩვენებელი კოვიდსიტუაციის გაუარესებად, რას ელიან სპეციალისტები და რით აიხსნება სხვა ვირუსების ასეთი აქტიური შემოტევა? "კვირის პალიტრას" თსსუ-ის­ პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ესაუბრება.

- კოვიდსიტუაცია გაუარესებულად­ არ ითვლება. 12 ათასიდან 20 ათასი რომ გამხდარიყო, მაშინ გაუარესებულად ჩაითვლებოდა, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში კოვიდმაჩვენებელი 12-13 ათასს შორის მერყეობს.

- მაშ, რა ჰქვია ჩვენს ახლანდელ კოვიდსიტუაციას?

- ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას ჰქვია კორონავირუსის პანდემიის სტაბილური მდგომარეობა. რომ გადახედოთ წინა კვირების სტატისტიკას, მაჩვენებელი ყოველ კვირაში ორმაგდებოდა. ჯერ იყო 250, მერე გახდა 500, მერე - 1000 და ასე ავიდა 12 000-მდე. ეს მართლაც სერიოზული მატება იყო, მაგრამ გასული კვირის 13 700 შემთხვევა იმის წინა კვირის 12 500 შემთხვევასთან შედარებით მკვეთრი გაუარესება არ არის, ეს არის სტაბილური მდგომარეობა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. შესაბამისად, დღევანდელი, მეშვიდე ტალღის უკან დგას "ომიკრონის" მუტაციის მეოთხე-მეხუთე ქვევარიანტები, რომლებიც გამოირჩევა უფრო იოლი გადადებით და არა - უფრო მძიმე მიმდინარეობით.

- რა სიმპტომები აქვს?

- "ომიკრონს" ისეთივე სიმპტომები აქვს, როგორიც ჰქონდა ყოველთვის: ყელის და თავის ტკივილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და სუნთქვის გაძნელება. ეს ვარიანტი არ მიმდინარეობს ფილტვების დაზიანებით, ის უფრო ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ინფექციაა და გაციების მსგავსი სიმპტომატიკა აქვს.

- როგორია პროგნოზი, "ომიკრონი" დედამიწიდან წაბრძანებას არ აპირებს?

- რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ, ეს ვირუსიც მთელ მსოფლიოში სეზონური ვირუსის სახით დარჩება. ანუ არსად გაქრება, შემთხვევები­ იქნება, დეკემბრიდან მარტის ჩათვ­ლით კი ამ ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა მოიმატებს, ისე, როგორც სხვა ტიპის სეზონურ ვირუსებს ახასიათებს - შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში შემთხვევები რომ მოიმატებს, ეს უდავოა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ შემოდგომაზე მორიგ ტალღას ელოდით.

- ახლაც ტალღა გვაქვს, მაგრამ ეტყობა? საავადმყოფოებში მხოლოდ თითო­ოროლა პაციენტი ხვდება. ლეტალობის­ მაჩვენებელს რაც შეეხება, წინა კვირაში მხოლოდ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 13 ათასი ინფიცირებულიდან სამის გარდაცვალება ადასტურებს, რომ ამ ვირუსის ხასიათი მძიმე არ არის.

- რაც შეეხება სხვა ვირუსებს, რომლებიც აქტიურად გვიტევდნენ ზაფხულის განმავლობაში... ყველაზე გავრცელებული, ჩემი დაკვირვებით, იყო ენტეროვირუსი.

- წელს სერიოზული პრობლემა იყო რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკის გადანაცვლება. გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებები იმატებს ოქტომბრიდან და გრძელდება მარტამდე. პიკი არის დეკემბრის ბოლო-იანვრის დასაწყისი, წელს კი პიკი იყო მარტი-აპრილი.

ზაფხულში, როგორც წესი, საქართველოში გრიპი არ ფიქსირდება, მაგრამ წლევანდელი წელი გამონაკლისი იყო. იაშვილის კლინიკაში ივლისშიც კი გვქონდა რამდენიმე შემთხვევა. გვიან გაზაფხულზე­ და ზაფხულის დასაწყისში ბევრი იყო რესპირაციული ვირუსული ინფექციის შემთხვევა: გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსის, მეტაპნევმოვირუსის, მაგრამ ამ თვალსაზრისით საქართველო გამონაკლისი არ იყო, ანალოგიური ცვლილებები ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა, რაც სწორედ პანდემიამ გამოიწვია. შეზღუდვების მოხსნა აისახა იმ დაავადებათა მატებაზე, რომელთა პრევენცია შესაძლებელია პირბადის გამოყენებით.შემოდგომიდან შემთხვევათა მატება დაი­წყება, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდი. ყველა ადამიანი, რომელიც გრიპთან დაკავშირებით რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აუცილებლად უნდა აიცრას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. რისკის ჯგუფები არიან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, 60 წელს გადაცილებულები და ქრონიკულად დაავადებულები.

- გრიპის საწინააღმდეგო აცრა ცალკე და კორონავირუსის საწინააღმდეგო - ცალკე?

- კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერჯერობით მკაფიო რეკომენდაცია არ გვაქვს.

„ვინარჩუნებთ გარდაცვალების მინიმალურ ნიშნულს “

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: - ამ ეტაპისთვის კლინიკებში მკურნალობს 930 პაციენტი (დაავადებულთა 7%). ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარდა 76 704 ტესტი­. დადებითობის მაჩვენებელია 17,91%, ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (ღთ) - 1.08, რაც ინფექციის ზომიერ გავრცელებაზე­ მიუთითებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ COVID-19--ის ახალი შემთხვევების მატებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოში, უკვე მეხუთე თვეა, ვინარჩუნებთ ჩOVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობის მინიმალურ ნიშნულს. კერძოდ, ბოლო კვირაში გარდაიცვალა სამი ადამიანი, ანუ ბოლო კვირაში ყოველი 4000-მდე ჩOVID-19-ით ინფიცირებულისგან მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0,025%) გადარჩენა ვერ მოხერხდა, რაც თითქმის არ აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ არ მოიმატოს.