კატასტროფის ზღვარზე?! - კვირის პალიტრა

კატასტროფის ზღვარზე?!

2022 წლის პირველ ნახევარში საქარ­თველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ამ ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (EUAA) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, საქართველო შარშანაც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების ათეულში იყო.

"ერთმა საქართველოს მოქალაქემ ფსიქიკური პრობლემა მოიმიზეზა და ვენები გადაიჭრა"

ია ცხადაძე-აუერი, წლებია გერმანიაში­ ცხოვრობს და როგორც ლეგალურად, ასევე­ არალეგალურად ჩასულ ქართველებთან თარჯიმნად მუშაობს. ამბობს, რომ მიმდინარე წელს ლტოლვილად ჩაბარების­ მსურველი ქართველების რიცხვი გაორმაგდა.

- ყველა გზით ცდილობენ აქ დარჩენას. დიდი ნაწილი ტურისტული ვიზით არის შემოსული და დარჩა. ბიუროკრატიის მიუხედავად, აქაც არიან კომპანიები, რომლებიც იაფ მუშახელს ეძებენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულებს ადგილობრივებთან შედარებით ნაკლებს უხდიან,­ ჯანდაცვის დაზღვევის ეკონომიასაც აკეთებენ. ამიტომ არალეგალ მუშახელზე თვალს ხუჭავენ. არის დაკავების, დეპორტის შემთხვევები, მაგრამ მაინც რისკავენ. ბოლო დროს ძალიან ბევრი გოგო-ბიჭები მოდიან­, იმატა ფეხმძიმე ქალების,­ მარტოხელა დედების რაოდენობამაც. იყო შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქემ ფსიქიკური პრობლემა მოიმიზეზა და ვენები გადაიჭრა, უმკურნალეს, მაგრამ სტატუსზე უარი უთხრეს. უმეტესობის არგუმე­ნტი სოციალური სიდუხჭირეა, რასაც გერმა­ნიის მთავრობა ანგარიშს არ უწევს. ამის შემდეგ სასამართლო დავას იწყებენ და ასე გაჰყავთ დრო რაღაცის მოლოდინში. ყოველდღე იმდენი ადამიანი მოდის, ზოგ­ჯერ მგონია, მთელი საქართველო უცხოეთისკენ დაიძრა.

"სოციალური სიდუხჭირე მოტივად არ განიხილება"

ნათია კობაიძე: - ოც წელზე მეტია ესპანეთში ვცხოვრობ და ასეთი რამ აქამდე­ არ ყოფილა - უკრაინის ომის მერე ძალიან­ მოიმატა თავშესაფრის მაძიებელთა­ რიცხვმა.­ ესპანეთის ხელისუფლებამ რეგულაციები გაამკაცრა. საემიგრაციო სამსახურებში ძალიან დიდი რიგებია, ბევრს ქუჩაში უწევს ყოფნა თუნდაც დროებითი ადგილის მოლოდინში. ყველას ვუხსნი, რომ რამდენიმე ოფიციალური მოტივი არსებობს, რის საფუძველზეც იძლევიან თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს: პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნა, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული ძალადობის მსხვერპლი. არადა, ბოლო დროს ყველა ასახელებს სოციალურ სიდუხჭირეს, რაც მოტივად არ განიხილება. მეტიც, აქამდე ანგარიშს უწევდნენ ჯანმრთელობის პრობლემებს, ახლა დიდი წვალებით შეიძლება დაკმაყოფილდეს ასეთი მოთხოვნა...

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი კაცია გასული"

სოციოლოგ თამაზ ზუბიაშვილის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე კაცი მიდის. ეს მაჩვენებელი 2020 წელს, კოვიდპანდემიისას, დაახლოებით 75 ათასამდე შემცირდა, შემდეგ კი ისევ ერთბაშად იმატა:

- სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში­ რამდენი კაცი ჩავიდა, არ არსებობს. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში, თუნდაც გერმანიასა და ამერიკაშიც ვერ ახერხებენ აღწერას.­ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს­ შორის ყველაზე რთული მიგრაციული პროცესების აღრიცხვაა. ამისთვის ერთადერთი გზა მოსახლეობის აღწერაა, რაც ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.­ ამიტომ ათ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლოსწინა­ აღწერით საქართველოს მოსახლეობა 4,7 მილიონს შეადგენდა, 2014 წელს ჩატარებულის თანახმად კი, 3,7 მილიონს... ამის გაკონტროლება შეუძლებელია, მით უფრო, უვიზო მიმოსვლის რეჟიმში. გასათვალისწინებელია არალეგალური გზით წასული პირებიც.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი კაცია გასული, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის მაღალი მაჩვენებელია. საგანგაშოა ისიც, რომ ბოლო ერთი წელია კატასტროფულად დაიწია ქვეყნიდან წასვლისა და თავშესაფრის მაძიებელთა ასაკმა. თუ ადრე უცხოეთში უკვე დაოჯახებული 40 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და მამაკაცები მიდიოდნენ, ახლა 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდები მიდიან. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ მიგრანტთა 70-75 პროცენტი 18-45 წლამდე ასაკისაა. ასეთი მაჩვენებელი საქართველოსთანა დემოგრაფიულად მომაკვდავი ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია. ეს ნაკადი თუ არ შემცირდა, მალე ქვეყანაში თაობათა ცვლა შეწყდება. ახლა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1,7-ს შეადგენს, რაც იმდენად დაბალია, დემო­გრაფიულ ენაზე რომ ვთქვათ, მარტივი კვლავწარმოება არ მოხდება, ანუ არსებულს მომავალი თაობა ვერ შეცლის. როდესაც ოჯახში ორი წევრი გარდაიცვლება, იქ კიდევ ორი ან მეტი ახალი წევრი უნდა დაიბადოს, რათა ბალანსი დაცული იყოს. ქვეყანა დემოგრაფიულად რომ არ მოკვდეს, საშუალოდ, 2,1 ბავშვი უნდა დაიბადოს. ამას მექანიკური კლება ჰქვია, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა ქვეყნიდან გავიდა. არსებობს ბუნებრივი კლებაც, რითაც­ ბოლო წლებში ხასიათდებიან რუსეთი და უკრაინა. იმ ქვეყნებში შობადობა დიდი მაჩვენებლით ჩამორჩება სიკვდიალიანობას­ - ანუ ბუნებრივი კლების საგანგაშო მაჩვენებელია.

შესაძლოა ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ტოვებდეს ქვეყანას - ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს და დროებით სამკურნალოდ მიდიოდეს, ან კაპიტალის დასაგროვებლად, რათა ისევ დაბრუნდეს. ასეთებიც არიან, ოღონდ შედარებით ცოტა. თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილად ჩაბარების მსურველი ნიშნავს, რომ ის სამშობლოში მხოლოდ ხანდახან, სტუმრად ჩამოვა.

როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, რუსები, ბერძნები, ებრაელები­ მასობრივად დაბრუნდნენ სამშობლოში. მათი ინტენსიური მიგრაცია თითქმის 10 წელიწადს გრძელდებოდა. ამის შემდეგ საქართველოს უმეტესად არასტაბილური ვითარების გამო ტოვებდნენ, პერიოდული შეიარაღებული კონფლიქტებიც იყო მიზეზი. მოგვიანებით ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო მიდიოდნენ.­ ახლა ემიგრაციის ტალღაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საზღვარგარეთ ჩამოყალიბებული ქართული დიასპორები - ანუ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელების 30% მიზეზად ოჯახის გაერთიანებას ასახელებს - დედამამა ან შვილები წავიდნენ უცხოეთში, იქ ფეხი მოიკიდეს, სტაბილური შემოსავალი აქვთ და ოჯახის წევრები მიჰყავთ.

მიგრანტები ზუსტ ინფორმაციას ქართ­ველების დიასპორებისგან იღებენ. რაც უფრო დიდია დიასპორა, მეტია მიგრაციაც.

თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ძალიან ბევრს უარს ეუბნებიან, დეტალურად ამოწმებენ...

ჩვენ სტუდენტებში ვატარებთ გამოკითხვას, როგორია მათი განწყობა, სურთ თუ არა ქვეყნიდან წასვლა; უმეტესობის თქმით, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, მაშინვე წავა. ემიგრაციის მთავარი მიზეზი ყოველთვის სიდუხჭირეა, თუმცა არის სხვა გარემოებებიც, მათ შორის მედიის მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული რეალობა.

- რას გულისხმობთ?

- ახალი თაობის განწყო­ბაზე ნეგატიური გარემო ნამდვილად აისახება. მუდმივი ნიჰილიზმი, აპათია, თუ როგორ შორდება ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს, ახალგაზრდებს თავის ქვეყანაში ცხოვრების, სწავლის, ბრძოლის, დოვლათის შექმნის, მისი სიყვარულის უნარს უქვეითებს; მედიას აქვს გავლენა მასებზე. არ ვამბობ, რომ ვარდისფერი სათვალე უნდა გავუკეთოთ თაობას, მაგრამ პირს, რომელიც ხვალ ახალ ცხოვრებას იწყებს, დასაწყისშივე არ უნდა შევუქმნათ განცდა, რომ უპერსპექტივობა ემუქრება. ახალგაზრდას უნდა ჩავაგონოთ, რომ კარგია თუ ცუდი, ეს მისი ქვეყანაა და უკეთესი მომავლისთვის უნდა იბრძოლოს. ამის ნაცვლად ახალგაზრდას ესმის, თუ რა კარგად ცხოვრობენ ევროპაში მისი თანატოლები და, რა თქმა უნდა, ყველა გზით ეცდება წავიდეს. ნიჰილიზმის შედეგია, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ პირადი ინტერესი აქვთ. ვინც ახლა, ამ სეზონზე, დაფინანსება უცხოეთის უნივერსიტეტებში მიიღო, დამბრუნებელი არ არის.

- რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას მიგრაციის ასეთმა მაჩვენებელმა?

- ჯერჯერობით საქართველოდან წასულ მიგრანტთა ნაკადი ვიზალიბერალიზაციაზე მკაფიო გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, არავინ იცის, რა იქნება. ამოუწურავი ლიმიტი არც ერთ ქვეყანას არა აქვს. ხშირად ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტულად ჩადიან და სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან.

"მიგრანტთა ნაკადის შემცირებაზე სახელმწიფოს უნდა ეზრუნა"

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა უპრეცედენტო მაჩვენებელს ვიზალიბერალიზაციისთვის სახიფათოს უწოდებს იურისტი ლევან ალაფიშვილი:

- ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას ასეთი რაოდენობის მიგრაციამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.­ ევროპაში ყველა გასაჭირის გამო არ მიდის­, შესაძლოა ნაწილმა თა­ვისი პოტენციალი სხვა ქვეყანას მოახმაროს, რაიმე ღირებული შექმნას, მაგრამ აქედან ჩასულების­ უმეტესობა არ მუშაობს, არ ქმნის დოვლა­თს, პირიქით, ევროკავშირის ქვეყნებს­ უწევთ მათი ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა. როდესაც წყვილებს ევროპაში შვილებიც მიჰყავთ, ის ქვეყანა ვალდებულია საცხოვრებლის გარდა, მათ ბავშვებს განათლება, სამედიცინო მომსახურება მისცეს. რაც ყველაზე ცუდია, ეს ქვეყნები მუდმივად წუხან ნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების­ მატებაზე, ასეთ საქმეებში კი ხშირად ქართველი კრიმინალები­ ფიგურირებენ... ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ მას განსაზღვრული ვალდებულებები ახლავს, რომელთაც ევროპულ ოჯახში ყოველწლიურად განიხილავენ და არ არის გამორიცხული, უვიზო მიმოსვლაც რაღაც პირობებს დაექვემდებაროს. შარშან პირველად გერმანია, საფრანგეთი და იტალია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ნაკადის გამო შფოთავდნენ, რაც ჩვენმა­ მთავრობამ პოსტპანდემიური შეზღუდვების მოხსნით ახსნა, თუმცა წელს ეს აღარ გაჭრის. მიგრანტთა ნაკადის შემცირებაზე სახელმწიფოს უნდა ეზრუნა. ამიტომ შესაძლოა ევროპული ოჯახის მსჯელობას ქმედებებიც მოჰყვეს და საემიგრაციო პოლიტიკის გატარებამ მოუწიოთ. მართალია, გასული­ წლის დასაწყისიდან საქართველ­ოდან ევროპაში წამსვლელთა საბუთებს ჩვენივე ქვეყანაში­ აკონტროლებენ, მაგრამ არსებობს სხვა საფრთხეებიც.­ ევროპაში უვიზო მიმოსვლის­ პარალელურად, ორგანი­ზაციის წევრ ქვეყნებს­ აქვთ უფლება საქართველოს მოქალაქეებს გაუმკაცრონ მოთხოვნები თუნდაც ისე, როგორც ახლა რუსეთის მოქალაქეებს დაუწესეს. პირველი­ შეიძლება იყვნენ საფრანგეთი, გერმანია და იტალია. ჩეხეთიდან და პოლონეთიდანაც შეიძლება წამოვიდეს სიგნალები. ერთ-ერთ ევროპული გამოცემის მიხედვით, ჩეხეთი კულუარულად მუშაობდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე.­ ამ სიაში უკრაინა და მოლდოვაც იყო, მაგრამ ომის გამო მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა... ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმა გვაქვს შესასრულებელი და წლის ბოლოსთვის საემიგრაციო პოლიტიკა შესაძლოა მე-13 პუნქტად დაგვიმატონ. მთავრობა და ოპოზიცია არ ფიქრობენ ამ თემაზე, მხოლოდ ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებული. არადა, არ შეიძლება ამ\ის წაყრუება.

სტატისტიკის თანახმად

მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 8 075-მა მოქალაქემ მიმართა, გასული წლის ამ დროისთვის მსგავსი სურვილი 2 855-მა მოქალაქემ გამოთქვა. საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიის მთავრობებს მიმართავენ და მათი მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 2 725-მა მოქალაქემ, გერმანიას - 2 455-მა, იტალიას კი, - 1 100-მა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, აპლიკაციების 42% ქალების შევსებულია, თავშესაფრის მაძიებელთა 22% 18 წელს ქვემოთ არის, 35% - 18-დან 24 წლამდეა, დანარჩენი კი - 35-დან 64 წლამდე.