"არა მგონია, რუსულ ბიზნესს ისეთი მდგომარეობა ჰქონდეს, დარეგისტრირებულის ასივე პროცენტი სრულად იყოს ჩართული" - კვირის პალიტრა

"არა მგონია, რუსულ ბიზნესს ისეთი მდგომარეობა ჰქონდეს, დარეგისტრირებულის ასივე პროცენტი სრულად იყოს ჩართული"

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე, საქართველოში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. აქედან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (შპს), 6913 - ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 - უცხოური საწარმოს ფილიალი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ის საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავებაა, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია. რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდმეწარმეს, ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის კი უცნობია. საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. უქმნის თუ არა საფრთხეს ყოველივე ეს საქართველოს და რას ნიშნავს ეკონომიკისთვის, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- საქართველოს ეკონომიკა ათეული წლებია ღია ეკონომიკურ სისტემას წარმოადგენს და მისი შინაგანი კონსტიტუცია ისეა აგებული, რომ ორიენტირებულია საზღვარგარეთის პარტნიორებთან, ინვესტორებთან რაც შეიძლება ფართო სამეურნეო კავშირებზე. ამის მაგალითია ისიც, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობის თანაფარდობა თითქმის 80%-ს აღწევს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო დიდია მის ეკონომიკაში საგარეო ვაჭრობის მოცულობა. ჩვენ 140 სახელმწიფოზე მეტთან გვაქვს ეკონომიკური კავშირურთიერთობა, იზრდება ამ ქვეყნების ჩამონათვალი და კიდევ უფრო სწრაფად იზრდება ის სასაქონლო ნომენკლატურა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ამა თუ იმ წარმატებითა და მასშტაბით გავდივართ მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში მრავალი უცხოური კომპანია და ბიზნესი შემოდის. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ეს ცუდია თუ კარგი, სხვა საკითხია, მაგრამ ასეა - იმპორტის მოცულობა თითქმის 2,5-ჯერ აღემატება ექსპორტისას. მომსახურების მხრივ კი გვაქვს დადებითი სალდო, მაგრამ საქონლის ექსპორტ-იმპორტში შემოტანა სჭარბობს გატანას. ამ საქმიანობით კი აქტიურობენ როგორც ადგილობრივი ფირმები და კომპანიები, ისე საზღვარგარეთის ბიზნესის წარმომადგენლები. შესაბამისად, არ გამოირიცხება, რომ მათ შორის იყვნენ რუსული კომპანიებიც. ქართული ანდაზაა, თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო. დაახლოებით ასეთი ვარიანტია, როცა არსებობს შედარებით ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, ბიზნესის რეგისტრაციისთვის ხელსაყრელი პირობები, გაიოლებული პროცედურები, მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრი უცხოელი კერძო პირი თუ ბიზნესსუბიექტი ცდილობს საქართველოში დამკვიდრებას, საქართველოში ბიზნესის წარმოებას ან საქართველოდან სხვა ქვეყნებში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის სახელით გასვლას. ეს განსაკუთრებით ყურადსაღები გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ბევრი ბიზნესმენი თუ ეკონომიკის სფეროს წარმომადგენელი იძულებული გახდა, თავისი ქვეყანა დაეტოვებინა და უკეთესი პირობების საძიებლად სხვადასხვა­ ქვეყანაში წასულიყო. ამ შემთხვევაში კი საქართველო, როგორც გეოგრაფიული სიახლოვის, ასევე სხვა ფაქტორების გამოც, მათთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

- ის, რომ დარეგისტრირდა 550-მდე შპს და 6900-ზე მეტი ინდმეწარმე, ჩვენი ეკონომიკისთვის რამდენად ხელსაყრელია?

- საქართველოში ყოველთვიურად რეგისტრირდება 5-6 ათასი ბიზნესერთეული. აქ 5-6 თვეში 7 ათასია დარეგისტრირებული­ და საშუალოდ თვეზე გაანგარიშებით საკმაოდ დიდ რიცხვს კი ვიღებთ, მაგრამ არც იმდენად კატასტროფულს, რამხელა აჟიოტაჟიც ატყდა. საქართველოში რეგისტრირებულია 800 ათასამდე სამეურნეო ერთეული, საიდანაც მოქმედია სადღაც 150 ათასი. ამიტომ რეგისტრაციიდან საქმიანობის დაწყებამდე საკმაო მანძილია და პირდაპირ ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება. საკითხავი ისაა, აქედან მოქმედი რამდენია.თან გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ერთ წელიწადზე მეტხანს მუშაობას განაგრძობს რეგისტრირებულთა 22-25%, დანარჩენი ან იხურება, ან სხვა სფეროში გადადის არაკონკურენტუნარიანობისა და უპერსპექტივობის გამო. ასეთი ვითარებაა და არა მგონია, რუსულ ბიზნესს ისეთი მდგომარეობა ჰქონდეს, დარეგისტრირებულის ასივე პროცენტი სრულად იყოს ჩართული. უსაფრთხოებისთვის საჭიროა კონტროლი, რათა წესდებაში გაწერილი ყველა პირობა დაცული იყოს და დარღვევების შემთხვევაში დაწესდეს სათანადო სანქციები. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ვფიქრობ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს - ასეთი რაღაცების არ უნდა გვეშინოდეს.

- 7 500-დან 7 ათასს ინდმეწარმის სტატუსი­ აქვს.

- ესე იგი, რუსეთი დატოვეს საშუალო­ და საშუალოზე მაღალი კომპეტენციისა და უნარების მქონე პირებმა, რომელთა საქმიანობა შედარებით მოთხოვნადია და შეიძლება დაკმაყოფილდეს ინდივიდუალურ დონეზე. შესაბამისად, არ სჭირდებათ შპს-ის რეგისტრაცია და იყენებენ იმ გამარტივებულ პროცედურებს თუ შეღავათებს, რომლებიც დაწესებულია ჩვენთან ინდმეწარმისთვის.

- იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ჩვენი მტერია, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ბიზნესი საფრთხეს არ ქმნის?

- აჟიოტაჟი ატყდა იმაზე, რომ არ არის მათი საქმიანობის სფერო ცნობილი. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ მასშტაბებს, რაც რუსულ კაპიტალს უკავია საქართველოს ბიზნესსექტორში, ერთი მხრივ, ეს დაგვიანებულიც არის და მეორე მხრივ, მასშტაბების შედარებაც არ შეიძლება.

- დაგვიანებულში რას გულისხმობთ?

- იმას, რომ წლების წინ ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში, ენერგეტიკაში თუ გადამმუშავებელი მრეწველობის სხვადასხვა სახეობაში რუსული კაპიტალი მყარად დამკვიდრდა და არა მგონია, იმ რამდენიმე ასეულ ფირმას თუ საწარმოს, რომლებიც ბოლო პერიოდში რეგისტრირებულია საქართველოში, რამე წონა ჰქონდეს იმ ფონზე, რაც თავის დროზე გააკეთა რუსულმა კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაში დამკვიდრებით - რუსული სახელმწიფოს მხარდაჭერითა და, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების წაყრუებით.

- როდესაც რუსეთი სანქცირებულია, ჩვენთან რეგისტრირებულმა რუს­ულმა­ კომპანიებმა რა შეიძლება­ გააკეთონ, რომ ვთქვათ, სანქცი­ების დარღვევად ჩაითვალოს?

- არსებობს კარგი ქართული გამონათქვამი, მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო - თუ საბაბის მოძებნა უნდათ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა მსოფლიო პრაქტიკაში ძნელად მოიძებნება სანქციების აბსოლუტუ­რად ზედმიწევნით დამცველი ქვეყანა. ფაშისტური გერმანიის ცალკეული­ წრეებიც ახერხებდნენ ანტიგერმანული კოალიციის სახელმწიფოებიდან პროდუქციის შეტანას როგორც პირდაპირ, ისე შვეიცარიის გავლით. ვერავინ დაიფიცებს, რომ ეს გამორიცხულია. მთავარია ზოგადი პრინციპების დაცვა, თამაშის საერთო წესების შესრულება, თორემ ცალკეულ შემთხვევაში სანქციის გვერდის ავლით რაიმეს გაკეთება არ არის გამორიცხული. მაგალითად, შეიძლება პირობითად კბილის ჯაგრისები იყოს რეგისტრირებული და, თუ სათანადო კონტროლი არ იქნება, "ჯაველინები" გადაიტანონ. თუ არ გაკონტროლდება, რა მნიშვნელობა აქვს, კომპანია იქნება თუ არა საქართველოში რეგისტრირებული.

საქართველო ოფიციალურად მკაცრად იცავს ეკონომიკური აკრძალვის წესებს და წესით, ინსტიტუციურ დონეზე სასაყვედურო არაფერი აქვთ. ცალკეული შემთხვევებისგან, მათ შორის კომპანიების მიერ სხვადასხვა გზით, მათ შორის მესამე ქვეყნის გავლით რაღაცის შემოტანა-გატანისგან დაზღვეული არავინაა. ამასთან, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც რუსეთში შესაძლებელია საქონლის ტრანსპორტირება, მით უმეტეს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა არა გვაქვს, კობი-გუდაურის მიმართულებაც საკმაოდ რთულია. რუსეთისთვის საქონლის მიწოდების გაცილებით მარტივი მარშრუტები არსებობს. ამიტომ ეს საკითხი სხვადასხვა ასპექტით უნდა განვიხილოთ. ისე არ გამოგვივიდეს, რომ ნაცარი ზედმეტად დავიყაროთ თავზე და ვთქვათ, რომ საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ. არადა, ამას ისე კარგად და მკაცრად ვაკეთებთ, შესაძლოა ეს სხვებისთვის მაგალითის მიმცემიც იყოს.

- რას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ საქართველო არ ჩაითვალოს სანქციის დამრღვევად თუ დარღვევის ხელშემწყობად?

- საბაჟო საზღვრებზე შემოსულ და გასულ ტვირთებზე კონტროლი უნდა გავამკაცროთ. როდესაც ასე ვაყენებთ საკი­თხს, თითქოს რაღაც ვიცით, ვგრძნობთ­ და სანამ ამ დანაშაულის ფაქტზე­ ხელს გვტაცებენ­, გვინდა თვითონ გადავიდეთ აღიარების რეჟიმში, ასე არ არის. ჩვენ უფრო სერიოზული გამოწვევები გვაქვს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ხელისუფლება აპირებს­ ყურძნის წარმოების სუბსიდირებას­ და ამისთვის ათობით მილიონი ლარია გათვალისწინებული. წლეულს ძალზე შეგვიმცირდა ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის ექსპორტი - 35-40 მილიონი დოლარის დონეზე წინა წელთან შედარებით. ეს ნამდვილად გამოწვევაა და მიხედვა სჭირდება. მაგალითად, როგორ მოვახერხოთ, რომ ვთქვათ, რუსულ ბაზარზე ასეთი შემცი­რე­ბის კომპენსირება მოვახდინოთ­ სხვა ბაზ­რებზე გასვლით, მიდის ამაზე მუშაობა? ვფიქრობ, ეს უფრო საყურადღებოა, ვიდრე ჰიპოთეზური ვარიანტი, მოხვდება თუ არა საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქცია და რა მოჰყვება ამას. ჩვენ დანაშაულის პრეზუმფციიდან კი არ უნდა ამოვიდეთ, არამედ უდანაშაულობის. ჩვენ არა ვართ საერთაშორისო თამაშის წესების დამრღვევები და გვაქვს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, რომელთაც სერიოზული საფრთხე დაემუქრა ამის გამო. ჩვენ რუსეთზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ იქ რამე სანქცირებული არ მოხვდეს, არამედ იმაზე, რომ საქართველოში წარმოებული საქონლის რეალიზაციის მასშტაბი გაიზარდოს და გაფართოვდეს მისი გეოგრაფიული არეალი. ეს უნდა იყოს ჩვენი ბიზნესმოქმედების ჰედლაინი.

რუსა მაჩაიძე